Facebook Twitter

საქმე №ას-1189-2019 8 აპრილი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ს–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ჯ.ს–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდგე მხარე ან კომპანია) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში _ მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი ან სააგენტო) მიმართ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის _ 129 340 ლარის 500 ლარამდე შემცირების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელეს სურდა მონაწილეობის მიღება 2016 წლის 4 ნოემბერს გამართულ NAT160002715 ტენდერში, რომელიც გულისხმობდა „#4 ზონაში“ გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებს 3 წლის განმავლობაში. ტენდერის ღირებულება შეადგენდა 12 933 968 ლარს. კომპანიამ გადაიხადა 50 ლარი, ხელი მოაწერა აფიდავიტის პირობებს და წარადგინა სს „პ.ბ–ის“ მიერ გაცემული, ელექტრონული სატენდერო წინადადების გარანტიის შესაბამისი კოდები. 2016 წლის 4 ნოემბერს, 11:35 საათიდან 11:47 საათამდე, მოსარჩელე ტვირთავდა სატენდერო დოკუმენტაციას, ხოლო 11:51 საათზე, დოკუმენტების მიღების დამთავრებამდე 9 წუთით ადრე, ტექნიკური ხასიათის შეცდომის აღმოჩენის გამო (ატვირთული იყო პარტნიორი ორგანიზაციის რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც იმავე კომპიუტერში ინახებოდა), კომპანიამ წაშალა სატენდერო წინადადება სათანადო დოკუმეტაციის თავიდან ატვირთვის მიზნით, თუმცა სისტემამ უარი თქვა დოკუმენტების (საბანკო გარანტიის) ხელახალ მიღებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ სს „პ.ბ–ს“ მოსთხოვა სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის გარანტიის _ 129 340 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ პირობების არაარსებითი დარღვევის მიუხედავად (რომელიც გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით და არც სახელმწიფოს და არც მესამე პირებს ზიანი არ მისდგომიათ), მოპასუხე მოითხოვს გარანტიის პირობების ამოქმედებას და 129 340 ლარის ანაზღაურებას, რაც შეუსაბამოდ მაღალი თანხაა.

2. მოპასუხის პოზიცია:

საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა 2017 წლის 28 სექტემბერს, მასვე განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის თანხა _ 129 340 ლარიდან შემცირდა 500 ლარამდე;

3.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სააგენტომ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერება. ამ თვალსაზრისით კასატორის პრეტენზია ძირითადად მიმართულია იმისკენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიული თვალსაზრისით ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, რამდენადაც, სააგენტო მიიჩნევს, რომ ტენდერში მონაწილეობის წესი და პირობები საჯარო კანონმდებლობითაა დადგენილი და სარჩელში მითითებული ფაქტების გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ არსებობს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლის ნორმა, შესაბამისად, სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საგარანტიო თანხის შემცირების თაობაზე გაუმართლებელია.

1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:

საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:

1.2.1. მოსარჩელეს სურდა 2016 წლის 4 ნოემბერს მონაწილეობა მიეღო NAT160002715 ტენდერში, რომელიც გულისხმობდა #4 ზონაში გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების წარმოებას 3 წლის განმავლობაში. ტენდერის ღირებულება შეადგენდა 12 933 968.00 ლარს;

1.2.2. კომპანიამ გადაიხადა 50 ლარი, ხელი მოაწერა აფიდავიტის პირობებს და წარადგინა სს „პ.ბ–ის“ მიერ გაცემული ელექტრონული სატენდერო წინადადების გარანტიის შესაბამისი კოდები;

1.2.3. 2016 წლის 4 ნოემბერს, 11:51 საათზე, სატენდერო წინადადების მიღების დამთავრებამდე 9 წუთით ადრე, ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო (რა დროსაც ატვირთულ იქნა პარტნიორი ორგანიზაციის შპს „R-ის“ დოკუმეტები, რომელიც იმავე კომპიუტერში ინახებოდა), წაშალა სატენდერო წინადადება სათანადო დოკუმენტაციის თავიდან ატვირთვის მიზნით, თუმცა სისტემამ უარი თქვა ახალი, სატენდერო წინადადების (დოკუმენტების ხელახალ) მიღებაზე;

1.2.4. სააგენტომ სს „პ.ბ–ს“ მოსთხოვა სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის 129 340 ლარის გადახდა.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მიერ სამართლის ნორმათა დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არა თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით განსაზღვრული ინსტიტუტის _ დაუსწრებელი გადაწყვეტილების წესების, არამედ _ მატერიალური სამართლის ნორმათა არასწორ გამოყენებას და, შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხის სამოქალაქო სამართლის ნორმათა ფარგლებში შეფასებას ემყარება, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა.

1.3.1. წინამდებარე დავის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების მომწესრიგებელი კანონის ფარგლებში განსაზღვრული საგარანტიო თანხის ოდენობის შემცირება და უკვე გადახდილის უკუქცევა. საქმის მასალებით უდავოა, რომ კომპანიას სურდა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება, რის გამოც, განახორციელა საჯარო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებები. საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ სქართველოს კანონის 121 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენის წესსა და პირობებს. ხსენებული ნორმის 31 პუნქტი ადგენს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით განხორციელებისას სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია სააგენტოს უნდა წარედგინოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენის წესი და პირობები, გარანტიის სახეობები და ოდენობა დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

1.3.2. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით სწორედ ხსენებული გარანტიის თანხის შემცირებას ითხოვს პრეტენდენტი, რამდენადაც მიიჩნევს, რომ ტექნიკური შინაარსის შეცდომის გამო, მას კანონით განსაზღვრული ვალდებულება არ დაურღვევია და არ არსებობს საგარანტიო თანხის სააგენტოს მიერ მოთხოვნის წინაპირობა.

1.3.3. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, აგრეთვე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 19​1 მუხლითა და „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კი, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. გარდა ამისა, მოპასუხე ორგანიზაცია წარმოადგენს საჯარო სამართლის სფეროს მიკუთვნებულ სუბიექტს, რამდენადაც განსახილველი კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანოა ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომლის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი (დამატებით იხ. სზაკ-ის 2.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი: ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს).

1.3.4. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება დავასკვნათ, რომ შეფასების ობიექტს წარმოადგენს საჯარო კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც წარმოიშვა ადმინისტრაციულ ორგანოსა და კერძო სამართლის სუბიექტს შორის, თუმცა, როგორც თავად სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი, ისე _ მისი წარმოშობის საფუძველი საჯაროა. სააპელაციო სასამართლომ კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში საჯარო ხასიათის ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის საფუძვლიანობა სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესაბამისად შეამოწმა, თუმცა საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებსა და დასკვნებს, რადგანაც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

1.3.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, რომელშიც მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, ნორმის პირველი-მე-3 ნაწილების თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

1.3.6. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით შემოთავაზებული დავები, რომელთა შორისაცაა, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების კანონიერება. კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნულ ნორმებში, ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

1.3.7. საკასაციო პალატის შეფასებით, წინამდებარე დავის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ დავად მიჩნევას განაპირობებს შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: ერთ-ერთი მოდავე სუბიექტი ადმინისტრაციული ორგანოა, სამართლებრივი ურთიერთობა საჯარო კანონმდებლობიდანაა წარმოშობილი და მას საჯარო-სამართლებრივი მიზანი გააჩნია.

1.3.8. ამდენად, მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი, რის გამოც არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის, ხოლო ამ კატეგორიის საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

1.3.9. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (მუხლი 26), რაც გულისხმობს დავის განხილვასა და გადაწყვეტას უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.

1.3.10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის საკითხი, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული საგარანტიო თანხის უკუქცევის კანონიერება სამოქალაქო სამართალწარმოების გზით უნდა შეფასებულიყო და არასწორად არ გადაუგზავნა საქმე განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გააჩნდა ამ საქმის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება.

1.4. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მოცემული საქმის განსჯადობის წესების დაცვით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.

2. პროცესის ხარჯები:

ვინაიდან საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი