Facebook Twitter

საქმე №ას-876-2020 22 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ.გ–ძე, გ.მ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ.ნ–ძე, ხ.ნ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ქალაქ თბილისში, ...... №101-ის №2 კორპუსის მესამე სართულზე მდებარე №12 ბინის (საკადასტრო კოდი: ......) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) მესაკუთრეები არიან თ.ნ–ძე და ხ.ნ–ძე (შემდგომში ერთად - „მოსარჩელეები“ ან „მესაკუთრეები“). საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს.

2. მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ნ.გ–ძე და გ.მ–ძე (შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.

3. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხეების მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების დაუყოვნებლივ გამოთხოვა.

4. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ აღძრავდნენ შეგებებულ სარჩელს ჩუქებისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მოსარჩელისათვის გადაცემა; შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე და 312-ე მუხლებით.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება. ამასთან, არ არსებობს არც სახელშეკრულებო და არც კანონისმიერი საფუძველი მოსარჩელეთა მიერ საკუთრების უფლების რეალიზების შებოჭვისათვის.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ მოპასუხეები დევნილები არიან და აწარმოებენ მოსარჩელეებთან მოლაპარაკებებს ვერ იქნება სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელებიდან გამოთხოვის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, მოსარჩელე მხარე უარყოფს მხარეთა შორის მოლაპარაკებების არსებობას.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

13. კასატორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძველზე: მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოპასუხეთა მიერ მითითებულ გარემოებებზე, არ გაიზიარა მათი აპელირება, იმასთან დაკავშირებით, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებს ეხებოდა საქმე და არა ნასყიდობის ხელშეკრულებას; სააპელაციო სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო ნასყიდობის ხელშეკრულება, იპოთეკის რეჟიმი კი მოპასუხე მხარეს საშუალებას მისცემდა გადაეხადა თანხა მოსარჩელისათვის და უკან დაებრუნებინა ბინა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

22. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 17), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს.

24. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

26. საკასაციო სასამართლო კასატორების წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია. კასატორებს მოსარჩელის მოთხოვნის საპირისპიროდ მათი მხრიდან მფლობელობის მართლზომიერების დადასტურება ევალებოდათ, თუმცა მათ სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას, აღნიშნული არ არის წინამდებარე დავის განხილვის საგანი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმე ეხება ვინდიკაციურ სარჩელს, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა და შესაბამისად მხარეთა შორის იპოთეკის ხელშეკრულების არსებობა შედავებული არ ყოფილა. მოპასუხე მხარე სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში უთითებდა, რომ აღძრავდა შეგებებულ სარჩელს, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ შეგებებული სარჩელი არ აღუძრავთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებზე. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის შედავება არათანმიმდევრულია, რამდენადაც ისინი სადავო ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის დასადასტურებლად შესაგებლში, სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარში განსხვავებულ გარემოებებზე მიუთითებდნენ. ამასთან მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში, აღნიშნულ გარემოებებს სასამართლო, როგორც სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ განიხილავს.

27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1850-2018, 15 მაისი, 2020 წელი; №ას-1501-2018, 13 ნოემბერი, 2019 წელი; № ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი). კასატორებს აგრეთვე არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ნ.ტ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.გ–ძისა და გ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორებს ნ.გ–ძესა (პ/ნ: .....) და გ.მ–ძეს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეთ ნ.ტ–ის მიერ 2020 წლის 24 ნოემბერს №10152953508 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი