Facebook Twitter

27 მაისი, 2021 წელი,

საქმე №ას-74 -2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი.ჯ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ჯ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.თბილისში, ...... ქ.№5-ში მდებარე 332კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები ლ.ჯ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე) საკუთრებაა.

2. ზემომითითებულ ქონებას (შემდეგში - სადავო ნივთი ან სადავო ქონება) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ ლ.გ–ი, გ.გ–ძე, ს.დ–ი, მ.ჩ–ი, მ.ჩ–ი და ი.ჯ–ი (შემდეგში: მოპასუხეები, მფლობელები, ხოლო ი.ჯ–ი დამატებით, ასევე, მოხსენიებული, როგორც: პირველი მოპასუხე, კასატორი).

3. მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, სადავო ქონების მათი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და იგი გამოთავისუფლებული სახით მოსარჩელეს გადაეცა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხეებმა, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

6.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ეს გარემოებები სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 183-ე, 311-ე, 312-ე, 170.1 და 172.1 მუხლები.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივარი შემდეგ არგუმენტზეა დამყარებული:

სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 172.1 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. პირველ მოპასუხეს ჰქონდა სადავო ნივთიდან 8 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ფლობის უფლება, ეს უფლება მას ამ ნივთის თავდაპირველმა მესაკუთრემ გადასცა. საქმე ისაა, რომ თავდაპირველმა მესაკუთრე ი.მ–მა კასატორს ხსენებული 8კვ.მ 3 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ გადასცა სარგებლობაში, მანამ სანამ თავდაპირველი მესაკუთრე მითითებულ თანხას არ დააბრუნებდა. აღნიშნულის დასადასტურებლად კასატორმა სასამართლოში წარადგინა სესხის ხელშეკრულება.

ასევე, საგულისხმოა, რომ კასატორის მფლობელობაში არსებული 8კვ.მ საცხოვრებელი ფართობი არ შედის მოსარჩელის საკუთრებაში. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელე 332კვ.მ-ს ფლობს, ხოლო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ეს ფართი 338კვ.მ-ია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

12. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

13. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

14. მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავდროულად, დადგენილია, რომ მოპასუხე უძრავი ნივთის მფლობელია. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხემ ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერება. ეს გარემოებები ადასტურებს, რომ არსებობს უკანონო მფლობელობიდან მესაკუთრის მიერ ნივთის გამოთხოვისათვის კანონით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ: სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, ხოლო მოპასუხეს არ აქვს მისი ფლობის უფლება.

15. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-577-2019, 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება; №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება). სადავო საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან (მაგალითისათვის იხ.: მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი; იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N42527/98, §83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).).

17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

18. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ მას ჰქონდა სადავო ნივთიდან 8კვ.მ საცხოვრებელი ფართის ფლობის უფლება, ეს უფლება კასატორს ამ ნივთის თავდაპირველმა მესაკუთრემ გადასცა და აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა კიდეც შესაბამისი სესხის ხელშეკრულება.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მარტო მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორემ - ეს პოზიცია უარყოს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რათქმაუნდა გამორიცხულია (იხ. სუსგ: №ას-1423-2019, 28.02.2020).

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის სასარჩელო პრეტენზიის ფარგლებში, მფლობელის შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის გამორიცხვა დამოკიდებულია სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარგდენით ნივთის მართლზომიერად ფლობის დასაბუთებაზე. ვინდიკაციური სარჩელის მოპასუხემ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა ამტკიცოს სადავო ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძვლიანობა (იხ. სუსგ: №ას-974-2019, 27.12.2019).

მოცემულ შემთხვევაში, კასატორს ასე არ უმოქმედია, მან შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ დაადასტურა, რომ სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. მარტო სიტყვიერი განმარტება კი, საამისოდ ვერ გამოდგება. შეუძლებელია, რომ სასამართლო ამა თუ იმ საკითხის დადგენისას რომელიმე მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას დაეყრდნოს, კანონი სასამართლოს ავალდებულებს, მტკიცებულებები შეაფასოს თავისი შინაგანი რწმენით და ეს რწმენა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას (სსსკ-ის 105.2 მუხლი).

19. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მის მფლობელობაში არსებული 8კვ.მ საცხოვრებელი ფართობი არ შედის მოსარჩელის საკუთრებაში, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელე 332კვ.მ-ს ფლობს, ხოლო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ეს ფართი 338კვ.მ-ია.

საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ სხვაობა 338 კვ. მ.-სა და 332 კვ.მ. შორის შეადგენს არა 8 არამედ 6 კვ.მ. ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა შემოიფარგლება საჯარო რეესტრის მონაცემებით ლ.ჯ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვით. საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ფარგლები ვერ გაცდება უშუალოდ ლ.ჯ–ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას და აშკარაა, რომ კასატორის ზემოაღნიშნული არგუმენტიც დაუსაბუთებელია.

კონკრეტულ შემთხვევაში, არსებითია, რომ სადავო ქონების (რომლის კასატორისგან გამოთხოვის სარჩელიც განიხილება) მესაკუთრე მოსარჩელეა და პირველი მოპასუხე უძრავ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს. ეს გარემოებები მესაკუთრეს იმ უფლებით აღჭურავს, რომ თავის საკუთრებაში არსებული ქონების კასატორისგან, როგორც არამართლზომიერი მფლობელისგან გამოთხოვა მოითხოვოს. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით მესაკუთრის სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე