Facebook Twitter

საქმე №ა-2295-შ-53-2021

03 ივნისი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ფ.ა–ვა

განხილვის საგანი – თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის რაიონის მერვე საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის რაიონის მერვე საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ.ა–ვა და რ.ქ–ა განქორწინდნენ.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 2 დეკემბერს.

ფ.ა–ვას წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის რაიონის მერვე საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

2021 წლის 21 მაისს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორმა და დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, მიუთითა, რომ ითხოვს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობას.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ფ.ა–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის რაიონის მერვე საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა მოსარჩელე ფ.ა–ვამ.

თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის რაიონის მერვე საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ.ა–ვა და რ.ქ–ა განქორწინდნენ.

შუამდგომლობაზე თანდართული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის რაიონის მერვე საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დაადგინა:

1. ფ.ა–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის რაიონის მერვე საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება ფ.ა–ვასა და რ.ქ–ას შორის ქორწინების შეწყვეტის შესახებ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე