Facebook Twitter

საქმე №ას-817-2020 8 აპრილი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ჯ.ს.ნ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის, ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ა.ბ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.ს.ნ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან კომპანია) მიმართ და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, ინფორმაციული უზრუნველყოფის ოპერატორის თანამდებობაზე აღდგენა, 2019 წლის 15 აპრილიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე იძულებითი განაცდურის _ ყოველთვიურად 1 250 ლარის, შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს სახით 297.60 ლარისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების დაყოვნების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 297.60 ლარის 0.07%-ის გადახდა 2019 წლის 15 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელესა და კომპანიას შორის 2017 წლიდან არსებობდა შრომითი ურთიერთობა. ბოლო ხელშეკრულება მხარეებს შორის დაიდო 2018 წლის 1 ნოემბერს 2020 წლის 1 იანვრამდე. შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის სამსახურებრივ ან დისციპლინურ გადაცდომას, მის მიმართ რაიმე სახის სანქცია არ გამოყენებულა. დასაქმებული დაკისრებულ მოვალეობას მუდმივად ასრულებდა ჯეროვნად და კვალიფიციურად. 2019 წლის თებერვალში მას დამსაქმებლისგან ეცნობა, რომ კომპანიაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. დამსაქმებლის მითითებით მოსარჩელეს ხელი უნდა მოეწერა შეტყობინებაზე და ამის შემდგომ გამოიცემოდა ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. დამსაქმებლის გადაწყვეტილებით მასთან ურთიერთობა მოიშალა რეორგანიზაციის საფუძვლით, რა მიზნითაც 2019 წლის 6 მარტს გამოიცა შეტყობინება, რომელსაც საფუძვლად ედო მოპასუხის 2019 წლის 28 თებერვლის ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ. აღნიშნული ბრძანება უკანონოა და ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლა ფორმალურ შესაბამისობაში მოდიოდეს შრომის კოდექსის მოთხოვნებთან. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ 2019 წლის 11 მარტის წერილით მან მოითხოვა გათავისუფლების თაობაზე შესაბამისი დასაბუთების წერილობითი ფორმით გადაცემა დამსაქმებლისაგან.

მოსარჩელის სამუშაო გრაფიკი განსაზღვრული იყო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 სთ-მდე, თუმცა, იგი 2018 წლის ივნისიდან 2018 წლის ოქტომბრამდე დამატებით ითავსებდა ხელმძღვანელის მითითებით დეკრეტში მყოფი თანამშრომლის მოვალეობებს და მორიგეობდა შაბათობით 10:00-დან 14:00 სთ-მდე. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეს არ აუნაზღაურებია მისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ღირებულება. სამსახურიდან გათავისუფლებამდე, მან ოთხ თანამშრომელს ჩაუტარა ტრენინგი, რომლებმაც გადაიბარეს მისი სამსახურებრივი მოვალეობები.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ რეორგანიზაციის ბრძანების გამოცემის შემდეგ გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე - 6 მარტს მოსარჩელეს გადაეცა შეტყობინება მისი საშტატო ერთეულის გაუქმებისა და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. შეტყობინების გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ - 15 აპრილს კომპანიის დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ვინაიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო სხვა ორგანიზაციაში და აღარ ცხადდებოდა სამსახურში, გათავისუფლების ბრძანება რეორგანიზაციის ბრძანებასთან ერთად მოსარჩელეს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით 22 აპრილს ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე. მოსარჩელეს აუნაზღაურდა ხელფასი 2019 წლის 15 აპრილამდე. 2019 წლის 27 მარტს მოსარჩელემ მოითხოვა ანაზღაურებადი შვებულება 1 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით, რაც დაკმაყოფილდა და იგი ამ დროის განმავლობაში იმყოფებოდა შვებულებაში. შრომითი ურთიერთობის მოშლამდე დასაქმებულმა სატელეფონო ცენტრის თანამშრომლებს აუხსნა საკუთარი მუშაობის სპეციფიკა და ტექნიკური მხარე. 2019 წლის 23 მაისს კი მას აუნაზღაურდა შრომის კოდექსით გათვალისწინებული ერთი თვის კომპენსაცია.

განხორციელებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავდა შტატების ოპტიმიზაციას, ასევე სამუშაო დროისა და დღეების ცვლილებას. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და სატელეფონო ცენტრის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიმართულება ელ.ფოსტასა თუ ე.წ ჩატში მიმოწერის დროს არ ახდენდა კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას არც მიმოწერით და არც სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით. შესაბამისად, ინფორმაციული უზრუნველყოფის მიმართულების ოპერატორის პოზიცია მიჩნეულ იქნა არა რელევანტურად, რადგან ვერ უზრუნველყოფდა კომპანიის სერვისებისა და პროდუქციის გაყიდვის ზრდას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებელმა გაყიდვების ზრდის თვალსაზრისით მიზანშეწონილად მიიჩნია სატელეფონო და ელექტრო კომუნიკაციის გაერთიანება. მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის ფუნქციები იმდენად ვიწრო და შეზღუდული იყო, რომ მისი განყენებულად არსებობის საჭიროება კომპანიის სტრუქტურაში არ არსებობდა. ამდენად, სტრუქტურული ერთეულის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისი გაუქმება და ფუნქციების შერწყმა ამავე დეპარტამენტის სხვა საშტატო ერთეულებზე.

რეორგანიზაციის პროცესში მოსარჩელისათვის შეთავაზებულ იქნა ახალი ვაკანტური პოზიცია, თუმცა მან უარი განაცხადა შეთავაზებაზე. ამდენად, რეორგანიზაციის პროცესში არ იკვეთება კომპანიის მიერ რაიმე სახის დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამოვლენა მოსარჩელისადმი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ კომპანიის 2019 წლის 15 აპრილის ბრძანება, 2019 წლის 6 მარტის შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის _ 10 000 ლარის, ასევე, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სახით 297.60 ლარისა და მისი ანაზღაურების დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 297.60 ლარის 0.07% გადახდა, 2019 წლის 15 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მხარეთა შორის 2017 წლის 27 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც მოსარჩელე დასაქმდა მოპასუხე კომპანიაში შტატგარეშე მოსამსახურედ სამი თვის ვადით. დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 812.50 ლარით. 2017 წლის 1 ოქტომბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა 2017 წლის 27 ივნისის შრომით ხელშეკრულებაში და მოსარჩელე დასაქმდა ბილინგის ოპერატორის პოზიციაზე ინფორმაციული უზრუნველყოფის მიმართულებით და შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა 2018 წლის 1 ოქტომბრამდე. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 937.50 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ, 2018 წლის 1 ოქტომბერს, მხარეთა შორის კვლავ დაიდო შეთანხმება 2017 წლის 27 ივნისის შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 1 თვით - 2018 წლის 1 ნოემბრამდე. ამ ვადის გასვლის შემდგომაც, 2018 წლის 1 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმდა სატელეფონო და საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე ინფორმაციული უზრუნველყოფის მიმართულებით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 31 დეკემბერი, ხოლო მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, _ 1 250 ლარით;

1.2.2. კომპანიის სამუშაო აღწერილობის თანახმად, სატელეფონო და საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენდა:

- მიმოწერის წარმოება კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე, ვებ-გვერდის ჩატსა და სოციალური ქსელების შემოსულ წერილებსა და შეტყობინებებზე;

- ინფორმაციის მიწოდება შემდეგ საკითხებზე: ა) კომპანიის სერვისებზე (დაზღვევა, ადგილზე მისვლა, განვადება და სხვა); ბ) გაყიდვებზე (სსა, დამატებითი პროდუქტი, ფასები, ფასდაკლებები); გ) ონლაინ გაყიდვებზე/სერვისებზე (შესაბამისი ინსტრუქციის მიწოდება, ლინკის გადაგზავნა, პროცესის დასრულებაში დახმარება); დ) გადახდებზე (გადახდილი თანხის მოძიება, გადახდის ვადების თაობაზე რეპორტების მომზადება);

- ელ-ფოსტაზე მიღებული საგადახდო დავალებების (ქვითრის) ოპერატიული მიწოდება ბილინგისათვის;

- მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილება-დამატება კომპანიის რესურსების მართვის პროგრამაში;

- კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლების საჩივრების (ელექტრონულ ფოსტაზე, ვებგვერდის ჩატსა და სოციალურ ქსელებში) მართვა და მოგვარება;

- დროული რეაგირება;

- მომხმარებლების მომსახურება დადგენილი სტანდარტებისა და გაიდლაინების შესაბამისად;

- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება, რაც შეიძლება უშუალოდ არ იყოს წინამდებარე აღწერაში მითითებული, მაგრამ გამომდინარეობდეს პოზიციის მიზნიდან.

1.2.3. მოსარჩელის სამუშაო გრაფიკი განსაზღვრული იყო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 სთ-მდე, თუმცა იგი 2018 წლის ივნისიდან ამავე წლის ოქტომბრამდე, ხელმძღვანელის მითითებით, დამატებით ითავსებდა დეკრეტში მყოფი თანამშრომლის მოვალეობებს და მორიგეობდა შაბათობით, 10:00-დან 14:00 სთ-მდე;

1.2.4. კომპანიის დირექტორის 2017 წლის 21 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 7.2.1 ქვეპუნქტის თანახმად, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა და დამატებით ანაზღაურებას ექვემდებარება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეთანხმებით (მათ შორის, შინაგანაწესით ან/და შრომითი ხელშეკრულებით) დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება კვირაში 40 საათის (ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მაქსიმალური სამუშაო დროის) შემდეგ. ამავე შინაგანაწესის 7.3 პუნქტის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის გათვალისწინებულია ფულადი ანაზღაურება, ფულადი ანაზღაურების მოცულობა და ანაზღაურების წესი განისაზღვრება შემდეგი პირობებით:

- თუ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის ფულადი ანაზღაურება გათვალისწინებულია შრომითი ხელშეკრულებით - ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების (ხელფასის) გადახდისას;

- თუ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის ფულადი ანაზღაურება გათვალისწინებულია დამსაქმებლის წერილობითი გადაწყვეტილებით/ბრძანებით ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების (ხელფასის) გადახდისას;

- თუ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის ფულადი ანაზღაურება გათვალისწინებულია დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წერილობითი შეთანხმებით - ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით გათვალისწინებული წესით და ვადებში, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის ბოლო რიცხვისა, სრულად.

1.2.5. კომპანიის 2019 წლის 28 თებერვლის ბრძანების თანხმად, სატელეფონო და საინფორმაციო ცენტრში (დეპარტამენტი) გამოცხადდა რეორგანიზაცია (ორგანიზაციული ცვლილებები) არსებული საშტატო ერთეულების გაუქმებით. გაუქმდა სატელეფონო და საინფორმაციო ცენტრის (დეპარტამენტი) საშტატო ნუსხა და დამტკიცდა მხარდაჭერის დეპარტამენტის საშტატო ნუსხა. მხარდაჭერის დეპარტამენტის სტანდარტული სატელეფონო ცენტრის სამუშაო დღეებად გამოცხადდა დასვენების დღეები (შაბათი-კვირა), ხოლო სამუშაო დრო - 09:00-19:00 საათი. ბრძანების თანახმად, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და სატელეფონო ცენტრის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიმართულების ერთი საშტატო ერთეულის ფუნქციები იმდენად ვიწრო და შეზღუდულია, რომ მისი განყენებულად (დამოუკიდებლად) არსებობის საჭიროება კომპანიის სტრუქტურაში არ არსებობს. სტრუქტურული ერთეულის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით მიზანშეწონილია, აღნიშნული შტატის გაუქმება და ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება სატელეფონო ცენტრისა (სტანდარტული) და ადგილზე მისვლის სერვისის სატელეფონო ცენტრის საშტატო ერთეულებზე მათი დატვირთვის გათვალისწინებით;

1.2.6. დამსაქმებლის 2019 წლის 6 მარტის შეტყობინებით, რომელსაც მოსარჩელე ამავე წლის 7 მარტს გაეცნო, ეცნობა, რომ კომპანიის დირექტორის 2019 წლის 28 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, კომპანიის სტრუქტურულ ერთეულში - სატელეფონო და საინფორმაციო ცენტრში (დეპარტამენტი) გამოცხადდა რეორგანიზაცია (ორგანიზაციული ცვლილებები), რაც ითვალისწინებდა მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმებას;

1.2.7. კომპანიის დირექტორის 2019 წლის 15 აპრილის ბრძანების თანახმად, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2019 წლის 15 აპრილიდან მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან და მოიშალა მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ დასაქმებულს უნდა მისცემოდა ფულადი კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

1.2.8. გათავისუფლების თაობაზე ბრძანების გამოცემის შემდეგ, მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა როგორც 2019 წლის 15 აპრილამდე გამომუშავებული ხელფასი, ისე _ გათავისუფლების ბრძანებით განსაზღვრული კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

1.2.9. საწარმოში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა საქმის მასალებით არ დადასტურდა, რამდენადაც, რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მხოლოდ მოსარჩელის პოზიცია და აღნიშნულის ნაცვლად შეიქმნა სხვა. მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ განსახორციელებელი უფლება-მოვალეობები გადანაწილდა კომპანიაში დასაქმებულ სხვა პირებზე და, საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, აღარ არსებობდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების საფუძველი. რეორგანიზაციის საფუძველი და შედეგი გახდა მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლა. დასაქმებულის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმების საფუძველი გახდა არა ის მიზეზი, რომ საწარმოო ინტერესებიდან აღარ იყო აუცილებელი ამგვარი საშტატო ერთეულის არსებობა, არამედ, მოხდა ამ პოზიციის ფუნქცია-მოვალეობების სხვა პოზიციაზე დასაქმებულთათვის შეთავსება. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ პოზიციაზე დამსაქმებელმა კონკურსის გარეშე დანიშნა სხვა თანამშრომელი, შესაბამისად, მან ვერ უზრუნველყო რეორგანიზაციის შედეგად კომპანიაში სამუშაო ძალის რეალურად შემცირებისა და რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სამუშაო ადგილების დაკავებისათვის მოსარჩელის არასაკმარისი კვალიფიკაციის არსებობის ფაქტების დადასტურება. მართალია, დასაქმებულს შეეთავაზა რეორგანიზაციის შემდეგ დასაქმება, თუმცა, შეთავაზება მოიცავდა არა უშუალოდ რომელიმე პოზიციაზე დასაქმებას, არამედ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებას. მოსარჩელის იმ განმარტების საწინააღმდეგოდ, რომ სიტყვიერად მას შესთავაზეს დასაქმება მისთვის საუარესო პირობებით (მაგ: დაბალი ხელფასი, გაზრდილი სამუშაო გრაფიკი) რაზეც იგი ფიზიკურად ვერ დათანხმდებოდა, მოპასუხემ ვერ მიუთითა იმ ობიექტურ დასაბუთებაზე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმავე პირობებით დასაქმებაზე მოსარჩელის მიერ უარის თქმის რელევანტური საფუძველი. მით უფრო, რომ მოსარჩელის მიერ აპრილში ინიცირებული იყო სასამართლო დავა, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სამსახურის შენარჩუნების მიმართ მისი ინტერესი;

1.2.10. შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრულ მონაკვეთში დასაქმებულს უწევდა ზეგანაკვეთური შრომა დეკრეტში მყოფი თანამშრომლის სანაცვლოდ. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დამსაქმებლის მხრიდან ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის ანაზღაურება, ჯამში 297.60 ლარის ოდენობით. დამსაქმებლის მხრიდან არ განხორციელებულა არსებითი შედავება ზეგანაკვეთური სამუშაოს ღირებულების სრულად ანაზღაურებისა და მისი დაანგარიშების სისწორესთან დაკავშირებით

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 394-ე მუხლები, 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილი, მე-17 მუხლის მე-4 ნაწილი და 31-ე მუხლის მე-3 ნაწილები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს მხარეთა შრომით ურთიერთობაში ყოფნის, დამსაქმებლის მიერ რეორგანიზაციის მოტივით ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის ფაქტებზე, რის შედეგადაც დაირღვა ვალდებულება და დასაქმებულს მიადგა ზიანი, გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიციის/მისი ტოლფასი სამუშაო ადგილის არსებობის, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და მისი ადეკვატური შრომის ანაზღაურების გაუცემლობის ფაქტზე. დამსაქმებლის შედავების გათვალისწინებით, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების უმეტესობის დადასტურება ეკისრება მოსარჩელეს, თუმცა, შრომითი დავის თავისებურებიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია დაადასტუროს საწარმოში რეორგანიზაციის ჩატარების აუცილებლობა, რომელიც ობიექტურად, საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, სავალდებულოს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას და დამსაქმებელმა კანონით მინიჭებული ეს უფლება მართლზომიერად განახორციელა, ამ მხრივ, უდავოა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სრულიად კანონიერად მიიჩნიეს მოპასუხის ცალმხრივი ნება სამართლებრივი ძალის არმქონედ, ამასთანავე, ვინაიდან დღეისათვის გაუქმებულია მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა და არც მისი ტოლფასი პოზიციის არსებობის ფაქტი არ დადგინდა საქმის განხილვის შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ კომპენსაციის გადახდის გზით დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუცია გამართლებულია. კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარი დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს ზეგანაკვეთური სამუშაოს მოპასუხის მცრიდან აუნაზღაურებლობის თაობაზე, ვინაიდან სწორედ დამსაქმებელს, როგორც შრომის ორგანიზაციულ მოწყობაზე პასუხისმგებელ პირს, სრული შესაძლებლობას ჰქონდა, ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, წარედგინა განკუთვნადი მტკიცებულებები. ამ პირობებში კი, დასაქმებულის მოთხოვნა კანონისმიერი პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე ასევე საფუძვლიანია. საკასაცო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ მსეჯლობას პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდთან დაკავშირებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე კი, პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას შეზღუდულია საჩივარში გადმოცემული პრეტენზიებით. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედავებას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის მოშლის კანონიერების, ასევე, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებისა და დამსაქმებლისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 06.07.2020წ. #1594011800 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 519,66 ლარისა და მის მიერვე 16.10.2020წ. #1601885813 საგადახდო დავალებით გადახდილი 199,95 ლარის, სულ _ 719,61 ლარის 70% _ 503,727 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ.ს.ნ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ჯ.ს.ნ–ს“ (ს/კ #.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 06.07.2020წ. #1594011800 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 519,66 ლარისა და მის მიერვე 16.10.2020წ. #1601885813 საგადახდო დავალებით გადახდილი 199,95 ლარის, სულ _ 719,61 ლარის 70% _ 503,727 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი