20 მაისი, 2021 წელი,
საქმე №ას-1240 -2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „l -G“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ან ნაწილში სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „l-G-ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი კასატორი ან შემკვეთი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე შპს „ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე ან შემსრულებელი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს 2018 წლის 27 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ფაქტობრივად არსებული დავალიანების ნაწილის - 33 398,95 ლარის, ყოველდღიურად 0.01%-ის (3,34 ლარის) გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 63 454 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დამკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შესრულდა.
სასამართლოს მიერ არასწორად გაიმიჯნა მიღება-ჩაბარების აქტებიც და დადგინდა, რომ მხოლოდ ბათუმში, ........ ქუჩა #6ა-ში და #6ბ-ში შესრულებული სამუშაოების საფასურის ანაზღაურების დაგვიანებისთვის არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები; მაშინ, როცა საქმეში წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება, 2016 წლის 14 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულების სრულად ანაზღაურება.
2.1. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, არასწორად შეფასდა გაზრდილი სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტით წარმოშობილი დავალიანება და მასზე დარიცხული პირგასამტეხლო, რადგან მხარეები ანაზღაურების წესზე წერილობითი ფორმით არ შეთანხმებულან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. მხარეებს შორის 2016 წლის 14 ნოემბერს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მენარდემ ბათუმში, ........ #73, ........ ქუჩა #15-ში, საკადასტრო კოდით #....... მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეტალოპლასმასის კარფანჯრების ორმაგი მინა პაკეტით დამზადება/მონტაჟის სამუშაოების შესრულება იკისრა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საერთო ღირებულება - 101 050 ლარს (დღგს ჩათვლით), ხოლო ოდენობა 2350 კვ.მ-ს (1 კვ.მ - 43 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს) შეადგენდა.
შესრულებული სამუშაოს ღირებულება ანაზღაურდებოდა უნაღდო ანგარიშსწორების წესით, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან ეტაპობრივად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესასრულებელი სამუშაოების საერთო ოდენობა გაიზრდებოდა, მხარეები მის ანაზღაურებაზე სამუშაოს დაწყებამდე წინასწარ შეთანხმდებოდნენ (იხ. შეთანხმების 2.3 პუნქტი).
5.4. ხელშეკრულების 8.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი ღირებულების გადახდას დააგვიანებდა, მაშინ მას მენარდისათვის დაგვიანებული ანგარიშსწორებისათვის ან/და გაქვითვისათვის პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა, აუნაზღაურებელი თანხის - 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.5. მენარდემ ბათუმში, ........ ქუჩა #6ა-ში და #6ბ-ში დამატებითი 271 კვ.მ სამუშაოები ისე შეასრულა, რომ მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება არ გაფორმებულა.
5.6. 2016 წლის 30 დეკემბერს, 2017 წლის 27 დეკემბერსა და 2018 წლის 31 იანვარს, 28 თებერვალსა და 31 ივლისს, მხარეებმა შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიამ დაადასტურა, რომ ჩაიბარა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო, ჯამურად - 3 522,7 კვ.მ, რომელიც ........ ქუჩა #6ა-ში და #6ბ-ში შესრულებულ სამუშაოებს - 271,5 კვ.მ-საც მოიცავდა. მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, გამოიწერა ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, სადაც აისახა სამუშაოს ღირებულება, რაც მოპასუხეს/კასატორს სადავო არ გაუხდია.
5.7. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 389 970 ლარი შეადგინა (სამუშაოს შესრულებისას არსებული ვალუტის კუსი).
5.8. შემკვეთმა მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი - 326 516 ლარი აუნაზღაურა, 63 454 ლარი კი - არ გადაუხადა.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შესრულებული სამუშაოთა საზღაურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 648-ე (შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას), 633.1 (შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრების ნაწილის არსებობა, რადგანაც ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება სრულად არ იყო შესრულებული.
8. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 629-ე მუხლს და განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს აქვს უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია, შეასრულოს გარკვეული სამუშაო, შემკვეთი კი - გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან, არსებითია კი - მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმები პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“.
9. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, მენარდემ მიუთითა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა და გადასცა შემკვეთს, რომელმაც პრეტენზიის განუცხადებლად მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე შესრულებაც მიიღო და თანხის ძირითადი ნაწილიც გადაიხადა.
10. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღება-ჩაბარების აქტებზე და საბანკო ანგარიშის ამონაწერებზე დაყრდნობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება ჯამურად - 389 970 ლარია (რაზეც არც მოპასუხე არ დავობს) და მოპასუხეს 326 516 ლარის გარდა, მოსარჩელისთვის დამატებით გადასახდელი აქვს 63 454 ლარი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (შდრ. სუსგ ას-344-2019, 12.02.2021 წ.).
10.1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის მტკიცებას, რომ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, გამომდინარე იქიდან, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ხსენებული გარემოების დადასტურება ვერ შეძლო. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ მართებულად დაეკისრა შესრულებულ სამუშაოთა საზღაურის - 63 454 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
11. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ მიღება-ჩაბარების აქტები არასწორად გაიმიჯნა და დადგინდა, რომ მხოლოდ ბათუმში, ........ ქუჩა #6ა-ში და #6ბ-ში შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების დაგვიანებისთვის არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.
კასატორის ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს 2016 წლის 14 ნოემბერის ნარდობის ხელშეკრულების 8.3. პუნქტზე, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ, თუ მენარდე შეასრულებდა ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ხოლო შემკვეთი ღირებულების გადახდას დააგვიანებდა, მაშინ მას მენარდისათვის დაგვიანებული ანგარიშსწორებისათვის პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა, აუნაზღაურებელი თანხის - 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ეს შეთანხმება მხოლოდ ბათუმში, ........ #73-ში და ........ ქუჩა #15-ში არსებულ შესასრულებელ სამუშაოებს ეხებოდა.
რაც შეეხება მენარდის მიერ ბათუმში, ........ ქუჩა #6ა-ში და #6ბ-ში დამატებით 271 კვ.მ სამუშაოების შესრულებას, ამის შესახებ მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან, ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, იმის შესახებ რომ შემკვეთის მიერ დამატებით შესრულებული სამუშაოს საფასურის გადახდის ვალდებულების დარღვევა მენარდეს პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებას ვერ წარმოუშობდა, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მასზე წერილობითი შეთანხმების არარსებობის გამო.
12. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (შდრ. სუსგ ას-144-140-2016, 19.04.2016 წ.).
13. საკასაციო პალატის მოსაზრებით მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ საკუთრივ საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული პოზიცია ნარდობის საზღაურის და პირგასამტეხლოს ურთიერთკავშირის ჭრილშიც. როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება შპს „l-G“-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაეკისრა 63454 ლარი, რომელიც წარმოადგენს 2016 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულებაში პირდაპირ გათვალისწინებულ სამუშაოთა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილის ჯამს. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „l-G“-ს პირგასამტეხლო დაეკისრა მხოლოდ სახელშეკრულებო პირობის ფარგლებში შეთანხმებული სამუშაოს ღირებულების აუნაზღაურებელ ნაწილთან მიმართებით (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება გვ. 10).
საკასაციო საჩივრის მიხედვით, კასატორი გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული საზღაურის ნაწილში, მაშინ როდესაც საკასაციო პრეტენზია შეეხება იმავე თანხის გადაუხდელობის შედეგად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების უსაფუძვლობის მტკიცებას.
საკასაციო პალატის დასკვნით დასახელებული პოზიცია სამართლებრივად სრულიად დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ იმ პირობებში, როცა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევა ვლინდება, მისთვის 2016 წლის 14 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური სანქციის/პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნაც საფუძვლიანია.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს თ.კ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #10362613477, გადახდის თარიღი 18.01.2021წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ l -G-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ l -G-ის“ (ს/ნ ..... ) დაუბრუნდეს თ.კ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #10362613477, გადახდის თარიღი 18.01.2021წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე