Facebook Twitter

საქმე №ას-1260-2019 5 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ღ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ა.ღ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.გ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, საკუთარი სახსრებით განახორციელოს ქ.გორში, .... (ს/კ #.....) მდებარე შენობაზე გადასული სახურავისა და მშენებლობისთვის განკუთვნილი რკინის ბოძების დემონტაჟი, აღადგინოს საკანალიზაციო მილი და მოსარჩელეს მიეცეს უფლება, ისარგებლოს საკანალიზაციო ჭით, გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, ტერიტორიიდან გაიყვანოს ცხოველები (ძაღლები).

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელეს ქ.გორში, ........ მოპასუხესთან თანასაკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება. მიწის ნაკვეთი, მდებარეობისა და კონფიგურაციიდან გამომდინარე, წარმოადგენს ისეთ უძრავ ქონებას, რომლის რეალური გამიჯვნაც ვერ ხერხდება ინდივიდუალურ საკუთრებად, შესაბამისად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებას მხარეები ფლობენ თანაზიარად. მიუხედავად ამისა, მოპასუხის უკანონო ქმედებების შედეგად მოსარჩელეს ადგება ზიანი. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა ზედამხედველობის სამსახურს და შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რითაც მოპასუხე დაჯარიმდა 3 000 ლარით და ამავე დროს, გაფრთხილებულ იქნა, რომ თანამესაკუთრეთა ნებართვისა და პროექტის გარეშე არ აწარმოოს სამშენებლო საქმიანობა. მოპასუხემ კვლავ გააგრძელა სამშენებლო სამუშაოები თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ფართზე და ამავე დროს, ისე გათხარა მიწა, რომ დააზიანა საკანალიზაციო მილი, შემდგომ კი, დალუქა. მოპასუხის ქმედების შედეგად მოსარჩელეს შეექმნა გაუსაძლისი პირობები. მოპასუხე მოსარჩელეს ასევე ხელს უშლის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობაში (ს/კ. #.........), რომელსაც მოსარჩელე იყენებს საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელად (პატარა ეზო), ამ ტერიტორიაზე ჰყავს ძაღლები, რომლებსაც ხელშეშლის მიზნით, სპეციალური დამცავის გარეშე უშვებს ამ ფართში, შესაბამისად, მოსარჩელეს, ისევე, როგორც მასთან სტუმრად მისულ პირებს უჭირთ ეზოში გადაადგილება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპსუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ქ.გორში ..... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ #......) მართალია თანასაკუთრების უფლებითაა აღრიცხული, თუმცა თანასაკუთრების თაობაზე ჩანაწერი გასაჩივრებულია მის მიერ. მოპასუხე აწარმოებდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოებს, რადგან საკმაოდ დაზიანებული იყო და ატმოსფერული ნალექები ჩაედინებოდა სახლში. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იგი დაჯარიმდა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, თუმცა, დაჯარიმების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. გორის რაიონულმა სასამართლომ ხსენებული აქტი გააუქმა. მოპასუხემ ჯერ კიდევ 2015 წელს მიმართა შპს „გ.წ.კ–ის“ გორის სერვის ცენტრს და სთხოვა ოფიციალურად გაეფრთხილებინათ ა.ღ–ძე, რათა არ მომხდარიყო მისი მხრიდან უკანონო ხელშეშლა და თავისუფლად ჩაეტარებინა მისი ინდივიდუალური სარგებლობის წყალარინების სისტემის შეკეთებითი სამუშაოები. მოსარჩელის საკანალიზაციო მილი წლების განმავლობაში იყო დაერთებული მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე და მასვე უნდა ეზრუნა საკუთარი საკანალიზაციო ქსელის მოწყობაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხის მხრიდან აღკვეთილ იქნა ხელშეშლა იმდაგვარად, რომ ი.გ–ძეს დაევალა:

ა) საკუთარი ხარჯებით მოახდინოს მის სახელზე, ქ.გორში, ......... , #....... საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული სახურავის დემონატაჟი იმ ნაწილში, რომელიც გადადის მოსარჩელე ა.ღ–ძის #...... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ შენობა-ნაგებობის ნაწილზე (დაახლოებით 0.30 მ.);

ბ) მშენებლობისთვის განკუთვნილი რკინის ბოძების დემონტაჟი;

გ) აღადგინოს საკანალიზაციო მილი და მოსარჩელეს მისცეს უფლება ისარგებლოს საკანალიზაციო ჭით;

დ) უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომების მიღება მასთან მყოფ შინაურ ცხოველებთან (ძაღლები) ისე, რომ მათი ყოლით არ დაირღვეს მოსარჩელის ინტერესები (უზრუნველყოს ძაღლების ეზოში გაყვანა სპეციალური დამცავის (ალიკაპის) მეშვეობით და კონტროლი განახორციელოს მათზე უსაფრთხოების მიზნით).

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. ქ.გორში, ......... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: №........, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი 178.00 კვ.მ, შენობა #01 და #02 დამხმარე ნაგებობები), თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მხარეთა სახელზე. ამავე მისამართზე მდებარე 240 კვ.მ უძრავი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ: #.......) თანასაკუთრების უფლებით, ხოლო 216.28 კვ.მ შენობა-ნაგებობა #01, სართული I-II-III საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა.ღ–ძის სახელზე, 284.00 კვ.მ №..... არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თანასაკუთრების უფლებით, ხოლო 102.00 კვ.მ შენობა #01, სართული I-II საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი.გ–ძის სახელზე;

1.2.2. დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის #2/0111 დასკვნის თანახმად, ი.გ–ძის მიერ გაკეთებული სახურავი ცდება თანასაკუთრებაში არსებულ ხანძარსაწინააღმდეგო მნიშვნელობით აგებულ კედელს და გადადის ა.ღ–ძის მხარეს, დაახლოებით 0.30 მეტრით, რაც შემდგომ დაბრკოლებას შეუქმნის ა.ღ–ძეს სახურავზე სამუშაოების ჩატარებას და ამიტომ საჭიროებს ი.გ–ძის სახურავის ისეთ მდგომარეობაში მოყვანას, რომ არცერთ მესაკუთრეს არ შეექმნას დაბრკოლება სახურავზე სამუშაოების ჩატარებისას. ქ.გორში, ......... ქ#4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (ს/კ #......) ეზოს მხრიდან ი.გ–ძის მიერ ჩასმული რკინის ბოძები და ჟოლობი დამონტაჟებულია საჯარო რეესტრში (ს/კ #........) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რამაც გამოიწვია თანასაკუთრებაში მყოფი ეზოს შევიწროება. ი.გ–ძე საკადასტრო კოდზე #......... რეგისტრირებულ მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს იმდაგვარად, რომ არღვევს საკადასტრო კოდზე #........ მესაკუთრედ რეგისტრირებულ ა.ღ–ძის უფლებებს. მხარეებს ქ.გორში, ......... მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში საერთო საკუთრებაში გააჩნიათ საკანალიზაციო ჭა. მოპასუხე ი.გ–ძის მხრიდან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გაუქმდა საკანალიზაციო მილი და დაილუქა საკანალიზაციო ჭა, რითაც მოსარჩელეს არ ეძლევა მისით სარგებლობის საშუალება და აღნიშნულის გამო ექმნება გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები. ი.გ–ძეს ქ.გორში, ......... მდებარე საცხოვრებელ სახლში ჰყავს ძაღლები (ორი ძაღლი), რომლებიც გადაადგილდებიან სპეციალური დამცავის (ალიკაპი) გარეშე და მათი აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს, ასევე მასთან მისულ გარეშე პირებს ექმნებათ გადაადგილების საფრთხე.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია სამოქალაქო კოდექსის 170-ე (1) (2), 172-ე (2), 174-ე, 176-ე, 955-ე (2) მუხლები, რომელთა ფარგლებშიც დადგენილია, რომ მხარეები წარმოადგენენ მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეებს, ასევე, თანასაკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ნივთის ნაწილი. მოპასუხემ ინდივიდიუალური საკუთრების საგანზე სახურავის რეკონსტრუქციისას დაარღვია მოსარჩელის საზღვრები, რაც საფრთხის არსებობის პირობებში ხელყოფს მოსარჩელის უფლებას, გარდა ამისა, მოპასუხემ თვითნებურად მოახდინა საკანალიზაციო ჭისა და მოპასუხის საკუთრების საგნის დამაკავშირებელი მილის დემონტაჟი, მშენებლობისათვის საჭირო რკინის ბოძების განთავსებით შეამცირა საერთო საკუთრების ობიექტით მოსარჩელის მიერ სარგებლობის შესაძლებლობა, ხოლო, უსაფრთხოების წესების დაუცველად ცხოველების ყოლით მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში. ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება, როგორც სანივთო, ისე _ კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის ზემოხსენებული ნორმებით დადგენილ აკრძალვებსა და სამეზობლო თმენის ვალდებულებას და ვერ იქნება განხილული მოპასუხის მხრიდან უფლების მართლზომიერ გამოყენებად. საგულისხმოა, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ზემოხსენებული გარემოებები გამომდინარეობს საქმის მასალების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევიდან (სსსკ-ის 105-ე მუხლი), ხოლო კასატორს არ მიუთითებია იმგვარ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა ანალიზი საკასაციო პალატას ჩამოუყალიბებდა განსხვავებულ შინაგან რწმენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სარჩელი წარმატებულია, ხოლო, საკასაციო საჩივარში გამოთქმული კრიტიკა არ ექვემდებარება გაზიარებას. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ხელშეშლის აღკვეთის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ნ.მ–ძის მიერ კასატორის სახელით 15.10.2019წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ი.გ–ძეს (პ/#..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ.მ–ძის მიერ კასატორის სახელით 15.10.2019წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი