საქმე №ას-408-2021 18 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ.კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.კ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, შეიძინა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით. აღნიშნული ფართი იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, რის გამოც მოსარჩელე ვერ ახერხებს თავისი უძრავი ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგენილიყო, არსებობდა თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 74-ე მუხლის, 72-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 13 თებერვალს. სხდომის თაობაზე ეცნობა მოპასუხის წარმომადგენელს (იხ მინდობილობა – ს.ფ. 52) სატელეფონო შეტყობინების გზით. მასვე განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ (იხ: ს.ფ. 59).
9. ამდენად, მოპასუხე სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულ ფაქტს მოპასუხე სადავოდ არ ხდის, მან მიუთითა, რომ გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მის წარმომადგენელს გარდაეცვალა ნათესავი, სასამართლოში დარეკვა კი ვერ მოხერხდა.
10. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს არა მხოლოდ 233-ე მუხლში ჩამოთვლილი პირობების არსებობისას, არამედ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მხარე შეძლებს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი დაადასტუროს.
11. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა, ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო, შეიძლება მართლაც წარმოადგენდეს საპატიო მიზეზს და საფუძვლად დაედოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.
12. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, რაიმე მტკიცებულება, რაც მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა.
13. სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია განემარტა, სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა, კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას და სასამართლო დავების სწრაფად და, გაჭიანურების გარეშე, გადაწყვეტას. ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და მხარეთა თანასწორობის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მხარის უფლებები.
14. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების წინაპირობები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
16. კასატორმა განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო 2020 წლის 13 თებერვალს დანიშნული სასამართლო პროცესის შესახებ, თუმცა წარმომადგენელს გარდაეცვალა ახლობელი, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. მხარემ არაერთგზის უშედეგოდ სცადა სასამართლოსთან ტელეფონით დაკავშირება. მიუხედავად ამისა, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
17. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, კასატორმა მიიჩნია, რომ საქმის განხილვაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
21. საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 13 თებერვალს. სხდომის თაობაზე ეცნობა მოპასუხის წარმომადგენელს (რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია ს.ფ. 52-ზე განთავსებული მინდობილობით) სატელეფონო შეტყობინების გზით. მასვე განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ (ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ აქტი – ს.ფ. 59).
22. აღნიშნული ფაქტი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.
23. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ მიუთითა, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მის წარმომადგენელს გარდაეცვალა ნათესავი, სასამართლოში დარეკვა კი ვერ მოახერხა.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა რა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერება, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის იმ პრეტენზიებზე, რომელიც სასამართლო სხდომაზე კასატორის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოობას, აგრეთვე სარჩელის იურიდიულად გამართულობას შეეხება.
26. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997,§ 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98,§ 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში ( იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274). აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ ( იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014,§ 77). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ მას შეიძლება ხელი შეეშალოს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში (იხ. Ozgur-Karaduman v Germany, no. 4769/02, 26/06/2007; Weber v Germany, no. 30203/03, 02/10/2007; Zavodnik v Slovenia, no.53723/13, 21/05.2015, § 70).
27. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით.( იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.) თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო სამართალწარმოებაში ყოველთვის მონაწილეობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარე– მოსარჩელე და მოპასუხე. ამ ორი მხარის აქტიური მოაწილეობა საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია მათი ინტერესით: მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, გამოიტანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება,ხოლო მოპასუხის ინტერესი – ესაა მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა. ამ ინტერესების რეალიზაციისათვის მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები. სამოქალაქო პროცესის ერთ–ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ საპროცესო უფლებების გამოუყენლობას შეიძლება მოყვეს არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელმაც ეს უფლება არ გამოიყენა. მხარის ერთ–ერთი საპროცესო უფლებაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ უფლებას შეესაბამება სასამართლოს მოვალეობა შეატყობინოს მხარეს საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ სსსკ 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის განხილვა და გადაწყვეტა მხარის შეუტყობინებლად უნდა დაკვალიფილცირდეს, როგორც საქმის გახილვა მხარის მონაწილეობის გარეშე, მის დაუსწრებლად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსკ 394–ე მუხლი), ასევე საქმის წარმოების განახლების საფუძველია (სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
29. ორივე მხარის მონაწილეობას პროცესში აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობა, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლოს საშუალებას აძლევს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები.მაგრამ, რაუნდა მოიმოქმედოს სასამართლომ, როცა საქმის განხილვაზე არ ცხადდება ერთ–ერთი მხარე (რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ) და არც არაფერი აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ? საქმის განხილვა და ამ საქმეზე მრთლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ერთ–ერთი მხარისნება - სურვილზე. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში საქმე განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს გამოუცხადებელი მხარის მონაწილეობის გარეშე.
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყეტილება - ესაა სასამართლო სხდომაზე (როგორც მოსამზადებლ სხდომაზე, ასევე მთავარ სხდომაზე) გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ( როცა მოსარჩელე არ გამოცხადდა) ან აღიარებს (ცნობს) ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სასარჩელო მოთხოვნას ( როცა არ ცხადდება მოპასუხე).
31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, როგორც წესი, დაკავშირებულია სასამართლოს მიერ არაერთი მოქმედების შესრულების განხორციელებასთან (გადაწყვეტილების მომზადება, მისი მხარისათვის ჩაბარება, საჩივრის დასაშვებობის შემოწმება, საჩივრის განხილვა და ა.შ.). იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები არ გამოდგეს გაუმართლებელი და მოხდეს სასამართლოს რესურსების მართლზომიერი გამოყენება, მხარე ვალდებულია, დროულად აცნობოს სასამართლოს, რომ ვერ ახერხებს სასამართლოში გამოცხადებას და დაასაბუთოს გამოუცხადებლობის საპატიობა. მსგავსი განცხადების არსებობისას და გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენისას, სასამართლო უარს განაცხადებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. საპროცესო ეკონომიის მიზნებიდან გამომდინარე, მსგავსი მოქმედებათა განხორციელება შედის არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ მხარის ინტერესებშიც.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შდრ. სუსგ №ას-1158-1113-2016, 10 თებერვალი, 2017).
33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ (საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე) თავისი შინაარსით განსხვავდება როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო და კერძო საჩივრისაგან. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზებით. ამრიგად, საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ შეიძლება ემყარებოდეს გარემოებებს, რომლებიც ასაბუთებენ მის უსწორობას არსებითად, მის შეუსაბამობას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება არა საქმის მასალების საფუძველზე, არამედ მხარის გამოუცხადებლობის გამო. ამიტომ გამართლებული და ახსნილი უნდა იქნეს ის, რასაც ეს გადაწყვეტილება ეფუძნება - გამოუცხადებლობა, კერძოდ გამოუცხადებლობის საპატიობა. სააპელაციო და საკასაციო საჩივრისგან დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი იმითაც განსხვავდება, რომ ამ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ მხრივ გამონაკლისია მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 242-ე, 366-ე, 392-ე მუხლებით.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
35. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სასამართლოს არ აცნობა. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.
36. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ე) ამავდროულად, სარჩელში მითითებული ფაქტები უნდა ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს, კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლომ არ უნდა მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუკი ვლინდება სსსკ-ის 233-ე მუხლში ჩამოთვლილი ერთ-ერთი გარემოება: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
38. მაშასადამე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეული ვარაუდი, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობდა იმგვარი მოვლენა, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრული შეფასებიდან გამომდინარე, ქმნის პრეზუმფციას არა მარტო დაინტერესებული მხარის ინტერესის შესახებ განსახილველი საქმის მიმართ, არამედ გამოუცხადებლობის ობიექტურ ან/და ადამიანურ ფაქტორებზეც. მხოლოდ ამ გარემოებათა ერთობლივად შეჯერებითა და შეფასებით არის შესაძლებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. სსსკ-ის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი უზრუნველყოფს მხარის კანონიერი ინტერესების (მიიღოს მონაწილეობა საპროცესო სამართალწარმოებაში) დაცვას, ამასთან, ობიექტურ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში, მხარის გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს და დაუშვებელია, რომ ამ მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისთვის დამახასიათებელი საპროცესო წესით დადგინდეს როგორც საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, ისე სამართლებრივი შედეგიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა ისეთ ვითარებას, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნებოდა სანქცია არა მარტო უპასუხისმგებლო, ან პროცესის მიმართ ინტერესის არმქონე პირისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც რეალური ინტერესი გააჩნია სამართალწარმოების მიმართ, მაგრამ საპატიო გარემოებების გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. სსსკ-ის 233-ე მუხლის ნორმატიული შინააარსი სწორედ ისეთ შემთხვევებს აწესრიგებს, რომ მხარეს არ ჩამოერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი გამოუცხადებლობა ყველა შემთხვევაში მარტოოდენ სანქციად არ იქცეს (შდრ: სუსგ №ას-1504-2019, 13 მარტი, 2020წელი).
39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწრაფი, ეკონომიურიდა ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ: ა) ნებაყოფლობით ანუ სახელშეკრულებო წარმომადგენლობას; ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობას; გ) კანონისმიერ წარმომადგენლობას.ნებაყოფლობითი (სახელშეკრულებო) წარმომადგენლობა წარმოიშობა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დავალების ხელშეკრულების დადებით (სსკ-ის 709-ე მუხლი). სსსკ-ის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სსსკ-ის 98-ე მუხლი კი, ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს. (იხ. ზ.ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2014, გვ.180-199).
40. სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს, შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დმკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს - თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე. (შდრ. სუსგ №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018).
41. მართალია, სსსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადება უფლებას ანიჭებს მხარეს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხარის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი წარმომადგენელი არაა ვალდებული, გამოცხადდეს საქმის განხილვაზე. თუ თავად წარმომადგენელს არ გააჩნია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, იგი ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აზრს დაუკარგავდა საპროცესო წარმომადგენლობის ინსტიტუტის არსებობას. (შდრ. სუსგ №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას - 678-649-2016, 16 დეკემბერი, 2016).
42. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.
43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, თუ რა განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, კერძოდ, „მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას“. „გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები“. (შდრ.სუსგ №ას-914-876-2014, 19 თებერვალი, 2014; №-ას-1243-1166-2015, 09 მარტი, 2016).
45. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა. (შდრ.სუსგ საქმე №ას-1270-2018, 02 ნოემბერი, 2018).
46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ.სუსგ №ას-964-929-16, 06 მარტი, 2017).
47. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი და ის, რომ მას არ უცნობებია აღნიშნულის მიზეზი სასამართლოსათვის. დასახელებული გარემოება, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილების მიზეზი გახდა.
48. კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მისთვის სასამართლო სხდომის თარიღი და დრო ცნობილი იყო. იგი მიიჩნევს, რომ მისი წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ახლო ნათესავის გარდაცვალება იყო, რის შესახებაც მოპასუხის რწმუნებულმა ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება და ვერც სასამართლოს ინფორმირება
49. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონის მითითებული დანაწესის თანახმად (სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი), საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
50. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.
51. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება მოპასუხის წარმომადგენლის ახლო ნათესავის (ახლობლის) გარდაცვალების დასადასტურებლად, რაც გამორიცხავს აღნიშნულის გამო წარმომადგენლის გაუმოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევას, ამასთან გაურკვეველია, რამ შეუშალა ხელი მოპასუხის წარმომადგენელს, ეცნობებინა თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის. ასევე გაურკვეველია, რამ შეუშალა ხელი წარმომადგენელს ამის შესახებ ეცნობებინა თუნდაც მარწმუნებლისათვის, რომელსაც შეეძლო დანიშნულ დროს თავად გამოცხადებულიყო სასამართლოში და მოეთხოვა საქმის განხილვის გადადება, ან სხვაგვარად ეცნობებინა გამოუცხადებლობის მიზეზი.
52. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოობის საფუძვლით, არ არსებობს.
53. რაც შეეხება სარჩელის იურიდიული დასაბუთებულობის (სსსკ-ის 230.2 მუხლი) ნაწილს, საკასაციო პალატა მიუთითებს:
54. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, 4. სარჩელში მითითებული გარემოებები (ფაქტები) იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
55. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-1468-1388-2017, 11 მაისი, 2018).
56. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება.თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ.400).
57. მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იურიდიული მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან, რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც საქმის განმხილველი შემადგენლობა ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. საქმის განხილვაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობა, თუნდაც ეს არასაპატიო მიზეზით იყოს განპირობებული, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილებისას, გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს გამოცხადებული მხარის ყველა პრეტენზია. სწორედ ამგვარი თვითნებობის თავიდან აცილებას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა.
58. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე, მაგრამ არ გამოცხადდა მოპასუხე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად, მაგრამ მოსარჩელის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია ამ ფაქტების იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ფაქტები იურიდიულად ასაბუთებენ (ამართლებენ) მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას გამოცხადებული მოსარჩელის საწინააღმდეგოდ, რომლითაც უარს ეტყვის სხდომაზე გამოცხადებულ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ეს იქნება არა დაუსწრებელი, არამედ ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო (საკასაციო) წესით.
59. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოდგენია საკასაციო პრეტენზია იმ გარემოებასთან დაკავშირებით, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.
60. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
61. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
62. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
63. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
65. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ს.ჩ–ის მიერ 2021 წლის 10 მაისის №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ვ.კ–ს (პირადი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ს.ჩ–ის მიერ 2021 წლის 10 მაისის №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი