Facebook Twitter

საქმე №ას-1233-2020 8 აპრილი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს.ს.კ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ვ.ჩ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.ს.კ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი, მოვალე ან კომპანია) მიმართ სესხის ძირი თანხის _ 282 375 ლარისა და სარგებლის _ 287 002,50 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2007 წლის 18 ოქტომბერს თ.თ–სა და კომპანიას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ამავე წლის 29 ოქტომბერს მოპასუხეს გადაეცა 281 375 ლარი. სესხი იყო სარგებლიანი. ხელშეკრულების თანახმად, ვალი პროცენტთან ერთად მსესხებელს 2013 წლის 28 ოქტომბერს უნდა დაებრუნებინა. მოპასუხემ დათქმულ ვადაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მასთან მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო (2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფძველზე, თ.თ–ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ვ.ჩ–ძე). მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელემ სარგებლის მოთხოვნის ნაწილში შეამცირა დავის საგანი და მოითხოვა, მოპასუხისათვის პროცენტის სახით 287 002.50 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, რამდენადაც მას თანხა არ გადასცემია, საპირისპირო ვითარებაშიც კი, გამსესხებელს მიღებული აქვს კუთვნილი თანხა, გარდა ამისა, მოთხოვნილი პროცენტი შეუსაბამოდ მაღალია, რამდენადაც 7 წლისა და 344 დღის სარგებელი ძირითადი თანხის 100%-ზე მეტია. პროცენტის გადახდის ვალდებულება კი, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა 6 თვის განმავლობაში - 2008 წლის 28 აპრილს. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2015 წლის 7 ოქტომბერს, შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულია.

სესხის თანხის გადაუცემლობის ფაქტს ადასტურებს ის, რომ 2007 წლის 25 დეკემბერს, ბელიზის რესპუბლიკაში რეგისტრირებულმა კომპანიამ „ე.ფ–მა“ 1 850 000 აშშ დოლარად გაყიდა მის საკუთრებაში არსებული შპს „ს.ს.კ–ის“ 100% წილი და იგი შეიძნა შპს „ვ.ი–მა“, რომლიც ამჟამად არის შპს „ს.ს.კ–ის“ ერთადერთი პატრნიორი. თ.თ–ი იყო „ე.ფ–ის“ წარმომადგენელი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას. ამ ხელშეკრულებაში გამყიდველი აღიარებს მხოლოდ შპს „ს.ს.კ–ის“ საგადასახადო ვალდებულების არსებობას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მსესხებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2007 წლის 28 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის _ 281 375 ლარისა და სარგებლის _ 287 002,5 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2007 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულება გაფორმებულია, ერთი მხრივ, შპს „ს.ს.კ–ასა“ და, მეორე მხრივ, თ.თ–ს შორის. ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელი ვალდებულია, მსესხებელს გადასცეს 281 375 ლარი. სეხისთვის გათვალისწინებულია წლიური 17%, რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს, სესხის სრულად დაბრუნებისას. ხელშეკრულების მე-2 პუნქტით სესხის ვადა განისაზღვრა ექვსი წლით. მე-4 პუნქტის მიხედვით, მსესხებელი ვალდებული იყო სესხი სრულად დაეფარა ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო, მე-3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა არის გამსესხებლის მხრიდან სესხის გაცემიდან წლის ბოლომდე;

1.2.2. სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, სს „ბ.ბ–ის“ მეშვეობით შპს „ს.ს.კ–ის“ ანგარიშზე 2007 წლის 29 ოქტომბერს თ.თ–მა ჩარიცხა 222 672,60 ლარი. გადახდის დანიშნულებაში მითითებულია თანხის სესხად გაცემა. ამავე დანიშნულებით არის შევსებული 2007 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებული სალაროს შემოსავლის #2 ორდერი, რომლის თანახმად 58 702,40 ლარი სესხის სახით გადაცემული აქვს შპს „ს.ს.კ–ას“ თ.თ–ისაგან;

1.2.3. 2007 წლის 25 დეკემბერს, ერთი მხრივ, შპს „E-სა“ (წარმოდგენილი თ.თ–ი) და, მეორე მხრივ, შპს „ვ.ი–ის“ (წარმოდგენილი თ.თ–ი) შორის გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „ვ.ი–მა“ შეიძინა შპს „E-ის“ 100%-იანი წილი შპს „ს.ს.კ–აში“. შპს „ს.ს.კ–ის“ ანგარიშის ბარათისა და სალაროს შემოსავლის ორდერების თანახმად, რომლებიც დათარიღებულია 2008 წლის 9 იანვრით, 31 ივლისითა და 6 აგვისტოთი, იმ დროისათვის, როდესაც შპს „ვ.ი–ი“ იყო შპს „ს.ს.კ–ის“ 100%-იანი წილის მფლობელი, კომპანია ადგენდა დოკუმენტებს თ.თ–ის სესხის დაფარვასთან დაკავშირებით. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ამავე პერიოდისათვის შპს „ს.ს.კ–ის“ დირექტორად ახალი მფლობელის მიერ დანიშნული იყო ვალენტინ ივანოვ ივანოვი, შესაბამისად, ივარაუდება, რომ კომპანიის ერთადერთი პარტნიორისათვის, ხელმძღვანელ პირს უნდა ეთქვა კომპანიიდან გასული თანხის მიზნობრიობის შესახებ, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია თავადაც შეეძლო პარტნიორს მოეპოვებინა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტიდან და ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე.

1.2.4. მოვალეს ვალდებულების შესრულების დამდასტურებელი დოკუმენტი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. საქმეში დაცულია ანგარიშის ბარათი, ჟურნალის ასლები და სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლებიც შედგენილია მოვალე კომპანიის და არა კრედიტორის მიერ.

1.2.5. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2015 წლის 13 ოქტომბერს;

1.2.6. 2015 წლის 10 ნოემბერს თ.თ–სა და ვ.ჩ–ძეს შორის დაიდო მოთხოვნის უფლების გადაცემის შესახებ გარიგება, რომლის საფუძველზეც, თ.თ–მა ვ.ჩ–ძეს დაუთმო 2007 წლის 28 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები შპს „ს.ს.კ–ის“ მიმართ 281 375 ლარის ოდენობით, ყოველწლიურად 17%-ის დარიცხვით.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებში სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაადასტურებს მოპასუხისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემას იმავე სახისა და ხარისხის დაბრუნების პირობით. ამ მხრივ სარჩელი გამართულია, რამდენადაც წერილობით ხელშეკრულებასთან ერთად წარმოდგენილია საგადახდო დავალების ასლები მსესხებლისათვის თანხის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. ამდენად, თანხის გადაცემის შესახებ მოპასუხის შედავება უსაფუძვლოა. გარდა ამისა, უდავოა, რომ მოსარჩელე, სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენს გამსესხებლის უფლებამონაცვლეს, რაც სათანადო მოსარჩელის საკითხს ადასტურებს. რაც შეეხება ხელშეკრულების ვადას, სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მთლიანი შინაარსის ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ურთიერთგამომრიცხავი დებულებების არსებობის პირობებში ხელშეკრულების მოქმედების ვადა 6 წლით უნდა განსაზღვრულიყო, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, 53-ე და 62-ე მუხლების თანახმად, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი. გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ურთიერთგამომრიცხავი დებულებების პირობებში ხელშეკრულების მოქმედების ვადა ვერ განისაზღვრებოდა, ვადის განსაზღვრის ნაწილში გარიგება მიიჩნეოდა ბათილად და ჩაითვლებოდა, რომ ხელშეკრულება დადებული იქნებოდა განუსაზღვრელი ვადით. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორს ნებისმიერ დროს წარმოეშობოდა მოთხოვნის უფლება, ხოლო, მოვალეს _ შესრულების ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი სწორედ მოთხოვნის წარმოშობის დროს უკავშირდება (სკ-ის 130-ე მუხლი) და ამ დროიდან სარჩელის აღძვრამდე არ არის გასული სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 3-წლიანი ვადა. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედავებას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე, ასევე, ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელების საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ო.ჯ–ის მიერ 31.08.2020წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარისა და შპს „ქ.ი.ჯ–ის“ მიერ 21.09.2020წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 7 900 ლარის, სულ _ 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.ს.კ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ს.ს.კ–ას“ (ს/კ #.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ო.ჯ–ის მიერ 31.08.2020წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარისა და შპს „ქ.ი.ჯ–ის“ მიერ 21.09.2020წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 7 900 ლარის, სულ _ 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი