საქმე №ას-942-2019 1 აგვისტო, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საჩივრის ავტორი – ჰ.ს. თ.ფ. (საარბიტრაჟო მოსარჩელე)
II საჩივრის ავტორი – სს „ი-ფ. ი.პ.თ.თ. წარმომადგენლობა საქართველოში“ (საარბიტრაჟო მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებები
I საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების ნაწილობრივ გაუქმება და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების სრულად დაკმაყოფილება
II საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ჰ.ს. თ.ფ.მა (შემდგომში - „განმცხადებელი“, „საარბიტრაჟო მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე“) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სს „ი-ფ. ი.პ.თ.თ. წარმომადგენლობა საქართველოში“ (შემდგომში - „საარბიტრაჟო მოპასუხე“ ან „მოპასუხე“) საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება სასარჩელო მოთხოვნის - 29 575.6 აშშ დოლარის ფარგლებში, ასევე, ყადაღის დადება საარბიტრაჟო მოპასუხის კუთვნილ 62 უძრავ ქონებაზე.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განჩინებით საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო საარბიტრაჟო მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ბათუმი, ....... ქ. №16ა, 80.70 კვ.მ., ს.კ. .....; დანარჩენ ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მეწარმე სუბიექტის ანგარიშებს ყადაღა დაედოს, განმცხადებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ეს ერთადერთი აუცილებელი საშუალება და უკიდურესი ღონისძიებაა. მეწარმე სუბიექტის ანგარიშის დაყადაღება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეს არ გააჩნია სხვა ქონება.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება საარბიტრაჟო მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების თაობაზე.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საარბიტრაჟო სარჩელის მიხედვით დავის საგნის ღირებულება შეადგენდა - 29575.6 აშშ დოლარს, რაც წარმოშობილი იყო 21.1 კვ.მ. უძრავ ქონებაზე დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით. განმცხადებელს არ დაუსაბუთებია ზემოაღნიშნული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად რატომ უნდა განხორციელებულიყო 7000 კვ.მ.-ზე მეტი ფართის უძრავი ქონების დაყადაღება. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების თანახმად, სადავო ქონების 1 კვ.მ. ფართის ღირებულება შეადგენდა 1383.35 აშშ დოლარს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის კუთვნილ მხოლოდ ერთ უძრავ ქონებაზე (80.70 კვ.მ.) ყადაღის დადებით დაცული იქნებოდა ორივე მხარის უფლება.
6. საარბიტრაჟო მოსარჩელემ საააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინა საჩივარი. მან მოითხოვა განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და განცხადების სრულად დაკმაყოფილება.
7. საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
7.1. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელე არ დაარეგისტრირა უძრავი ქონების მომავალ მესაკუთრედ. უფრო მეტიც, მოპასუხის არაკეთილსინდისიერი მოქმედებების, მესამე პირთა წინაშე ნაკისრი შეუსრულებელი ვალდებულებებისა და კანონმდებლობის რეგულარული დარღვევის გამო, ყადაღა დაედო ამ უკანასკნელის მიერ ასაშენებელ ბინებს, მათ შორის, განმცხადებლის მიერ მისაღებ უძრავ ქონებას. საჯარო რეესტრის ინფორმაციის თანახმად, მოპასუხის მთელი ქონება დატვირთულია იპოთეკით სხვადასხვა ბანკების სასარგებლოდ, ასევე, ქონებას ადევს შემოსავლების სამსახურის ყადაღა. ეს მდგომარეობა რამდენიმე თვეა გრძელდება. ამასთან, მოპასუხის საერთო დავალიანებას დამატებით პირგასამტეხლოები და საურავები ერიცხება;
7.2. მოპასუხის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია მისივე არაკეთილსინდისიერი ქმედებებით, აჩვენებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი ყველანაირად ეცდება მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას;
7.3. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ განცხადებით მოსარჩელე ითხოვს 7000 კვ.მ.-ზე მეტი უძრავი ქონების დაყადაღებას, მაშინ, როდესაც მას წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული ჰქონდა 21.1 კვ.მ. უძრავ ქონებაზე, რაც არაპროპორციულად მიიჩნია. საჩივრის ავტორი არ ეთანხმება აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ, მართალია, მათემატიკურად დასახელებულ რიცხვებს შორის საკმაო სხვაობაა, მაგრამ მხედველობაშია მისაღები მოპასუხის დავალიანება, რაც მოსარჩელის უფლებრივ მდგომარეობას, მისი ხვედრითი წილის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გააუარესებს. ამასთან, მოპასუხის სახელზე ფორმალურად რიცხულ საკუთრებას ჰყავს უამრავი მოდავე, რის გამოც მხოლოდ ერთ ან ორ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებით მოსარჩელის უფლება ვერ იქნება უზრუნველყოფილი, რადგან არსებობენ სხვა კრედიტორები უკეთესი უფლებით - იპოთეკითა და საგადასახადო იპოთეკით/გირავნობით;
7.4. გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია იმ ნაწილშიც, რომლითაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე. ზოგადი წესის თანახმად, გართულებულია იურიდიული პირის ანგარიშების დაყადაღება, თუმცა ზოგად წესს აქვს გამონაკლისები და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თითოეული საქმის სპეციფიკა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს აქვს დავალიანება, როგორც განმცხადებლის, ისე სხვა კრედიტორების მიმართ, რომელთა გადახდასაც იგი თავს არიდებს. უძრავი ქონების გაყიდვა, როგორც მოპასუხის მთავარი სამეწარმეო საქმიანობა, ხდება იმგვარად, რომ მოპასუხე მყიდველებისაგან წინასწარ იღებს თანხას (მსგავსად განმცხადებლისა), მაგრამ ქონებას საკუთრებაში აღარ უფორმებს. შესაბამისად, ძირითადი აქტივი გადადის მოპასუხის საბანკო ანგარიშზე, ხოლო უძრავი ქონება ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და, რეალურად, მასზე უპირატესი უფლება სწორედ იმ კრედიტორებს გააჩნიათ, რომელთაც ქონების შესაძენად თანხა გადაიხადეს. ამდენად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ვერ მოახდენს განმცხადებლის საპროცესო უფლებების გარანტირებას, რადგან აღნიშნული ქონება სხვა კრედიტორთა მიერაც არის სადავოდ გამხდარი.
8. საარბიტრაჟო მოპასუხემ საააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინა საჩივარი და მოითხოვა განჩინების გაუქმება.
9. საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
9.1. სადავო განჩინების არც სამოტივაციო და არც აღწერილობითი ნაწილი შეიცავს მითითებას, თუ რის საფუძველზე შეექმნა სასამართლოს დასაბუთებული ვარაუდი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოსაყენებლად, რა ფაქტებზე ან/და რისკებზე მიუთითა მოსარჩელემ, რამაც გამოიწვია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება;
9.2. სს „ი-ფ. ი.პ. თ.თ.“ (მოპასუხის დამფუძნებელი კომპანია) წარმოადგენს მძლავრ ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია ბიზნეს ოპერირების არაერთი დარგი, მრავალმილიონიანი წლიური ბრუნვა, საწესდებო კაპიტალი, ძირითადი საშუალებები, უძრავ-მოძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები და სხვა. კომპანიას გააჩნია უცხოური საწარმოს ფილიალი და მხოლოდ ფილიალის მიმდინარე აქტივის სახით გააჩნია 20 000 000 აშშ დოლარზე მეტი 155 ერთეული უძრავი ქონება. შესაბამისად, წარმოუდგენელია, რომ ასეთი აქტივის მქონე კომპანია გაუჩინარდეს ან/და გაკოტრდეს ისე, რომ ვერ შეასრულოს თავისი ვალდებულებები. რომც დაიხუროს საქართველოში მდებარე ფილიალი ან/და განხორციელდეს მისი ლიკვიდაცია ან რედომიცილება, ძირითადი საწარმო იქნება ანგარიშვალდებული ნებისმიერი პირის წინაშე. ამდენად, არ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელი გარემოებები;
9.3. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი თანხის დაკისრების (29575.6 აშშ დოლარი) მოთხოვნით, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია უძრავ ქონებაზე, რომლის ღირებულება რამდენჯერმე აღემატება დავის საგანს. შესაბამისად, უდავოა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული საკუთრების უფლება არ არის სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური;
9.4. არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები. მხარეთა შორის დადებული გარიგება თავისი შინაარსით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას. მოპასუხეს შესრულებული აქვს ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, აშენებული აქვს მოსარჩელისათვის გადასაცემი ბინა, რის გამოც წარმოუდგენელია აღნიშნული ხელშეკრულების მოშლა. რაც შეეხება თანხის გადახდის ვალდებულებას, მოსარჩელეს მოპასუხისათვის არანაირი თანხა არ გადაუხდია, შესაბამისად, არც უძრავი ქონების გადაფორმების ვალდებულება წარმოშობილა;
9.5. აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებით ხდება მოპასუხის დასჯა, მასზე კოლოსალური ოდენობის ზიანის მიყენება, სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეშლა. ქონების დაყადაღებით, ასევე, ზიანი ადგება მესამე პირის ინტერესებს.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით საარბიტრაჟო მოსარჩელისა და მოპასუხის საჩივრები, დაუსაბუთებლობის მოტივით, საქმის მასალებთან ერთად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან, უზრუნველყოფილი მოთხოვნა შეადგენდა - 29575.6 აშშ დოლარს, ხოლო მოსარჩელეს არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა უზრუნველყოფის საგნის ღირებულების არაადეკვატურობას სასარჩელო მოთხოვნის ოდენობასთან, უზრუნველყოფის მიზნით ოთხჯერ მეტი ღირებულების უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება გამართლებული იყო, რაც გამორიცხავდა საარბიტრაჟო მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილებას.
12. სააპელაციო პალატამ, ასევე, არ გაიზიარა საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივარში მითითებული არგუმენტები, ვინაიდან მხოლოდ ზეპირი განმარტება მეწარმე სუბიექტის ქონებრივ მდგომარეობასთან და გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებით, არ მიიჩნია სარწმუნო მტკიცებულებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრების საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ მხოლოდ ერთ უძრავ ქონებას, ხოლო საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებაზე განმცხადებელს ეთქვა უარი.
17. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება, ასევე, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე, გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
20. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი − აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა, იმავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და, ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება მისი აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.
21. საკასაციო პალატა, ასევე აღნიშნავს, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. სუსგ საქმე №ას-1578-2018, 14 დეკემბერი, 2018 წელი).
22. განსახილველ შემთხვევაში, განცხადებაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელემ საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა შპს „ა. ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო არბიტრაჟს“ საარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით; საარბიტრაჟო მოსარჩელის მითითებით, სარჩელის წარდგენის დროისათვის, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა ჯამში შეადგენდა - 29 575.60 აშშ დოლარს; არბიტრაჟის 16.04.2019წ. დადგენილებით საარბიტრაჟო სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული; ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განჩინებით საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო საარბიტრაჟო მოპასუხის კუთვნილ მხოლოდ ერთ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ბათუმი, ....... ქ. 16ა, 80.70 კვ.მ., ს.კ. .......
23. საარბიტრაჟო მოსარჩელე წარდგენილი საჩივრით ითხოვს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების სრულად დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მხოლოდ ერთ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. თავის მხრივ, საარბიტრაჟო მოპასუხე ითხოვს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება არ არის სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური.
24. საკასაციო სასამართლო მხარეთა მიერ წარდგენილი საჩივრების დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, ყურადღებას მიაქცევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 01.07.2016წ. დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ....... ქ. №16, სართული 23, ბინა 419, საერთო ფართი 21.1 მ2. ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტის თანახმად, შეძენილი ფართის 1 კვ.მ.-ის ღირებულება შეადგენდა - 1383.35 აშშ დოლარს, შესაბამისად, ნასყიდობის საგნის საერთო ღირებულებამ შეადგინა - 29 188.89 აშშ დოლარი; უძრავი ქონება, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს 01.05.2019წ. განჩინებით დაედო ყადაღა, მდებარეობს იმავე მისამართზე, შესაბამისად მისი 1 კვ.მ.-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით იგივეს შეადგენს; მოპასუხის კუთვნილი არაერთი უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით; ასევე, მათზე რეგისტრირებულია ყადაღა/აკრძალვა; მოპასუხის მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
25. ზემოთ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება საარბიტრაჟო მოპასუხის მხოლოდ ერთ უძრავ ქონებაზე. მართალია, მოპასუხეს გააჩნია არაერთი ფინანსური ვალდებულება, როგორც ბანკის, ასევე საგადასახადო ორგანოს მიმართ, თუმცა, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ყადაღადადებული უძრავი ქონების ღირებულება დაახლოებით ოთხჯერ აღემატება საარბიტრაჟო სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობას. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1961 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებებს შორის. მოსარჩელის უფლებამ - აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, არ უნდა გამოიწვიოს მოპასუხის უფლებების დაუსაბუთებელი და არათანაზომიერი შეზღუდვა. თუმცა, იმავდროულად, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების დავის საგანთან ადეკვატურობის თაობაზე, ისე არ უნდა იქნას გაგებული, რომ სარჩელი საერთოდ უზრუნველყოფის გარეშე დარჩეს (იხ. სუსგ საქმე №ას-54-2019, 06 ივნისი, 2019 წელი). აღსანიშნავია ისაც, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის დამოკიდებული სარჩელის საბოლოო ბედზე და მისი გამოყენება ემყარება მხოლოდ სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს.
26. საარბიტრაჟო მოპასუხე წარდგენილ საჩივარში, ასევე, მიუთითებს, რომ მისი დამფუძნებელი კომპანია წარმოადგენს მძლავრ ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია ბიზნეს ოპერირების არაერთი დარგი, მრავალმილიონიანი წლიური ბრუნვა, უძრავ-მოძრავი ქონება და ა.შ., რის გამოც არ არსებობს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხე, თუმცა მას არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მას არც ის დაუსაბუთებია კონკრეტულად რა დაბრკოლებას უქმნის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში ან/და რა სახის ზიანს აყენებს მას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-1961 მუხლები მოპასუხეს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა ან/და სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა, თუკი კონკრეტულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებით მას ზიანი ადგება.
27. ზემოთ დასახელებული გარემოებებისა და არგუმენტების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია როგორც საარბიტრაჟო მოსარჩელის, ისე საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივრები უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სავსებით აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, უზრუნველსაყოფი მოთხოვნის მოცულობის გათვალისწინებით, მოპასუხის უფლების პროპორციულად შეზღუდვის თაობაზე.
28. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა აღნიშნულ ნაწილში საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-956-921-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი).
30. საბანკო ანგარიშების დაყადაღება წარმოადგენს უზრუნველყოფის უკიდურეს სახეს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ, როდესაც მოპასუხის სახელზე რაიმე ქონების მოძიება ვერ ხერხდება. მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოძიებული ვერ იქნება, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა (იხ. 2013 წლის 18 ივლისის სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრის შემაჯამებელი ოქმი http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/shexvedrisshejameba.pdf).
31. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს გააჩნია არაერთი უძრავი ქონება. შესაბამისად, გაუმართლებელია მის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საჩივრებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებებს საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ჰ.ს. თ.ფ.ისა და სს „ია-ფ. ი.პ.თ.თ. წარმომადგენლობა საქართველოში“ საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე