საქმე №ა-3947-შ-93-2020 2 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
შუამდგომლობის ავტორი – საადვოკატო ბიურო „ნ., ს. და პ–ი“
წარმომადგენელი – ბ.ი–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ძე
წარმომადგენელი – ვ.ს–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება (I3215-20)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით (I3215-20) ა.კ–ძეს (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“ ან „მოპასუხე“) საადვოკატო ბიურო „ნ., ს. და პ–ის“ (შემდგომში - „განმცხადებელი“ ან „შუამდგომლობის ავტორი“) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდა 161 018, 54 აშშ დოლარის ოდენობით; პირგასამტეხლოს გადახდა 2020 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით 35 130, 89 აშშ დოლარის ოდენობით; ვალდებულების ძირ თანხაზე დარიცხული რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთისა და წლიური 8,75%-ის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2020 წლის 15 სექტემბრიდან (ანუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან), არსებული დავალიანების სრულად დაფარვის ფაქტობრივ თარიღამდე და 17 105, 58 აშშ დოლარის ოდენობით საარბიტრაჟო ხარჯების ანაზღაურება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საადვოკატო ბიურო „ნ., ს. და პ–ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება, აგრეთვე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებისათვის გაღებული წარმომადგენლობითი ხარჯების, ჯამში 3 532 აშშ დოლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება.
3. თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებიდან (I3215-20) ირკვევა, რომ გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელია მხარეთა მიერ მისი გამოტანის თარიღიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას; გადაწყვეტილება საბოლოოა და გაუქმებას არ ექვემდებარება; მოპასუხე მხარე ინფორმირებული იყო საარბიტრაჟო პროცესის შესახებ და ესწრებოდა საქმის განხილვას.
4. შუამდგომლობაზე თანდართული, 2018 წლის 17 დეკემბრის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ №120 ჩარჩო შეთანხმების 11.2. პუნქტიდან ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ დავის წარმოშობის შემთხვევაში თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ განსჯადობასა და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საადვოკატო ბიურო „ნ., ს. და პ–ის“ შუამდგომლობა თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების (I3215-20) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინების ასლი და შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქმის მასალებში არსებულ მისამართზე (თერჯოლის რაიონი 2400, სოფელი ...). სასამართლო გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2020 წლის 10 ნოემბერს.
7. ზემოაღნიშნული განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე შეეძლო საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
8. 2020 წლის 18 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსაზრება წარმოადგინა ა.კ–ძემ.
9. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა და წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
9.1. თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება გამოტანილია მოპასუხე მხარის უფლებების დარღვევით;
9.2. მოპასუხის მიერ გადახდილია სადავო თანხა და წარდგენილია შესაბამისი საგადახდო დოკუმენტები, თუმცა გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო დაინტერესებული და მიკერძოებული იყო; საარბიტრაჟო ცენტრს არ უნდა განეხილა საქმე, რამდენადაც მოსარჩელის მთავარი პარტნიორი (ი.რ–ი) წარმოადგენს ამ ცენტრის ერთ-ერთ არბიტრს და უშუალო შეხება აქვს მოქმედ არბიტრთან, რასაც ადასტურებს არბიტრაჟის ვებ-გვერდიდან ამოღებული ინფორმაცია;
9.3. რუსეთსა და საქართველოს არ აკავშირებს არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები დაირღვა;
9.4. გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა დიდი ოდენობის საჯარიმო სანქციები, რომელთა მოთხოვნა შუამდგომლობის ავტორის მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრების მცდელობაა;
9.5. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ არბიტრი არ აკმაყოფილებს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას ან/და არსებობს გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი არბიტრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში; ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა, არ მოხდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით დადგინდა საადვოკატო ბიურო „ნ., ს. და პ–ის“ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა 2021 წლის 23 თებერვალს 12:00 საათზე. 2021 წლის 23 თებერვალს ტექნიკური ხარვეზის გამო სხდომის გაუხსნელად საქმის განხილვა გადაიდო 2021 წლის 2 მარტს 12:00 საათზე.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების (I3215-20) ცნობა-აღსრულების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2021 წლის 2 მარტს გამართულ სხდომაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საქართველოს უზენაესი სასამართლო საადვოკატო ბიურო „ნ., ს. და პ–ის“ შუამდგომლობის, თანდართული მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების (I3215-20) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით (I3215-20) ა.კ–ძეს საადვოკატო ბიურო „ნ., ს. და პ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 161 018, 54 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 35 130, 89 აშშ დოლარის, აგრეთვე, ვალდებულების ძირ თანხაზე დარიცხული რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთისა და წლიური 8,75%-ის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2020 წლის 15 სექტემბრიდან (ანუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან) არსებული დავალიანების სრულად დაფარვის ფაქტობრივ თარიღამდე; საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საადვოკატო ბიურო „ნ., ს. და პ–ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, ასევე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებისათვის გაღებული წარმომადგენლობითი ხარჯების, ჯამში 3 532 აშშ დოლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება; თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებიდან (I3215-20) ირკვევა, რომ გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელია მხარეთა მიერ მისი გამოტანის თარიღიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას; გადაწყვეტილება საბოლოოა და გაუქმებას არ ექვემდებარება; მოპასუხე მხარე ინფორმირებული იყო საარბიტრაჟო პროცესის შესახებ და ესწრებოდა საქმის განხილვას; შუამდგომლობაზე თანდართული 2018 წლის 17 დეკემბრის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ №120 ჩარჩო შეთანხმების 11.2. პუნქტიდან ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ დავის წარმოშობის შემთხვევაში თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ განსჯადობასა და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა.
14. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35620 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
16. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
17. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული ნიუ-იორკში, 1958 წლის 10 ივნისს (შემდგომში - „ნიუ-იორკის კონვენცია“), გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
18. ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს, როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოთ მოცემული მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით. იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებისთვისაც გამოიყენება ეს კონვენცია, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას არსებითად უფრო მძიმე პირობები ან უფრო მაღალი ბაჟი ან მოსაკრებლები იმასთან შედარებით, რომლებიც არსებობს შიდა გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის. ამავე კონვენციის მე-4 მუხლი ჩამოთვლის იმ დოკუმენტებს, რომლებიც სასამართლოში უნდა წარადგინოს მხარემ, რომელიც მოითხოვს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას: ა) სათანადო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი; ბ) მეორე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების (საარბიტრაჟო შეთანხმების) დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
19. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლი, ისევე როგორც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი, ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. შუამდგომლობის ავტორს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ მხარის მოთხოვნით, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაადასტურებს, რომ არსებობს ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა შეაფასოს, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარის თქმა, თუ იმ ქვეყნის კომპეტენტური ხელისუფლება, სადაც მოითხოვება ცნობა და აღსრულება ჩათვლის, რომ: ა) ამ ქვეყნის კანონით, დავის ობიექტი არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო გარჩევის საგანი, ან ბ) ამ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საჯარო წესრიგს.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მიუთითებს ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ან „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებზე ან სასამართლო დაადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
22. წინამდებარე საქმეში მოწინააღმდეგე მხარე თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების (I3215-20) ცნობა-აღსრულების ძირითად დამაბრკოლებელ გარემოებად მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი არ იყო, შესაბამისად, არსებობდა არბიტრის აცილების საფუძველი. მოწინააღმდეგე მხარე არბიტრის აცილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის/შუამდგომლობის ავტორის მთავარი პარტნიორი (ი.რ–ი) წარმოადგენს დავის განმხილველი საარბიტრაჟო ცენტრის ერთ-ერთ არბიტრს და უშუალო შეხება ჰქონდა მოქმედ არბიტრთან, რასაც ადასტურებს არბიტრაჟის ვებ-გვერდიდან ამოღებული ინფორმაცია.
23. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას შეიძლება უარის თქმა იმ მხარის მოთხოვნით, რომლის წინააღმდეგადაც არის იგი მიმართული, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს მხარე უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს იმის მტკიცებულებას, რომ არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა. როდესაც მხარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლად ზემოაღნიშნულ მუხლზე მიუთითებს, მნიშვნელოვანია განისაზღვროს შეიძლება თუ არა მხარეს წაერთვას საშუალება იდავოს ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ მას ეს უფლება საარბიტრაჟო განხილვისას არ გამოუყენებია (ე.წ. “Estoppel”-ის პრინციპის საფუძველზე).
24. სხვადასხვა სასამართლო პრაქტიკის თანახმად, არბიტრის/საარბიტრაჟო ტრიბუნალის დანიშვნა და სხვა პროცედურული საკითხები არ განიხილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების ეტაპზე, თუ აღნიშნული საფუძვლით პრეტენზიის წამოყენება მხარეს საარბიტრაჟო განხილვისას შეეძლო (იხ. საქმე Manufacturer V. Supplier, in liquidation, Oberlandesgericht [OLG] Munich, Germany, 15 March 2006, 34 Sch 06/05, სახელმძღვანელოში Guide on the Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards: New York, 1958, Emmanuel Gaillard, George A. Bermann). ჩინეთისა (იხ. საქმე DMT S.A v. Chazhou City Huayi Packing Materials Co., Ltd. Chaoan Country Huaye Packing Materials Co., Ltd., Supreme People’s Court, China, 12 October, 2010, Min Si Ta Zi No. 51, სახელმძღვანელოში Guide on the Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards: New York, 1958, Emmanuel Gaillard, George A. Bermann) და იტალიის (იხ. საქმე Conceria G. De Maio & F. Snc V. EMAG AG, Court of Cassation, Italy, 20 ianvari 1995, XXI Y.B. COM. ARB. 602, სახელმძღვანელოში Guide on the Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards: New York, 1958, Emmanuel Gaillard, George A. Bermann) სასამართლოებმა ასევე აღნიშნეს, რომ მხარემ, რომელმაც გაუშვა შესაძლებლობა საარბიტრაჟო განხილვისას გაეხადა სადავოდ პროცედურული დარღვევები, ასევე გაუშვა შესაძლებლობა იგივე საკითხზე პრეტენზიის დაყენებისა ცნობა-აღსრულების ეტაპზე (იხ. იქვე, გვ. 216, პარ. 52).
25. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის საარბიტრაჟო განხილვისას დაყენების საკითხი ზოგიერთ შემთხვევაში დაკავშირებულია კეთილსინდისიერების პრინციპთან. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, მხარე ვალდებულია არბიტრის/საარბიტრაჟო ტრიბუნალის დანიშვნის შესახებ საკუთარი პრეტენზიები თავიდანვე დააყენოს. სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე არ აძლევენ მხარეებს საშუალებას ინგლისისა და საბერძნეთის სასამართლოები საარბიტრაჟო განხილვის შემდგომ ეტაპზე დააყენონ პროცედურული საკითხების შესახებ პრეტენზიები, თუ მათ მსგავსი ტიპის შედავებების წარდგენის საშუალება საარბიტრაჟო განხილვისას ჰქონდათ (იხ. Guide on the Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards: New York, 1958, Emmanuel Gaillard, George A. Bermann, გვ. 216-217, პარ. 54).
26. ზემოაღნიშნულ განმარტებებს ეხმიანება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ამ კანონის რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ ამ კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.
27. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობა არბიტრის აცილების შესახებ საარბიტრაჟო განხილვის ეტაპზე არ დაუყენებია, შესაბამისად, წინამდებარე განჩინების 26-ე, 27-ე და 28-ე პუნქტებში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე იგი მოკლებულია შესაძლებლობას ამგვარი პრეტენზია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების ეტაპზე დააყენოს.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს გარკვეული კავშირი აქვს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან, რომლის თანახმად სასამართლომ შესაძლოა უარი თქვას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე, თუ იგი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს (იხ. Guide on the Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards: New York, 1958, Emmanuel Gaillard, George A. Bermann, გვ. 203, პარ. 8). როგორც უკვე აღინიშნა, ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს სასამართლო საკუთარი ინიციატივით (ex officio) აფასებს.
29. საჯარო წესრიგი წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციათა (extra-national community) ეკონომიკური, სამართლებრივი, მორალური, პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ფუნდამენტური სტანდარტების ერთობლიობას. ამასთან, კანონის ყველა ნორმის დარღვევა ან/და ადგილობრივ კანონთან ყველა შეუსაბამობა არ წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას. გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულებით უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი იმპერატიული ნორმების დარღვევა. ცნობა-აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს არ მოეთხოვება განსაზღვროს, მთელი გადაწყვეტილება არღვევს თუ არა საჯარო წესრიგს, არამედ მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება თავისი ხასიათით წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას (იხ. სუსგ საქმე №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი).
30. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით, კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი არ იყო, ასეთი ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარეს არბიტრის აცილების შესახებ შუამდგომლობა საარბიტრაჟო განხილვის ეტაპზე არ დაუყენებია და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების ეტაპზე მოკლებულია აღნიშნული პრეტენზიის დაყენების შესაძლებლობას, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს არბიტრის აცილებისა და შესაბამისად მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ საკუთარი ინიციატივით იმსჯელოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების ეტაპზე.
31. პროცესუალური სამართლიანობის ძირეული პრინციპი არის პირის უფლება, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა მსაჯულმა. დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა არბიტრაჟის იმდენად მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ იგი იმპერატიულად არის მიჩნეული [Holtzman, H., Neuhaus, J., A Guide to the UNCITRAL Model Law on International Commercial Arbitration: Legislative History and Commentary. (Deventer, 1989), წიგნში:Luttrell S.,Bias Challenges in International Commercial Arbitration: The Need for a “Real Danger” Test, 9, ნაშრომში: ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა, „საჯარო წესრიგი“ როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თუ მის ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი (ქართული პრაქტიკის მოკლე მიმოხილვა, ს. ტყემალაძე http://ewmi-prolog.org/images/files/5072Georgian_Commercial_Law_Review_II_Issue_GEO.pdf, გვ. 22)]. მიკერძოების ეჭვის რა დონე მოითხოვება იმისათვის, რომ ეს გახდეს არბიტრის აცილების თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი, განსხვავდება იურისდიქციების მიხედვით. საქართველოს კანონი, ისევე როგორც მოდელური გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სავაჭრო სამართლის კომისიის, „უნსიტრალის“ (“UNCITRAL”) მიერ 1985 წელს შემუშავებული „საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ“ მოდელური კანონი, მიმართავს „დასაბუთებული ეჭვის“ კრიტერიუმს (იქვე, გვ. 23).
32. ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ შემუშავებულია სახელმძღვანელო საერთაშორისო არბიტრაჟში ინტერესთა კონფლიქტის შესახებ [იხ. IBA-ს სახელმძღვანელო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში (International Bar Association, 2014)], რომელსაც, მართალია, არ აქვს სავალდებულო ძალა, თუმცა იგი პოპულარობით სარგებლობს არბიტრაჟში საერთაშორისო დავების განხილვისას და მას არბიტრები და სასამართლოები ხშირად მიმართავენ. IBA-ს სახელმძღვანელოს მე-2 სტანდარტი განმარტავს, რომ ეჭვი საფუძვლიანია, თუ გონიერი და ინფორმირებული მესამე მხარე დაასკვნის, რომ იყო ალბათობა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას არბიტრზე შეიძლება ზეგავლენა მოეხდინა ფაქტორებს, გარდა მხარეების მიერ წარდგენილი საქმის არსებითი გარემოებებისა. სახელმძღვანელო შუქურის ფერებად ყოფს ინტერესთა კონფლიქტის შემცველ გარემოებებს. იგი მოიცავს წითელ სიას, სადაც ერთი მხრივ, ჩამოთვლილია გარემოებები, რომლებიც უპირობოდ წარმოადგენს არბიტრის აცილების საფუძველს, ხოლო მეორე მხრივ, განსაზღვრავს აცილებად - წითელ სიას, სადაც ჩამოთვლილია გარემოებები, რომლებიც აცილების საფუძველია, თუ ამ გარემოებების არსებობის მიუხედავად მხარეებმა არ დანიშნეს არბიტრი. შემდგომ არის ნარინჯისფერი სია, სადაც ჩამოთვლილია ინტერესთა კონფლიქტის შემცველი ისეთი გარემოებები, რომლებიც არ წარმოადგენს აცილების საფუძველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი მხარე მოითხოვს აცილებას მათ საფუძველზე და ბოლოს, მოყვანილია ე.წ. მწვანე სია, რომლებიც წარმოადგენს იმ გარემოებების არაამომწურავ ჩამონათვალს, რომელიც უსაფრთხოა და არბიტრს გარემოებების დეკლარირებაც კი არ ესაჭიროება [იხ. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით შექმნილი „გზამკვლევი არბიტრაჟში საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეებისათვის“, გვ. 97-98]. სახელმძღვანელოში „გზამკვლევი არბიტრაჟში საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეებისათვის“ აღნიშნულია, რომ იურისპრუდენცია სპეციალიზაციის, ზოგჯერ კი საკმაოდ ვიწრო სპეციალიზაციის საშუალებას იძლევა, ხშირად იურისტები ერთსა და იმავე აკადემიურ თუ პროფესიულ წრეს მიეკუთვნებიან. ეს კავშირები რომ თავისთავად არბიტრის აცილების საფუძველი გახდეს, ძალზე გართულდებოდა არბიტრების მოძიება და დანიშვნა. ამ საკითხს ეხმიანება ამავე სახელმძღვანელოში მოყვანილი მიუნხენის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს საქმე, სადაც სასამართლომ განიხილა განცხადება არბიტრის აცილების თაობაზე, რომელშიც მხარე ითხოვდა არბიტრის აცილებას (ერთ-ერთი) იმ საფუძვლით, რომ არსებობდა მჭიდრო კავშირი არბიტრსა და მხარის წარმომადგენელი იურიდიული კომპანიის იურისტებს შორის. ამ კავშირის დასტურად მხარე მიიჩნევდა მათი ერთი და იმავე პროფესიული კავშირის წევრობას (Deutsche Gesellschaft für Recht und Informatik e.V. (DGRI) და იმას, რომ ისინი მოხსენებით წარდგებოდნენ ხოლმე ერთსა და იმავე ღონისძიებებზე. სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა არბიტრის აცილების საფუძველი, რადგან პერსონალური, ან ეკონომიკური კავშირი მაშინ ხდება არბიტრის აცილების საფუძველი, თუ ის იმდენად მჭიდროა, რომ არბიტრის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდება. მოცემულ შემთხვევაში კი ერთი და იმავე პროფესიული ასოციაციის წევრობა არ იწვევდა არბიტრის მიკერძოებაში ეჭვის შეტანის საფუძველს. [იხ. „გზამკვლევი არბიტრაჟში საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეებისათვის“, გვ. 100-101].
33. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან და მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა არბიტრის აცილების საფუძველი, რამდენადაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული გარემოება არბიტრის აცილების საფუძველთან დაკავშირებით არ არის საკმარისი არბიტრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში საფუძვლიანი ეჭვის შესატანად და მის ასაცილებლად. მოწინააღმდეგე მხარეს შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით უნდა ეჩვენებინა, რომ მოსარჩელე კომპანიის პარტნიორს, ი.რ–ს, რომელიც ამავე დროს თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ არბიტრია, შეეძლო გავლენა მოეხდინა დავის განმხილველი არბიტრის დანიშვნაზე ან/და არბიტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მხარეს შეეძლო ეჩვენებინა, რომ მოსარჩელე კომპანიის პარტნიორი, ი.რ–ი, საარბიტრაჟო ცენტრის მმართველ თანამდებობას იკავებდა ან ფლობდა მნიშვნელოვან წილს, რასაც შეიძლება წარმოეშვა საფუძვლიანი ეჭვი არბიტრის მიუკერძოებლობის შესახებ, თუმცა მსგავსი არგუმენტები და მტკიცებულებები მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. მარტოოდენ კონკრეტული საარბიტრაჟო ცენტრის არბიტრთა სიაში პირის ყოფნა კი ვერ გახდება არბიტრის აცილებისა და შესაბამისად მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
34. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი საფუძველი, რადგან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დავა წარმოადგენდა საარბიტრაჟო განხილვის საგანს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება კი არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული საბანკო გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს გადახდილი აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის - 145, 83 ლარი, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო საფასური - 40 ლარი და საბანკო გადმორიცხვის საკომისიო - 30 ლარი, ხოლო სააადვოკატო ხარჯის სახით 3 450 აშშ დოლარი, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს აღნიშნული ხარჯების შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საადვოკატო ბიურო „ნ., ს. და პ–ის“ შუამდგომლობა თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების (I3215-20) ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას თანამედროვე არბიტრაჟის რუსულ ინსტიტუტთან არსებული „რუსული საარბიტრაჟო ცენტრის“ 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება (I3215-20), რომლითაც ა.ბ. ძე კ–ძეს საადვოკატო ბიურო „ნ., ს. და პ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდა 161 018, 54 აშშ დოლარის ოდენობით; პირგასამტეხლოს გადახდა 2020 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით 35 130, 89 აშშ დოლარის ოდენობით; ვალდებულების ძირ თანხაზე დარიცხული რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთისა და წლიური 8,75%-ის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2020 წლის 15 სექტემბრიდან დაწყებული (ანუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან), არსებული დავალიანების სრულად დაფარვის ფაქტობრივ თარიღამდე და 17 105, 58 აშშ დოლარის ოდენობით საარბიტრაჟო ხარჯების ანაზღაურება;
3. ა.კ–ძეს (პ/ნ .....) საადვოკატო ბიურო „ნ., ს. და პ–ის“ სასარგებლოდ საადვოკატი ხარჯის სახით დაეკისროს 3 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
4. ა.კ–ძეს საადვოკატო ბიურო „ნ., ს. და პ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა;
5. ა.კ–ძეს საადვოკატო ბიურო „ნ., ს. და პ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების: სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის გადახდილი საფასურის - 145, 83 ლარის, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო საფასურის - 40 ლარისა და საბანკო გადმორიცხვის საკომისიოს - 30 ლარის ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი