Facebook Twitter

საქმე №ა-3031-შ-78-2021 22 ივნისი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „ბ.რ“-ს შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი შპს „ჯ-ფ–ას“ მიმართ, რუსეთის ფედერაციის, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის განჩინების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

რსეთის ფედერაციის, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის განჩინებით, შპს „ბ.რ“-სა და შპს „ჯ-ფ–ას“ შორის დამტკიცდა მორიგების აქტი და განისაზღვრა დავალიანების დაფარვის გრაფიკი. მორიგების აქტის მიხედვით, მოპასუხე ვალდებული იყო 2020 წლის 20 დეკემბრამდე დაეფარა დავალიანება 1 243 002,24 რბლის ოდენობით. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, შპს „ჯ-ფ–ამ“ გადაიხადა დავალიანების ნაწილი - 210 000 რუბლის ოდენობით, რაც დასტურდება საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით. შპს „ბ.რ“-ს მიერ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მხარემ ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეასრულა, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის სააღსრულებო ფურცლის აღების მიზნით. სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოხდა 2021 წლის 18 იანვარს, თუმცა საქმის მასალებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, სრული მოცულობით არ შესრულდა და დავალიანება დაფარულია ნაწილობრივ - 210 000 რუბლის ოდენობით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „ბ.რ“-ს წარმომადგენელმა შალვა გიორგაძემ (მინდობილობა ერთვის საქმეს) და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, ასევე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, შპს „ჯ-ფ–ას“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება განჩინებაში განსაზღვრული ოდენობით.

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, აგრეთვე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრლებას, ან იმის თაობაზე, რომ იგი აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თვით ხელშეკრლებიდან.

საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად კი წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია შუამდგომლობას ერთვის რუსეთის ფედერაციის, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება, ასევე ამავე სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი და ცნობები, მაგრამ მათი შესწავლით ირკვევა, რომ მითითებული დოკუმენტები ზემოხსენებული წესის შესაბამისად არ არის წარმოდგენილი არც დედნების და არც მათი სათანადო წესით დამოწმებული ასლების სახით, გარდა ამისა, არც მხარე უთითებს დოკუმენტების სათანადო წესით წარმოუდგენლობის მიზეზებზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები, ვინაიდან შუამდგომლობას არ ერთვის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სათანადო წესით დამოწმებული ან დედანი დოკუმენტები. აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, კი მხარე არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

ვინაიდან საკასაციო პალატა განსახილველად არ იღებს შპს „ბ.რ“-ს შუამდგომლობას შპს „ჯ-ფ–ას“ მიმართ, რუსეთის ფედერაციის, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, სასამართლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფაზე არ მსჯელობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ.რ“-ს უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლ.მიქაბერიძე