საქმე №ას-956-2019 9 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ.ე–ძე (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მოპასუხე ძირითად სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.შ–ძის უფლებამონაცვლე ა.გ–ძე (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე მესამე პირის სარჩელში), შპს „ტ–ი“ (მოპასუხე)
მოპასუხეები ძირითად სარჩელში - შპს „ტ–ი“, შპს „ტ–ის” ყოფილი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი დ.გ–ძე, შპს „ტ–ის” 50%-იანი წილის მფლობელი თ.ე–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – შეთანხმების ბათილად ცნობა (მესამე პირის სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,ტ–ი“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „საზოგადოება“, „კომპანია“ ან „საწარმო“) დაფუძნდა 1998 წელს დ.გ–ძისა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „დირექტორი“) და თ.ე–ძის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“, „მესამე პირი“, „კერძო საჩივრის ავტორი“ ან „პარტნიორი“) მიერ, რომელთა წილი საზოგადოებაში განისაზღვრა 50-50%-ით, ხოლო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი - 2000 ლარით.
2. ნ.შ–ძესა (მევალე) (შემდგომში - „მოსარჩელე“) და პირველ მოპასუხეს (მოვალე) (წარმოდგენილი დირექტორის, მეორე მოპასუხის სახით) შორის 2017 წლის 07 თებერვალს გაფორმდა შემდეგი შინაარსის შეთანხმება (ვალის არსებობის აღირების შესახებ): მოვალეს მევალის მიმართ, 2017 წლის 07 თებერვლის მდგომარეობით, გააჩნია დავალიანება 70 000 ლარის ოდენობით, რომელიც მოვალის მხრიდან სრულად იქნება დაფარული 2017 წლის 10 აპრილამდე. აღნიშნული ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მევალე იტოვებს უფლებას გადაიფორმოს მოვალის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ....., ს/კ ..... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“), ანუ, ვალდებულება თანხის სანაცვლოდ შესრულდეს უძრავი ქონებით.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში პირველი მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მათ შორის 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმების საფუძველზე (ვალის არსებობის აღირების შესახებ), სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომელიც შევიდა კანონიერ ძალაში.
5. 2017 წლის 28 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა პარტნიორმა. მან მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით პარტნიორის განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე და განახლდა საქმის წარმოება.
7. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა მასსა და პირველ მოპასუხეს შორის 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმების საფუძველზე (ვალის არსებობის აღირების შესახებ), სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.
8. მეორე მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად. ხოლო, პირველმა და მესამე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი. კერძოდ, პირველმა მოპასუხემ უარყო მისთვის სესხის სახით 70 000 ლარის გადაცემის ფაქტი. მოპასუხეებმა, ასევე, მიუთითეს 07.02.2017წ. შეთანხმების მართლსაწინააღმდეგობაზე.
9. მესამე პირმა (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მათ შორის 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმების (ვალის არსებობის აღირების შესახებ), როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგების, ბათილად ცნობა.
10. მოსარჩელემ მესამე პირის სარჩელი არ ცნო, ხოლო პირველმა მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად.
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მესამე პირის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმება.
12. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილება და მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა.გ–ძე.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილებისა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის - 2100 ლარის დაკისრების ნაწილში; მესამე პირის სარჩელი მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად; სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საზოგადოების 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის, მესამე პირის სარჩელი საწარმოს დირექტორის წინააღმდეგ, რაც დირექტორის უფლებამოსილების განხორციელებისას საზოგადოების სახელით დადებული გარიგების ნამდვილობას შეეხებოდა, საწარმოს ინტერესებში იყო და სწორედ საწარმოს სასარგებლოდ უნდა განხორციელებულიყო უფლების სასამართლო წესით დაცვა. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა წარდგენილი უნდა ყოფილიყო არა საკუთარი, არამედ, საზოგადოების სახელით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მესამე პირი არ წარმოადგენდა სარჩელის წარდგენაზე უფლებამოსილ სუბიექტს. იგი მოცემულ დავაში უფლებამოსილი სუბიექტი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოება დირექტორის მიერ დადებულ გარიგებას არ შეედავებოდა.
16. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მესამე პირის მიერ სარჩელის წარდგენის შემდეგ, მოსარჩელის სარჩელზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, სადაც მიუთითა გარიგების ბათილობაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახეზე იყო მესამე პირის სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მესამე პირმა წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება.
18. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
18.1. მესამე პირის სარჩელის განუხილველად დატოვება წარმოადგენს პროცესუალურ შეცდომას, რადგან სწორედ ამ უკანასკნელის განცხადების საფუძველზე მოხდა მორიგების დამტკიცების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება;
18.2. თუ მესამე პირის სარჩელი განუხილველად დარჩება, მაშინ პროცესუალურად ვერ იქნება უცვლელად დატოვებული მისი შედეგი, ვინაიდან პირველ მოპასუხეს მხოლოდ მესამე პირის სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში და ამის შემდგომ, მოსარჩელის დაზუსტებულ სარჩელზე მიეცა სხვა პოზიციის გამოხატვის საშუალება. ამასთან, რომ არა მესამე პირის სარჩელი, ძალაში დარჩებოდა მოსარჩელის თავდაპირველ სარჩელზე მიღებული განჩინება მხარეთა მორიგების თაობაზე.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მესამე პირის სარჩელის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად [თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ არ განახორციელა საკუთარი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, პარტნიორს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება პარტნიორის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს], კომპანიის პარტნიორს შეუძლია საკუთარი სახელით, კომპანიის ნაცვლად და მის სასარგებლოდ წარადგინოს დერივაციული სარჩელი (რომლის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ქონებრივი ინტერესების დაცვა), თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია თავად არ ახორციელებს საკუთარი უფლებების დაცვას. დერივაციული სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე გამოდის საწარმოს წარმომადგენლად.
24. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მესამე პირმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელისა და კომპანიის მიმართ და მოითხოვა მათ შორის 07.02.2017წ. დადებული შეთანხმების ბათილად ცნობა, რაც, ფაქტობრივად, წარმოადგენს სწორედ დერივაციულ სარჩელს. დადგენილია, ასევე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინების (მხარეთა მორიგების თაობაზე) ბათილად ცნობისა და, შედეგად, საქმის განახლების შემდეგ, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, პირველმა მოპასუხემ/კომპანიამ წარადგინა მოსარჩელის მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, სადაც მიუთითა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის იმ საფუძვლებზე (მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 07.02.2017წ. დადებული შეთანხმების მართლსაწინააღმდეგობაზე), რასაც მესამე პირი/კომპანიის პარტნიორი უთითებდა თავის სარჩელში. პარტნიორს არ ჰქონია კომპანიისაგან დამოუკიდებელი მოთხოვნა. მისი მოთხოვნა დაყენებული იყო კომპანიის სასარგებლოდ.
25. შესაბამისად, ვინაიდან კომპანიის სასარგებლოდ დერივაციული სარჩელის წარდგენის უფლება პარტნიორს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია არ ახორციელებს საკუთარი უფლების დაცვას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, მართებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება მესამე პირის სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე.
26. საკასაციო სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს მესამე პირის მითითებას, რომ მისი სარჩელის განუხილველად დატოვება პროცესუალური შეცდომაა, ვინაიდან სწორედ მისი განცხადების საფუძველზე მოხდა საქმის წარმოების განახლება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგების ბათილად აღიარება წარმოადგენს პირის მატერიალურ-სამართლებრივ აღმჭურველ უფლებას და მხარეს ამ უფლების განსახორციელებლად არ სჭირდება სასამართლოსათვის დამოუკიდებელი სარჩელით მიმართვა, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მას შეუძლია წარადგინოს მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი.
27. მოცემულ შემთხვევაში, პირველმა მოპასუხემ წარადგინა მოსარჩელის მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რის გამოც აღარ არსებობს მესამე პირის სარჩელის განხილვის საფუძველი.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ.ე–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე