Facebook Twitter

3გ-ად-2-ა-03 23 მარტი, 2003 წ., ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

სსკ-ს 429-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ განიხილა მ. ზ.-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა მ.ზ.-მ 2003წ. 13 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა შემდეგი მოტივით:

ინსტიტუტის წინააღმდეგ დ.პატარაიას მიერ აღძრული იყო სარჩელი მისი კუთვნილი ტერიტორიის უკანონოდ დაკავების შესახებ. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს პირველ სხდომაზე გამოცხადდა მ.ზ.-ი, მაგრამ სხდომა გადაიდო 2002წ. სექტემბრისათვის, მეორე მხარის გამოუცხადებლობის გამო. მეცნიერებათა აკადემიამ მოგვიანებით შეიტყო მათთვის სხდომის თარიღის შეუტყობინებლად, 2002წ. 12 სექტემბერს სასამართლო სხდომის ჩატარების შესახებ, სხდომის ოქმში კი აღინიშნა, რომ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც შეტყობინება გაეგზავნა სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ვინაიდან მეცნიერებათა აკადემიასა და დ.პატარაიას შორის არსებული დავა დაკავშირებული იყო 1979 წელს დამტკიცებული წითელი ხაზისა და 1986 წელს განხორციელებული შემოღობვის სისწორესთან, მეცნიერებათა აკადემიამ სარჩელთან დაკავშირებით მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება და წითელი ხაზის გადამოწმება, რაც ეცნობა სასამართლოს და საბოლოო დასკვნის მიღებამდე ინსტიტუტმა ითხოვა სასამართლო სხდომის გადადება. მერიის არქიტექტურისა და საქალაქო სამსახურის უფროსის, ქალაქის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 13 თებერვლის ცნობის მიხედვით, ტერიტორიის კომპლექსურად შესწავლისა და დოკუმენტების გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ დ.პატარაიას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ შეჭრილია ინსტიტუტის წითელ ხაზში.

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მ.ზ.-ის განცხადებას, მიაჩნია, რომ განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად დადგენილია: “განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, შეტანილი უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწვეტილებას ეხება”. ვინაიდან მ.ზ.-ის განცხადება შემოტანილია ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ პროცესუალურად არაუფლებამოსილია განიხილოს იგი და განცხადება განსახილველად უნდა გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს. აღნიშნულუდან გამომდინარე საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ზ.-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად განსჯადობით გადაეცეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.