საქმე №ა-3880-შ-103-2019 3 ივნისი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ.ა.ასული ტ–ო
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ა–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ვოსტოჩნოე დეგუნინოს რაიონის №340 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ვოსტოჩნოე დეგუნინოს რაიონის №340 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით 1984 წლის 3 მაისს საქართველოში, ქ. თბილისში დაბადებულ ა.ა–ძეს, რეგისტრირებულს მისამართზე: საქართველო, თბილისი, ......, ქ.ა.ასული ტ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 2009 წლის 1 თებერვალს დაბადებული არასრულწლოვანი ბავშვის - ა.ა. ასული ა–ძის სარჩენად, ყოველთვიურად 13 938 რუბლის ოდენობით, რაც წარმოადგენს 1 საარსებო მინიმუმის ოდენობას, რომელიც დადგენილია ბავშვებისთვის ქ. მოსკოვში („ქალაქ მოსკოვში 2018 წლის III კვარტალისთვის საარსებო მინიმუმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მოსკოვის მთავრობის 2018 წლის 4 დეკემბრის №1465-პპ დადგენილებით) 2019 წლის 21 იანვრიდან დაწყებული 2009 წლის 1 თებერვალს დაბადებული ა.ა. ასული ა–ძის სრულწლოვანებამდე ან მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლამდე; ალიმენტის ოდენობა ექვემდებარება ინდექსირებას ქ. მოსკოვში მოსახლეობის შესაბამისი სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობის გაზრდის პროპორციულად.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2019 წლის 5 აგვისტოს №11477 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ქ.ა.ასული ტ–ოს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ვოსტოჩნოე დეგუნინოს რაიონის №340 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, რომლითაც ა.ა–ძეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა.
3. შუამდგომლობაზე თანდართული რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ვოსტოჩნოე დეგუნინოს რაიონის №340 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ ამავე სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2019 წლის 23 მარტიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, ამასთან, არ აღსრულებულა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე; მოპასუხე ა.ა–ძე სასამართლო განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ქ.ა.ასული ტ–ოს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ვოსტოჩნოე დეგუნინოს რაიონის №340 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად.
5. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს ა.ა–ძეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - საქართველო, თბილისი, ...... სასამართლო გზავნილი 2019 წლის 9 ოქტომბერს ჩაიბარა ადრესატის მამამ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. 2019 წლის 15 ოქტომბერს მოწინააღმდეგე მხარემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას წარმოუდგინა მოსაზრება, მოითხოვა ალიმენტის ოდენობის შემცირება და მისი 100 აშშ დოლარით განსაზღვრა; მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, მას ჰყავს პენსიონერი მშობლები, რომლებზეც ზრუნავს, აგრეთვე, აღებული აქვს სესხი და ყოველთვიური საკრედიტო გასავალი 550 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც მისი შემოსავალი 1 700 ლარია. ზემოაღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად, მოპასუხემ წარმოადგინა ამონაწერი საქართველოს ბანკიდან.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის გზავნილით „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს გაეგზავნა შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ, მოწინააღმდეგე მხარის ა.ა–ძის მიერ წარმოდგენილი მოსაზრების ასლი დანართის ასლთან ერთად და მათი თარგმანები. მინსკის კონვენციის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს დაევალა შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაეგზავნა რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ სასამართლოსთვის შესასრულებლად. სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ სასამართლოს ეთხოვა მოწინააღმდეგე მხარის ა.ა–ძის მიერ წარმოდგენილი მოსაზრების ასლი დანართის ასლთან ერთად ჩაებარებინა ქ.ა.ასული ტ–ოსათვის.
9. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2020 წლის 17 ნოემბრის №15115 წერილით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და წარმოუდგინა უცხო ქვეყნიდან მიღებული პასუხი. ქალაქ მოსკოვის ტიმორიაზევის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 სექტემბრის სასამართლო დავალების შესრულების შესახებ სხდომის ოქმით ირკვევა, რომ ქ.ა.ასული ტ–ო სასამართლო სხდომაზე არ მივიდა. ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ ქალაქ მოსკოვის ტიმორიაზევის რაიონულ სასამართლოს ქ. მოსკოვის ცენტრალური მისამართების ბიუროსაგან ეცნობა, რომ ქ.ა.ასული ტ–ოს სარეგისტრაციო მისამართია - ქ. მოსკოვი, .......... ქუჩა, 26-5-83; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ქ.ა.ასულმა ტ–ომ 2-ჯერ შეიცვალა გვარი და მისი ამჟამინდელი გვარია რ–ი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გზავნილით ქ.ა.ასულ ტ–ოს ქალაქ მოსკოვის ტიმორიაზევის რაიონულ სასამართლოს მიერ მითითებულ მისამართზე (ქ. მოსკოვი, .......... ქ., სახლი 26, კორპუსი 5, ბინა 83) გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარის ა.ა–ძის მიერ წარმოდგენილი მოსაზრების ასლი დანართის ასლთან ერთად და მათი თარგმანები, თუმცა სასამართლო გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ.ა.ასული ტ–ოს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ვოსტოჩნოე დეგუნინოს რაიონის №340 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
13. რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ვოსტოჩნოე დეგუნინოს რაიონის №340 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, ისევე როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხე საქართველოში ცხოვრობს.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია.
15. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
16. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
18. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში. შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების ეტაპზე საქართველოს უზენაესი სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს ალიმენტის ოდენობის (მისი შემცირების) საკითხზე.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.
20. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ვოსტოჩნოე დეგუნინოს რაიონის №340 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ა.ასული ტ–ოს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ვოსტოჩნოე დეგუნინოს რაიონის №340 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ვოსტოჩნოე დეგუნინოს რაიონის №340 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც: 1984 წლის 3 მაისს საქართველოში, ქ. თბილისში დაბადებულ ა.ა–ძეს, რეგისტრირებულს მისამართზე: საქართველო, თბილისი, ......, ქ.ა.ასული ტ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 2009 წლის 1 თებერვალს დაბადებული არასრულწლოვანი ბავშვის - ა.ა. ასული ა–ძის სარჩენად, ყოველთვიურად 13 938 რუბლის ოდენობით, რაც წარმოადგენს 1 საარსებო მინიმუმის ოდენობას, რომელიც დადგენილია ბავშვებისთვის ქ. მოსკოვში („ქალაქ მოსკოვში 2018 წლის III კვარტალისთვის საარსებო მინიმუმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მოსკოვის მთავრობის 2018 წლის 4 დეკემბრის №1465-პპ დადგენილებით) 2019 წლის 21 იანვრიდან დაწყებული 2009 წლის 1 თებერვალს დაბადებული ა.ა. ასული ა–ძის სრულწლოვანებამდე ან მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლამდე; ალიმენტის ოდენობა ექვემდებარება ინდექსირებას ქ. მოსკოვში მოსახლეობის შესაბამისი სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობის გაზრდის პროპორციულად;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე