Facebook Twitter

საქმე №ას-1247-2019 27 აპრილი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „L.G.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მერია) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „L.G.-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან კომპანია) მიმართ, შეცდომით გადახდილი 8 417,55 ლარის დაბრუნების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2017 წლის 29 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #116 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ბროწეულა-მუხიანის რკინიგზის გადასარბენი 2284 კმ-ის პიკეტ 2-ზე პირუტყვის გადასარეკი გვირაბის მოწყობის სამუშაოს შესყიდვას. ხელშეკრულების შესაბამისად, შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენდა 316 239 ლარს. ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით. 2017 წლის 1 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე, სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 347 861 ლარით. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა ექვს ეტაპად. #116 ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, მოსარჩელის მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული უნდა ყოფილიყო შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევარი _ 2,5%-ის დაბრუნება უნდა მომხდარიყო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ხოლო, მეორე ნახევარი _ სამუშაოს საგარანტიო ვადის _ ხუთი წლის გასვლის შემდეგ. თუ დაფიქსირდებოდა ინსპექტირების ჯგუფის მიერ სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მოპასუხეს თანხა არ აუნაზღაურდებოდა დეფექტების გამოსწორებამდე. ხელშეკრულების 16.2.3 მუხლით გათვალისწინებული იყო შესასრულებელ სამუშაოთა განსაზღვრული ვადების დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,02%-ის ოდენობით პირგასამტეხლო. მოპასუხემ სამუშაოების დასრულებისათვის შეთანხმებული ვადა 10 კალენდარული დღით დაარღვია, რისთვისაც მას პირგასამტეხლოს სახით უნდა დაკავებოდა 695,72 ლარი, მაგრამ, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, ნაცვლად 329 485.11 ლარისა, კომპანიას შეცდომით გადაურიცხა 338 698.38 ლარი, ისე, რომ არ დაუკავა საგარანტიო თანხა _ 8 466,18 ლარი და პირგასამტეხლო _ 695,72 ლარი.

2018 წლის 17 მაისს კომპანიის დირექტორს წერილობით მიმართა მერიამ, დაებრუნებინა შეცდომით ჩარიცხული თანხა. წერილის საფუძველზე მოპასუხემ დააბრუნა მხოლოდ 795,70 ლარი, ხოლო, საგარანტიო თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ თუ საგარანტიო ვადის გასვლამდე აღმოჩენილი იქნებოდა ჩატარებულ სამუშაოებზე ხარვეზი, კომპანია საკუთარი სახსრებით გამოასწორებდა მას. აღნიშნულით ირღვევა ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მოთხოვნები. გამომდინარე აღნიშნულიდან მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კომპანია თავისი ქმედებით ცდილობს მუნიციპალიტეტის ხარჯზე შემოსავლების გაზრდას და უსაფუძვლოდ გამდიდრებას, რადგან სადავო თანხის ჩარიცხვას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მოსარჩელემ სწორად გადაიხადა თანხა, რადგან ამის ვალდებულება გააჩნდა. სამოქალაქო კოდექსის 364-ე და 366-ე მუხლები არ გამორიცხავს მერიის უფლებას, ვადაზე ადრე გადაიხადოს ნარდობის საზღაური, შესაბამისად, არ არსებობს, თანხის დაბრუნების საფუძველი, ხოლო, მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 987-ე მუხლების წინაპირობებს, ვინაიდან მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს შესრულებული სამუშაოდან ღირებულებას, რომელიც 5 წლის გასვლის შემდეგ ექვემდებარებოდა დაბრუნებას. დროულად თუ ვადაზე ადრე მოსარჩელეს, მაინც უნდა გადაეხადა იგი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 417,55 ლარის გადახდა..

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2017 წლის 29 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #116 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე ბროწეულა-მუხიანის რკინიგზის გადასარბენი 2284 კმ-ის პიკეტ 2-ზე პირუტყვის გადასარეკი გვირაბის მოწყობა. შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენდა 316 239 ლარს. ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა მისი გაფორმებიდან 2017 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით. 2017 წლის 1 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 347 861 ლარით. ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, მერიის მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული უნდა ყოფილიყო შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის _ 2,5%-ის დაბრუნება უნდა მომხდარიყო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ხოლო, მეორე ნახევრის _ სამუშაოს საგარანტიო ვადის, ხუთი წლის გასვლის შემდეგ. თუ დაფიქსირდებოდა ინსპექტირების ჯგუფის მიერ სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, კომპანიას თანხა არ აუნაზღაურდებოდა დეფექტების გამოსწორებამდე. ამავე ხელშეკრულების 10.2. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენდა ხუთ წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მოპასუხე ვალდებული იყო, საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა;

1.2.2. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა ექვს ეტაპად. მოსარჩელის მტკიცებით, მეექვსე (საბოლოო) ეტაპზე ანგარიშსწორების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული საგარანტიო ვადის ამოწურვამდე (ხუთი წელი) შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5%-ის დაკავება. შესაბამისად, კომპანიის საანგარიშსწორებო რეკვიზიტზე, ნაცვლად დასაბრუნებელი საგარანტიო თანხისა (შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5% _ 8 466,18 ლარი), გადარიცხული იქნა დაკავებული საგარანტიო თანხის მთლიანი ოდენობა, იმავე სამუშაოს ღირებულების 5% _ 16 932,36 ლარი, რამაც განაპირობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსაბამო გადარიცხვა 8 466,18 ლარის ოდენობით;

1.2.3. მოპასუხეს 2018 წლის 17 მაისს გაეგზავნა წერილი ზედმეტად ჩარიცხული თანხის დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა მან უარი განაცხადა მასზე. თანხის დაბრუნება მოსარჩელეს მოპასუხემ მოსთხოვა მისი გადარიცხვიდან ნახევარი წლის შემდგომ, 2018 წლის მაისში;

1.2.4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის 10 მაისის დასკვნის მიხედვით, დასაკავებელი საგარანტიო თანხა ჯამში შეადგენდა 16 932,35 ლარს, საიდანაც ნახევარი დაექვემდებარა სავალდებულო დაბრუნებას. დოკუმენტაციის თანახმად, მიწოდებული სამუშაოს ღირებულების ანგარიშსწორებისას, გადარიცხვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მხრიდან #116 ხელშეკრულების 10.1 პუნქტით გათვალისწინებული საგარანტიო ვადის იგნორირებით, საბოლოო, მეექვსე ეტაპზე ანგარიშსწორების პროცესში არ იქნა საგარანტიო ვადის ამოწურვამდე შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5.%-ის დაკავება, შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა რეკომენდაცია, მოეხდინა ზედმეტად მიღებული თანხის დაბრუნება;

1.2.5. მოპასუხე არ უარყოფს, რომ საგარანტიო თანხა მოსარჩელემ გადაურიცხა საგარანტიო ვადის გასვლამდე, თუმცა მისი მტკიცებით, მოსარჩელის მიმართ თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნია, რადგან ამ თანხით მოპასუხე უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა. მან თანხა სამართლებრივი საფუძვლით მიიღო, რადგანაც მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ სამუშაოების შესრულებისას დეფექტები არ არსებობობდა. მიღებული თანხიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა შესაბამისი გადასახადები და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

1.2.6. სამუშაოს ჩაბარების დროს რაიმე ხარვეზი ინსპექტირების ჯგუფს არ გამოუვლენია, გარდა ამისა, ხარვეზთან დაკავშირებული პრეტენზია მოსარჩელეს მოპასუხისათვის დღემდე, ანუ სამუშაოს დასრულებიდან თითქმის 2 წლის შემდგომაც არ ქონია;

1.2.7. თანხის ჩარიცხვის შემდგომ, მოპასუხემ გაისტუმრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა კონდიქციურ ვალდებულებას ემყარება, რამდენადაც მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან შეცდომით გადაუხადა თანხა მოპასუხეს. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამგვარი მოთხოვნა გამართლებულია თუ:

i ერთმა პირმა მეორე პირს გადასა რაიმე სიკეთე;

ii გადაცემის ვალდებულება, გარიგების ბათილობის გამო არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში.

სწორედ ამ ორი ელემენტის არსებობა განაპირობებს სამართლებრივ სიკეთეთა გადანაცვლებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და იწვევს ვითომ-კრედიტორის ვალდებულებას, აღადგინოს უსაფუძვლოდ მიღებულ შესრულებამდე არსებული წონასწორობა.

მოპასუხემ სარჩელს არსებითი შედავება დაუპირისპირა და განმარტა, რომ გადაცემას გააჩნდა სახელშეკრულებო საფუძველი, ის ვარაუდობდა, რომ მერია ვალდებულებას ასრულებდა ვადამდე, გარდა ამისა, თანხის მიღების შედეგად კომპანიამ გაისტუმრა საგადასახადო ვალდებულებები. მითითებული ფაქტები საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად მოახდინა ამ ფაქტების სუბსუმირება სამოქალაქო კოდექსის 364-ე და 976-ე (2) „გ“ მუხლებთან, რომლებიც გამორიცხავენ სარჩელის წარმატებულობას.

ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედავებას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შესრულების კონდიქციის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მრავალთა შორის იხ. სუსგ №ას-140-2019, 14 ნოემბერი, 2019 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი