საქმე №ას-1178-2019 30 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.ფ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ხ.ბ.ს–ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რ.ფ–ასა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოვალე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) და სს „ხ.ბ.ს–ოს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „ბანკი“ ან „კრედიტორი“) შორის 2016 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხისაგან სესხის სახით მიიღო 103 400 აშშ დოლარი, 120 თვის ვადით, წლიური 10 %-ის გადახდით. გრაფიკის თანახმად, მოსარჩელეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 1367,36 აშშ დოლარი.
2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...... , ს.კ. ............ ხელშეკრულებით იპოთეკის საგნის ღირებულება განისაზღვრა 102 310 აშშ დოლარით.
3. 2018 წლის 16 მაისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა - 112 959,85 აშშ დოლარით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 102 967,49 აშშ დოლარი, პროცენტი - 5827,74 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 4164,62 აშშ დოლარი. სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, დადგინდა იპოთეკით დატვირთული ნივთის აუქციონზე რეალიზაცია.
4. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2018 წლის 11 ივნისს კერძო აღმასრულებელმა დაიწყო სააღსრულებო წარმოება. მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა, რომ ნებაყოფლობითი აღსრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხდებოდა იძულებითი წარმოების დაწყება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია.
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 16 მაისს გაცემული N180554354 სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება და აღსასრულებელი ვალდებულების, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს შემდეგი ოდენობით განსაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 96 236,33 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1164,62 აშშ დოლარი.
6. მოსარჩელის განმარტებით, მას გადახდილი აქვს პირგასამტეხლო 6731,16 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო სააღსრულებო ფურცლით დამატებით მოთხოვნილია პირგასამტეხლოს სახით 4164,62 აშშ დოლარის გადახდა, რაც შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან მოითხოვა უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს - 6731,16 აშშ დოლარის სესხის ძირ თანხაში გადახდილად ჩათვლა და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 16 მაისს გაცემული N180554354 სააღსრულებო ფურცელი და სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტი განისაზღვრა შემდეგი სახით: აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 109 959,85 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 102 967,49 აშშ დოლარი, პროცენტი - 5827,74 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1164,62 აშშ დოლარი, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126,72 ლარი.
9. საქალაქო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, შეამცირა სააღსრულებო ფურცლით დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა. ხოლო, მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს ძირითადი თანხის ანგარიშში ჩათვლის თაობაზე, დაუსაბუთებლად მიიჩნია, ვინაიდან ხელშეკრულებით განსაზღვრული რიგითობის გათვალისწინებით, გაურკვეველი იყო რატომ უნდა მომხდარიყო აღნიშნული თანხის ჩათვლა ძირითად თანხაში.
10. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. აპელანტის განმარტებით, იგი სადავოდ არ ხდიდა გადახდილი თანხების განაწილების რიგითობას, არამედ მიიჩნევდა, რომ მის მიერ გადახდილი იყო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ, არ არსებობდა ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობის იმგვარად განსაზღვრის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, რომ აპელანტის მიერ გადახდილი პირგასამტეხლო ძირითადი ვალდებულებისთვის გადასახდელ თანხაში ჩათვლილიყო.
13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საბანკო ხელშეკრულების 2.12 პუნქტზე, რომლის თანახმად, კრედიტით დაფარვა და კრედიტით სარგებლობისთვის დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა, ხორციელდება მსესხებლის მიერ, კრედიტის დაფარვისა და საპროცენტო სარგებლის გადახდის განრიგით განსაზღვრული პირობებისა და ვადების შესაბამისად (შემდგომში დაფარვის გრაფიკი) შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში იფარება კრედიტის გამოყენებისათვის დარიცხული სარგებელი; მეორე რიგში კრედიტის ძირითადი თანხა. ბანკი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს კრედიტის დაფარვის სხვაგვარი რიგითობა.
14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სუსტი მხარის დაცვისა და სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებების კეთილსინდისიერი გამოყენების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. თუმცა, სასამართლოს აღნიშნული უფლებამოსილება გარკვეულ ფარგლებში ექცევა, მაგალითად, როდესაც მხარეები ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის სპეციფიკურ პრინციპზე თანხმდებიან, ამ დროს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შევიდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობის შეფასებაში და მისი მიხედულებისამებრ განსაზღვროს პირგასამტეხლოს დარიცხვის ფორმა.
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სადავოდ ხდიდა გახდილი ფულადი ვალდებულების შესრულების რიგითობას. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე და 388-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება იმეორებდა სამოქალაქო კოდექსის დანაწესს ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობასთან დაკავშირებით, ანუ, ნათელი იყო, რომ მხარეებმა სადავო საკითხი ნების ავტონომიის რეალიზაციის პირობებში მოაწესრიგეს. გარდა ამისა, ხელშეკრულების პირობების ასეთი სახით შეთანხმება კონკლუდენტური მოქმედებითაც აღიარეს, როდესაც აპელანტის მიერ გადახდილი თანხა ხელშეკრულების პირობების თანახმად ნაწილდებოდა. დავის განხილვის არცერთ ეტაპზე აპელანტის მიერ გამოვლენილი ნება სადავო არ გამხდარა, შესაბამისად, ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნება შედავებული არ იყო და იგი ნამდვილად მიიჩნეოდა. ამ პირობებში კი, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ხელშეკრულების პირობების გვერდის ავლით, სხვაგვარად გაენაწილებინა ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობა და აპელანტის მიერ გადახდილი პირგასამტეხლო ძირითადი ვალის გადახდაში ჩაეთვალა.
16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სწორედ აპელანტს უნდა ემტკიცებინა, თუ რა საფუძველი არსებობდა მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების სხვაგვარად განმარტებისათვის. აპელანტის მიერ ჩამოყალიბებულმა შედავებამ სასამართლოს ვერ შეუქმნა მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა, რომ ხელშეკრულების პირობათა საწინააღმდეგოდ, არსებობდა მოვალის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ძირითადი თანხის ანგარიშში ჩათვლის ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძვლები.
17. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
18. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
18.1. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და არასწორად მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლო უკვე გადახდილია და ნება გამოხატულია, სასამართლოს არ აქვს უფლება ჩაერიოს მხარეთა შეთანხმებაში და იმსჯელოს გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე. სასამართლოს ასეთ შემთხვევაში მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ მოსარჩელე თავისი ნებით კი არ იხდიდა პირგასამტეხლოს, არამედ, ბანკი ავტომატურად ანაწილებდა გადახდილ თანხას და ეს არ იყო მსესხებლის ნებაზე დამოკიდებული;
18.2. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ არ არსებობდა ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობის იმგვარად განსაზღვრის წინაპირობები, რომ აპელანტის მიერ გადახდილი პირგასამტეხლო ძირითადი ვალდებულებისთვის გადახდილად ჩათვლილიყო. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი ითვალისწინებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლელობას;
18.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ითხოვდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული რიგითობის შეცვლას, რაც არასწორია, რადგან იგი ითხოვდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას და აღნიშნული თანხების სესხის ძირითად თანხაში ჩათვლას.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი; №ას-1634-2019, 04 მარტი, 2020 წელი).
27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს უფლებამოსილებას ანიჭებს თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
28. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ მხარეები გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოზე უნდა შეთანხმდნენ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას, ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას ისინი ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს. შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე. ამასთან, იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იყოს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე, ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია.
29. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს გადახდილი მოვალის მიერ. უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ გამორიცხულია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოვალის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნა ეფუძნება სწორედ იმას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შესასრულებლად მძიმეა მოვალისათვის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით იხდის პირგასამტეხლოს, ამ გადახდით იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა მას შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად არ მიაჩნია (იხ. სუსგ საქმე №ას-1634-2019, 04 მარტი, 2020 წელი).
30. ერთ ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ, ასევე, განმარტა შემდეგი: „რაც შეეხება უკვე გადახდილ პირგასამტეხლოს, ამ ნაწილში პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ ნებაყოფლობით გადახდილი პირგასამტეხლო, რომლითაც შესაბამის ნაწილში ნაწილობრივ შეწყდა ვალდებულება (სკ-ის 427-ე მუხლი), ხოლო, მოვალეს ამ თანხის გადახდისას სადავო არ გაუხდია შესრულება და/ან არ დაუტოვებია მისი შედავების უფლება, არ ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ფარგლებში შემცირებას“ (იხ. სუსგ საქმე №ას-1119-2018, 23 მარტი, 2020 წელი).
31. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრისას თანაბრად უნდა იქნეს დაცული როგორც კრედიტორის, ისე მოვალის უფლებები. არ შეიძლება კრედიტორის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის ხარჯზე, მოვალის უფლებებისა და ინტერესების გადაჭარბებული დაცვა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა მოვალე ნებაყოფლობით, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, იხდის პირგასამტეხლოს, დაუშვებელია მისი უკან დაბრუნების (სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად) მოთხოვნის უფლების დაშვებით კრედიტორის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ მას მუდმივად ან, თუნდაც, განსაზღვრული დროით, ჰქონდეს მოლოდინი იმისა, რომ მოვალემ შესაძლოა სასამართლოსადმი მიმართვის გზით უკან დაიბრუნოს უკვე გადახდილი პირგასამტეხლო.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს მოსარჩელის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირებისა და სესხის ძირითად თანხაში ჩათვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან პირგასამტეხლო გადახდილია ნებაყოფლობით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები კი, გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას.
33. ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას პირგასამტეხლოს გადახდის არანებაყოფლობითობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, კრედიტორი თავად ანაწილებდა მოვალის მიერ გადახდილ თანხას, თუმცა თანხების განაწილება ხდებოდა არა თვითნებურად, არამედ ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად, რაც სწორედ პირგასამტეხლოს გადახდის ნებაყოფლობითობაზე მიუთითებდა.
34. რაც შეეხება ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობას, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა არა ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობა, არამედ გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება, თუმცა აღნიშნული გავლენას არ ახდენს განსახილველი დავის სამართლებრივ შედეგზე.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
37. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-1634-2019, 04 მარტი, 2020 წელი; №ას-1633-2019, 09 მარტი, 2020 წელი; №ას-1119-2018, 23 მარტი, 2020 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 743 ლარის 70% – 520,1 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ.ფ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს რ.ფ–ას (პ/ნ .........) დაუბრუნდეს მ.გ–იას (პ/ნ ....) მიერ 2019 წლის 15 ოქტომბრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 743 (შვიდას ორმოცდასამი) ლარის 70% – 520,1 (ხუთას ოცი ლარი და ათი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი