Facebook Twitter

საქმე №ას-235-2021 18 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდგე მხარე – ნ.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ა–მა (შემდეგში: დასაქმებული, მოსარჩელე ან მოწინააღდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში: დამსაქმებელი, მოპასუხე ან სააგენტო ან კასატორი) წინააღმდეგ. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს 2020 წლის 27 თებერვლის N2179/კ ბრძანება; ბ) მოსარჩელეს აღდგენილ იქნეს სააგენტოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; გ) დაეკისროს სააგენტოს იძულებით განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1100 ლარის ოდენობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე, დაევალოს მოპასუხეს ანგარიშსწორების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% გადახდა (იხ.,ახალციხის რაიონული სასამართლოს 15.06.2020წ.-ის მოსამზადებელი სხდომის ოქმი, 12:05სთ.).

2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები დააფუძნა შემდეგ გარემოებებს: 2006 წლიდან მუშაობდა სააგენტოს ახალიციხის სამსახურის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მთავარ სპეციალისტად. ამასთანავე, შეთავსებით მუშაობდა სააგენტოს ასპინძის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2009 წლიდან დაინიშნა სააგენტოს ახალციხის სამსახურის უფროსის მოადგილედ. სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N12682/კ ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის და თანამდებობიდან შესაძლო განთავისუფლების შესახებ წერილობითი გაფრთხილება. 2020 წლის 27 თებერვალს მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა და სამსახურში გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენის სანაცვლოდ მოითხოვა მის ტოლფას თანამდებობაზე - სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავრი სპეციალისტის თანამდებობაზე - აღდგენა. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ აღარ არსებობს იგივე თანამდებობობა, ყველაზე ახლოს მდგომ, საპირწონე და მოსარჩელის კვალიფიკაციის შესაბამის თანამდებობას წარმოადგენს „მთავრი სპეციალისტის“ თანამდებობა (იხ.,ახალციხის რაიონული სასამართლოს 15.06.2020წ.-ის მოსამზადებელი სხდომის ოქმი, 12:05სთ.).

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ მოსარჩელე იკავებდა სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას. იგი წარმოადგენდა მენეჯმენტის ერთ-ერთ რგოლს და მის ფუნქცია მოვალეობებს წარმოადგენდა სააგენტოს ახალციხის სამსახურის თანამშრომლებზე დავალებების გადანაწილება, მათ მიერ შესრულებული სამუშაოსა და დისციპლინის კონტროლი. რეორგანიზაციის შემდეგ სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში გათვალისწინებული იქნა მხოლოდ ერთი მენეჯერული - სამსახურის უფროსის პოზიცია, ხოლო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიცია გაუქმდა.

4. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლები რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, კერძოდ, რეორგანიზაციის შემდეგომ სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციის გაუქმება/არარსებობას, ტესტირებისას მიღებულ საშუალოზე დაბალი შედეგი და ჩამოუყალიბებელი პოზიცია მის მიერ სამომავლოდ სხვა ფუნქციების განხორციელების თაობაზე.

5. მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელის დაზუსტებულ მოთხოვნასთან მიმართებით, რომელიც შეეხებოდა მოსარჩელის აღდგენას ტოლფას თანამდებობაზე, კერძოდ, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო ნუსხით მითითებული თანამდებობა ვაკანტური არ არის (იხ.,ახალციხის რაიონული სასამართლოს 15.06.2020წ.-ის მოსამზადებელი სხდომის ოქმი, 12:08:35სთ.).

6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2020 წლის 27 თებერვლის N2179/კ ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილი იქნა სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. სააგენტოს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი მოცდენის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელზე ასაღები 1100 ლარის ოდენობით, გათავისუფლების მომენტიდან სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. უარყოფილი იქნა სარჩელი პირგასამტეხლოს დაკირების ნაწილში.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2006 წლის 30 იანვრიდან - 2012 წლის 16 ივლისამდე დასაქმებული იყო სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე. 2012 წლის 16 ივლისიდან მოსარჩელე დაინიშნა სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობზე განუსაზღვრელი ვადით.

10. მოსარჩელს თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თვეში 1300 ლარს.

11. 2012-2019 წლებში სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილეს - მოსარჩელეს არაერთხელ შეეთავსა ამავე სამსახურის უფროსის მოვალეობები.

12. სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი და მისი ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2020 წლის 01 თებერვლისა (2020 წლის 31 იანვრის ბრძანებით დაზუსტდა რეორგანიზაციის ვადა და მისი დასრულების თარიღად განისაზღვრა არაუგვიანეს 2020 წლის 27 თებერვლისა). ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ერთეულებში და ტერიტორიულ სამსახურებში დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველყოფა, თანამშრომლის კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად უნდა განხორციელებულიყო ტესტირების, სახელმწიფო მართლწერის, ზოგადი უნარების ან/და პროფესიული ტესტის ან/და გასაუბრების შედეგად პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით.

13. 2019 წლის 2 დეკემბერს მოსარჩელე გაფრთხილდა რეორგანიზაციის მიმდინარეობის გამო თანამდებობიდან შესაძლო განთავისუფლების შესახებ.

14. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის და ამავე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად, განისაზღვრა პროფესიული წერა, ქართული ენა, უნარ-ჩვევები და გასაუბრება.

15. სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილე - მოსარჩელე, 2020 წლის 27 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

16. სააგენტოს ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 31 მარტის წერილით, რეორგანიზაციამდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული იყო საშტატო რაოდენობა - 615 ერთეული, თვის ფონდი 813200 ლარი და წლიური ფონდი 9758000 ლარი. რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა 530 ერთეულით, თვის ფონდი 749900 ლარით და წლიური ფონდი 9000000 ლარით.

17. სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 16 აპრილის წერილით, 2020 წლის 27 თებერვალს დასრულებული რეორგანიზაციის შემდგომ, ახლად ჩამოყალიბებულ სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არის ჯამში 16 საშტატო პოზიცია. აქედან 1 სამსახურის უფროსი, 15 მთავარი სპეციალისტი. ვაკანტურია 1 საშტატო პოზიცია - სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსი.

18. სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ამჟამად არსებობს, როგორც 1100 ლარიანი თანამდებობრივი სარგოთი მთავარი სპეციალისტის საშტატო პოზიციები, ასევე, 1000 ლარიანი თანამდებობრივი სარგოთი მთავარი სპეციალისტის საშტატო პოზიციები.

19. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ პირველ რიგში, უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნების კანონიერება კი, მოწმდება შეწყვეტის შესახებ აქტში მითითებული სამართლებრივი საფუძვლისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით (იხ. სუსგ 07/04/2017წ. №ას-210-199-2017).

20. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 47-ე მუხლი (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 37-ე მუხლი) შეიცავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგიტიმურ საფუძვლებს, რომელთაგან წინამდებარე დავის ფარგლებში შეფასების საგანს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა წარმოადგენს (სახეზეა, თუ არა ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას), უნდა დადგინდეს უშუალოდ ამ გარემოებამ განაპირობა თუ არა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

21. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების ჩამონათვალს. მათი შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნულ ნორმაში მოცემული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველი შესაძლოა იყოს დამსაქმებლის საოპერაციო (სამოქმედო) მოთხოვნებთან დაკავშირებული. აქვე, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ნორმით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი. ხსენებული ნორმა არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც დამსაქმებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სამუშაოდან გაათავისუფლოს დასაქმებული. მითითებული ნორმის ასეთი განმარტება წაახალისებდა დამქირავებლის თვითნებობას, ხოლო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას აზრს დაუკარგავდა.

22. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ სასამართლოს უფლებამოსილებაა მხარეთა მიერ წარმოდგენილი ამა თუ იმ მტკიცებულების საფუძველზე სადავო გარემოების დადგენის ან უარყოფის საკითხის განსაზღვრა.

23. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით და აღნიშნა, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს.

24. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლები), რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.

25. სსსკ-ის 102-ე მუხლის ფარგლებში, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 37-ე მუხლი) ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე არამედ დამსაქმებელზე, რომელმაც უნდა შეძლოს რეორგანიზაციაში არსებული ცვლილებებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გაშვებას შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა და საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება, რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ დასაქმებულის გათავისუფლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, სშკ-ის 47(1) ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევის დასადგომად, დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა. პალატა აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის ვალდებულებას შეადგენს დაამტკიცოს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით გარდაუვალი იყო.

26. სააპელაციო სასამართლოს მითითებით დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის სამსახურის შენარჩუნება, რამეთუ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა. ამასთან, გასათვალისწინებელია, ასევე, საწარმოს მენეჯმენტის მიზნები და სწრაფვა, რათა გონივრულად, სამართლიანად და კანონიერად შეფასდეს საწარმოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, მათ შორის, ეკონომიკური მოთხოვნების საფუძველზე, დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. შრომის უფლება პირის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის დაცვაც საქართველოს კონსტიტუციის რეგულაციაში ექცევა და ამგვარი ურთიერთობის დამსაქმებლის მხრიდან შეწყვეტა სწორედ კონსტიტუციით დაცულ სფეროში ჩარევას წარმოადგენს, თუმცა, იმის გასარკვევად, ამ ჩარევის შედეგად დაირღვა თუ არა პირის გარანტირებული უფლება, შემოწმებას ექვემდებარება ასევე უფლების დაცულ სფეროში ჩარევას გააჩნია თუ არა ლეგიტიმური საფუძველი და წარმოადგენს თუ არა ჩარევა მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას (სუსგ 7.04.2017წ. საქმე №ას-210-199-2017).

27. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის საფუძვლით, დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელი არჩევანის გაკეთებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას, როგორც ზემოთ აღინიშნა გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „pavour protestatories’’ პრინციპი (დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობა). სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (სუსგ: №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; შდრ. №ას-1124-1080-2016, 10.03.2017წ; №ას-1145-1101-2016,17.03.2017წ.).

28. უდავოა, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასთან მიმართებითაც გაფრთხილდნენ სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლები.

29. ამასთან, სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანებებით დგინდება, რომ რეორგანიზაციის მიზანს შტატების ოპტიმიზაცია წარმოადგენდა და რეორგანიზაციის საფუძველზე განხორციელდა რიგი საშტატო ერთეულების გაუქმება და ფუნქცია-მოვალეობების სხვადასხვა პოზიციაზე გადანაწილება. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეს რეორგანიზაციამდე ეკავა ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა და მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძვლით.

30. დამსაქმებელმა მოსარჩელეთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას მიუთითა რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ, ტესტირებაში მიღებული ქულები, რეორგანიზაციის შედეგად უფროსის მოადგილის პოზიციის გაუქმება/არარსებობა და ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული მოსაზრება, თუ სხვა რა ფუნქციების შესრულება შეეძლო სამომავლოდ.

31. დამსაქმებელმა დამატებით აღნიშნა, რომ დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი უმეტესწილად იყო შტატების შემცირება და არა ატესტაციის ვერ გავლა.

32. დამსაქმებლის მითითებით, რეორგანიზაციის თვითმიზანი იყო დასაქმებულების რაოდენობის შემცირება, რაც ყველა შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს შედარების საფუძველზე. სწორედ თანამშრომელთა შედარებაა ის მეთოდი, რაც შემცირებული შტატებიდან გამომდინარე, გასათავისუფლებელი თანამშრომლის გამორკვევას ემსახურება. მოსარჩელემ კომისიის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რას ფიქრობდა რეორგანიზაციის შედეგად მის მიერ დაკავებული საშტატო პოზიციის შესაძლო გაუქმების თაობაზე, ბუნდოვანი პასუხი გასცა და ვერ ჩამოაყალიბა, თუ რა საქმის შესრულებას შეძლებდა მომავალში იმავე სამსახურში. რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში მიღებულ საშუალოზე დაბალ ქულასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ მიღებული შეფასება მისი ცოდნის პროპორციულია. მან ასევე დასძინა, რომ გააზრებული აქვს რეორგანიზაციის ფარგლებში ტერიტორიული სამსახურების გაერთიანების შედეგები და ის მოცემულობაც, რომ საშტატო ნუსხით აღარ იქნება გათვალისწინებული როგორც სამსახურის უფროსების, ასევე მათი მოადგილეების პოზიციები.

33. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებასთან მიმართებით და დამატებით განმარტა, რომ დასაქმებულის გათავისუფლებისას დამსაქმებელს ევალება დაასაბუთოს ის გარდაუვალი აუცილებლობა, რაც გაამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ოქმი N6 არ შეიცავს იმგვარ მონაცემებს, რაზე დაყრდნობითაც შესაძლოა გამართლებულად მიჩნეულიყო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი ოქმის შინაარსის საფუძველზე ბუნდოვანი იყო, თუ რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა მოსარჩელემ. კომისიის მიერ დასმული ზოგადი შეკითხვებით, სააპელაციო პალატის შეფასებით რთულია განისაზღვროს კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობა.

34. ამასთან, ტესტირების შედეგებიდან გამომდინარეც უდავო იყო, რომ მოსარჩელეს სხვებთან შედარებით მაღალი შეფასება აქვს და შესაბამისად, შედარებითობის პრინციპიდან გამომდინარეც არ დგინდებოდა, კონკრეტულად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზანშეწონილობა. ამასთანავე, როგორც აპელანტი მიუთითებდა, გათავისუფლების ძირითად საფუძველს წარმოადგენდა შტატების შემცირება და მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის გაუქმება. აღნიშნულთან მიმართებით, პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებშიც, თუ გაუქმდებოდა უშუალოდ მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია, დამსაქმებელს არსებული ვაკანტური პოზიციებიდან გამომდინარე ევალებოდა შეეთავაზებინა დასაქმებულისათვის სხვა მსგავსი/ტოლფასი პოზიცია და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება დასაქმებულის გათავისუფლებისა, თუ შეუძლებელი გახდებოდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება.

35. განსახილველ შემთხვევაში კი, სააგენტომ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა რეორგანიზაციის განხორციელების საფუძველზე მოსარჩელის გათავისუფლების გარდაუვალობა. მხოლოდ მითითება შტატების ოპტიმიზაციაზე/შემცირებაზე და ტესტირებისა თუ გასაუბრების შედეგებზე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ მიიჩნევა საკმარის საფუძვლად უშუალოდ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის.

36. მით უფრო, პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ ტესტირების შედეგებით მოსარჩელე იყო ხუთეულში და შესაბამისად, მისი კვალიფიკაცია არ უნდა გამხდარიყო დათხოვნის საფუძველი.

37. არსებული შედეგებიდან გამომდინარე, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და მისთვის ალტერნატიული სამსახურის შეუთავაზებლობასთან მიმართებით.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2020 წლის 27 თებერვლის ბრძანება გამოცემული იყო სშკ-ის 47-ე მუხლით (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 37-ე მუხლი) დადგენილი საფუძვლების დარღვევით.

39. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია სახეზე იყო რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, თუმცა, აღნიშნული უპირობოდ არ ქმნიდა გაუქმებულ საშტატო ერთეულებზე დასაქმებული პირების დათხოვნის საფუძველს, თუ ამავდროულად, არსებობს შესაძლებლობა თანამშრომელს შესთავაზო ალტერნატიული/ტოლფასი პოზიცია. ასეთ ვითარებაში დამსაქმებელი ვალდებულია სახელშეკრულებო ურთიერთობის რღვევასთან შედარებით ამ ურთიერთობის შენარჩუნების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე და უფლების კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპის გათვალისწინებით, უშტატოდ დარჩენილ თანამშრომლებს შესთავაზოს მისი კვალიფიკაციის და უნარ-ჩვევების შესაბამისი ვაკანსიები. მსგავსი მოქმედება დამსაქმებლის მიერ არ განხორციელებულა. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძველი, სშკ-ს 47.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, რადგან არ დადასტურდა გარემოება, რომ კომპანიისათვის გარდაუვალი იყო მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახული მიზნების მიღწევისათვის.

40. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხეს, როგორც დამსაქმებელს მართალია აქვს უფლება ორგანიზაციული მიზნების შესაბამისად წარმართოს თავისი საქმიანობა, თუმცა, აღნიშნულ ინტერესს უპირისპირდება დასაქმებულის სოციალური უფლებები და შესაბამისად ინტერესთა შეპირისპირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონით აღიარებული უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება გარემოება, რომ დამსაქმებელმა გაატარა შესაბამისი ღონისძიება ან თუნდაც შეეცადა მათ გატარებას, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის პოზიციის შენარჩუნება ან სხვა ალტერნატიული პოზიციის შეთავაზება. შესაბამისად, არ დადასტურდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით განსაზღვრული სათანადო წინაპირობების არსებობა.

41. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ბრძანების ბათილად ცნობის შემდეგ, შესაფასებელია მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობა. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 38.8 მუხლი) თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

42. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის შედავებაზე, რომლის მიხედვით მოსარჩელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არ არის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური პოზიცია.

43. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე დააზუსტა მოთხოვნა და ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა. დამსაქმებლის მხრიდან საშტატო ნუსხა წარმოდგენილი არ ყოფილა და კონკრეტულად არ იყო ცნობილი, თუ რა პოზიციები გაუქმდა და რა დარჩა. ზოგადად, დამსაქმებლის მითითება იმაზე, რომ მხოლოდ მოადგილის პოზიცია გაუქმდა და შემცირდა სპეციალისტების პოზიციები, რელევანტური მტკიცებულებით არ დასტურდებოდა (არ იყო წარმოდგენილი არც ძველი და არც ახალი საშტატო ნუსხა, რომლის დამტკიცება რეორგანიზაციის პროცესის დასრულებმდე თვით სააგენტოს მიერ იქნა დადგენილი). აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მხოლოდ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისა და საფინანსო სამსახურის განყოფილების წერილები ამ გარემოების დასადასტურებლად, საკმარის მტკიცებულებად, არ იქნა მიჩნეული.

44. სააპელაციო სასმართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებელს შეეთავაზა წარმოედგინა საშტატო ნუსხები, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი გახდებოდა მისი მტკიცების გაზიარება ვაკანტური პოზიციის არ არსებობასთან მიმართებით, რისი წარმოუდგენლობის პირობებში, მხოლოდ წერილებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია გარემოება ვაკანტური პოზიციის არ არსებობასთან მიმართებით.

45. ზემოთმითითებულიდან გამომდინარე, არ იქნა გაზიარებული დამსაქმებლის მტკიცება მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შეუძლებლობასთან მიმართებით. დამსაქმებელს ევალებოდა წარმოედგინა საშტატო ნუსხები, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი გახდებოდა შედარება არსებული საშტატო ერთეულების გათვალისწინებით აღდგენის შესაძლებლობასთან მიმართებით.

46. სსკ-ის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი შრომის კოდექსის 32.1 მუხლი), თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით (მოქმედი კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია). ჩვეულებრივ, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეულ იძულებით მოცდენად განიხილება იმგვარი ვითარება, როდესაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გარეშე დამსაქმებელი დასაქმებულს შრომითი მოვალეობების შესრულების საშუალებას არ აძლევს, არ უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაოთი, სამუშაო ადგილით და ა. შ. გარდა ამისა, მოცდენად უნდა ჩაითვალოს ისეთი ვითარებაც, როცა შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ასევე არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი ქმედების შედეგად საპასუხო შესრულების გარეშე რჩება. ამ პირობებში შრომის ხელშეკრულების მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა (იხ. სუსგ №ას-1429-1444-2011, 01.03.2012წ.) იმ პირობებში, როდესაც ბათილად არის ცნობილი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება და დაკმაყოფილებულია მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან მიმართებით, გამართლებულია ასევე მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან მიმართებით, რამეთუ კანონმდებლობით დამსაქმებელს გარანტირებული აქვს უფლება მოითხოვოს ის ანაზღაურება, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არა დამსაქმებლის არამართლზომიერი ქმედება. ამდენად, აღნიშნულ ნაწილშიც გაზიარებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და გამართლებულად იქნა მიჩნეული მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან მიმართებით. დადგენილი იქნა, რომ არსებული პოზიციაზე დასაქმებული პირის ხელზე ასაღები ხელფასი ბოლო თვეების განმავლობაში შეადგენდა 1100 ლარს, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე და მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1100 ლარის ანაზღაურება.

47. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ (აპელანტი) წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

48. კასატორი აღნიშნავს, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში საფუძვლად მიეთითა კომისიის სხდომის ოქმი, რომელშიც აღწერილი იყო ის გარემოებები, რის გამოც, კომისიამ გასცა უარყოფითი დასკვნა კერძოდ, გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხი, შტატის გაუქმება და ტესტირების შედეგები. სასამართლოს მითითებით ოქმი არ შეიცავს იმგვარ მონაცემებს, რაზე დაყრდნობითაც შესაძლოა გამართლებულად მიჩნეულიყო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება. სასამართლოს აღნიშნული მითითება არის უსაფუძვლო, ვინაიდან, გასაუბრების ოქმში გადმოცემული იყო გასაუბრების ეტაპის აღწერა, კერძოდ, როგორც ოქმიდან ირკვევა, მოსარჩელემ კომისიის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რას ფიქრობდა რეორგანიზაციის შედეგად მის მიერ დაკავებული საშტატო პოზიციის შესაძლო გაუქმების თაობაზე, ბუნდოვანი პასუხი გასცა და ვერ ჩამოაყალიბა, თუ რა საქმის შესრულებას შეძლებდა მომავალში იმავე სამსახურში. რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში მიღებულ საშუალოზე დაბალ ქულასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ მიღებული შეფასება მისი ცოდნის პროპორციულია. მან ასევე დასძინა, რომ გააზრებული აქვს რეორგანიზაციის ფარგლებში ტერიტორიული სამსახურების გაერთიანების შედეგები და ის მოცემულობაც, რომ საშტატო ნუსხით აღარ იქნება გათვალისწინებული როგორც სამსახურის უფროსების, ასევე მათი მოადგილეების პოზიციები. გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ გაითვალისწინა რამდენიმე ფაქტორი, კერძოდ, ტესტირებაში მიღებული ქულები, რეორგანიზაციის შედეგად უფროსის მოადგილის პოზიციის გაუქმება/არარსებობა და ის ფაქტი რომ დასაქმებულს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული მოსაზრება, თუ სხვა რა ფუნქციების განხორციელება შეეძლო სამომავლოდ. შესაბამისად, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ოქმის ბუნდოვნების შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ ოქმის აღნიშნული შინაარსი სადავოდ არ გაუხდია მხარეს მოსამზადებელ ეტაპზე, არც დოკუმენტურად, არც ზეპირად არ გაუკეთებიათ მინიშნება ოქმის შინაარსის საეჭვოობაზე. ამგვარი განმარტება გააკეთეს მხოლოდ არსებითი განხილვის ეტაპზე, რაც არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის ამგვარ ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება არ უნდა ყოფილიყო შეფასებული როგორც ფაქტის სადავოდ გახდომის საფუძველი (სხდომის აუდიო ჩანაწერის 46:20 წუთიდან - პირველი ინსტანცია). მხარემ გასაუბრებასთან (და არა უშუალოდ ოქმთან) დაკავშირებით მხოლოდ ერთადერთხელ აღნიშნა და ისიც სარჩელში, რომ თითქოსდა გასაუბრება ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს. ამგვარი მითითება არ შეიძლება გახდეს ოქმის საეჭვოობის საფუძველი, ვინაიდან აქ საუბარია თავად გასაუბრებაზე და არა ოქმზე.

49. კასატორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მხიედვით, მოსარჩელის გათავისუფლების ძირითად საფუძველს წარმოადგენდა შტატების შემცირება და მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის გაუქმება. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებშიც, თუ გაუქმდებოდა უშუალოდ მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია, დამსაქმებელი არსებული ვაკანტური პოზიციებიდან გამომდინარე ევალებოდა შეეთავაზებინა დასაქმებულისათვის სხვა მსგავსი/ტოლფასი პოზიცია და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება დასაქმებულის გათავისუფლებისა, თუ შეუძლებელი გახდებოდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააგენტომ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა რეორგანიზაციის განხორციელების საფუძველზე მოსარჩელის გათავისუფლების გარდაუვალობა. მხოლოდ მითითება შტატების ოპტიმიზაციაზე/შემცირებაზე და ტესტირებისა თუ გასაუბრების შედეგებზე ვერ მიიჩნევა საკმარის საფუძვლად უშუალოდ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ტესტირების შედეგებით მოსარჩელე იყო ხუთეულში და შესაბაისად, მისი კვალიფიკაცია არ უნდა გამხდარიყო დათხოვნის საფუძველი. არსებული შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეყვეტისა და მისთვის ალტერნატიული სამსახურის შეუთავაზებლობასთან მიმართებით. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებულ მსჯელობას. რადგან ახლად ფორმირებულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში გათვალისწინებული იქნა მხოლოდ ერთი მენეჯერული პოზიცია - სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის კანდიდატურის არჩევა უნდა მომხდარიყო ტერიტორიული სამსახურების უფროსებიდან, რადგან აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული პირისთვის აუცილებელი იყო სამსახურის უფროსად მუშაობის გამოცდილება, რაც საბოლოო ჯამში სააგენტოს ეფექტური მართვის საწინდარი იყო, ხოლო ეს უკანასკნელი თანხვედრაშია სააგენტოში დაწყებულ რეორგანიზაციის ჩატარების ერთ-ერთ მიზანთან. რაც შეეხება სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას, რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო განრიგით აღარ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული პოზიცია. მოსარჩელე იკავებდა სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას. იგი წარმოადგენდა მენეჯმენტის ერთ-ერთ რგოლს და მის ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენდა სააგენტოს ახალციხის სამსახურების თანამშრომლებზე დავალებების გადანაწილება, მათ მიერ შესრულებული სამუშაოსა და დისციპლინის კონტროლი, შესაბამისად მისი პასუხისმგებლობისა და ცოდნის სტანდარტი ბევრად მაღალი უნდა ყოფილიყო სხვ მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლეთან შედარებით. კასატორი აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის პირობებში ჩატარებულ კონკურსზე, ტესტირების შედეგებმა აჩვენეს, რომ მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა საშუალოზე დაბალი ქულები, რაც ნამდვილად ვერ პასუხობდა იმ სტანდარტს, რომელიც მის პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს უნდა ჰქონოდა. მოსარჩელემ კომისიის კითხვებს ან ბუნდოვანი პასუხები გასცა, ან კითხვაზე პასუხი საერთოდ არ ჰქონდა: მაგალითად, მან ვერ უპასუხა კითხვას, თუ რა საქმის შესრულება შეუძლია მომავალში იმავე სამსახურში. აღნიშნული, კასატორის მოსაზრებით, მეტყველებს პირველ რიგში, მოტივაციის არ ქონაზე. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებშიც, თუ გაუქმდებოდა უშუალოდ მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია, დამსაქმებელს არსებული ვაკანტური პოზიციებიდან გამომდინარე ევალებოდა შეეთავაზებინა დასაქმებულისათვის სხვა მსგავსი/ტოლფასი პოზიცია და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციის ძირითადი მიზანი ასახული იყო სააგენტოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში და, რომელიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის N462 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანება და დამტკიცდა ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც სააგენტოში განხორციელდა მთელი რიგი სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის, სამსახურების შეერთების ხარჯზე გამსხვილდა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები. აღნიშნულმა, თავის მხრივ, აუცილებელი გახადა სააგენტოში რეორგანიზაციის პროცესის გატარება, რომლის ფარგლებშიც ახალი მოცემულობის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა ასევე შტატების შემცირებაც. შედეგად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციიდან გამომდინარე გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის N12682/კ ბრძანებით, სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეფექტური საჯარო მმართველობის განხორციელება, შტატების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და სახელფასო ფონდის შემცირება. რეორგანიზაციის ძირითადი მიზანი სწორედ შტატების მაქსიმალურად ზუსტად და საჭიროებისამებრ განსაზღვრა იყო. იმ პირობებში, როდესაც რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულთა სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთ განმაპირობებელ კანონისმიერ საფუძვლად შტატების შემცირებაა მიჩნეული და სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად მიზანსაც სწორედ ეს გარემოება წარმოადგენდა, კასატორისათვის გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ გადანიშნა სააგენტომ გასათავისუფლებელი თანამშრომელი დაკავებული პოზიციიდან სხვა თანამდებობაზე. თუმცა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ სააგენტოს სხვა საშტატო მსგავსი პოზიცია ვაკანტური საერთოდ არ ჰქონია, ხოლო მოსარჩელეს ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია (არარსებული გარემოების მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში სააგენტოს მხარეს ვერ იქნებოდა). კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის ტოლფას პოზიციაზე აღდგენის ნაწილში. თბილისის სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. მოსარჩელე ვალდებულია საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მიუთითოს ტოლფას პოზიციაზე აღდგენა და ამასთან, მანვე უნდა დაასახელოს პოზიცია, რომელზეც სურს აღდგენა და რომელსაც მისი პოზიციის ტოლფასად მიიჩნევს, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა აღნიშნულ გარემოებაზე და უბრალოდ მიუთითა, რომ მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ტოლფას სამუშაოზე აღდგენა, არ გამოიკვლია ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს არ დაუსახელებია კონკრეტული პოზიცია და ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია და გადაწყვევტილებაშიც არ აუსახავს პოზიცია ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკაშირებით.

50. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია სააგენტოს მიერ წარდგენილი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის 2020 წლის 16 აპრილის 01/77954 წერილი, რომლის თანახმადაც, რეორგანიზაციის შემდგომ სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეეესტრის სამსახურში ვაკანტური იყო მხოლოდ 1 საშტატო პოზიცია (სამცხე–ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსი). აღნიშნული წერილის ციტირება მოხდა სააგენტოს წარმომადგენლის მიერ საქმის მომზადების სტადიაზე, კერძოდ ეს პოზიცია ფიქსირდება მოსამზადებელი სხდომის აუდიო ჩანაწერში 04:50 წუთიდან 05:10 წუთამდე, შემდგომ, კიდევ ერთხელ გაიმეორა სააგენტოს წარმომადგენელმა 05:20 წუთიდან 05:34 წუთამდე პერიოდში და აღნიშნა, რომ შევსებულია მთავარი სპეციალისტების პოზიციები და არ არის ვაკანტური არც ერთი მათგანი. ამის საპასუხოდ მოსარჩელემ, 06:30 წუთიდან განცხადებულ განმარტებაში არ უარყო რომ ვაკანტური პოზიცია არ არსებობს. პირიქით, მან სააგენტოს აღნიშნული განმარტება რელევანტურად საერთოდ არ ჩათვალა და 07:00 წუთიდან განმარტა, რომ „ალოგიკურია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ვაკანტური არ არის თანამდებობა ტოლფასთან დაკავშირებით ვერ მოხდება აღდგენა“. კასატორისათვის გაურკვეველია, თუ როგორ უნდა აღადგინოს სააგენტომ, სხვა თანამშრომლის გათავისუფლების გარეშე, მოსარჩელე მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, როდესაც ამ თანამდებობაზე ვაკანტური ადგილი არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

51. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

52. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

53. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა - უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 48-ე; 58-ე მუხლი). ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღწევად კი, განპირობებული უნდა ყოფილიყო ყველა სამართლებრივი წანამძღვარი. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა კი, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

54. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა მართლზომიერად შეწყდა და განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში, ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ: სუსგ №ას-1009-2020, 24 დეკემბერი, 2020 წელი).

55. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი და მისი ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2020 წლის 01 თებერვლისა (2020 წლის 31 იანვრის ბრძანებით დაზუსტდა რეორგანიზაციის ვადა და მისი დასრულების თარიღად განისაზღვრა არაუგვიანეს 2020 წლის 27 თებერვლისა). ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ერთეულებში და ტერიტორიულ სამსახურებში დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველყოფა, თანამშრომლის კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად უნდა განხორციელებულიყო ტესტირების, სახელმწიფო მართლწერის, ზოგადი უნარების ან/და პროფესიული ტესტის ან/და გასაუბრების შედეგად პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით.

56. 2019 წლის 2 დეკემბერს მოსარჩელე გაფრთხილებული იქნა რეორგანიზაციის მიმდინარეობის გამო, თანამდებობიდან შესაძლო განთავისუფლების შესახებ.

57. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის და ამავე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად, განისაზღვრა პროფესიული წერა, ქართული ენა, უნარ-ჩვევები და გასაუბრება.

58. სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილე - მოსარჩელე, 2020 წლის 27 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

59. სააგენტოს ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 31 მარტის წერილით, რეორგანიზაციამდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული იყო საშტატო რაოდენობა - 615 ერთეული, თვის ფონდი 813200 ლარი და წლიური ფონდი 9758000 ლარი. რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა 530 ერთეულით, თვის ფონდი 749900 ლარით და წლიური ფონდი 9000000 ლარით.

60. სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 16 აპრილის წერილით, 2020 წლის 27 თებერვალს დასრულებული რეორგანიზაციის შემდგომ, ახლად ჩამოყალიბებულ სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არის ჯამში 16 საშტატო პოზიცია. აქედან, 1 სამსახურის უფროსი, 15 მთავარი სპეციალისტი. ვაკანტურია 1 საშტატო პოზიცია - სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსი.

61. სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ამჟამად არსებობს, როგორც 1100 ლარიანი თანამდებობრივი სარგოთი მთავარი სპეციალისტის საშტატო პოზიციები, ასევე, 1000 ლარიანი თანამდებობრივი სარგოთი მთავარი სპეციალისტის საშტატო პოზიციები (იხ., ტ.5. ს.ფ. 81).

62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზის დასაშვებობა (დასაბუთება) უნდა შემოწმდეს იმ თვალსაზრისით, ჰქონდა თუ არა დამსაქმებლის (მოპასუხე) მხრიდან ადგილი მოსარჩელის შრომითი უფლების (დასაქმების უფლება) დარღვევას, რაც უკანონოს გახდის მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას. შესაბამისად, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების საფუძვლიანობის კვლევის მიზნით, უნდა შეფასდეს, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება. ამისათვის, უნდა შემოწმდეს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულების სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში (მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანება) მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).

63. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მიჩნეულია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) (კანონის მოქმედი რედაქცია). უფრო კონკრეტულად კი, მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში (სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებელი) დამსაქმებელი (მოპასუხე) განმარტავს, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა ის, რომ სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის მიზანს შტატების ოპტიმიზაცია წარმოადგენდა და რეორგანიზაციის საფუძველზე განხორციელდა რიგი საშტატო ერთეულების გაუქმება და ფუნქცია-მოვალეობების სხვადასხვა პოზიციაზე გადანაწილება. მოსარჩელეს რეორგანიზაციამდე ეკავა ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. დამსაქმებელმა მოსარჩელეთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას მიუთითა რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ, ტესტირებაში მიღებული ქულები, რეორგანიზაციის შედეგად უფროსის მოადგილის პოზიციის გაუქმება/არარსებობა და ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული მოსაზრება, თუ სხვა რა ფუნქციების შესრულება შეეძლო სამომავლოდ. კასატორის მითითებით, რეორგანიზაციის მიზანი იყო დასაქმებულების რაოდენობის შემცირება, რაც ყველა შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს შედარების საფუძველზე. სწორედ თანამშრომელთა შედარებაა ის მეთოდი, რაც შემცირებული შტატებიდან გამომდინარე, გასათავისუფლებელი თანამშრომლის გამორკვევას ემსახურება. მოსარჩელემ კომისიის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რას ფიქრობდა რეორგანიზაციის შედეგად მის მიერ დაკავებული საშტატო პოზიციის შესაძლო გაუქმების თაობაზე, ბუნდოვანი პასუხი გასცა და ვერ ჩამოაყალიბა, თუ რა საქმის შესრულებას შეძლებდა მომავალში იმავე სამსახურში. რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში მიღებულ საშუალოზე დაბალ ქულასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ მიღებული შეფასება მისი ცოდნის პროპორციულია. მან ასევე დასძინა, რომ გააზრებული აქვს რეორგანიზაციის ფარგლებში ტერიტორიული სამსახურების გაერთიანების შედეგები და ის მოცემულობაც, რომ საშტატო ნუსხით აღარ იქნება გათვალისწინებული სამსახურის უფროსების მოადგილეების პოზიციები (იხ., დაზუსტებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები - ტ.5).

64. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ვარგის საფუძვლად კასატორის მიერ დასახელებულ არგუმენტს და განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით (ამჟამად მოქმედი სშკ-ის რედაქცია, საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177), რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.

65. რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეკონომიკურ გარემოებებს (ამჟამად მოქმედი სშკ-ის რედაქციით 47-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177), ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ ცვლილებებს, ისინი შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა, იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნას მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ (ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ) გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (სუსგ. Nას-224-224-2018, 18.05.2018წ; ).

66. მოსამართლის ერთ-ერთი ვალდებულება მტკიცებით საქმიანობაში მხარეთა შორის საპროცესო ვალდებულებების სწორი გადანაწილებაა. აღნიშნული ემსახურება პროცესის მონაწილე სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობის დაცვასა და იმავდროულად, უზრუნველყოფს მართლწესრიგის ეფექტურ ფუნქციონირებას. მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცებისვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლისმტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). მაშასადამე,შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია მეტადრე იმით, რომშრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, ,,სუსტი მხარის“, კონკრეტულ შემთხვევაში, დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. ასეთი კატეგორიის საქმეებში სწორედ, უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება, რამდენადაც, შრომითი ურთიერთობა მოიცავს ისეთ მხარებს, რომლებიც კლასიკურად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთმანეთის მიმართ. საქმე იმაში, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი (ე.წ. “Good Reason“) საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვნტალიანი).

67. მტკიცებითი საქმიანობის სფეროში ეროვნულ დონეზე არსებული მიდგომა შესაბამისობაშია საერთაშორისო გამოცდილებასთან. მიუხედავად იმისა, რომ „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ 1982 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ მიღებულ N158 კონვენციას საქართველოსთვის სავალდებულო ძალა არა აქვს, მისი დებულებები და ამ თვალსაზრისით, განვითარებული პრაქტიკული მიდგომები საქართველოსთვისაც საინტერესოა. N158 კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 (ა) პარაგრაფი სამუშაოდან არამართლზომიერი გათავისუფლებისაგან დაცვის ეფექტიან საშუალებად მტკიცების ტვირთის დამსაქმებელზე დაკისრებას ადგენს. კონვენციის ამ დებულების მიხედვით, მუშაკი მარტო ვერ გაუმკლავდება სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძვლის არამართლზომიერების მტკიცებით პროცესს; სწორედ ამიტომ, მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს უნდა დაეკისროს. ყოველ შემთხვევაში, კონვენცია ამ საკითხის მოწესრიგებას ეროვნული კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას უტოვებს (Termination of Employment Convention, 1982 (N158) (Article 9, p.1.p2.); Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 80).

68. მოცემულ შემთხვევაში, ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეს სხვებთან შედარებით მაღალი შეფასება აქვს და შესაბამისად, შედარებითობის პრინციპიდან გამომდინარე არ იკვეთება კონკრეტულად მოსარჩელესთან მიმართებით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზანშეწონილობა. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს, რომ სააგენტოში განხორციელდა შტატების შემცირება და მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია გაუქმდა, ასეთ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია დასაქმებულის შრომითი უფლების დაცვის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გულისხმობს, რომ იმ პირობებშიც, თუ გაუქმდებოდა უშუალოდ მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია, დამსაქმებელს არსებული ვაკანტური პოზიციებიდან გამომდინარე ევალებოდა შეეთავაზებინა დასაქმებულისათვის სხვა მსგავსი/ტოლფასი პოზიცია და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება დასაქმებულის გათავისუფლებისა, თუ შეუძლებელი გახდებოდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება. განსახილველ შემთხვევაში, კი, კასატორმა ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა რეორგანიზაციის განხორციელების საფუძველზე მოსარჩელის გათავისუფლების გარდაუვალობა. მხოლოდ მითითება შტატების ოპტიმიზაციაზე/შემცირებაზე და ტესტირებისა თუ გასაუბრების შედეგებზე, ვერ მიიჩნევა საკმარის საფუძვლად უშუალოდ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სამართლოთა მიერ დადგენილია, რომ ტესტირების შედგებით მოსარჩელე იყო ხუთეულში და შესაბამისად, მისი კვალიფიკაცია არ უნდა გამხდარიყო დათხოვნის საფუძველი (იხ., ამ განჩინების პპ:34-37).

69. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური - დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 47-ე, 48-ე მუხლი).

70. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, სახელდობრ კი, მან ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული გარემოებების უტყუარობის გაქარწყლება.

71. რაც შეეხება, დასაქმებულის მაკომპენსირებელ საშუალებებს, ვინაიდან მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნა მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში უნდა დაკმაყოფილებული, რასაც სადავოდ ხდის კასატორი და აღნიშნავს, მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ვალდებულია საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მიუთითოს ტოლფას პოზიციაზე აღდგენა და ამასთან, მანვე უნდა დაასახელოს პოზიცია, რომელზეც სურს აღდგენა და რომელსაც მისი პოზიციის ტოლფასად მიიჩნევს, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა აღნიშნულ გარემოებაზე და უბრალოდ მიუთითა, რომ მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ტოლფას სამუშაოზე აღდგენა, არ გამოიკვლია ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს არ დაუსახელებია კონკრეტული პოზიცია.

72. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს ამ განჩინების პპ: 1, 2 -ში მითითებულ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა და სამსახურში გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენის სანაცვლოდ მოითხოვა მის ტოლფას თანამდებობაზე - სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავრი სპეციალისტის თანამდებობაზე - აღდგენა. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ აღარ არსებობს იგივე თანამდებობობა, ყველაზე ახლოს მდგომ, საპირწონე და მოსარჩელის კვალიფიკაციის შესაბამის თანამდებობას წარმოადგენს „მთავრი სპეციალისტის“ თანამდებობა (იხ.,ახალციხის რაიონული სასამართლოს 15.06.2020წ.-ის მოსამზადებელი სხდომის ოქმი, 12:05სთ.).

73. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის შესახებ იმაზე მითითებით, რომ სააგენტოში ვაკანტური არ არის მთავარი სპეციალისტის აღნიშნული პოზიცია, საკასაციო პალატა განმარტავს რომ სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

74. სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. სსსკ-ის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას _ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

75. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს. ასეთი მიდგომის საფუძველია სსსკ-ის 102-ე მუხლის ნორმატიული დანაწესი, რომელშიც თავმოყრილია მხარეთა საპროცესო ვალდებულებები, მათ შორის, მოპასუხის უფლება გააქარწყლოს მოსარჩელის მოთხოვნები. ცხადია, მოპასუხისათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზებისთვის მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაზე მითითება საკმარისი ვერ გახდება. სასამართლო მტკიცებაში, მოიაზრება პროცესის მონაწილე სუბიექტების იმგვარი საქმიანობა, რომელიც მიმართულია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა/არარსებობის დასადგენად. საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო, დასაბუთებული პოზიციის არსებობამ შესაძლებელია მხარე მიიყვანოს იურიდიულად დაუსაბუთებელ შედეგებამდე, რაც მოსარჩელისათვის მდგომარეობს სარჩელის უარყოფაში, ხოლო მოპასუხისთვის - მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში. სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. (იხ., ი. გაგუა, მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, რედ: ზ. ძლიერიშვილი, ნ. კვანტალიანი, 2020წ. გვ.168, 169, 214-215, 221, 231).

76. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

77. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).

78. მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების წარდგენის დროს მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, იგი ფაქტობრივად ეთანხმება მოსარჩელეს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებში, თუმცა, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა მისი მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების გამო (ასეთი მოცემულობის პირობებში მტკიცების საგანში შედის მხოლოდ ერთი გარემოება _ „ვალდებულების შესრულება“, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ ვალდებულება არ შესრულებულა (მითითების ტვირთი), რომლის გაქარწყლება და დამტკიცებაც მოპასუხის მხარესაა.

79. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი _ ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი). მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელთან გვაქვს საქმე ასევე, როდესაც მოპასუხე უთითებს მოსარჩელის მხრიდან საპასუხო მოქმედების შესრულებაზე (სსკ-ის 369-ე მუხლი), შესრულების ვადის დაუდგომლობაზე (სსკ-ის 361.2 მუხლი).

80. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების დროს მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს (მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს), შესაბამისად, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.

81. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIძ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

82. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე.

83. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის შემწყვეტი ან განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების (გამომრიცხავი ნორმების) შემოწმება მიმდინარეობს შემდეგ ეტაპებად: ა) მოპასუხის მიერ ასეთი შესაგებლის განხორციელების შემთხვევაში უპირველესად უნდა იქნეს მოძიებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომელიც შესაძლოა უპირისპირდებოდეს მოსარჩელის (სამართლებრივ) მოთხოვნის უფლებას; აღნიშნული სამართლებრივი ნორმა, ისევე, როგორც მოსარჩელის სტადიაზე მოსაძიებელი მოთხოვნის საფუძველი, უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან. ბ) შემდეგ ეტაპზე მიმდინარეობს მოპასუხის ახსნა-განმარტებების შემოწმება ზუსტად ისე, როგორც მოსარჩელის განმარტებების შემოწმება ხდება მოსარჩელის სტადიაზე. კერძოდ, მოპასუხის შესაგებელი მოწმდება ზემოხსენებულ საპირისპირო ნორმასთან მიმართებით. ამრიგად, ამ ეტაპზე მოპასუხის განმარტებები უნდა ასაბუთებდეს ამ საპირისპირო ნორმის დისპოზიციის არსებობას და ამ კუთხით უნდა იყოს გამართული. გ) მესამე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უკვე მოსარჩელის პასუხი, რამდენად სათანადოდ (საკმარისად) ედავება იგი საპირისპირო ნორმის შედეგის დამფუძნებელ გარემოებებს. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე, საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

84. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, დამსაქმებელთან არსებული საშტატო ნუხსიდან კონკრეტულად რომელი სამუშაო (თანამდებობა) წარმოადგენს განთავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ სამუშაოს (თანამდებობას) (შეადრ: სუსგ №ას-588-556-2014, 27 აპრილი, 2015 წელი). მოპასუხის ვალდებულებაა გააბათილოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ (იხ. სსსკ 102-ე მუხლი), კერძოდ, დამსაქმებლის ვალდებულებაა მიუთითოს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული თანამდებობა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი არ არის, ან თუ ტოლფასია, არ არის ვაკანტური. დამსაქმებელმა უნდა წარადგინოს რელევატური მტკიცებულებები, რომ ადგილი ვაკანტური არ არის (ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთზე და სასამართლოს მიერ ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევის სტანდატზე იხ. სუსგ-ები №ას-687-687-2018, 20 ივლისი, 2018 წელი; №ას-902-864-2014, 2015 წლის 30 მარტი; №ას-475-456-2016, 2016 წლის 24 ივნისი; №ას-761-712-2017, 2017 წლის 10 ივლისი). დასახელებული გარემოებების (თანამდებობა არ არის ტოლფასი, არ არის ვაკანტური, ან მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს) მითითება და, საჭიროებისამებრ, მტკიცებულებებით დადასტურება მოპასუხის/დამსაქმებელის პროცესუალური ვალდებულებაა.

85. მოცემულ შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენის შეუძლებლობის არგუმენტი მოპასუხემ დააყრდნო არა საშტატო ნუსხას, არამედ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისა და საფინანსო სამსახურის განყოფილების წერილებს, რაც სსსკ-ის 102.3 მუხლის საფუძველზე ამ გარემოების დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულებად, არ იქნა მიჩნეული. დადგენილია, ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დამსაქმებელს შეეთავაზა წარმოედგინა საშტატო ნუსხები, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი გახდებოდა მისი მტკიცების გაზიარება ვაკანტური პოზიციის არარსებობასთან მიმართებით, თუმცა, აღნიშნული წერილობითი მტკიცებულება დამსაქმებელს საქმეში არ წარმოუდგენია (იხ., წინამდებარე განჩინების პ.42-45).

86. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო პალატა დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ვინაიდან დადგენილი იქნა, რომ არსებული პოზიციაზე დასაქმებული პირის ხელზე ასაღები ხელფასი ბოლო თვეების განმავლობაში შეადგენდა 1100 ლარს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სახით მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1100 ლარის ანაზღაურება თანამდებობაზე აღდგენამდე.

87. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

88. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომით სამართლებრივ დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

89. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

90. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს.კ:..7404) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 17.03.2021-ში №03963 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 660 ლარის 70% – 462 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი