საქმე №ას-1660-2019 26 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ტ.ც–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ტ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – გ.რ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: .......) (შემდგომში - „საზიარო ქონება“) თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ.ტ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“), ტ.ც–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“), ც.პ–ძისა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და გ.რ–ის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) სახელზე.
2. მხარეებს შორის საკუთრების უფლება გადანაწილებულია შემდეგნაირად: პირველ სართულზე არსებული ფართის 22/40 ნაწილი მოსარჩელეს, 99.00 კვ.მ ფართი პირველ მოპასუხეს, 38.00 კვ.მ ფართი მეორე მოპასუხეს, ხოლო №2 შენობაში არსებული 135.89 კვ.მ ფართი მესამე მოპასუხეს ეკუთვნის.
3. საზიარო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმომშობ დოკუმენტს მოსარჩელესა და გ.ჭ–ძეს შორის 1994 წლის 22 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს. ნასყიდობის საგანს ქ. თბილისში, ...... არსებული საცხოვრებელი სახლის (ერთ სართულიანი, სასარგებლო ფართი - 71 კვ.მ, საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა - 4, საცხოვრებელი ფართი - 40 კვ.მ, ხოლო დამხმარე ფართი - 31 კვ.მ) 22/40 ნაწილი წარმოადგენდა.
4. საზიარო ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს მეორე მოპასუხესა და შპს „ო.მ–ს“ შორის 2016 წლის 22 თებერვალს დადებული ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს.
5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 აგვისტოს ინფორმაციით, საზიარო ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, განცხადებაში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ....., ს/კ: .....) ინფორმაციის მომზადების მომენტისათვის საერთო სარგებლობის ფართზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ არის განხორციელებული.
6. პირველმა მოპასუხემ საზიარო ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 თებერვლის №892018146594-05 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება; გადაწყვეტილებაში მითითებულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ და „დ“ პუნქტებზე და დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ „ვინაიდან ბინაზე მიშენებული და კიბის უჯრედი არ წარმოადგენს ბინასთან ერთ სისტემად გაერთიანებულ სათავსს, შეუძლებელია საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში“; საკითხის გადასაწყვეტად დაინტერესებულ პირს კიბის უჯრედის ფართის გამოკლებით დაევალა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა.
7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საერთო სარგებლობის ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: 1) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, სადაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება 100%-ის მიერ; 2) განმარტებითი ხასიათის ინფორმაცია, დაზუსტება იმის თაობაზე, რეგისტრირებული 99 კვ.მ ფართი, რის დაყოფასაც ითხოვდა დაინტერესებული პირი, არის თუ არა მოცემული დროისათვის 120.28 კვ.მ-ს. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქმესთან დაკავშირებით უნდა დაზუსტდეს აღნიშნული ფართი წარმოადგენს თუ არა სხვენს.
8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 აპრილის №892018146594-09 გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 30 ივნისის №003827616 დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფაქტობრივი მდგომარეობით ქ. თბილისში, ..... №47-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული ფართის შესასვლელი კარი მოწყობილია დ. აღმაშენებლის გამზირის მხრიდან, ნაცვლად საინვენტარიზაციო გეგმაზე აღნიშნული მონაცემისა, რომლის თანახმად, პირველ სართულზე შესასვლელი კარი მოცემულია .......... ქუჩის მხრიდან, ასევე, აღნიშნულ ფართში (პირველი სართული) განხორციელებულია რიგი სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, კიბის უჯრედის მომიჯნავე კედელი გადატიხრული და ამოშენებულია, რის შედეგადაც ბინაში საერთო სარგებლობის შესასვლელი, დერეფანი და კიბის უჯრედი გაუქმებულია და საერთო სარგებლობა შეზღუდულია. ექსპერტის განმარტებით, ვინაიდან მე-2 სართულზე მცხოვრები პირველი მოპასუხის ძმამ მესაკუთრის თანხმობის გარეშე ექსპერტი კიბის უჯრედის გავლით სხვენში არ დაუშვა, დამკვეთის მიერ დასმულ მე-2 კითხვაზე (შესაძლებელია თუ არა სხვენის ფართის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა და დაყოფის შედეგად არსებითად შემცირდება თუ არა თითოეული ნაწილის ღირებულება) პასუხის გაცემა შეუძლებელია.
10. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა: 1) პირველ და მეორე მოპასუხეებს დავალებოდათ ხელი არ შეეშალათ მოსარჩელისათვის საზიარო ქონების №1 შენობა-ნაგებობის ..... მხარეს არსებული საერთო სარგებლობის შესასვლელით, დერეფნითა და სხვენში ასასვლელი კიბის უჯრედით სარგებლობაში; 2) პირველ და მეორე მოპასუხეებს დავალებოდათ საზიარო ქონების ..... გამზირის მხარეს არსებული საერთო სარგებლობის ფართები მოეყვანათ თავდაპირველ მდგომარეობაში, გაეხსნათ საერთო სარგებლობის ფართში ამოშენებული კედლები (ტიხრები), რომლებითაც იზღუდება მოსარჩელის საერთო სარგებლობის უფლება; 3) მეორე მოპასუხეს დავალებოდა ხელი არ შეეშალა მოსარჩელისათვის ...... ის (ყოფილი ..........) ქუჩის მხარეს საზიარო ქონების №1 შენობა-ნაგებობაში მდებარე 8 კვ.მ დამხმარე ფართითა და საერთო სარგებლობის საპირფარეშოთი სარგებლობაში; 4) მოპასუხეებს დავალებოდათ გაეცათ ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი თანხმობა: ა) 39.09 კვ.მ საცხოვრებელი ფართის, ბ) 76.14 კვ.მ სარდაფის, გ) 8 კვ.მ დამხმარე ფართისა და დ) სხვენის ფართის 1/3 ნაწილის საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
11. პირველმა და მეორე მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ:
11.1. მოსარჩელემ შეიძინა მხოლოდ 22 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, სხვა ფართზე სამართლებრივი პრეტენზიის შემთხვევაში კი, საჯარო რეესტრი მოახდენდა მის რეგისტრაციას;
11.2. საერთო სარგებლობის საპირფარეშოთი სარგებლობის შესახებ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება;
11.3. დერეფანში შემოსასვლელით მხოლოდ პირველი და მეორე მოპასუხეები სარგებლობდნენ და რეალური წილის დადგენისა და გამიჯვნის დროს ფიზიკურად ვერ მოხდებოდა რაიმე სახით მისი მოსარჩელისათვის მიკუთვნება;
11.4. პროექტი, რომლის მიხედვითაც მოწყობილია საერთო სარგებლობის ფართები, შესაბამის არქიტექტურულ სამსახურთან და თბილისის განვითარების ფონდთან არის შეთანხმებული. გამყოფი კედლის მოშლა შეუძლებელია, რამდენადაც მოსარჩელეს აღნიშნული კედლის აღმართვაზე თანხობა ჰქონდა გაცხადებული.
12. მესამე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ფართებთან არანაირი შემხებლობა არ აქვს; მის და მოსარჩელის თანასაკუთრებას მხოლოდ მიწა წარმოადგენს.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
15. 2018 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაათვალიერა საზიარო ქონება. დასახელებული უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოირკვა, რომ აღმაშენებლის გამზირის მხრიდან შენობის პირველი სართულის მარცხენა მხარეს მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართი, სადაც განთავსებულია კაფე. ამავე სართულზე განთავსებულია ორი ფართი, რომლებსაც ცალ-ცალკე დამოუკიდებელი შესასვლელი გააჩნიათ და მათ ფლობენ მოწინააღმდეგე მხარეები - პირველი და მეორე მოპასუხეები.
16. სააპელაციო პალატამ თავდაპირველად პირველი მოპასუხის ქონება დაათვალიერა. აღნიშნულ ფართში კიბით მოწყობილია შენობის მეორე სართულზე ასასვლელი, სადაც მდებარეობს ოთახები, დერეფანში მოწყობილია სხვენში ასასვლელი კიბე, სადაც ასევე მდებარეობს ოთახები. უძრავი ნივთის სახურავზე განთავსებულია კონდიციონერები. მოსარჩელის განმარტებით, სახურავზე განთავსებულია მისი და მეორე მოპასუხის კონდიციონერები. დადგინდა, რომ მხოლოდ პირველი მოპასუხის მფლობელობაში არსებული ფართიდან არის შესაძლებელი სხვენის მეშვეობით საცხოვრებელი სახლის სახურავზე არსებულ კონდიციონერებამდე მისვლა.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 6 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მეორე მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც შეეხებოდა ...... ის (ყოფილი ..........) ქუჩის მხარეს საზიარო ქონების №1 შენობა-ნაგებობაში მდებარე 8 კვ.მ დამხმარე ფართითა და საერთო სარგებლობის საპირფარეშოთი სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთას.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
20. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული გარემოებები.
21. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით ძველი თბილისის ტერიტორიაზე, აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებული რეაბილიტაციის არეალში, საზოგადოებრივი სივრციდან შენობების აღქმად ნაწილებზე კონდიცირების, გათბობის, სარეცხის საშრობის და სხვა მსგავსი მოწყობილობების განთავსება არ არის დასაშვები. დასახელებული მოწყობილობის განთავსების ერთადერთ საშუალებას მისი საცხოვრებელი სახლის სახურავზე მონტაჟი წარმოადგენს; მოსარჩელემ საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, მათ შორის, ადგილზე დათვალიერების მიმდინარეობის დროსაც მიუთითა, რომ საერთო საკუთრებაში არსებულ სახურავზე განთავსებული მისი კუთვნილი კონდიცირების მოწყობილობის ფუნქციონირების და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ღონისძიებებს ვერ ახორციელებს, რამდენადაც მოწინააღმდეგე მხარე - პირველი მოპასუხე არ აძლევს მას აღნიშნულის შესაძლებლობას.
22. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით.
23. სააპელაციო პალატის მითითებით, წინამდებარე დავაზე უნდა გავრცელდეს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რამდენადაც აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა, ვინაიდან საზიარო ქონებას სამი თანამესაკუთრე ჰყავს სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოხსენებული კანონის შესაბამისი ნორმებით უნდა ეხელმძღვანელა.
24. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ და „ვ“ პუნქტებით, მე-5 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტით, მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით და აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში ამხანაგობის წევრს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დაცვით, მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საერთო სარგებლობის ფართზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ განხორციელებულა.
25. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კუთვნილი ქონებით სარგებლობის უფლებიდან გამომდინარეობს. მოსარჩელეს მიაჩნდა რა თავისი, როგორც მოსარგებლის უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, ნეგატორული სარჩელით მიმართა სასამართლოს.
26. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას მოწინააღმდეგე მხარისგან ხელშეშლის ფაქტის არსებობის დადასტურება წარმოადგენდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო დაესაბუთებინა ხელშეშლის მართლზომიერება.
27. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ექსპერტიზის დასკვნითა და ადგილზე დათვალიერების ოქმით დადასტურდა, რომ მოსარჩელეს პირველი მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის გამო, არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს უძრავი ქონების სახურავზე განთავსებული მისი კუთვნილი მოწყობილობით.
28. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.
29. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
29.1. ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 1997 წლის 26 ივნისის №929 თანხმობისა და 1997 წლის 2 ივლისის ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის №9.107.10 გადაწყვეტილებით კასატორმა საზიარო ქონებაში მეზობელთან იზოლირების მიზნით, კიბის უჯრედის რეკონსტრუქცია განახორციელა და დ. აღმაშენებლის გამზირის მხრიდან დამოუკიდებელი შემოსასვლელი მოაწყო. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ დოკუმენტებზე ყურადღება არ გაუმახვილებია. მოსარჩელეს თუ არ სურდა ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, კონკრეტული რეკონსტრუქციები განხორციელებულიყო, მას სადავოდ უნდა გაეხადა ისინი;
29.2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდების მე-7 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამხანაგობის წევრს უფლება აქვს ისარგებლოს საერთო ქონებით თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონს ან არ შელახავს სხვა წევრთა უფლებებს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის ავტორს ეზღუდება საკუთრების უფლება, კერძოდ, სხვენზე მოხვედრა შეუძლებელია კასატორის კერძო საკუთრების გვერდის ავლის გარეშე.
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
31. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
35. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
37. ამავე კანონის 172-ე მუხლის მეორე ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. აღნიშნული ნორმის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით.
38. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
39. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.
40. წინამდებარე დავის ფარგლებში დადგენილია, რომ მოსარჩელე საზიარო ქონების მესაკუთრეა, ხოლო მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ექსპერტიზის დასკვნითა და ადგილზე დათვალიერების ოქმით დადასტურდა, რომ მოსარჩელეს პირველი მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის გამო, წართმეული აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს საერთო ქონებითა და უძრავი ქონების სახურავზე განთავსებული მისი კუთვნილი მოწყობილობით.
41. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველ დავაზე უნდა გავრცელდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
42. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, მესაკუთრე არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე, ხოლო ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით.
43. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს ა) მიწის ნაკვეთი; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა; გ) მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.); დ) მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში; ე) სატრანზიტო გაყვანილობა.
44. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი კონკრეტული ობიექტების სარგებლობაში გადაცემა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, საერთო სარგებლობის ფართზე ინდივიდუალური საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მოსარჩელის უფლება ისარგებლოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით, შეზღუდულია. კასატორმა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაასაბუთა ხელშეშლის მართლზომიერება, საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიები კი ვერ შეუშლის ხელს ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებას, რამდენადაც მოსარჩელე მხარემ სათანადოდ გასწია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და აჩვენა, რომ კასატორი ხელს უშლის მას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით სარგებლობაში, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს საერთო ქონებით სარგებლობა და საზიარო ქონების სახურავზე მდებარე მისი კუთვნილი მოწყობილობის მოვლა-პატრონობა.
46. წინამდებარე დავის განხილვისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა გააჩნია თუ არა მოსარჩელეს ალტერნატიული საშუალება სახურავზე მოსახვედრად. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხოლოდ პირველი მოპასუხის მფლობელობაში არსებული ფართიდან არის შესაძლებელი სხვენის მეშვეობით საცხოვრებელი სახლის სახურავზე არსებულ კონდიციონერებამდე მისვლა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტი), აღნიშნულს არც თავად კასატორი უარყოფს, შესაბამისად, შეუძლებელია მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნაზე მიეცეს შესაძლებლობა ავიდეს სახურავზე მისი კუთვნილი კონდიციონერების მოვლა-პატრონობის განხორციელების მიზნით. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუტრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია ითმინოს ზემოქმედება მის ბინაში არსებულ სახლის ნაწილსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე (საერთო საკუთრებაზე), თუ ეს ზემოქმედება შეესაბამება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებულ პირობებს; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს წინამდებარე განჩინების 29.2. პუნქტში მითითებულ კასატორის პრეტენზიას.
47. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე № ას-1041-998-2014, 12 თებერვალი, 2016 წელი; საქმე №ას-1162-1107-2014,15 იანვარი, 2015 წელი; №ას-851-851-2018, 30 ნოემბერი, 2018 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
49. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ტ.ც–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ტ.ც–ძეს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს ე.კ–ის (პ/ნ: .....) მიერ 2019 წლის 28 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 (სამასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი და დარჩენილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% - 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე