Facebook Twitter

საქმე №ას-975-2020 26 თებერვალი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ.ჯ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ი (მოპასუხე)

მესამე პირი _ ი.ჯ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ზ.ჯ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.გ–ისა (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან იპოთეკარი) და ი.ჯ–ძის (შემდგომში _ მესამე პირი) მიმართ და მოითხოვა 2014 წლის 2 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული #140435453 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებისაგან მოსარჩელის გათავისუფლება, ასევე, ნოტარიუს მ.ბ–ძის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაცემული #170585503 სააღსრულებო ფურცლის გაუქმება (რომლითაც მოსარჩელეს დაკისრებული აქვს 100 000 ევროსა და 30 000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის გადახდა).

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2014 წლის 2 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკარს მოსარჩელისათვის სესხად უნდა გადაეცა 100 000 ევრო და 30 000 აშშ დოლარი. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2016 წლის 1 იანვარს. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა იმ დროისთვის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ #......., შემდგომში _ იპოთეკის საგანი). ხელშეკრულების შესაბამისად, ორივე მხარეს ჰქონდა ვალდებულებები შესასრულებელი, კერძოდ, იპოთეკარი ვალდებული იყო, სესხის თანხა მოსარჩელისათვის გადაეცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, ხოლო, მსესხებელი ვალდებული იყო, დადგენილ ვადაში დაებრუნებინა თანხა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდგომ მსესხებელს თანხა არ გადასცემია, მიუხედავად ამისა, იპოთეკარი მესაკუთრისგან ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მაინც ითხოვს თანხის დაბრუნებას. ნოტარიუს მ.ბ–ძის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაცემული #170585503 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოპასუხე მოსარჩელისგან მოითხოვს 100 000 ევროსა და 30 000 აშშ დოლარის გადახდას. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, მოხდება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი წესით რეალიზაცია. მოსარჩელემ იპოთეკის საგანი 2014 წლის 12 აგვისტოს საკუთრებაში გადასცა შვილს - ი.ჯ–ძეს, რომელიც უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეა. ვინაიდან თანხის გადაცემას ადგილი არ ჰქონია, მხარისთვის უცნობია, რის საფუძველზე არის ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი. კრედიტორმა სააღსრულებო ბიუროს მხოლოდ 2018 წელს მიმართა ეს მაშინ, როცა 2017 წლის მაისში უკვე გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი, ამასთან, თუ გამსესხებელმა მსესხებელს სარგებლის გარეშე გადასცა თანხა და მას 2016 წლის იანვარში უნდა დაებრუნებინა იგი, შესაბამისად, გაურკვეველია რატომ მიმართა გამსესხებელმა ნოტარიუსს მხოლოდ 2017 წელს.

2. მოპასუხის/მესამე პირის პოზიცია:

2.1. მოთხოვნის გამომრიცხველი/მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს გადაეცა სესხი 100 000 ევროსა და 30 000 აშშ დოლარის ოდენობით. მოვალე ვალდებული იყო, თანხა დაებრუნებინა 2016 წლის 1 იანვრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის სახელზე რიცხული უძრავი ქონება. მოსარჩელეს, როგორც მოვალეს, არ შეუსრულებია ვალდებულება. სიმართლეს არის მოკლებული მოსარჩელის განმარტება, თითქოსდა მოპასუხეს მისთვის თანხა არ გადაუცია, რადგან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელემ მიიღო, ხოლო მოპასუხემ მას ასესხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული თანხა. თუ მოსარჩელეს თანხა არ ჰქონდა მიღებული მოპასუხისგან, მაშინ ის აღიშნულ ხელშეკრულებას საჯარო რეესტრში არ დაარეგისტრირებდა და ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვდა სანოტარო ბიუროში. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულ თანხასთან დაკავშირებით ხელწერილიც კი დაწერა მოსარჩელემ მოპასუხის მამის წინაშე, სადაც სხვა თანხასთან ერთად, სადავო თანხაც არის მითითებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე თანხის გადაცემას სანოტარო ხელშეკრულების დადებისთანავე. მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის მიმართ არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი, ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგანაც მოსარჩელისთვის ცნობილი იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თაობაზე, მას სამწლიან ვადაში არ გაუხდია სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობა და მისგან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების არსებობა. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე წელია გასული, გადახდის დამადასტურებელი ქვითრების მოძიება ვერ ხერხდება, თუმცა თანხის ნაწილი მოპასუხის დის - ნ.გ–ის ანგარიშიდანაა გამოტანილი და მოსარჩელეზე სესხად გაცემული. სწორედ ეს ფაქტი ადასტურებს, რომ სადავო თანხა რეალურად არსებობდა და გადაცემულია მოსარჩელეზე;

2.2. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირმა მხარი დაუჭირა სარჩელს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2014 წლის 2 მაისს ზ.ჯ–ძესა და მ.გ–ს შორის გაფორმებული #140435453 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ზ.ჯ–ძე გათავისუფლდა აღიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებისგან. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ნოტარიუს მ.ბ–ძის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაცემული #170585503 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოსარჩელეს დაკისრებული აქვს 100 000 ევროსა და 30 000 დოლარის, ასევე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის _ 124,36 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა იპოთეკარმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისა და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობის საკითხი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა გვაროვნული ნივთი დაბრუნების პირობით. ამ ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკის სანივთო უფლებით. მსესხებელს თანხა არ დაუბრუნებია, რის გამოც არსებობდა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის ყველა წინაპირობა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ დასკვნებს დავის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და ძირითადად პრეტენზიას აცხადებს სასამართლოს მხრიდან საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევაზე, კერძოდ, მხარე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით თანხის გადაცემა არ დგინდება, ხოლო, სააპელაციო პალატამ, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, მტკიცების ტვირთი მას არასწორად დააკისრა (სუსგ #ას-1067-1026-2016). კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატა, სადავო გარემოებების დადგენისას, მცდარად დაეყრდნო შემდეგ ფაქტებსა და მტკიცებულებებს:

- ნ.გ–ის მიერ საკუთარი ანგარიშიდან თანხის გატანა;

- ხელშეკრულების დებულებას, რომ გამსესხებელი თანხას გადასცემდა მსესხებელს ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, რაც გადაცემის მტკიცებისათვის დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის აუცილებლობას გამორიცხავდა;

- კასატორსა და მოპასუხის მამას შორის ვალის აღიარებას (ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს);

- მიუხედავად მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის უარყოფისა, სასამართლო დაეყრდნო მოწმის არსებობის ფაქტს;

- პროცესუალური ეკონომიის პრინციპზე მითითებით არ ყოფილა გამოკვლეული მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ თანხის გადაცემის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს;

- სასამართლოს ეჭვი აღუძრა უძრავი ქონების მესაკუთრის ქცევამ, სანივთო შეზღუდვა რეგისტრირებული იყო 2014 წლიდან და მესაკუთრეს არაფერი მოუმოქმედებია ამ უფლების არარსებობის დასადგენად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), წინამდებარე განჩინებით საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ ზემოხსენებული პრეტენზიების ფარგლებში შეამოწმებს.

1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:

საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სააპელაციო პალატის დასკვნით:

1.2.1. 2014 წლის 2 მაისს ზ.ჯ–ძესა და მ.გ–ს შორის გაფორმდა #140435453 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მ.გ–მა, როგორც იპოთეკარმა, ზ.ჯ–ძეს, როგორც მესაკუთრეს, ასესხა 100 000 ევრო და 30 000 აშშ დოლარი. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2016 წლის 1 იანვრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა იმ დროისთვის ზ.ჯ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე ქ.თბილისში, ....., ს/კ #.......);

1.2.2. 2017 წლის 30 მაისს ნოტარიუს მ.ბ–ძემ გასცა #170585503 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო, ვალდებულების შესრულების დრო _ 2016 წლის 1 იანვარი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა: სესხის ძირი თანხა _ 100 000 ევრო და 30 000 აშშ დოლარი; სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი _ 124.36 ლარი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია;

1.2.3. იპოთეკის საგანი საკუთრების უფლებით ამჟამად ირიცხება მესამე პირის სახელზე, რომელიც მოსარჩელის შვილია;

1.2.4. 2014 წლის 2 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ „ორიათასთოთხმეტი წლის ორ მაისს, მ.გ–მა, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში წოდებულია, როგორც „იპოთეკარი“, ზ.ჯ–ძემ, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში წოდებულია, როგორც „მესაკუთრე“ ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით ასესხა ასიათასი (100 000) ევრო (1X2,4564) და ოცდაათი ათასი (30 000) აშშ დოლარი (1X1,7700) ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რაც ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად სრულად შეადგენს ორას ოთხმოცდათვრამეტი ათას შვიდას ორმოც (298 740) ლარსა და 00 თეთრს. იპოთეკარი ვალდებულია, მესაკუთრეს სესხის თანხა სრულად გადასცეს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე“. კრედიტორს ეძლევა უფლება ერთი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მესაკუთრეს თანხის დაბრუნება. ხელშეკრულებაში რაიმე დათქმა თანხის გადაცემის თაობაზე დამატებით დოკუმენტის საჭიროებასთან დაკავშირებით არ არსებობს. 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უძრავ ქონებაზე შეზღუდვა არსებობდა საჯარო რეესტრში და ეს თავად უძრავი ქონების მესაკუთრეს სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები: სალაროს გასავლის ორდერი, რომლის თანახმად, ნ.გ–ის მიერ ბანკიდან გატანილი იქნა 72 000 ევრო. მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი 2018 წლის 8 იანვრის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი მოპასუხის მამის სახელზე, მოწმეების არსებობაზე მითითება.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევით განხილვის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობის არსებობა არ დგინდება. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებზე, ასევე, მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებსა და სააპელაციო პალატის მხრიდან ამ ფაქტების დადგენის სანდოობაზე:

1.3.1. საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზოგადი წესისაგან განსხვავებით, მხარეთა შორის სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა კრედიტორის უფლების არა სასამართლო წესით, არამედ ალტერნატიული საშუალებით _ სანოტარო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაცვას, ხოლო მოვალე სარჩელით მოითხოვს ვალდებულების არარსებობის აღიარებას იმ საფუძვლით, რომ იგი არც წარმოშობილა, ამდენად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლია, რომლის ფარგლებშიც უნდა შემოწმდეს:

i დაიდო თუ არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მხარეთა შორის _ სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 286-ე მუხლი;

ii გადააცილა თუ არა მოვალემ ვალდებულების შესრულების ვადა _ სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლი;

iii არსებობდა თუ არა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის წინაპირობა _ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლი.

1.3.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და იგი დადებულად ითვლება არა ხელშეკრულების პირობებზე მხარეთა შეთანხმების, არამედ დაბრუნების პირობით მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემით. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი სესხის ხელშეკრულებისათვის სპეციალურ ფორმას არ ადგენს, თუმცა, წერილობითი ხელშეკრულება მხოლოდ მაშინ შეიძლება პირდაპირ მტკიცებულებად იქნას მიჩნეული, თუკი მისი შინაარსით თანხის გადაცემის ფაქტი დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი ამდაგვარ დათქმას არ შეიცავს, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალ უპირველეს ფაქტს თანხის მოვალისათვის გადაცემა წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნეგატიური მტკიცების ტვირთის მხარისათვის დაკისრება დაუშვებელია, შესაბამისად, როდესაც სადავოა თანხის გადაცემა, ამ ფაქტის მტკიცება ყოველთვის კრედიტორს ეკისრება, რომელიც, მატერიალური სამართლის ნორმის დანაწესიდან გამომდინარე (სკ-ის 624-ე მუხლი), მტკიცებულებათა ერთობლიობით დაიშვება. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა შემოწმება-შეფასების სტანდარტს, რომლის თანახმადაც, ამა თუ იმ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის არსებობის თაობაზე სასამართლოს შინაგანი რწმენა ყალიბდება საქმეში არსებული მტკიცებულებების ინდივიდუალური და ერთობლივი შეფასების შედეგად. ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია მათ შორის პრეზუმირებულ ფაქტებს.

1.3.3. პალატა განმარტავს, რომ პრეზუმირებული ფაქტი წარმოადგენს მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასების შედეგად ჩამოყალიბებულ ვარაუდს, რომლის გაუქარწყლებლობის შემთხვევაში, იგი საკმარისია სასამართლოსათვის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, იპოთეკის უფლების ხანგრძლივი დროის განმავლობაში რეგისტრაცია და მესაკუთრის მხრიდან არარსებული უფლების გაუქმების თაობაზე რაიმე მოქმედების განუხორციელებლობა (იხ. სამოტოვაციო ნაწილის პ.პ. 1.2.4.) იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მოსარჩელეს მართლაც გადაეცა თანხა, რაც სესხის ხელშეკრულების დადებულად მიჩნევას განაპირობებს. ამ პრეზუმფციის გაქარწყლება ეკისრება კასატორს, რომელსაც ამ კუთხით მყარი არგუმენტები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო პალატა უარყოფს მის პრეტენზიას სასამართლოს მიერ საქმის მასალების არასწორად შეფასების, მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებისა და საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

1.3.4. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია წერილობითი სესხის ხელშეკრულება, ამასთანავე, დადასტურდა თანხის მოვალისათვის გადაცემის ფაქტი, დადასტურებულად უნდა იქნას მიჩნეული ასევე მხარეთა შეთანხმება სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის წინაპირობებზე, შესაბამისად, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

1.3.5. საკასაციო სასამართლო მიუბრუნდება მოსარჩელის პრეტენზიასა და სარჩელში გადმოცემულ ფაქტებს და მიიჩნევს, რომ სადავო გარიგების დადებულად მიჩნევის გამო, შეფასება უნდა მიეცეს აგრეთვე ამ გარიგების პირობებს და სააღსრულებო ფურცლის გაცემის კანონიერებას:

დადგენილია, რომ სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს სესხი უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 1 იანვრამდე. ვინაიდან მოვალე საერთოდ უარყოფდა ვალდებულების წარმოშობას, ამასთან, გასულია ვალდებულების შესრულების ვადა, ასეთ ვითარებაში სესხის მოპასუხისათვის დაუბრუნებლობა და შესაბამისად, ვადის გადაცილება (სკ-ის მე-400 მუხლი) უდავოა, ისევე, როგორც უდავოა მხარეთა წერილობითი შეთანხმების არსებობა, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საკითხზე („ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 38.5). ამ პირობებში კი, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის წინაპირობები დადასტურებულია და არ არსებობს სააღსრულებო დოკუმენტის ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი.

1.4. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების პროცესუალური დასაბუთება:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კასატორმა ვერ წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია. ამდენად, სასამართლო უარყოფს საკასაციო საჩივარში გადმოცემულ შედავებებს და ამავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.

2. პროცესის ხარჯები:

ვინაიდან წინამდებარე განჩინებით არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი, არ არსებობს პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, ის უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.ჯ–ძის საკასაციო არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ.ძლიერიშვილი