4 ივნისი, 2021 წელი,
საქმე №ას-311-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ს.მ–ა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2007 წლის 22 მარტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი, აპელანტი, კასატორი), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს ,,სი-მ-ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ს-მ-ს“ გამოეყო სესხი - 500 000 ლარი. სესხის სარგებლობისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 1%-ს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვადაგადაცილებულ თანხას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0.07%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის N282 განკარგულებით დადგინდა შპს ,,სი-მ“ მიმართ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების - 500 000 ლარის, მასზე დარიცხული პროცენტის - 8 988.58 ლარისა და 2010 წლის 16 თებერვლის ჩათვლით დარიცხული საურავის - 142 577.56 ლარის, ჯამურად - 651 566.14 ლარის ოდენობით სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია.
3. 2010 წლის 4 მარტს მოსარჩელესა და შპს „ს-მ-ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება „სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“. რესტრუქტურიზაციის პერიოდად განისაზღვრა 5 წელი, მათ შორის: გაყინვის პერიოდი, 2010 წლის 16 თებერვლიდან 2012 წლის 16 თებერვლამდე, ხოლო გადავადების პერიოდი 3 წლით, 2012 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 16 თებერვლამდე. რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანებისა და რესტრუქტურიზაციის პერიოდში მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა იწყებოდა გაყინვის პერიოდის დამთავრებისთანავე - 2012 წლის 16 თებერვლიდან. გაყინვის პერიოდში დარიცხული სარგებელი გადაიხდებოდა 2012 წლის 16 თებერვალს, ერთჯერადად. შემდგომი გადახდები შესრულდებოდა ყოველკვარტლურად, არაუგვიანეს მომდევნო კვარტლის პირველი სამუშაო დღისა.
4. შპს „ს-მ-ს“ არ შეუსრულებია რესტრუქტურიზებული თანხისა და მასზე რიცხული სარგებლის გადახდის ვალდებულება.
5. 2015 წლის 24 აპრილის მდგომარეობით, მსესხებლის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა 1 651 033.39 ლარი, საიდანაც რესტრუქტურიზებული თანხაა 651 566.14 ლარი, რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული სარგებელი - 136 069.95 ლარი და პირგასამტეხლო - 863 397.30 ლარი.
6. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2012 წლის 16 მარტის N1-3/191 ბრძანებით შპს ,,სი მ-ი“ შეერწყა შპს ,,ა–ი მ-ს“, შპს ,,მ–ი მ-ს“ და შპს ,,კ–ი მ-ს“. ამავე ბრძანების თანახმად, შპს ,,სი მ-ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ს.გ. ს.ს.კ–ა“, ხოლო მოგვიანებით ეწოდა შპს ,,ს.მ–ა“ (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი, მოვალე, მოწინააღმდეგე მხარე).
7. კრედიტორმა სასამართლოში სარჩელი აღძრა მსესხებლის წინააღმდეგ სესხის რესტრუქტურიზებული თანხის, რესტრუქციის პერიოდში დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის რესტრუქტურიზებული თანხის (651 566.14 ლარი), რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული სარგებლისა (136 069.95 ლარი) და პირგასამტეხლოს (30 000 ლარი) გადახდა; მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ, ასევე, დაეკისრა 2015 წლის 24 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს, 4.5 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს, 833 397.30 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.
9. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ რიგში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის სესხისა (651 566.14 ლარი) და სარგებლის (136 069.95 ლარი) დაკისრების ნაწილში არ გასაჩივრებულა და აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
მოსარჩელემ სააპელაციო წესით გადაწყვეტილების ის ნაწილი გაასაჩივრა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი პირგასამტეხლოს - 833 397.30 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე. აპელანტის მოსაზრებით, არ არსებობდა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 863 397.30 ლარის, 30 000 ლარამდე შემცირების, აგრეთვე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ს ოდენობით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (რომელიც ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის შეადგენდა 456.10 ლარს) 4.5 ლარამდე შემცირების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ) 417-ე, 420-ე მუხლები.
11. სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივარი შემდეგ საფუძვლებს ემყარება:
11.1. სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომაა პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. მოპასუხეს საქმეზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დაასაბუთებდა, რომ მისთვის მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. თითოულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის დარიცხვის შედეგად გამოდის, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით ყოველთვიურად 2.1%, ხოლო წლიურად 25% უნდა დაერიცხოს, რაც სრულად შესაბამისია გონივრულ სტანდარტებთან და ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
18. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად სწორად ეთქვა მოსარჩელეს უარი 833 397.30 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალისათვის სესხის რესტრუქტურიზებული თანხისა (651 566.14 ლარი) და დარიცხული სარგებლის (136 069.95 ლარი) დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და, შესაბამისად, დასახელებულ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული (სსსკ-ის 264.1 მუხლი).
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია, რომ 2015 წლის 24 აპრილის მდგომარეობით, მსესხებლის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა 1 651 033.39 ლარი, საიდანაც სესხის რესტრუქტურიზებული თანხაა 651 566.14 ლარი, რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული სარგებელი - 136 069.95 ლარი და პირგასამტეხლო - 863 397.30 ლარი.
ზემომითითებული გარემოება კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია, ამიტომ იგი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
20. პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) და 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო).
როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაა, ე.ი. კასატორის იურიდიული ინტერესი ისაა, რომ არ მოხდეს პირგასამტეხლოს შემცირება და მისი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს.
ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუკი მოსარჩელე (აპელანტი) დაამტკიცებდა, რომ მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არსებითად შესაბამისია ვალდებულების დარღვევის ხარისხთან და ამით გამოწვეულ ზიანთან მიმართებით.
მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი:
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
„პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014).
„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
ამდენად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
21. საკასაციო პალატის შეფასებით, მოცემულ დავაზე 833 397.30 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება, გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შინაარსიიდან, დარღვევის ხარისხიდან და დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგებიდან აშკარად არაგონივრულია.
ამავდროულად, გონივრულია პირგასამტეხლოს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობა (30 000 ლარი და 2015 წლის 24 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4.5 ლარი), რადგან იგი სესხის ძირითადი (651 566.14 ლარი) და საპროცენტო (136 069.95 ლარი) დავალიანების მთლიან ოდენობასთან შესაბამისია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობაზე, არ აქვს სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.
22. პალატა არ იზიარებს კასატორის მიერ იმაზე აპელირებას, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის თაობაზე, დაუსაბუთებელია. პირიქით, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი (რომელიც საკასაციო პალატის შესაბამის პრაქტიკაზე მითითებასაც შეიცავს) სწორედ აღნიშნული საკითხის დასაბუთებას ეძღვნება. გარდა ამისა, მცდარია კასატორის მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის დამასაბუთებელი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს შემცირებას საფუძვლად დაედო სესხის ძირითადი (651 566.14 ლარი) და საპროცენტო (136 069.95 ლარი) დავალიანების მთლიან ოდენობასთან მისი შეუსაბამობა, რაც სწორედ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ განიმარტა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებთანაც წინამდებარე განჩინება შესაბამისობაშია (შდრ. სუსგ: №ას-764-732-2016, 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება; №ას-752-720-2016, 25.11.2016, 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება, №ას-800-756-2015, 22 სექტემბერი, 2015 წელი).
24. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
26. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
ლევან მიქაბერიძე