Facebook Twitter

საქმე №ას-1143-2019 22 მარტი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე.ბ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.რ.კ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უშედეგო მკურნალობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ე.ბ–ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან პაციენტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში – შპს „ლ.რ.კ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია ან კლინიკა) მიმართ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 18 145 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2012 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ სტაციონალური მკურნალობა დაიწყო მოპასუხე კლინიკაში დიაგნოზით: რეაქტიული ართრიტი (პოლიოართრიტი) საკროილეიტი, ასეპტიკური ნეკროზი, ოსტეოლიზისი, სახსრების კონტრაქტურა. ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა კლინიკის მიერ პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა ტრადიციული მეთოდით (ალტერნატიული). მოსარჩელემ კლინიკაში გაიარა მკურნალობის კურსი სამი თვის განმავლობაში, რაშიც გადაიხადა 18 145 ლარი. მიუხედავად ხელშეკრულების ზოგადი ხასიათისა, კლინიკა დაჰპირდა პაციენტს, რომ იგი შეძლებდა ჩაკეტილი სახსრების გაშლა-მოძრაობას, აღარ ექნებოდა ტკივილები, ივლიდა დამხმარე საშუალებების გარეშე. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა, გაუმჯობესების მაგივრად გაუარესდა - უცვლელია სიარულის ხარისხი, გაუარესდა იდაყვის მდგომარეობა, არცერთ სახსარზე არ შეინიშნება ტკივილების შეწყვეტა და მცირედი გაუმჯობესებაც კი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მკურნალობის დაწყებამდე კლინიკასა და მოსარჩელეს შორის არავითარი შეთანხმება არ არსებულა, ის პაციენტს არ დაჰპირებია, რომ აღარ ექნებოდა ტკივილები, შეძლებდა კიდურების თავისუფლად მოძრაობას და ყავარჯნების დაუხმარებლად სიარულს. ამგვარ დაპირებას კლინიკა მას ვერც მისცემდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. მხარეთა შორის საუბარი იყო მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ მკურნალობაზე. მკურნალობის პროცესში მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი - რეალურად გაუმჯობესდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რასაც თვით მოსარჩელეც ადასტურებდა. მკურნალობის ვადის გაგრძელების ფაქტიც ადასტურებს, რომ კლინიკაში მკურნალობა შედეგიანი იყო. მოპასუხეს არ დაურღვევია ვალდებულება და არ არსებობს მკურნალობის საზღაურის დაბრუნების საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 18 145 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კლინიკამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2012 წლის 27 ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე სამკურნალოდ განთავსდა მოპასუხე კლინიკაში დიაგნოზით: რეაქტიული ართრიტი (პოლიართრიტი), საკროილეიტი, ასეპტიკური ნეკროზი, ოსტეოლიზისი, სახსრების კონტრაქტურა. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანია კლინიკის მიერ პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა ტრადიციული მეთოდით (ალტერნატიული) და პაციენტის მიერ მკურნალობის საფასურის გადახდა. 2.4. პუნქტით გათვალისწინებულია კლინიკის ვალდებულება: გაააცნოს პაციენტს შინაგანაწესი და სამკურნალო დანიშნულება, გააცნოს მას მკურნალობის მოცულობა დაწესებულების პრეისკურანტის შესაბამისად; შეუქმნას სათანადო პირობები მკურნალობისათვის. ამავე ხელშეკრულების 2.3.2 ქვეპუნქტის მიხედვით, კლინიკა უფლებამოსილია, შეწყვიტოს მკურნალობა, თუ მკურნალობის მეთოდი არ იძლევა სასურველ შედეგს, ხოლო, 2.3.6 ქვეპუნქტის შესაბამისად, კლინიკა არ იღებს ვალდებულებას პაციენტის მიმართ მკურნალობის პერიოდში გამოწვეული ჯანმრთელობის სხვა გართულებების შედეგებზე, რაც არ შედიოდა კლინიკის მიერ დანიშნულ მკურნალობაში;

1.2.2. პაციენტმა კლინიკაში გაიარა სტაციონარული მკურნალობის კურსი სამი თვის განმავლობაში და მის მიერ გადახდილი თანხა შეადგენს 18 145 ლარს;

1.2.3. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ მკურნალობისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურება. მოთხოვნას მოსარჩელე ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების ზოგადი და ბუნდოვანი ხასიათის მიუხედავად, კლინიკა მას დაჰპირდა, რომ იგი შეძლებდა ჩაკეტილი სახსრების გაშლა-მოძრაობას, აღარ ექნებოდა ტკივილები, ივლიდა დამხმარე საშუალებების გარეშე. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესების მაგივრად გაუარესდა – უცვლელია სიარულის ხარისხი, გაუარესდა იდაყვის მდგომარეობა, არცერთ სახსარზე არ შეინიშნება ტკივილების შეწყვეტა და მცირედი გაუმჯობესებაც კი. ამასთან, ბოლო გამოკვლევებით (რენტგენოგრაფიით) მოსარჩელეს დაუდგინდა მენჯ–ბარძაყის ორმხრივი კოკსართროზი, რაც ნიშნავდა ისევ ოპერაციას და მდგომარეობის გაუარესებას;

1.2.4. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაიკითხა მოსარჩელის მეუღლე მ.კ–ი, რომელმაც განმარტა, რომ მხარეები შეთანხმდნენ პაციენტის განკურნებაზე, პაციენტს მკურნალობის შედეგად აღარ უნდა დასჭირვებოდა ყავარჯენი და თავიდან უნდა აეცილებინათ ოპერაცია, რასაც სამედიცინო დაწესებულებები მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამასთან, მოწმე თავად მიუთითებს, რომ როგორც საქართველოში, ისე _ საზღვარგარეთ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ექიმებმა მკურნალობის ერთადერთ გზად მიიჩნიეს ოპერაციული მკურნალობა (იხ.: 07.04.2017წ. სხდომი ოქმი, 10:04:16 – 10:17:46). მოწმედ დაიკითხა ასევე ლ.ნ–ძე, რომელიც მოპასუხე კლინიკაში უშუალოდ მკურნალობდა მოსარჩელეს. მოწმის ჩვენებით, მას პაციენტის განკურნების თაობაზე დაპირება არ გაუცია. პაციენტი იყო რთულ მდგომარეობაში, ჩატარებული ჰქონდა დიაგნოსტიკა როგორც საქართველოში, ისე _ საზღვარგარეთ. უჭირდა ადგომა, დაწოლა, დადიოდა ორი ყავარჯნით. მოწმის ჩვენებით, პაციენტი ერთი თვით განთავსდა კლინიკაში მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით, პაციენტს განემარტა მკურნალობის საფასურისა და მკურნალობის მეთოდის შესახებ. ერთი თვის შემდეგ, ვინაიდან თავად პაციენტი თავს კარგად გრძნობდა და შედეგს ამჩნევდა, გამოთქვა თანხმობა მკურნალობის გაგრძელებაზე. კიდევ ორი თვით გაგრძელდა მკურნალობა და უკეთესი შედეგიც სახეზე იყო (იხ.: 07.04.2017წ. სხდომი ოქმი, 10:21:39- 10:32:24). მოსარჩელის პოზიციის საწინააღმდეგოდ მოპასუხე განმარტავს, რომ ვიზუალური შედეგით, რომელიც ასახულია მკურნალობის ეტაპების ამსახველ ვიდეოფირზე, ჩანს რომ მკურნალობის შემდგომი მდგომარეობა გაუმჯობესებულია იმასთან შედარებით, რაც იყო მკურნალობის დასაწყისში. კერძოდ, თუ დასაწყისში მოსარჩელე ძნელად გადაადგილდებოდა ორი ყავარჯნით, მკურნალობის შემდეგ იგი შედარებით თავისუფლად გადაადაგილდება უყავარჯნოთ და სრულიად თავისუფლად ერთი ყავარჯნით. მოპასუხე ასევე მიუთითებს მოსარჩელის მადლობის წერილზე. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია მკურნალობის ეტაპების ამსახველი ვიდეოფირი. საქმეში ასევე წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ 2018 წლის 18 სექტემბერს შედგენილი მადლობის წერილი, რომელშიც მოსარჩელე მადლობას უხდის კლინიკის პერსონალს და ექიმს გულისხმიერებისთვის და საოცრებას უწოდებს იმ ფაქტს, რომ მკურანლობის შემდეგ პირველად გაიარა და ვერ მალავდა აღფრთოვანებას;

1.2.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით დაინიშნა ექსპერტიზა და ექსპერტს დაესვა შემდეგი კითხვები:

- შპს „ლ.რ.კ–აში“ მკურნალობის დაწყების მომენტისთვის 2012 წლის 27 ივნისის ხელშკრულების საფუძველზე როგორი იყო ე.ბ–ას დიაგნოზი და როგორი იყო მისი მდგომარეობა ცალ-ცალკე დაავადებების მიხედვით? როგორია დიაგნოზირებული დაავადებების ხანდაზმულობა?

- შპს „ლ.რ.კ–აში“ მკურნალობის დაწყების მომენტისთვის იყო თუ არა ე.ბ–ია დაავადებული რეაქტიული ართრიტით (პოლიართრიტი), ასეპტიური ნეკროზით, ოსტეოლიზისით, სახსრების კონტრაქტურით, საკროილეიტით და, დადებით შემთხვევაში, როგორი იყო პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა ცალ-ცალე დაავადებების მიხედვით?

- შპს „ლ.რ.კ–აში“ მკურნალობის დაწყების შემდგომ როგორი იყო დიაგნოზირებული ავადმყოფობების მიმდინარეობა ცალ-ცალკე და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა მკურნალობის დაწყებიდან ყოველი მომდევნო თვის ბოლოს და აღნიშნული დაავადებებისთვის სამედიცინო სფეროში დადგენილი მკურნალობის პროცესის ეფექტურობის განსაზღვრისთვის ნორმატიული ბაზით, გაიდლაინებითა და სამედიცინო პრაქტიკით დადგენილი პერიოდული საანგარიშო პერიოდის ბოლოს?

- შპს „ლ.რ.კ–აში“ მკურნალობის დაწყების შემდგომ მის დასრულებამდე, შეესაბამებოდა თუ არა ჩატარებული მკურნალობა დიაგნოზირებულ ავადმყოფობებს?

- შპს „ლ.რ.კ–აში“ მკურნალობის პერიოდისა და მკურნალობის გამოყენებული მეთოდების გათვალისწინებით, როგორი შედეგი შეიძლება ჩაითვალოს ე.ბ–ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებად?

- შპს „ლ.რ.კ–აში“ მკურნალობის დასრულების შემდგომ შეიცვალა თუა არა ე.ბ–ას ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ: გაუმჯობესდა, გაუარესდა თუ სტაბილურად შენარჩუნდა ე.ბ–ას ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა დიაგნოზირებული ავადმყოფობების მიხედვით ცალ-ცალკე, დადებით შემთხვევაში, რაში გამოიხატებოდა აღნიშნული?

- შესაძლებელი იყო თუ არა ე.ბ–ასთვის დიაგნოზირებული დაავადებების სრულად განკურნება შპს „ლ.რ.კ–აში“ მკურნალობის დაწყების მომენტისთვის ე.ბ–ას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გათვალისწინებით და შპს „ლ.რ.კ–აში“ გამოყენებული მკურნალობის მეთოდების გამოყენებითა და პერიოდის გათვალისწინებით?

- განიკურნა თუ არა ე.ბ–ა შპს „ლ.რ.კ–აში“ მკურნალობის შედეგად ზემოაღნიშნულ კლინიკაში მკურნალობის დაწყების მომენტისთვის დიაგნოზირებული რომელიმე ავადმყოფობისგან და, დადებით შემთხვევაში, რომლისგან და რაში გამოიხატა ზემოაღნიშნული?

- ტარდება თუ არა კონსერვატიული თერაპია ასეპტიური (ავასკულარული) ნეკროზის შემთხვევაში (ბარძაყის ძვლის თავი ან ნებისმიერი სხვა ძვალი)?

- მენჯ-ბარძაყის სახსრის (ან ნებისმიერი სხვა სახსრის) ფუნქციონალური მდგომარეობის განსაზღვრის დროს რა არის უფრო მნიშვნელოვანი: პაციენტის სუბიექტური შეფასება (ტკივილის ხარისხი, დატვირთვის ხანგრძლივობა, მოძრაობის დიაპაზონი სახსარში) თუ რენტგენოლოგიური გამოკვლევის მონაცემები?

- ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიური (ავასკულარული) ნეკროზის შემთხვევაში სიარულის (მოძრაობის) ხარისხის გაუმჯობესება მკურნალობის შედეგად, ნიშნავს თუ არა მოცემული მეთოდით მკურნალობის დადებით შედეგს?

- არსებობს თუ არა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გაიდლაინი ავასკულარული (ასეპტიური) ნეკროზის სამედიცინო მართვის შესახებ?

- არსებობს თუ არა და რაში გამოიხატება შპს „ლ.რ.კ–აში“ გაწეული მკურნალობასა და ე.ბ–ას დღევანდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, დადებით შემთხვევაში, რაში გამოიხატება აღნიშნული?

- როგორი დიაგნოზი უდგინდება ე.ბ–ას ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის და უდგინდება თუ არა შემდეგ დიაგნოზთაგან რომელიმე: რეაქტიული ართრიტი (პოლიართრიტი), ასეპტიური ნეკროზი, ოსტეოლიზისი, სახსრების კონტრაქტურა, საკროილეიტი და არის თუ არა გაუმჯობესება შპს „ლ.რ.კ–აში“ მკურნალობის დაწყების მომენტისთვის მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შედარებით, დადებით შემთხვევაში, არის თუ არა ეს შპს „ლ.რ.კ–აში“ მკურნალობის შედეგი?

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 8 მაისის მიმართვით ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად საჭირო იყო წარდგენილი ყოფილიყო სრული სამედიცინო დოკუმენტაცია: 1) შპს „ლ.რ.კ–აში“ მკურნალობის დაწყებამდე პერიოდის (ქსეროასლები, ბეჭდით დამოწმებული); 2) შპს „ლ.რ.კ–იდან“ გაწერის შემდგომი პერიოდის (ქსეროასლები, ბეჭდით დამოწმებული), გარდა საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3). თურქეთის რესპუბლიკაში მკურნალობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია (ნოტარიული თარგმანი). ამასთანავე, ვინაიდან საჭირო იყო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიეღოთ მიწვეულ სპეციალისტებს, ექსპერტიზის ბიურომ მოითხოვა შესაბამისი კანდიდატურების წარდგენა. სამედიცინო დოკუმენტაციის, სპეციალისტების კანდიდატურების და გამოსაკვლევი პირის წარუდგენლობის შემთხვევაში ექსპერტიზის ბიურომ განმარტა, რომ ექსპერტიზა ვერ შესრულდებოდა. სასამართლოს შეკითხვაზე, გარდა საქმეში არსებული მასალებისა, რაც სრულად გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს, მოსარჩელეს შეეძლო თუ არა დამატებით სხვა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა, მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა განმარტეს, რომ ყველაფერი, რაც მათ ჰქონდათ, წარმოდგენილი იყო საქმის მასალებში და დამატებით სამედიცინო დოკუმენტაცია არ გააჩნდათ.

მოსარჩელეს არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული მკურნალობის შედეგად გაუარესდა მოსარჩელის ფიზიკური მდგომარეობა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სარჩელის საგანს სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, შესაბამისად, უნდა შეფასდეს თავად ეს ხელშეკრულება, მის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა და დაარღვია თუ არა კლინიკამ ვალდებულება. ამ მოცემულობის პირობებში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 629.1, 394-ე, 408.1 მუხლები, ასევე „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი წარმოადგენს, რომელთა ფარგლებში სარჩელი წარმატებულია, თუკი დადგინდა მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნისა და მენარდის მიერ უხარისხო მომსახურების გაწევის ფაქტი. მოსარჩელე, მართალია, ზემოხსენებულ საფუძვლებზე მითითებით მოითხოვს მის მიერ გაწეული მკურნალობის ხარჯის დაბრუნებას და აპელირებს იმაზე, რომ კლინიკა მას დაჰპირდა მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა, აღნიშნულს არ ეთანხმება მოპასუხე და ეს გარემოება არც ხელშეკრულების დებულებათა ანალიზიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, მტკიცების საგანში უპირველესად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე შეთანხმება შედის, რომლის მტკიცების ტვირთიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, მტკიცებულებათა ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი) მართებულად დაასკვნა, რომ საქმის მასალებით მხარეთა შეთანხმება ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე არ დასტურდება, ამასთანავე, ამგვარი მოლოდინი არც მოსარჩელეს უნდა გასჩენოდა მისი დიაგნოზიდან გამომდინარე. ამ თვალსაზრისით სააპელაციო პალატა სწორად დაეყრდნო პაციენტის მეუღლის განმარტებას, რომლის თანახმადაც როგორც საქართველოში, ისე _ საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მკურნალობის ერთადერთ შედეგს ოპერაციული ჩარევა წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის მიერ შესაგებელზე დართულ ვიდეოფაილებზე, რომელთა ავთენტურობა შედავებული არ არის. ამ მასალების გაცნობა სასამართლოს უყალიბებს შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ კლინიკა პაციენტს ხელშეკრულების პირობებისაგან განსხვავებულ შედეგზე არ შეთანხმებია, როგორც უშუალოდ პაციენტს, ისე _ მის წარმომადგენელს, მეუღლეს განემარტათ დიაგნოზის სიმძიმე და განკურნების შეუძლებლობა, ამასთანავე, მიეცათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, მდგომარეობის შემსუბუქების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეეწყვიტა მკურნალობა. კლინიკის აღნიშნული განმარტების პასუხად პაციენტის მიერ გამოთქმული თანხმობა, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმირებულ თანხმობად უნდა იქნას მიჩნეული. გარდა ამისა, ზემოხსენებული ჩანაწერებიდან ირკვევა ისიც, რომ მკურნალობას გარკვეული დროებითი ეფექტი გააჩნდა, გარკვეულწილად შემსუბუქდა პაციენტის მდგომარეობა, რასაც თავადვე ადასტურებს და მზაობას გამოთქვამს, გააგრძელოს მკურნალობის კურსი. რაც შეეხება მდგომარეობის გაუარესებას, სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად აღნიშნა, რომ ხსენებული საქმის მასალებით არ დასტურდება. ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით პალატა, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი ხელშეკრულების პირობების, მოხმობილი ვიდეოჩანაწერის, პაციენტის მადლობის წერილისა და საქმის მასალების ერთობლივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ სახეზეა „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პალიატიურ მზრუნველობაზე შეთანხმება (მულტიდისციპლინური მიდგომით მომსახურება, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური, ფსიქოსოციალური, სულიერი პრობლემების ადრეული გამოვლენის, სწორი შეფასების, მკურნალობის, სულიერი თანადგომის, ტანჯვის პრევენციისა და შემსუბუქების გზით აუმჯობესებს ქრონიკული დაავადების ან/და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს) და ამ ვალდებულების დარღვევა კლინიკის მხრიდან ვერ დაამტკიცა პაციენტმა. ამ პირობებში კი, უშედეგო მკურნალობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი წარუმატებელია. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უშედეგო მკურნალობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო შესაგებლით მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თოაბაზე. მისი განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში ხსენებული შუამდგომლობა არ ყოფილა დაყენებული, თუმცა, ვინაიდან საკასაციო სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ ინსტანციას წარმოადგენს, სწორედ მან უნდა იმსჯელოს სამივე ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ საადვოკატო მომსახურების გამო გაწეული ხარჯების დაკისრების საკითხზე. შუამდგომლობას ერთვის იურიდიული მომსახურების ხარჯის გაწევის შესაბამისი დოკუმენტები. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს შუამდგომლობას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, პროცესის გარეშე ხარჯების საკითხი მხარეს შეუძლია დამოუკიდებლად დააყენოს თითოეული ინსტანციის სასამართლოში, ხოლო, მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით თითოეული ინსტანციის სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ხსენებულ საკითხს. ამდენად, პირველი და სააპელაციო ინსტანციების წესით საქმის განხილვისას მოპასუხის მიერ ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარის ანაზღაურების კასატორისათვის დაკისრების საკითხს საკასაციო პალატა ვერ გადაწყვეტს, რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში გაწეულ ხარჯს, ხსენებული ნორმით განსაზღვრული 4%-იანი ცენზისა და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ე.ბ–ას მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 725,8 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ბ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ლ.რ.კ–ის“ შუამდგომლობა პროცესის ხარჯების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

2.1. ე.ბ–ას (პ/#6......) შპს „ლ.რ.კ–ის“ (ს/კ #.....) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სამართალწარმოებაზე გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯიდან 725,8 ლარის ანაზღაურება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი