Facebook Twitter

საქმე №ას-444-2020 17 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ვ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება; შეგებებული სარჩელით - ხელშეკრულების პუნქტის ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2018 წლის 25 იანვარს სს „თ.ბ–სა“ (შემდგომში „კრედიტორი“, „ბანკი“ ან „მოპასუხე“) და მ.ვ–ას (შემდგომში „მოვალე“, „მსესხებელი“, „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0103.1773029.001 ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულებ“), რომლის თანახმად, ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი.

2. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ხელშეკრულებები ამ ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილ ყველა ვალდებულებას უზრუნველყოფდა. ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად კი, ბანკის მოთხოვნების დაკმაყოფილების/კლიენტის ვალდებულებების შესრულების მიზნით ბანკს უფლება ჰქონდა აღსრულება კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, მათ შორის ქონებაზე, რომელსაც მოვალე ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ შეიძენდა) მოეთხოვა, მიუხედავად იმისა კლიენტის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით) უზრუნველყოფილი იყო თუ არა. ამასთან, ბანკი უფლებამოსილი იყო, თავისი შეხედულებისამებრ, გადახდა/აღსრულება პირველ რიგში, კლიენტის იმ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე მიექცია, რომელიც კლიენტის ვალდებულებების უზრუნველყოფის საგანს არ წარმოადგენდა.

3. ხელშეკრულების 12.1.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ან ბანკთან გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს უფლება ჰქონდა კლიენტთან შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა.

4. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცეოდა.

5. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე, ქ. თბილისი, ..... (ს/კ.....).

6. იპოთეკის ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილი რომელიმე ვალდებულების ჯეროვნად და დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკარს უფლება ჰქონდა, იპოთეკის საგნის რეალიზაციით ან საკუთრებაში გადაცემით (მიღებით) სხვა კრედიტორებთან შედარებით თავისი მოთხოვნა უპირატესად დაეკმაყოფილებინა. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი რომელიმე ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკარს უფლება ექნებოდა სხვა კრედიტორებთან შედარებით საკუთარი მოთხოვნა უპირატესად დაეკმაყოფილებინა.

7. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 25 იანვარს კრედიტორსა და მოვალეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #1773029-9550507, რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 45 000 აშშ დოლარი, 120 თვით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო, გადახდის გრაფიკის ყოველი დარღვევისას, 10 აშშ დოლარით, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - დავალიანების 0%, ვადაგადაცილებული ერთი დღის შემდეგ კი, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დავალიანების 1%.

8. მოვალემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის ყოველთვიურად გადახდის შესახებ. 2018 წლის 18 ოქტომბერს ბანკმა მას გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად დამატებით 14-დღიანი ვადა განუსაზღვრა.

9. 2018 წლის 30 ნოემბერს კრედიტორმა მოვალესთან საკრედიტო ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.

10.2019 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალის დავალიანება კრედიტორის წინაშე 49 266.92 აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 44 274.65 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 3 449.57 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 420.87 აშშ დოლარი და დაზღვევის პრემია - 121.83 აშშ დოლარი.

11. მოსარჩელის მოთხოვნა

11.1. ბანკმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მსესხებლის მიმართ და მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ასევე, დავალიანების ძირითად თანხაზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, წლიური 18% სარგებლის, ძირითად თანხასა და დარიცხულ საპროცენტო სარგებელზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება; ასევე, დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დაფარავდა ბანკის წინაშე არსებულ დავალიანებას, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით აღსრულების მიქცევა მოვალის სხვა უძრავ/მოძრავ ქონებაზე.

12. მოპასუხის პოზიცია

12.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

13. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

13.1. მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი აღძრა და მოითხოვა მასსა და ბანკს შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 13.12 პუნქტისა და იპოთეკის ხელშეკრულების 8.8 პუნქტის (რომლებიც ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას) ბათილად ცნობა.

14. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

14.1. ბანკმა წარდგენილი შეგებებული სარჩელი არ ცნო.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

15.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 25 იანვრის #1773029-9550507 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 49 266.92 აშშ დოლარის (საიდანაც ძირითადი თანხაა - 44 274.65 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 3 449.57 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 420.87 აშშ დოლარი და დაზღვევის პრემია - 121.83 აშშ დოლარი) გადახდა; ასევე დავალიანების ძირითად თანხაზე - 44 274.65 აშშ დოლარზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, წლიური 8% სარგებლის გადახდა; სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2018 წლის 30 ნოემბერი) 50 დღის განმავლობაში საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 44 274.65 აშშ დოლარსა და დარიცხულ საპროცენტო სარგებელზე - 3 449.57 აშშ დოლარზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0.1%-ის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7.72 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით დადგინდა ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე, ქ. თბილისი, ......., მიწის (საკადასტრო კოდი .......)) სარეალიზაციოდ მიქცევა, ხოლო ბანკის მოთხოვნა - თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ დაფარავდა კრედიტორის წინაშე არსებულ დავალიანებას, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით აღსრულება მიქცეულიყო მოვალის სხვა უძრავ/მოძრავ ქონებაზე - არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2018 წლის 25 იანვარს დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0103.1773029.001 ხელშეკრულების 13.12 პუნქტი და 2018 წლის 25 იანვრის #1231232096217 იპოთეკის ხელშეკრულების 8.8 პუნქტი, რომლებიც ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას.

16. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

16.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

17.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

17.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებში დაცული უნდა იქნეს ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი. სწორედ აღნიშნული სულისკვეთება დაედო საფუძვლად 2016 წელს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებებს, როდესაც სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 100% განისაზღვრა (აღნიშნული ცვლილებები 2017 წლის 15 იანვარს შევიდა ძალაში), 2018 წლის 21 ივლისს ამავე მუხლში შესული ცვლილებით კი საპროცენტო სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად 50% დაწესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის დაბლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშესაბამისია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, 2017 წელს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, სესხისთვის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-ით განსაზღვრა გარკვეულწილად „დაკანონდა“, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წელს მხარეთა მიერ წლიური საპროცენტო განაკვეთის 18%-ით განსაზღვრა ზნეობისა და მორალის საწინააღმდეგო შეთანხმებას არ წარმოადგენდა, რადგან იგი იმ მარჟაში ექცეოდა, რომელიც მოგვიანებით კანონმდებელმა „კანონიერად აქცია“, ამიტომ არ არსებობდა ხელშეკრულების მითითებული პირობის ბათილად ცნობის საფუძველი.

17.4. სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზეც. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეა საბანკო დაწესებულება, რომლის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის, კომერციული ინტერესი კრედიტის გაცემა და ამით გარკვეული მოგების მიღებაა. ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, როგორც წესი, მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს. ამდენად, საბანკო დაწესებულების მხრიდან ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. უფრო მეტიც, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, შემოსავალში შეიძლება ვიგულისხმოთ საპროცენტო განაკვეთი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასა და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

17.5. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავალი კრედიტის გამცემისათვის თანხის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი კი, მხოლოდ იმ პერიოდისათვის მოქმედებს, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მოგება მიიღოს. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის სასამართლო დავა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალისთვის თანხის დაკისრების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიმდინარეობს, თანხის კრედიტორისათვის დაბრუნების მომენტად შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება ჩაითვლება და არა გადაწყვეტილების გამოტანის ან ხელშეკრულების მოშლის თარიღი. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას 2018 წლის 30 ნოემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტა) ხელშეკრულების ძირითად თანხაზე - 44 274,65 აშშ დოლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, წლიური 18%-ის გადახდას მოითხოვდა.

17.6. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით და აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის გარიგების სადავოობისას სასამართლო მხარეთა მართლზომიერი და კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტს ამოწმებს. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით ძირითადი თანხის 18%-ის დაკისრება უფლების კეთილსინდისიერად გამოყენების კანონიერი დათქმიდან არ გამომდინარეობდა. აღნიშნული დასკვნა სააპელაციო სასამართლომ უპირველესად იმ დასაბუთებას დააყრდნო, რომ თითოეულ მსესხებელზე სესხის გაცემისას სპეციალური ალგორითმით/ფორმულით კონკრეტული საპროცენტო სარგებლის ოდენობა განისაზღვრება. საბანკო დაწესებულება საპროცენტო სარგებლის განსაზღვრისას სხვა მრავალთა შორის, მსესხებლის მიერ თანხის დაუბრუნებლობის რისკის ფაქტორს აფასებს, შესაბამისად, როგორც წესი, რაც უფრო მაღალია ეს რისკი, მით მეტია საპროცენტო სარგებლის ოდენობაც. ამასთან, საბანკო დაწესებულებას უამრავი პროდუქტი გააჩნია, თითოეული მათგანისთვის საპროცენტო სარგებლის მარჟა განსხვავებულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ერთ-ერთ წინაპირობას მის მიერ ზიანის განჭვრეტადობა მიეკუთვნება, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის, როგორც ჩვეულებრივი გონიერი მომხმარებლისთვის, ნაკლებად შესაძლებელი იქნებოდა იმის წინასწარ განჭვრეტა, რომ საბანკო დაწესებულებას თანხის დაყოვნებისთვის სწორედ 18%-იანი და არა სხვა ოდენობის ზიანი მიადგებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის 8%-მდე (ძირითადი თანხის) შემცირების თაობაზე სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნია. შესაბამისად, არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ არ არსებობდა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

18. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

18.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

18.2. კასატორის განმარტებით, ზნეობისა და მორალის საწინააღმდეგოა მხარეთა შეთანხმება საპროცენტო სარგებლის წლიური 18%-ით განსაზღვრის შესახებ. სააპელაციო პალატამ არასწორად დაასკვნა, რომ არ არსებობდა მისი შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. მსგავსი განმარტება ემსახურება კომერციული ბანკის უსაფუძვლო გამდიდრებას და დაუსაბუთებლად ხელყოფს მსესხებლის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.

18.3. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად დააკმაყოფილა ნაწილობრივ ბანკის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ იყო წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი (მტკიცებულება), რომელიც დაადასტურებდა ბანკისთვის ზიანის მიყენების ფაქტს და მიზეზობრივი კავშირის არსებობას მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შესაბამისად, არასწორია სასამართლოს განმარტება, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს აძლევს უფლებას მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული ერთგვაროვანი პრაქტიკისგან და ეწინააღმდეგება მას.

19. საკასაციო მოთხოვნის დაზუსტება

19.1. 2020 წლის 4 აგვისტოს კასატორმა დააზუსტა საკასაციო მოთხოვნა და შეამცირა საკასაციო საჩივრის ფარგლები, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მისთვის საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

20.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

23. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ეხება იმას, რომ ბანკის მიერ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი, წლიური 18% შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლოებს უნდა შეემცირებინათ იგი, ვინაიდან მსგავსი შეთანხმება ზნეობისა და მორალის საწინააღმდეგოა და დაუსაბუთებლად ხელყოფს მსესხებლის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.

24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ პრეტენზიას საამისოდ ვარგისი სამართლებრივი საფუძვლის არარასებობის გამო და ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სადავო სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის (წლიური 18%) გონივრულ ოდენობად მიჩნევის თაობაზე. ამავე დროს, მიუთითებს დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზეც, რომლის შესაბამისად, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებელი 18% არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ამორალურ და საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო ოდენობად (იხ. სუსგ საქმე №ას-93-2019, 31 მაისი, 2019 წელი; საქმე №ას-1325-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი).

25. ერთ-ერთ საქმეში, სადაც სადავო იყო სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ოდენობა, საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ. ს.-ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. საბოლოოდ, საკასაციო პალატამ სამართლიანად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის, წლიური 72%-ის 48%-მდე შემცირების თაობაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საკითხზე დადგენილი პრაქტიკა მიმართულია მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ავტონომიის პრინციპის გარკვეულწილად შეზღუდვისაკენ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია სესხის სარგებელის მიუღებელი, არაგონივრულად გაზრდილი ოდენობა (როგორიცაა, თუნდაც ზემოთ მოყვანილი გარიგებით დადგენილი სესხის წლიური სარგებელი – 72%), რასაც წინამდებარე დავაში ადგილი არ აქვს. საკასაციო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი – წლიური 18% მხარეთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენების შესახებ დასკვნის საფუძველს არ იძლევა, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, შესაბამისად, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს. მხოლოდ მითითება საპროცენტო განაკვეთის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე კი არ შეიძლება გასაჩივრებული განჩინების დასკვნების არასწორად მიჩნევისა და საკასაციო საჩივრის არსებითად დაშვების საფუძველი გახდეს.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი; საქმე №ას-894-834-2017, 3 ნოემბერი, 2017 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ვ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. მ.ვ–ას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.მ–ძის (.....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 4 აგვისტო), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე