საქმე №ას-1680-2018 14 ივნისი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
კასატორი – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ნ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, ნ.ნ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა:
- ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის №43 502 ბრძანება მოსარჩელის ნაწილში მასთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების თაობაზე;
- ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 29 ივნისს დადებული შრომითი ხელშეკრულების 4.1 პირობა, ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ;
- ნ.ნ–ძე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, კერძოდ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწის პოზიციაზე;
- ნ.ნ–ძეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ყოველთვიური ხელფასის 1100 ლარის (დარიცხული) გათვალისწინებით 2018 წლის 1 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე;
- გადაწყვეტილება ნ.ნ–ძის სამუშაოზე აღდგენისა და სამი თვის განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებმად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით. სასამართლო სხდომაზე მხარეებმა განმარტეს, რომ მოცემულ საქმეზე აღარ არსებობს დავის საგანი, ვინაიდან მოპასუხემ 2019 წლის აპრილიდან ნებაყოფლობით აღასრულა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (მოსარჩელეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 2018 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 8 აპრილამდე, ამასთან, ის აღდგენილ იქნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწის პოზიციაზე და მასთან გაფორმდა უვადო შრომითი ხელშეკრულება). აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს 2019 წლის 4 ივლისს წარმოდგენილი განცხადება, რომელსაც ერთვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებებისა და შრომითი ხელშეკრულების ასლები.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიიჩნევს მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი გარემოებების გამო:
სსსკ-ის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც, შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, აქედან გამომდინარე კი, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც მხარეთა განმარტებით, ასევე საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულია და შესაბამისად, მხარეთა შორის აღარ არსებობს დავა.
როგორც უკვე აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის №43 502 ბრძანება მოსარჩელის ნაწილში მასთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 29 ივნისს დადებული შრომითი ხელშეკრულების 4.1 პირობა, ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ; ნ.ნ–ძე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, კერძოდ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწის პოზიციაზე; ნ.ნ–ძეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ყოველთვიური ხელფასის 1100 ლარის (დარიცხული) გათვალისწინებით 2018 წლის 1 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე; გადაწყვეტილება ნ.ნ–ძის სამუშაოზე აღდგენისა და სამი თვის განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2019 წლის 4 ივლისს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ნ.ნ–ძის წარმომადგენელმა ლელა მოწონელიძემ, რომელმაც განმარტა, რომ ზესტაფონის მერიამ სრულად აღსრულა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რის დასტურადაც განცხადებას დაურთო: ა) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 08.04.2019 წლის №40 404 ბრძანება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე აღდგენილ იქნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწის პოზიციაზე, გაფორმდა უვადო შრომითი ხელშეკრულება და თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1100 ლარით; ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 15.04.2019 წლის №43 456 ბრძანება, რომლითაც ნ.ნ–ძეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 2018 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 8 აპრილამდე და გ) მხარეთა შორის 10.04.2019 წელს გაფორმებული უვადო შრომითი ხელშეკრულება.
ამდენად, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ნ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნებაყოფლობით აღსრულებულია, მოსარჩელე აღდგენილია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწის პოზიციაზე, მასთან გაფორმებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება და ანაზღაურებულია იძულებითი განაცდური 2018 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 8 აპრილამდე (სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდი) და მხარეებს შორის გრძელდება შრომითი ურთიერთობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მისაღწევადაც აღიძრა სარჩელი, უკვე დამდგარია, რის გამოც მოცემულ საქმეზე არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის სსსკ-ის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტისა და სსსკ-ის 372-ე და 399-ე მუხლების თანახმად (საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს; საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით), უნდა შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
კასატორი გათვისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ნ–ძის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება და განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მომართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე