საქმე №ას-534-2021 18 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „ი.ჯ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ. რ.ი–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილისა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ი.ჯ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „განმცხადებელი“ ან „საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ. რ.ი–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 482 705,15 აშშ დოლარის (ძირი თანხა - 3 000 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 289 670 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 193 035,15 აშშ დოლარი) გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა ყოველდღიურად პირგასამტეხლოს - 2 144, 83 აშშ დოლარის გადახდა 2019 წლის 25 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დადგინდა, რომ ძირი თანხის, 3 000 000 აშშ დოლარის ამოღება უნდა განხორციელებულიყო დაგირავებული ქონების - შპს „გ.მ–ის“ 92,85 % წილის რეალიზაციის გზით.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
5. მოსარჩელემ 2021 წლის 31 მარტს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა მოპასუხეს დავალებოდა თავის საკუთრებაში არსებული ქონება [შპს „ა–ას“ (ს/კ ......) 100% წილი; შპს „გ.ა–ის“ (ს/კ .......) 70% წილი; შპს „გ.მ–ის“ (ს/კ .....) 100 % წილი; ქ. თბილისში, ......, №1 სადარბაზოს, მე-2 სართულის №3 148,10 კვ.მ ბინა (ს/კ ......); ქ. თბილისში, ......., №1 სადარბაზოს, პირველი სართულის №1 200,70 კვ.მ ბინა (ს/კ ......); ქ. ბათუმში, ...... №15-ში, მე-5 სართულზე მდებარე 24.10 კვ.მ ბინა (ს/კ .....); ქ. ბათუმში, ........ №15-ში, მე-5 სართულზე მდებარე 31.20 კვ.მ №508 ბინა (ს/კ .......] სეკვესტრის სახით გადაეცა აღმასრულებლისათვის სამართავად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.
8. საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
8.1. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ქონების (როგორც უძრავი, ისე არამატერიალური სიკეთე) სეკვესტრის სახით გადაცემა არ წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისათვის იმ გონივრულ საფუძველს, რომელიც საკმარისი და ლეგიტიმური წინაპირობა იქნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის მიზნებისათვის;
8.2. იმ შემთხვევაში, თუ მოვალეს აღარ ექნება რაიმე სახის ქონება ან/და მისი ქონება დატვირთული იქნება სანივთო უფლებებით, შეუძლებელი იქნება გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ, სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის იძულებით გადახდევინება. შესაბამისად, მართალია, დავის საგანს არ წარმოადგენს ის ქონება, რომლის სეკვესტრის სახით აღმასრულებლისათვის სამართავად გადაცემაცაა მოთხოვნილი, თუმცა აღნიშნული ქონება წარმოადგენს ერთადერთ წყაროს, რომლის მიმართაც შესაძლებელი იქნება იძულებითი აღსრულების განხორციელება;
8.3. უზრუნვეყოფის ღონისძიების დროს რაიმე ნივთის მიმართ ყადაღის, აკრძალვის, სეკვესტრის ან სხვა სახის შეზღუდვის გამოყენება ემსახურება სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულებას და არ არის აუცილებელი, რომ მოთხოვნა მიმართული იყოს იმ საგნის მიმართ, რომელზეც მოთხოვნილია უზრუნველყოფის გამოყენება; გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, სარჩელებზე, რომლებიც ეხება თანხის დაკისრებას, სასამართლოები უზრუნველყოფის სახით აქტიურად იყენებენ მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადებას ან სხვაგვარ აკრძალვას, მაშინ, როდესაც დავის საგანს არ წარმოადგენს უზრუნველყოფის განჩინებით დაყადაღებული ნივთი. შესაბამისად, უზრუნველყოფის გამოყენებისას ლეგიტიმურ წინაპირობად არ შეიძლება განხილულ იქნას ის გარემოება, რომ დავის საგანი არ არის ნივთი, რომელზეც მოთხოვნილია უზრუნველყოფა;
8.4. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ განმცხადებელი ფორმალურად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულ გონივრულ რისკებზე, რამდენადაც როგორც წარდგენილი მტკიცებულებები და ფაქტები, ისე სასამართლოს მიერ გამოკვლეული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს რისკის არსებობაზე, რის გამოც შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდეს ან გაძნელდეს მისი აღსრულება. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები ბევრად აღემატება მტკიცების იმ სტანდარტს, რომელიც მოითხოვება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას;
8.5. უზრუნველყოფის სახით მოთხოვნილია არა ანგარიშების დაყადაღება, არამედ ქონების იძულებით სამართავად გადაცემა, რამდენადაც აღნიშნული ღონისძიება ანგარიშების დაყადაღებისაგან განსხვავებით არ იწვევს მოპასუხისათვის ნეგატიურ შედეგებს. აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით არ იზღუდება კომპანიისა და მესამე პირის ინტერესი. მართალია, მმართველობის განხორციელება მოითხოვს კომპლექსურ ცოდნას, თუმცა კვალიფიციური დროებითი მმართველის დანიშვნისას (როდესაც იგი გამოიყენებს მისთვის შესაძლო მაქსიმალურ გულისხმიერებას) შესაძლებელი იქნება შენარჩუნდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული წილის ღირებულება. ამასთანავე, „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის თანახმად, მმართველი პასუხს აგებს ყველა ვალდებულებისათვის, რომლებიც მას აქვს ყველა მონაწილე მხარის მიმართ. ის ვალდებულია ნახევარ წელიწადში ერთხელ და მმართველობის დასასრულს წარადგინოს ანგარიში. მმართველის ანგარიში წარედგინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც, თავის მხრივ, მას წარუდგენს კრედიტორსა და მოვალეს. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება ემსახურება გადაწყვეტილების აღსრულებას და ამავდროულად მაქსიმალურად იქნება დაცული მოწინააღმდეგე მხარის ინტერესი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ ქონების იძულებითი მმართველისათვის გადაცემა არ წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისათვის იმ გონივრულ საფუძველს, რაც საკმარისი და ლეგიტიმური წინაპირობა იქნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის მიზნებისათვის;
8.6. მოპასუხის საკუთრებაში არსებული ყველა უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით, შესაბამისად, ვერ მოხერხდება ქონების რეალიზაცია და ამ გზით მოთხოვნის დაკმაყოფილება; იპოთეკითაა დატვირთული, აგრეთვე, შპს „გ.მ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. შპს „გ.მ–ის“ სახელზე ირიცხება ასევე სხვადასხვა ვალდებულებები;
8.7. მოპასუხე კომპანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლისათვის ახორციელებს განზრახ არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, კერძოდ, ხდება თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებების საფუძველზე უძრავი ქონების სხვა პირებზე გადაფორმება;
8.8. მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა შემდეგ ქმედებებს: სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქვემოთ მითითებული კომპანიებს [შპს „კ. რ.ი–ი“ (ს/კ …..); შპს „ქ–ი“ (ს/კ …..); შპს „ი–ი“ (ს/კ …..); შპს „ს–ა“ (ს/კ …..); შპს „კ. ქ.ჰ–ი“ (ს/კ …..); შპს „კ. მ–ი“ (ს/კ ….); შპს „კ. ჰ–ი“ (ს/კ ……); შპს „გ.მ–ი“ (ს/კ ……)] ჰყავთ საერთო მესაკუთრე და მმართველი, კერძოდ, მესაკუთრე გახლავთ ყაზახეთის მოქალაქე შ.ჯ–ი, რომელსაც თავდაპირველად მის მეუღლეზე - ვ.ჯ–ზე ჰქონდა გაფორმებული შპს „კ. რ.ი–ი“. ზემოაღნიშნული კომპანიების/ბიზნესის რეალური მმართველი და გადაწყვეტილებების მიმღები კი გახლავთ გ.ჯ–ი, რომელიც არის შ.ჯ–ის ძმის (გ.ჯ–ის) შვილი. ზემოაღნიშნულ კომპანიებში რიგ შემთხვევაში დირექტორად და რიგ შემთხვევაში პარტნიორად ფორმალურად რეგისტრირებულნი არიან ჯ–ის ნათესავები და მეგობრები. აღნიშნული გარემოება დასტურდება არაერთი უდავო მტკიცებულებით, მათ შორის, თავად აღნიშნული პირების მიერ სასამართლოში მოწმის სახით მიცემული ჩვენებებითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით. შპს „კ. რ.ი–ის“ და შპს „გ.მ–ის“ ქონებების ვალდებულებით ხელოვნურად დატვირთვა მიანიშნებს იმაზე, რომ მოვალეს სურს ქონების გადამალვა პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.
9. 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 199-ე და 271 მუხლებით, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით.
11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ, მართალია, დავის საგანს არ წარმოადგენს ქონება, რომლის იძულებითი მმართველისათვის გადაცემაც არის მოთხოვნილი, თუმცა აღნიშნული ქონება წარმოადგენს ერთადერთ წყაროს, რომლის მიმართაც შესაძლებელი იქნება იძულებითი აღსრულება სასამართლოს მიერ დაკისრებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. აღნიშნულის საპირისპიროდ, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც 2016 წლის 25 იანვრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დატვირთულია მოპასუხის საკუთრებაში არსებული შპს „გ.მ–ის“ 92,85% წილი, საიდანაც შესაძლებელია მოხდეს მოთხოვნის დაკმაყოფილება, არ არსებობს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების იძულებით სამართავად გადაცემის (ქონების იძულებითი მართვა) გარდაუვალი აუცილებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის განცხადებაზე უარის თქმის კანონიერება.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი).
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მისი თქმით, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).
19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 482 705,15 აშშ დოლარის (ძირი თანხა - 3 000 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 289 670 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 193 035,15 აშშ დოლარი) გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა ყოველდღიურად პირგასამტეხლოს - 2 144, 83 აშშ დოლარის გადახდა 2019 წლის 25 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ძირი თანხის, 3 000 000 აშშ დოლარის ამოღება უნდა განხორციელებულიყო დაგირავებული ქონების - შპს „გ.მ–ის“ 92,85 % წილის რეალიზაციის გზით.
20. ზემოაღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელე მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოითხოვს მოპასუხეს დაევალოს თავის საკუთრებაში არსებული ქონება [შპს „ა–ას“ (ს/კ .....) 100% წილი; შპს „გ.ა–ის“ (ს/კ.....) 70% წილი; შპს „გ.მ–ის“ (ს/კ ......) 100 % წილი; ქ. თბილისში, ..........., №1 სადარბაზოს, მე-2 სართულის №3 148,10 კვ.მ ბინა (ს/კ ......); ქ. თბილისში, ....... №3-ში, №1 სადარბაზოს, პირველი სართულის №1 200,70 კვ.მ ბინა (ს/კ ......); ქ. ბათუმში, ......, მე-5 სართულზე მდებარე 24.10 კვ.მ ბინა (ს/კ ......); ქ. ბათუმში, ......, მე-5 სართულზე მდებარე 31.20 კვ.მ №508 ბინა (ს/კ ......] სეკვესტრის სახით გადასცეს აღმასრულებელს სამართავად.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის დადებითად გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გაუტარებლობით და, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთანავე, სავალდებულოა ამ წინაპირობის დასაბუთების პარალელურად მოთხოვნილი უზრუნველყოფის სახე დადგენილი მართლწესრიგის შესაბამისი და გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთის თანაზომიერი იყოს.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
23. კერძო საკუთრების იძულებით წესით სხვა პირისათვის გადაცემა წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ჩარევას. მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, დროებითი მმართველის (ან მსგავსი უფლებამოსილებების მქონე დროებითი ადმინისტრაციის) დანიშვნა, თავისთავად, არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის და სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. დროებითი მმართველის დანიშვნა წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიებათა კომპლექსს, რომლის გამოყენების შემთხვევაში კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, დარწმუნდეს თითოეული მათგანის გამოყენების კანონიერებაში და მის აუცილებლობაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც განმარტებულია უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონების იძულებით სამართავად გადაცემა; §58, 59, 61).
24. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საფუძვლად, მართალია, მიუთითებს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებასთან ან შეუძლებლობასთან დაკავშირებულ გარკვეულ რისკებზე, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ რისკების თავიდან არიდების მიზნით მის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უძრავ ნივთებსა და იურიდიული პირების წილებზე სეკვესტრის გამოყენების აუცილებლობა განმცხადებლის მიერ სათანადოდ არ არის დასაბუთებული.
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გაურკვეველია უძრავ ნივთებზე სეკვესტრის გამოყენების მიზანი, ხოლო იურიდიული პირების წილების სამართავად გადაცემამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს აღნიშნულ კომპანიებთან დაკავშირებული სხვა პირების (კრედიტორების, თანამშრომლების და სხვათა) უფლებებზე, რომლებიც შეიძლება შეილახოს იძულებითი მართვით. შესაბამისად, აღნიშნული პირების უფლებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მოთხოვნის საგანთან მიმართებით უზრუნველყოფის ამ ღონისძიების გამოყენების პროპორციულობის განსაზღვრისას, რათა დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი.
26. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერ დარწმუნდა, რომ უძრავ ნივთებსა და იურიდიულ პირების წილებზე სეკვესტრის გამოყენება არის მოთხოვნის შესაბამისი და მისი პროპორციული (ადეკვატური) ღონისძიება. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლო პრაქტიკაში სეკვესტრი უკიდურესი ღონისძიებაა და იგი, როგორც უზრუნველყოფის სახე, გამოიყენება უმთავრესად იმ შემთხვევაში, როდესაც დავის საგანია კონკრეტული ქონება ან იმ კომპანიის წილი, რომლის მართვაში გადაცემასაც განმცხადებელი მოითხოვს, რასაც მოცემულ საქმეში ადგილი არ აქვს.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას და არ აკმაყოფილებს მოსარჩელის საჩივარს, რადგან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებებს საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ი.ჯ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილისა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი