Facebook Twitter

საქმე №ას-534-2021 18 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „ი.ჯ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.რ.ი–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილისა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ი.ჯ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „განმცხადებელი“ ან „საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ.რ.ი–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 482 705,15 აშშ დოლარის (ძირი თანხა - 3 000 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 289 670 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 193 035,15 აშშ დოლარი) გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა ყოველდღიურად პირგასამტეხლოს - 2 144, 83 აშშ დოლარის გადახდა 2019 წლის 25 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ძირი თანხის, 3 000 000 აშშ დოლარის ამოღება უნდა განხორციელებულიყო დაგირავებული ქონების - შპს „გ.მ–ის“ 92,85 % წილის რეალი.ციის გზით.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

5. 2021 წლის 5 აპრილს მოსარჩელემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით დავის საბოლოოდ დასრულებამდე მოპასუხის საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება 4 482 705, 15 აშშ დოლარის ფარგლებში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი.

8. საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

8.1. სასამართლოს არ შეუფასებია საქმეში არსებული კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში წარდგენილი 2016 წლის 25 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანხა აღემატება 2016 წლის 28 იანვარს გაფორმებულ გირავნობის ხელშეკრულების საგნის - „შპს „გ.მ–ის“ 92.85% წილის ღირებულებას; შესაბამისად, სასამართლოს შეფასება, რომ რადგან მოსარჩელეს უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული აქვს გირავნობა, მას აქვს საშუალება დაიბრუნოს თუნდაც სესხის ძირი თანხა, არის არასწორი, რამდენადაც შპს „გ.მ–ის“ დაგირავნებული წილის ღირებულება გაცილებით ნაკლებია იმ თანხაზე, რომლის მოთხოვნის უფლებაც გააჩნია მოსარჩელეს;

8.2. შპს „გ.მ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით, რაც ართულებს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რამდენადაც იპოთეკარს, სხვა კრედიტორთან შედარებით აქვს თავისი მოთხოვნის პირველ რიგში დაკმაყოფილების უფლება. გარდა ამისა, შპს „გ.მ–ის“ სახელზე ირიცხება შემდეგი სახის ვალდებულებები: 1) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №2/3369-18 განჩინებით კომპანიას ეკრძალება უძრავი ნივთის (ს/კ ……) კუთვნილი წილის გასხვისება; 2) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომლებიც თარიღდება 2017 და 2018 წლებით;

8.3. მოპასუხის არაკეთილსინდისიერი განზრახი ქმედებების შედეგად, რომლებიც მიმართულია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლისაკენ, გირავნობის საგნის ღირებულება თითქმის გაუფასურებულია. ამ მოცემულობით ნათელია, რომ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების გარეშე გადაწყვეტილების აღსრულება არათუ გაძნელდება, არამედ შეუძლებელი გახდება. მოპასუხე მხარემ განახორციელა ყველა ქმედება, რათა კომპანიები, მათ შორის, შპს „გ.მ–ი“ დაეტოვებინა კაპიტალის გარეშე. მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებების გათვლისწინებით, მოპასუხის მხრიდან გამორიცხულია ისეთი ქმედებების განხორცილება, რომლებიც გააუმჯობესებდა კრედიტორის მოთხოვნის უფლების უზრუნველყოფის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ანგარიშებზე ყადაღის დადების ღინისძიების გამოყენება გამართლებულია;

8.4. მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა შემდეგ ქმედებებს: სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქვემოთ მითითებულ კომპანიებს [შპს „კ.რ.ი–ი“ (ს/კ ……); შპს „ქ–ი“ (ს/კ ……); შპს „ი–ი“ (ს/კ …..); შპს „ს–ა“ (ს/კ ….); შპს „კ.ქ.ჰ–ი“ (ს/კ ….); შპს „კ.მ–ი“ (ს/კ ….); შპს „კ.ჰ–ი“ (ს/კ ….); შპს „გ.მ–ი“ (ს/კ ….)] ჰყავთ საერთო მესაკუთრე და მმართველი, კერძოდ, მესაკუთრე გახლავთ ყაზახეთის მოქალაქე შ.ჯ–ი, რომელსაც თავდაპირველად მის მეუღლეზე - ვ.ჯ–ზე ჰქონდა გაფორმებული შპს „კ.რ.ი–ი“, ზემოაღნიშნული კომპანიების/ბიზნესის რეალური მმართველი და გადაწყვეტილებების მიმღები კი გახლავთ გ.ჯ–ი, რომელიც არის შ.ჯ–ის ძმის შვილი. პასუხიმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, საჯარო რეესტრში კომპანიები სხავდასხვა პირებზეა რეგისტრირებული, ასევე, დირექტორად ფორმალურად არიან რეგისტირებულები ჯახუტაშვილის ნათესავები და მეგობრები. აღნიშნული გარემოება დასტურდება არაერთი უდავო მტკიცებულებით, მათ შორის, თავად აღნიშნული პირების მიერ სასამართლოში მოწმის სახით მიცემული ჩვენებებითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მოპასუხისა და შპს „გ.მ–ის“ ქონებების ვალდებულებით ხელოვნურად დატვირთვა მიანიშნებს იმაზე, რომ მოვალეს სურს ქონების გადამალვა პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ზემოაღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში.

11. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ იურიდიული პირის ანგარიშებზე ყადაღის დადებით, არათუ ხელი შეეწყობა გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ შეიძლება ხელი შეუშალოს მოვალის, როგორც მეწარმე სუბიექტის, გადახდისუნარიანობასა და მის ფინანსურ შესაძლებლობას, შეასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის განცხადებაზე უარის თქმის კანონიერება.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მი.ნს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი).

18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მისი თქმით, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „ი.“ და მ–ძე საქართველოს წინააღმდეგ).

19. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).

20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 482 705,15 აშშ დოლარის (ძირი თანხა - 3 000 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 289 670 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 193 035,15 აშშ დოლარი) გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა ყოველდღიურად პირგასამტეხლოს - 2 144, 83 აშშ დოლარის გადახდა 2019 წლის 25 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ძირი თანხის, 3 000 000 აშშ დოლარის ამოღება უნდა განხორციელდეს დაგირავებული ქონების - შპს „გ.მ–ის“ 92,85 % წილის რეალიზაციის გზით.

21. ზემოაღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელე მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოითხოვს მოპასუხის საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას 4 482 705,15 აშშ დოლარის ფარგლებში.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებაში განმარტებულია, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-956-921-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი). ამდენად, მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღება წარმოადგენს უზრუნველყოფის უკიდურეს სახეს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ, როდესაც მოპასუხის სახელზე რაიმე ქონების მოძიება ვერ ხერხდება. მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოძიებულ ვერ იქნა, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა (იხ. 2013 წლის 18 ივლისის სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრის შემაჯამებელი ოქმი, http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/shexvedrisshejameba.pdf).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას იმ ვარაუდის დაშვებისათვის, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება გართულდება ან შეუძლებელი გახდება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 25 იანვრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის საკუთრებაში არსებული შპს „გ.მ–ის“ 92,85% წილი მოსარჩელის სასარგებლოდ დატვირთულია გირავნობით. შესაბამისად, არსებობს ქონება, საიდანაც შესაძლებელია მოხდეს მოთხოვნის დამკაყოფილება და აღარ არსებობს დამატებით მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების გამოყენების აუცილებლობა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას და არ აკმაყოფილებს მოსარჩელის საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებებს საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ი.ჯ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილისა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი