საქმე №ას-1135-2020 20 აპრილი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს–ი ...“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ.კ.ჯ–ა“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ შეცვლა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იჯარით გადაცემული ქონების დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „რ.კ.ჯ–ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს–ი ..-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დავალიანების - 15 000 ლარის, 2018 წლის პირველი ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - 15 000 ლარის 0,03%-ის დაკისრება, იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული მოძრავი ნივთების დაბრუნება და 2018 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად მიუღებელი შემოსავლის სახით თვეში 3 317,14 ლარის დაკისრება.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 1 აპრილს, ამავე წლის 1 ივლისამდე მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, საიჯარო ქირა განისაზღვრა თვეში 1 000 ლარით. მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა ხელშეკრულების #1 დანართში ჩამოთვლილი 218 034,09 ლარის ღირებულების საიჯარო ქონება. მასვე იჯარის საგანი გადაეცა სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, რასაც იგი იყენებდა თავისსავე ფართში, ქ.თბილისში, .... გამზირზე მოქმედ კინოთეატრ „ს–ში“. ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს _ 0,03%-ის გადახდის ვალდებულება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2017 წლის 1 ივლისს მხარეებს შორის დაიდო კიდევ ერთი იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა ჯერ 2018 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ - 2018 წლის ივნისის ჩათვლით.
მოპასუხეს საიჯარო ქირა არ გადაუხდია და არც ქონება დაუბრუნებია. მოპასუხე ადასტურებდა ანგარიშ-ფაქტურებს (სულ - 15 000 ლარზე) 2017 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 1 ივნისის ჩათვლით, თუმცა, მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია. 2018 წლის 1 ივლისიდან მხარე უკანონოდ ფლობს მოძრავ ქონებას. მოპასუხისათვის გადაცემული ერთი თვის მოძრავი საიჯარო ღირებულება, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, შეადგენს - 3 317,14 ლარს, რაც არის მიუღებელი შემოსავალი, რასაც მიიღებდა მესაკუთრე ნივთის იჯარით გაცემის შემთხვევაში.
1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა შპს „რ.კ.ჯ–ასათვის“ კუთვნილი მოძრავი ქონების (დანადგარების) გატანის დავალება ქ.თბილისში, ..... არსებულ შპს „ს–ი XXI-ის“ კუთვნილი ფართიდან და აღნიშნული ფართის მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა, შპს „რ.კ.ჯ–ასათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 105 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 ოქტომბრამდე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ქონების (დანადგარების) მოპასუხის კუთვნილი ფართიდან გატანამდე ყოველთვიურად 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის პირველ აპრილს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მხარეთა შორის გაფორმებული ახალი იჯარის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის პირველ იანვრამდე. შპს „ს–ი ..-ს“ ხელი ეშლება იმ ფართის კომერციული მიზნით გამოყენებაში, რომელიც დაკავებულია შპს „რ.კ.ჯ–ას“ კუთვნილი ქონებით. მოსარჩელე წლების განმავლობაში იჯარით გასცემდა კუთვნილ ფართს, რაც დასტურდება შპს „ფ. ჯ–თან“ დადებული იჯარის ხელშეკრულებით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, შპს „ს–ი ...-ის“ კუთვნილი ფართის ყოველთვიური საიჯარო ღირებულება 2018 -2019 წლებში საორიენტაციოდ შეადგენს 5 000 აშშ დოლარს.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიუხედავად, მოსარჩელეს მოძრავი ქონება არ წაუღია და არც გადაცემა მოუთხოვია. მოსარჩელის ქონებას მოპასუხე იყენებდა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. შპს „რ.კ.ჯ–ას“ არც პირგასამტეხლო მოუთხოვია. 2018 წლის ანგარიშფაქტურები დადასტურებული იქნა შეცდომით. ამ ანგარიშფაქტურების ჩათვლა შპს „ს–ი ...-მა“ გააუქმა შემოსავლების სამსახურშიც. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 9 000 ლარს, რა ნაწილში მან ცნო სარჩელი.
2.2. შპს „რ.კ.ჯ–ამ“ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა მოთხოვნათა დაუსაბუთებლობაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „რ.კ.ჯ–ას“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ს–ი ...-ს“ შპს „რ.კ.ჯ–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 15 000 ლარის, 2018 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 15 000 ლარის 0,01%-ის, ასევე, 2018 წლის პირველი ივლისიდან იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული ნივთების დაბრუნებამდე ყოველთვიურად - 1 000 ლარის ანაზღაურება. შპს „რ.კ.ჯ–ას“ დაუბრუნდა მოპასუხისათვის იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული მოძრავი ქონება, ხოლო, შპს „ს–ი ...-ის“ შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ შეცვლა, ასევე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
6.2. მოგვიანებით სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს მხარეებმა, წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მოისმინა მათი პოზიციები, თვლის, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და დასაკმაყოფილებელია, რის გამოც უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო, მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მორიგების თაობაზე მხარეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, შპს „ს–ი ...-ს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტამდე სასამართლოს მომართეს მხარეებმა, წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება. მორიგების აქტის თანახმად:
1. იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის 1 აპრილსა და 2017 წლის 1 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების (შემდგომში _ ხელშეკრულებების) საფუძველზე შპს „რ.კ.ჯ–ას“ კუთვნილი მოძრავი ქონება (იჯარის ხელშეკრულების დანართი #1-ით განსაზღვრული ქონება) დღეის მდგომარეობით განთავსებულია შპს „ს–ი ...-ს“ კუთვნილ ფართში (ქ.თბილისი, .........), მხარეები თანხმდებიან, რომ შპს „რ.კ.ჯ–ა“ თავისი ოფიციალური წარმომადგენლების მეშვეობით უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული მოძრავი ქონების გატანას შპს „ს–ი ...-ის“ ფართიდან (2021 წლის მაისამდე). ეს უკანასკნელი აღნიშნულ აქტივს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაატანს შპს „რ.კ.ჯ–ას“ მაქსიმუმ 2021 წლის აპრილის ბოლომდე.
ქონების გატანისას შპს „რ.კ.ჯ–ა“ მოახდენს მიღებული აქტივის ინვენტარიზაციას და არსებული აქტივის ღირებულების დანაკლისის/შემცირების გამოთვლას/შეფასებას, კერძოდ, განსაზღვრავს ქონების გადაცემამდე და უკან დაბრუნების ეტაპზე ფასთა შორის სხვაობას, რასაც წერილობით აცნობებს შპს „ს–ი ...-ს“, ხოლო ეს უკანასკნელი ფასთა შორის სხვაობას აანაზღაურებს შპს „რ.კ.ჯ–ას“ სასარგებლოდ 2021 წლის ბოლომდე, ამასთან, ანაზღაურება შეიძლება განხორციელდეს, როგორც ღირებულების გადახდის საშუალებით, ასევე ტოლფასოვანი ქონებით შპს „რ.კ.ჯ–ას“ მოთხოვნის შესაბამისად.
ქონებაში არსებული დანაკლისი მათ შორის განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების დანართის საფუძველზე და დანართებში მოცემული ჩამონათვალიდან გამომდინარე.
2. შპს „ს–ი XXI“ შპს „რ.კ.ჯ–ას“ გადაუხდის 30 000 ლარს 2021 წლის მარტის ბოლომდე. თანხის დანარჩენ ნაწილზე შპს „რ.კ.ჯ–ას“ პრეტენზია არ გააჩნია, უარს ამბობს და არ ითხოვს შპს „მ–ი ...-სგან“ აღნიშნული თანხის გადახდას.
3. მხარეები დამატებით აცხადებენ, რომ არც აღნიშნული მორიგების აქტის ხელმოწერის მომენტში და არც მომავალში არ გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ არანაირი პრეტენზია და მოთხოვნა, რაც გამომდინარეობს ან შეიძლება გამომდინარეობდეს მხარეთა შორის 2017 წლის 1 აპრილსა და 2017 წლის 1 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებებიდან, ასევე, მხარეთა შორის სასამართლოში წარმოებულ სამოქალაქო დავაზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებებიდან.
4. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტს წარადგენენ საქართველოს უზენაეს სასამართლოში დამტკიცების მიზნით, თუმცა, წინამდებარე მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებენ წინარე აქტის საქართველოს უზენაეს სასამართლოს კანცელარიაში წარდგენის დღიდან, აქტში შეთანხმებული ვადების დაცვით.
მხარეთა შეთანხმებით, მორიგების აქტი ძალაშია ყველა გაწერილი პირობის შესრულების შემთხვევაში შეთანხმებული პირობებით და ვადებით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
საკასაციო პალატამ შეამოწმა მორიგების აქტზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება და მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უნდა განემარტოთ მხარეებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
2. პროცესის ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეებმა დავის მორიგების გზით დასრულების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს საქმის არსებითად განხილვამდე მომართეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 83-ე, 49-ე (2) (4), 257-ე, 272-ე (დ), 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მორიგება შპს „ს–ი ...-სა“ (ს/კ #....) და შპს „რ.კ.ჯ–ას“ (ს/კ #...) შორის შემდეგი პირობებით:
2.1. იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის 1 აპრილსა და 2017 წლის 1 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების (შემდგომში _ ხელშეკრულებების) საფუძველზე შპს „რ.კ.ჯ–ას“ კუთვნილი მოძრავი ქონება (იჯარის ხელშეკრულების დანართი #1-ით განსაზღვრული ქონება) დღეის მდგომარეობით განთავსებულია შპს „ს–ი ...-ს“ კუთვნილ ფართში (ქ.თბილისი, .........), მხარეები თანხმდებიან, რომ შპს „რ.კ.ჯ–ა“ თავისი ოფიციალური წარმომადგენლების მეშვეობით უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული მოძრავი ქონების გატანას შპს „ს–ი...-ის“ ფართიდან (2021 წლის მაისამდე). ეს უკანასკნელი აღნიშნულ აქტივს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაატანს შპს „რ.კ.ჯ–ას“ მაქსიმუმ 2021 წლის აპრილის ბოლომდე.
ქონების გატანისას შპს „რ.კ.ჯ–ა“ მოახდენს მიღებული აქტივის ინვენტარიზაციას და არსებული აქტივის ღირებულების დანაკლისის/შემცირების გამოთვლას/შეფასებას, კერძოდ, განსაზღვრავს ქონების გადაცემამდე და უკან დაბრუნების ეტაპზე ფასთა შორის სხვაობას, რასაც წერილობით აცნობებს შპს „ს–ი ...-ს“, ხოლო ეს უკანასკნელი ფასთა შორის სხვაობას აანაზღაურებს შპს „რ.კ.ჯ–ას“ სასარგებლოდ 2021 წლის ბოლომდე, ამასთან, ანაზღაურება შეიძლება განხორციელდეს, როგორც ღირებულების გადახდის საშუალებით, ასევე ტოლფასოვანი ქონებით შპს „რ.კ.ჯ–ას“ მოთხოვნის შესაბამისად.
ქონებაში არსებული დანაკლისი მათ შორის განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების დანართის საფძველზე და დანართებში მოცემული ჩამონათვალიდან გამომდინარე.
2.2. შპს „ს–ი ..“ შპს „რ.კ.ჯ–ას“ გადაუხდის 30 000 ლარს 2021 წლის მარტის ბოლომდე. თანხის დანარჩენ ნაწილზე შპს „რ.კ.ჯ–ას“ პრეტენზია არ გააჩნია, უარს ამბობს და არ ითხოვს შპს „მ–ი ..-სგან“ აღნიშნული თანხის გადახდას.
2.3. მხარეები დამატებით აცხადებენ, რომ არც აღნიშნული მორიგების აქტის ხელმოწერის მომენტში და არც მომავალში არ გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ არანაირი პრეტენზია და მოთხოვნა, რაც გამომდინარეობს ან შეიძლება გამომდინარეობდეს მხარეთა შორის 2017 წლის 1 აპრილსა და 2017 წლის 1 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებებიდან, ასევე, მხარეთა შორის სასამართლოში წარმოებულ სამოქალაქო დავაზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებებიდან.
2.4. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტს წარადგენენ საქართველოს უზენაეს სასამართლოში დამტკიცების მიზნით, თუმცა, წინამდებარე მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებენ წინარე აქტის საქართველოს უზენაეს სასამართლოს კანცელარიაში წარდგენის დღიდან, აქტში შეთანხმებული ვადების დაცვით.
მხარეთა შეთანხმებით, მორიგების აქტი ძალაშია ყველა გაწერილი პირობის შესრულების შემთხვევაში შეთანხმებული პირობებით და ვადებით.
3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე – შპს „რ.კ.ჯ–ას“ სარჩელის გამო, შპს „ს–ი ..-ის“ მიმართ, ასევე შპს „ს–ი ..-ის“ შეგებებული სარჩელის გამო, შპს „რ.კ.ჯ–ას“ მიმართ თანხის დაკისრების, იჯარით გადაცემული ქონების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
6. შპს „ს–ი ..-ს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 16.11.2020წ. #10119574477 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი