Facebook Twitter

საქმე №ა-3665-შ-84-2020 31 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

თარჯიმანი – მ.ც–ა

შუამდგომლობის ავტორი – ე.პ–ო

მოწინააღმდეგე მხარე – ე.პ–ო

წარმომადგენელი – ვ.კ–ძე, რ.ც–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილებით ე.პ–ოს სარჩელი ე.პ–ოს მიმართ ქონების გაყოფასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა:

1.1. საერთო საკუთრებაში არსებული ქონება გაიყო; ე.პ–ოს საკუთრებად აღირიცხა სოფელ .... რაიონში, კიევის ოლქში მდებარე 4 711 883 გრივნის ღირებულების 1, 4314 ჰა მიწის ნაკვეთი. ე.პ–ოს პირად საკუთრებად აღირიცხა: 32 081 გრივნისა და 40 კაპიკის ღირებულების ქ. დნეპროპეტროვსკში, ...... მდებარე №30 ბინა; 220 600 გრივნის ღირებულების ავტომობილი AUDI A8, სედანი, სახელმწიფო ნომრით .....; 58 500 გრივნის ღირებულების ავტომობილი CHEVROLET LACETI NF 193, მსუბუქი სედანი, სახელმწიფო ნომრით ......; 345 000 გრივნის ღირებულების ავტომობილი MERCEDES-BENZ ML 350, სახელმწიფო ნომრით ......; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ...... ქუჩა №59 „ა“-ში მდებარე 74 985 გრივნის ღირებულების 0,150 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ...... „ბ“-ში მდებარე 59 988 გრივნის ღირებულების 0, 120 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ......, მდებარე 4 255 გრივნის ღირებულების 0,3964 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ...... მდებარე 3 504 გრივნის ღირებულების 0,3231 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ........ მდებარე 2 764 გრივნისა და 43 კაპიკის ღირებულების 0, 2460 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ...... ქუჩა №129-ში 2 741 გრივნისა დ 5 კაპიკის ღირებულების 0,2440 ჰა მიწის ნაკვეთი; ნოვომოსკოვის რაიონის სოფელ ....... მდებარე 2 753 გრივნისა და 20 კაპიკის ღირებულების 0,2450 ჰა მიწის ნაკვეთი; მთლიანობაში ზემოაღნიშნული ქონების ღირებულება შეადგენს 807 925 გრივნასა და 66 კაპიკს;

1.2. ე.პ–ოს ე.პ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაცია 3 903 957 გრივნისა და 34 კაპიკის ოდენობით;

1.3. ე.პ–ოს ე.პ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიო ბაჟი 1700 გრივნის ოდენობით და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯი 280 გრივნის ოდენობით.

2. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით დაზუსტდა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილებაში აღნიშნული ავტომობილების გამოშვების წლები და საიდენტიფიკაციო კოდები.

3. ე.პ–ომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების იმ ნაწილში ცნობა და აღსრულება, რომლითაც ე.პ–ოს ე.პ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაცია 3 903 957 გრივნისა და 34 კაპიკის ოდენობით.

4. შუამდგომლობითა და უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მოპასუხე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, მას ასევე ჩაბარდა სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად; გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 26 ივნისს, საქმეზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება უკრაინის ტერიტორიაზე არ მომხდარა; მოპასუხეს საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ე.პ–ოს შუამდგომლობა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინების ასლი და შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად მოპასუხეს გაეგზავნა საქმის მასალებში არსებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ......, ბინა №9). სასამართლო გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2020 წლის 14 დეკემბერს.

7. ზემოაღნიშნული განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში ჰქონდა შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება.

8. 2020 წლის 21 დეკემბერს მოპასუხემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. მოპასუხის აღნიშნა, რომ გასულია უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების აღსრულების ვადა და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განჩინებით დადგინდა ე.პ–ოს შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა 2021 წლის 16 აპრილს 12:00 საათზე, დისტანციურ რეჟიმში.

10. 2021 წლის 15 აპრილს მოპასუხის წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, წარმოადგინა ახსნა-განმარტება და იშუამდგომლა მტკიცებულებების დართვის თაობაზე. მოპასუხემ მიუთითა, რომ შუამდგომლობა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება (იხ. წინამდებარე განჩინების 1.2 პუნქტი) მოწინააღმდეგე მხარეს ნებაყოფლობით შესრულებული აქვს და შუამდგომლობის ავტორს მიღებული აქვს თანხა, 3 903 957 გრივნისა და 34 კაპიკის ოდენობით.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2021 წლის 16 აპრილს გამართულ სხდომაზე.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით ე.პ–ოს შუამდგომლობა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ე.პ–ოს ე.პ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი კომპენსაცია 3 903 957 გრივნა და 34 კაპიკი ე.პ–ოს მიერ უკვე გადახდილი 15 277 აშშ დოლარის გამოკლებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინების შესავალ ნაწილსა და სარეზოლუციო ნაწილში უნდა გასწორდეს უსწორობა.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

15. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამავე პალატის განჩინების შესავალ ნაწილსა და სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთარი ინიციატივით უნდა გაასწოროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინების შესავალ ნაწილსა და სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა საქმეზე №ა-3665-შ-84-2020. კერძოდ, შესავალ ნაწილსა და სარეზოლუციო ნაწილის პირველ და მეორე პუნქტებში არსებული წინადადება „უკრაინის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს დნეპროპეტროვსკის ოლქის 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილება“ შეიცვალოს წინადადებით - „უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილება“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინების შესავალ ნაწილსა და სარეზოლუციო ნაწილის პირველ და მეორე პუნქტებში დაშვებული უსწორობა და შესავალ ნაწილსა და სარეზოლუციო ნაწილის პირველ და მეორე პუნქტებში არსებული წინადადება „უკრაინის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს დნეპროპეტროვსკის ოლქის 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილება“ შეიცვალოს წინადადებით - „უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის №2-1408/10 გადაწყვეტილება“;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი