საქმე №ას-1128-2020 10 ივნისი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ.ს–ას განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ საქმეზე _ დ.ს–ას სარჩელის გამო ე.მ–ის მიმართ, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ.ს–ას სარჩელი ნოტარიუს გ.გ–ის მიერ 2018 წლის 7 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და 2017 წლის 24 მაისის #170564361 სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტლება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მისის გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინებით დ.სართანიას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 16 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
2021 წლის 9 ივნისს სასამართლოს განცხადებით მომართეს მხარეებმა, რომლის შესწავლითაც დგინდება, რომ მათ აღარ გააჩნიათ დავის გაგრძელების ინტერესი და დ.ს–ა უარს ამბობს კერძო საჩივარზე.
საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ.ს–ას შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბიუიჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 27.07.2020წ. #9625966988 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე (2), 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ს–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება დ.ს–ას კერძო საჩივარზე ე.მ–ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინებაზე.
3. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინების კვლავ კერძო საჩივრით გასაჩივრება დაუშვებელია.
4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
5. კერძო საჩივრის ავტორ დ.ს–ას (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 27.07.2020წ. #9625966988 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი