№ას-185-2021 20 მაისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე – იბა „ა–ი ..“, თ.ა–ვა, ი.გ–ი, თ.კ–ძე, ნ.კ–კო, ა.მ–ი, მ.ნ–ძე, მ.ნ–ძე, მ.ა–ვი, მ.ო–ძე, ნ.ჩ–ი, მ.ტ–ი, მ.ბ–ი, ი.ფ–ი, გ.ა–ი, შპს „ა–ი ....“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2020წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითადი სარჩელით), კრების ოქმის ბათილად ცნობა, გაცვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელებით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ.ა–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე", "კასატორი") წარადგინა სარჩელი თ.ა–ვას, თ.კ–ძის, ნ.კ–კოს, ა.მ–ის, მ.ნ–ძის, მ.ა–ვის, მ.ო–ძის, მ.ნ–ძის, მ.ტ–ის, მ.ბ–ის, გ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები", "აპელანტები"), ი.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "შეგებებული სარჩელით მოსარჩელე", სხვებთან ერთობლიობაში მოხსენიებული, როგორც "შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები"), ი.ფ–ის, შპს „ა–ი ...“-ის, იბა „ა–ი ..“-ის, ნ.ჩ–ის მიმართ და მოითხოვა შესრულებული ვალდებულების სანაცვლო თანხის გადახდა 81 500 აშშ დოლარის ოდენობით.
2. შეგებებული სარჩელებით მოსარჩელეებმა მოითხოვეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა–ი ..“-ის 12.02.2009წ. წევრთა კრების ოქმისა და 12.02.2009წ. ფართის გაცვლისა და გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.11.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელები დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.6, ს.ფ.159-192). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ასევე აპელანტებმა (იურიდიული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.8,ს.ფ.400-427). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.03.2021წ. განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 4075 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არა უმეტეს 6000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
7. ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.03.2021წ. განჩინების ასლი გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს - გ.ჟ–ს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 08.04.2021წ. ჩაბარდა თანამშრომელს (იხ.: მინდობილობა, ტ.8, ს.ფ.172; შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ ტ.8, ს.ფ.494). ბარათზე აღნიშნულია როგორც გზავნილის მიმღები პირის ხელმოწერა, ისე მისი პირადი ნომერი.
8. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. შესაბამისად, უწყების ამ წესით ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 9 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 19 აპრილს (ხარვეზის შევსების ბოლო დღე გახლდათ კვირა). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის 19 აპრილის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-383-2021, 07.06.2021წ.; №ას-386-2021, 27.05.2021წ.; №ას-403-2021, 24.05.2021წ.; №ას-364-2021, 21.05.2021წ.).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ა–ი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2020წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე