საქმე №ას-272-2021 3 ივნისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ.მ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე.კ..“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმება; საქმისწარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ე.კ.სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან მოგირავნე) და გ.მ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, საჩივრის ავტორი, კასატორი, მსესხებელი ან დამგირავებელი) შორის 2014 წლის 14 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის წერილობითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ მსესხებელს 24 თვით საკუთრებაში 2 500 აშშ დოლარი გადასცა, 5%-ის ყოველთვიურად სარგებლის დარიცხვით, ძირითადი თანხისა და სარგებლის ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ გადახდის პირობით (სსკ-ის 254.1 და 258.1 მუხლები).
2. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „აუდი ოლროუდი“, სარეგისტრაციო ნომრით DDS771 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ავტომანქანა ან გირავნობის საგანი).
3. ხელშეკრულების მიხედვით, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად შესასრულებლად, მსესხებელს დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა ყოველგვარ ნაშთზე, რომელიც გავრცელდებოდა იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც შეიძლება ამ ქონების რეალიზაციის პროცესში წარმოშობილიყო.
4. შპს „ჯ.ი. ჯ–ის“ დასკვნით, გირავნობის საგანი 2015 წლის 25 ივლისის მონაცემებით - 1300 აშშ დოლარად შეფასდა, მომსახურების ღირებულება - 100 ლარი მოსარჩელემ აანაზღაურა.
5. შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2015 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელემ გირავნობის საგნის - 1 136 აშშ დოლარად რეალიზაცია მოახდინა, რომელიც შემდეგნაირად გაიქვითა: სესხის დაფარვის საკომისიო - 170 ლარით, სესხზე დარიცხული სარგებელი - 776 აშშ დოლარით, სესხის ძირითადი თანხა კი, 289 აშშ დოლარით შემცირდა.
6. კრედიტორმა სარჩელი აღძრა მსესხებლის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ის ამტკიცებდა, რომ ავტომანქანა დაზიანებული არ ყოფილა და უფრო მაღალ ფასად, არანაკლებ 2 000 აშშ დოლარად უნდა გაყიდულიყო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 2 186,15 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა - 1 901 აშშ დოლარი, სარგებელი - 285.15 აშშ დოლარი) ეკვივალენტი ლარისა და ავტომანქანის შეფასების ღირებულების, 100 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
9. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბირს სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე/აპელანტი, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 387.1 მუხლი).
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
12. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის წარმომადგენელმა გაასაჩივრა. მისი მტკიცებით, მართალია, აპელანტს ეცნობა სხდომის დღის შესახებ და ისიც განემარტა, რომ ამის შესახებ წარმომადგენელსაც აცნობებდნენ, თუმცა სასამართლო უწყება მას არ ჩაჰბარებია.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა საპატიო გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა საქმისწარმოების განახლებას.
14. 2020 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2021 წლის წლის 27 იანვრის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა შემდეგი დასაბუთებით:
14.1. კასატორის მითითებით, სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება მოპასუხეს არასდროს ჩაჰბარებია, ყოველთვის წარმომადგენელს ეგზავნებოდა შეტყობინება, შესაბამისად, ვლინდებოდა შეცდომა და არა ინტერესის დაკარგვა საქმის მიმართ.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კი - დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო პალატის სხდომაზე მოპასუხის/აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
17. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387.1 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
18. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და, 2020 წლის 11 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა დაინიშნა იმავე წლის 29 ივნისს, 12:00 საათზე (სსსკ-ის 376-ე მუხლი). აღნიშნული სხდომა რამდენიმეჯერ იქნა გადატანილი და საბოლოოდ სასამართლო მთავარი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 7 ოქტომბერს, 15:00 საათზე.
19. 2020 წლის 7 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი/მოპასუხე და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომლებსაც სხდომის თაობაზე ეცნობათ კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, აპელანტი სხდომის თაობაზე ინფორმირებული იქნა 2020 წლის 2 ოქტომბერს, სატელეფონო შეტყობინებით და მას განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები (იხ. აქტი, ს.ფ. 328). მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა და აპელანტის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
20. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
21. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
22. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ 2020 წლის 7 ოქტომბრის სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა მის წარმომადგენელს, ვინაიდან სატელეფონო კომუნიკაცია უშუალოდ გ.მ–ძესთან განხორციელდა.
საკასაციო პალატა კასატორის ამ მსჯელობას უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 70.1. მუხლის პირველ წინადადებას, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელი საკმარისად მიიჩნევს სასამართლო უწყების მხარის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებას და არ აწესებს სასამართლო უწყების როგორც მხარის, ასევე - მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარების ვალდებულებას. მხარისათვის უწყების ჩაბარებისას, სასამართლო შეტყობინება ჩაბარებულად მიიჩნევა მისი წარმომადგენლისთვისაც.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ სატელეფონო შეტყობინებით სხდომაზე მოიწვია რა პირადად აპელანტი, სწორედ მას ევალებოდა სასამართლო სხდომის თაობაზე მისი წარმომადგენლის ინფორმირება, ვინაიდან, მხარისათვის უწყების ჩაბარება, ამავდროულად, მისი წარმომადგენლის ინფორმირებასაც მოიაზრებს. აქედან გამომდინარე, კასატორის ზემოხსენებული პრეტენზია დაუსაბუთებელია, შესაბამისად, ის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ვერ დაედება საფუძვლად.
23. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
24. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
25. კასატორს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.მ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე