Facebook Twitter

11 ივნისი, 2021 წელი,

საქმე №ას-338 -2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - თ.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ო.შ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.მ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებას ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, ო.შ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეწყდა სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 1997 წლის 11 იანვარს #4 სააქტო ჩანაწერით (#01191021722) რეგისტრირებული ქორწინება. კასატორი მიიჩნევდა, რომ განჩინება არ იყო დასაბუთებული მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, მისი მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, უსაფუძვლოდ დააკმაყოფილეს სასარჩელო მოთხოვნა. მათ არ გაითვალისწინეს მხარეთა ნებისა და სიყვარულის შესაბამისად ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეები 1995 წლიდან არარეგისტრირებულ, ხოლო 1997 წლის 11 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1106-ე მუხლი; იხ. ქორწინების მოწმობა).

4.4. ამჟამად მხარეები ერთ სახლში ცხოვრობენ, თუმცა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა გამწვავებულია. მიუხედავად შესარიგებელი ვადის მიცემისა, მეუღლეები არ შერიგდნენ.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნა სსკ-ის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან (ქორწინება წყდება განქორწინებით), 1123.1 განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში) და 1127.3 (განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია) მუხლებიდან გამომდინარეობს.

6. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა, სახელდობრ:

7. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ნებითა და სიყვარულით ამჟამადაც მმხარეთა ერთ სახლში ცხოვრების ფაქტი.

7.1. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა გამწვავებულია და მათი ოჯახის აღდგენა და შენარჩუნება, მიუხედავად შესარიგებელი ვადის მიცემისა, შეუძლებელია. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის პოზიცია სარჩელის აღძვრის (2019 წლის 8 ნოემბერი) შემდეგაც უცვლელია და მას მოპასუხესთან განქორწინება კვლავ სურს, სახელდობრ: სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს, მოსარჩელემ მკაფიოდ გამოხატა მოპასუხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, ამ უკანასკნელთან შერიგება გამორიცხა და განქორწინება მოითხოვა (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი). აღნიშნული გარემოებების უარსაყოფად კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ვრცელ განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.). მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (სუსგ №ას-1753-2018, 15.02.2019წ.).

9. სსკ-ის 1106-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით. მათი თანხმობა წარმოადგენს როგორც დაქორწინებისათვის აუცილებელ პირობას სსკ-ის 1107-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ისე შემდგომში, აუცილებელ პირობას ოჯახის შენარჩუნებისათვის. სწორედ მეუღლეთა თანხმობით გამოიხატება ნებაყოფლობითი ქორწინების პრინციპი.

10. ამდენად, რადგანაც მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-70-70-2018, 21.12.2018).

12. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახდო დავალება #10825201628, გადახდის თარიღი 01.05.2021წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ.მ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახდო დავალება #10825201628, გადახდის თარიღი 01.05.2021წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე