Facebook Twitter

საქმე №ას-421-2020 31 მაისი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ჩ–ძე (შემდგომ - მოსარჩელე, პირველი აპელანტი, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე), 2017 წლის 17 ივლისის უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელში“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, მეორე აპელანტი, კასატორი) საეთერო ჯგუფის რეჟისორის თანამდებობას იკავებდა და მის ფუნქციას კონცერტებისა და საიუბილეო საღამოების გადაღებაზე მუშაობა წარმოადგენდა.

2. მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება ყოველთვიურად 1800 (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ლარს შეადგენდა.

3. დამსაქმებელმა დასაქმებულს 2018 წლის აგვისტოში შეთავაზება გაუგზავნა, რომლის თანახმად, ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ცალკეული თანამდებობების სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა განსაზღვრულიყო საათობრივი დასაქმების სამუშაო რეჟიმი და ამ დასაქმებულებს შრომა აუნაზღაურდებოდათ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. დასაქმებულს დამსაქმებელმა შესთავაზა წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკში რეჟისორის თანამდებობა, რომლის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს 1 გადასაღები დღის ღირებულება 200 ლარით განისაზღვრებოდა.

4. ზემოაღნიშნული შეთავაზება ძალაში იყო 2018 წლის 4 სექტემბრამდე, ხოლო მასზე უარის თქმის შემთხვევაში, ამ ვადიდან, მოსარჩელესთან დადებული უვადო შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდებოდა.

5. მოსარჩელემ მოპასუხის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე უარი განაცხადა, რის გამოც, კომპანიის 2018 წლის 18 სექტემბერს №264-კ ბრძანებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა და იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

სარჩელის საფუძვლები:

6. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, 2018 წლის 18 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე განაცდურის, 1800 ლარის, ყოველთვიურად ანაზღაურება.

7. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის აგვისტოში კომპანიის ათობით თანამშრომელმა მიიღო ე.წ. შეთავაზება ხელშეკრულებისა, რომლითაც სრულად იცვლებოდა დასაქმებულის სამუშაო პირობები, კერძოდ: დასაქმებულებს სთავაზობდნენ საათობრივად დასაქმების სამუშაო რეჟიმს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებით. შეთავაზებაში მოცემული იყო დღიური ანაზღაურების ტარიფი, თუმცა არ დგინდებოდა სამუშაო დღეების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა, რაც ტოვებდა შესაძლებლობას, რომ ფორმალურად დასაქმებულმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ერთი სამუშაო დღეც ვერ მიიღოს, მით უფრო, დასაქმებულებს შრომის შინაგანაწესით აკრძალული აქვთ სხვა მედიასაშუალებაში მუშაობა, რაც მათ მძიმე სოციალურ პირობებს უქმნის.

8. მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან უარი განაცხადა შეთავაზებულ პირობებზე, მოპასუხემ სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად გაათავისუფლა.

მოპასუხის პოზიცია:

9. მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხემ თანამშრომელთა დასწრება-აღრიცხვის, ე.წ. ტურნიკეტის სისტემის ამოქმედების შედეგად გამოავლინა, რომ არაერთ სტრუქტურულ ერთეულში დატვირთვა არათანაბრად იყო გადანაწილებული ან არასწორად ასახული სამუშაო რეჟიმზე. გამოვლინდა, რომ თანამშრომელთა ნაწილი სამსახურში იშვიათად, ნაწილი კი მცირე დროით ცხადდებოდა.

10. ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ცალკეული თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განისაზღვრა საათობრივი დასაქმების რეჟიმი და ამ ადგილებზე დასაქმებული პირებისთვის შრომა უნდა ანაზღაურებულიყო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. ადმინისტრაციამ მოსარჩელეს შესთავაზა შესაბამისი პირობებით მუშაობის გაგრძელება რეალურად არსებული გარემოებებისა და მოცემულობის გათვალისწინებით, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა.

11. მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ მოპასუხის გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

12. მოპასუხის წარმომადგენელმა მოსამართლის შეკითხვაზე მიუთითა, რომ საეთერო ჯგუფში დასაქმებული იყო 12 რეჟისორი, ამჟამად კი დასაქმებულია - 7, აქედან 6 რეჟისორი ძველი სამუშაო პირობებით, ხოლო ერთი ახალი სამუშაო პირობებით აგრძელებს მუშაობას, ამასთან, მოსარჩელის ფუნქციები ზემოაღნიშნულ რეჟისორებზე გადანაწილდა და მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა აღარ არსებობს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის გენერალური დირექტორის 2018 წლის 18 სექტემბრის №264-კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნაწილში; დამსაქმებელს კომპენსაციის - 18000 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გადახდა დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა.

14. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრვისამართლებრივი დასაბუთება:

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი (რომლითაც, დამსაქმებელს კომპენსაციის 18000 ლარის გადახდა დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა) გაუქმდა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: დასაქმებული აღდგენილ იქნეს პირვანდელ სამუშაოზე - მაუწყებლის რეჟისორის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი 2018 წლის 18 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე.

16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომით სამართალში მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზე, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტის დანაწესზე და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების შეფასებისას განმარტა, რომ დამსაქმებლის მხრიდან წინასწარი შეთავაზების განხორციელებას შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების გაუარესების გზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის ობიექტურ გარემოებად ვერ განიხილავდა.

17. სასამართლოს განმარტებით, დამსაქმებლის მიერ მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების ანაზღაურების გაცემის წესთან დაკავშირებით ცვლილების შესახებ ინიციატივის მიხედვით, არსებული ფიქსირებული ანაზღაურება გადადიოდა გამომუშავებასთან დაკავშირებულ ანაზღაურების წესზე, რაც სშკ-ის 6.9 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, განიხილება ხელშეკრულების არსებითი პირობის ცვლილებად. ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით. ამდენად გარემოება, რომ დამსაქმებელმა წინასწარ გააფრთხილა მოსარჩელე მის მიერ შეთავაზებულ პირობებზე უარის თქმის შემთხვევაში, მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, სასამართლოს მითითებით, არ ამართლებს მოპასუხის ქმედებას, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებაზე, ვინაიდან მოსარჩელე მოცემულ შემთხვევაში, არ იყო ვალდებული, დასთანხმებოდა ახალი შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლის შესახებ მოპასუხის წინადადებას.

18. სააპელაციო სასამართლომ საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ შესაძლებელი იყო თვის განმავლობაში ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს ერთი სამუშაო დღეც არ ჰქონოდა და შესაბამისად, ვერ მიეღო მინიმალური ოდენობის ანაზღაურებაც კი. ამასთან, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირებს, წინასწარი შეთანხმების გარეშე, ეკრძალებოდათ პარალელურად სხვა დაწესებულებაში მუშაობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შეცვლილი ანაზღაურების წესით დასაქმებულს ერთმეოდა შესაძლებლობა, მიეღო მინიმალური შემოსავალი, შესაბამისად, ამგვარი პირობის შეთავაზება ვერ მიიღებოდა დამსაქმებლის კეთილ ნებად, ვანაიდან დაუსაბუთებლად იწვევდა დასაქმებულის უფლებების ხელყოფასა და არ ითვალისწინებდა მის მინიმალურ ინტერესებს.

19. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის სასარგებლოდ ვერ განიხილება მისი მტკიცება სამუშაო ძალის შემცირების საჭიროებასთან დაკავშირებით, ვინაიდან თავად მაუწყებლის ნების შესაბამისად აიყვანეს 12 რეჟისორი სამუშაოზე და მათთან შრომითი ხელშეკრულებები უვადოდ გაფორმდა, რის შემდგომაც საუბარი ამდენი რეჟისორის საჭიროების არარსებობასთან დაკავშირებით, ვერ განიხილება გონივრულ საფუძვლად შრომითი პირობების გაუარესებისა და შემდგომში მის შეწყვეტასთან მიმართებით, რადგანაც შრომის მნიშვნელობისა და მისგან გამომდინარე სოციალური გარანტიების თანახმად, დასაქმებულისათის მისი პირობების შეცვლა, მით უფრო, ანაზღაურების წესის ცვლილება გამართლებულია მხოლოდ პატივსადები საფუძვლებიდან, რაც, თავის მხრივ, ნაკარნახებია უკიდურესი აუცილებლობით.

20. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დამსაქმებელმა დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ განახორციელა კვალიფიციური შედავება და არ მიუთითებია, კონკრეტულად რა ფაქტორს მოიაზრებდა ხელშეკრულების შეწყვეტის ,,სხვა ობიექტურ გარემოებად" ან რის საფუძველზე მიიჩნევდა, რომ განუსაზღვრელი ვადით დასაქმებული პირის მხრიდან, შეცვლილი შრომითი ხელშეკრულების პირობებზე უარის თქმა შეიძლებოდა გამხდარიყო ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერად მიჩნევის წინაპირობა.

21. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 38-ე მუხლის მერვე ნაწილზე და განმარტა, რომ კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტამდე სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ დასაქმებული შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში ვერც პირვანდელი სამუშაო ადგილას და ვერც ტოლფასი თანამდებობის დაკავების გზით ვერ აღდგება.

22. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დამსაქმებელმა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ვერ უზრუნველყო, დაედასტურებინა გარემოება, აღდგენის შეუძლებლობასთან დაკავშირებითაც. მხოლოდ ვაკანტური თანამდებობის არარსებობის თაობაზე მოპასუხის განმარტება, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის დარღვეულ უფლებებში აღდგენაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, დამსაქმებელმა მასთან არსებული თანამდებობის ჩამონათვალი წარადგინა (მხარის განმარტებით, მათ საშტატო ნუსხა არ გააჩნიათ) მათი რაოდენობის მითითების გარეშე. ის გარემოება, რომ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე სჭირდებათ მხოლოდ შვიდი და არა მეტი ან ნაკლები რეჟისორი, ამის თაობაზე რაიმე მტკიცებულება დამსაქმებლს, გარდა განმარტებისა, არ წარუდგენია.

23. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კომპანიის მიერ 2018 წლის 3 სექტემბერს საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომლის თანახმად, მოპასუხის ახალი სეზონის გადაცემების დაგეგმვა განხორციელდა შესაბამისი სამუშაო ძალების განსაზღვრასთან ერთად - ეთერს ინარჩუნებს ყველა არსებული გადაცემა და იგეგმება რამდენიმე მაშტაბური პროექტი და დაასკვნა, რომ შესაძლებელია მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა.

კასატორის მოთხოვნა:

24. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

25. კასატორის მითითებით, დამსაქმებელმა მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობის ანაზღაურების გაცემის წესთან დაკავშირებით შეიტანა ცვლილება, რაც მოიცავდა არსებული ფიქსირებული ანაზღაურების ნაცვლად, გამომუშავებასთან დაკავშირებულ ანაზღაურების წესზე გადასვლას.

26. მოპასუხის ახალი სამაუწყებლო სეზონის ეფექტიანობისათვის მენეჯმენტმა დაგეგმა თანამშრომელთა აღრიცხვიანობის, სამუშაო გრაფიკისა და სისტემის მოწესრიგება, რაც წლების განმავლობაში სრულად მოშლილი იყო. ე.წ. ტურნიკეტის სისტემის ამოქმედების შემდეგ გამოვლინდა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სამუშაო გრაფიკები არასამართლიანად ანაწილებდა თანამშრომლების დატვირთვას, რის შედეგად სამუშაო ჯგუფების რაოდენობამ გადააჭარბა, არ შეესაბამებოდა გადაცემების საჭიროებებს და მნიშვნელოვნად ზრდიდა ადამიანურ რესურსს.

27. კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ მიღებული სახელფასო ანაზღაურება არ შეესაბამებოდა მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობას. ეს კრიტერიუმი დაედო საფუძვლად მოპასუხის მხრიდან შესაბამის შეთავაზებას.

28. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელემ 2018 წლის განმავლობაში გადაღებული 11 ღონისძიებიდან (კონცერტები, დაჯილდოება) მხოლოდ 7 გადაიღო და განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ მიღებული შრომითი ანაზღაურება მის მიერ შესრულებულ სამუშაოს უნდა შეესაბამებოდეს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ შეთავაზება აუარესებდა მოსარჩელის შრომის პირობებს და ვერ უზრუნველყოფდა მინიმალურ სტანდარტს, დაუსაბუთებელია.

29. კასატორის განმარტებით, თავად მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ მის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესრულება არ მოიცავდა მხოლოდ ერთ დღეს და რამდენიმე სამუშაო დღე უნდა გამოეყენებინა, რათა კონკრეტული სამუშაო შეესრულებინა, რისი გათვალისწინებითაც მოსარჩელე ანაზღაურებას მიიღებდა, რომელიც ადეკვატური იქნებოდა მის მიერ განხორციელებული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით.

30. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების 8.2 მუხლზეც, რომლის თანახმად, დამსაქმებლის წინასწარი თანხმობის გარეშე, დასაქმებულს ეკრძალება სხვა სამუშაოს შესრულება, თუ ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანამდებობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. კასატორის მტკიცებით, ხელშეკრულების ზემოაღნიშნული ნორმა სამართლიანია, ვინაიდან უზრუნველყოფს დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და არ ლახავს მის ინტერესებს.

31. კასატორის მტკიცებით, ვინაიდან არ არსებობდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ასევე, უკანონოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც.

32. კასატორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითებს (საქმე №ას-588-556-2014, 2015 წლის 27 აპრილის განჩინება; №ას-902-864-2014, 2015 წლის 30 აპრილის განჩინება) და განმარტავს, რომ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრება ტოლფასი და ვაკანტური თანამდებობების მითითებისა და დამტკიცების ტვირთი, რაც ამ უკანასკნელს არ განუხორციელებია. ის გარემოება, რომ დამსაქმებლის საშტატო განრიგი დამტკიცებული არ არის, სწორად დაადგინა პირველი ინსტანციის სასამართლომ. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ საშტატო განრიგის სამუშაო ვერსია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მენეჯმენტმა წარადგინა მხოლოდ 2020 წლის იანვარში და საბჭო უკვე მუშაობს ამ დოკუმენტზე, შესაბამისად, თორმეტი რეჟისორიდან ხუთის გათავისუფლება და დარჩენილ რეჟისორებზე მოსარჩელის ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება, არ ნიშნავს იმას, რომ ხუთი ადგილი კვლავ ვაკანტურია.

33. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღუსრულებელია, ვინაიდან სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე უნდა აღდგეს პირვანდელ სამუშაოზე - რეჟისორის თანამდებობაზე (პოზიციაზე), მაშინ, როდესაც ასეთი ადგილი არ არსებობს. ამასთან, შეუძლებელია სხვა თანამშრომლის შრომითი უფლებების შელახვის ხარჯზე მოსარჩელის უფლებების რესტიტუცია.

საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

34. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებადაა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულია არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

35. საკასაციო სასამართლო მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:

36. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წამოყენებულ პრეტენზიათა ნაწილი დასაბუთებულია.

37. მოცემულ შემთვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში უცვლელად დარჩა, ხოლო იმავე სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი (დამსაქმებელს კომპენსაციის - 18000 ლარის გადახდა დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა) გაუქმდა და დასაქმებული პირვანდელ სამუშაოზე - რეჟისორის თანამდებობაზე აღდგა, ასევე - დამსაქმებელს იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი 2018 წლის 18 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა.

38. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზიების თანახმად, არ არსებობს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ისევე, როგორც - გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევი სამართლებრივ შედეგების წინაპირობები, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის თანამდებობა რეალურად აღარ არსებობს.

39. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში, უპირველესად, შესაფასებელია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერება.

40. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 2016 წლის 19 აპრილის განჩინება).

41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით (სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია), რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე აწესრიგებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური ერთობლიობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა, დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება ისაა, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული (ახალი რედაქციის 47-48-ე მუხლები), აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.

42. პალატის აზრით, ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც ნ.ჩ–ძეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 48-ე; 58-ე მუხლი).

43. კასატორი საკასაციო შედავებას აფუძნებს შრომითი ხელშეკრულების მართლზომიერი შეწყვეტის საფუძველს - სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტს (მოქმედი სშკ-ის რედაქციით 47-ე მუხლი), რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებს. ამ დანაწესის ფაქტობრივ საფუძვლად კი, დამსაქმებელი წინამდებარე განჩინების 9-10 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე მიუთითებს.

44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს (იხ. საქმე №ას-113-2021, 2021 წლის 27 აპრილის განჩინება).

45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როდესაც კანონმდებელმა აირჩია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ესოდენ ზოგადი ფორმულირება, სასამართლომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს ამ საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევა. მოცემული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულება უნდა შეწყდეს მართლზომიერი საშუალებითა და ობიექტურად გამართლებული გარემოებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება.

46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ: სუსგ. საქმე №ას-151-147-2016, 2016 წლის 19 აპრილის განჩინება; საქმე №ას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება).

47. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომელმაც სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა მოსარჩელესთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერი საფუძველი.

48. უდავოა, რომ 2017 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში განუსაზღვრელი ვადით, საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობაზე. 2018 წლის აგვისტოში კი, მოპასუხისაგან მიიღო შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლის შესახებ წერილობითი შეთავაზება, კერძოდ, შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით, შრომის ანაზღაურების საათობრივ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, 1 (ერთი) გადასაღები დღის ანაზღაურება 200 ლარით განისაზღვრებოდა. შეთავაზება ძალაში 2018 წლის 4 სექტემბრამდე იყო, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში, შრომის ხელშეკრულება შეწყდებოდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელემ მოპასუხის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე უარი განაცხადა, რის გამოც, მოპასუხის 2018 წლის 18 სექტემბერს №264-კ ბრძანებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა და იგი თანამდებობიდან გათავისუფლდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

49. საკასაციო პალატის მითითებით, სშკ-ის 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (ახალი რედაქციის მე-20.2 მუხლი), შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. განსახილველ შემთხვევაში, გამოკვეთილია შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა (სშკ-ის 6.9 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი), რაზეც დასაქმებულს თანხმობა არ გამოუთქვავს. ამ საფუძვლით, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება კი, ვერ შეფასდება ამ უკანასკნელის მართლზომიერ მოქმედებად.

50. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შეთავაზებული წინადადებით, არ იყო გაწერილი სამუშაო დღეების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა, შესაბამისად, დასაქმებულს შეიძლება, ვერ მიეღო მინიმალური ანაზღაურებაც კი, რაც დასაქმებულის უფლებების ხელყოფას იწვევდა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს ეკრძალებოდა წინასწარი შეთანხმების გარეშე სხვა დაწესებულებაში მუშაობა.

51. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის შეთავაზებული შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა გამოიწვევდა დასაქმებულის შრომითი ანაზღაურების ოდენობის ცვლილებას - შრომის ხელშეკრულების პირობების გაუარესებას და დასაქმებულის მხრიდან შეთავაზებაზე უარის თქმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტურ, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევა, შესაბამისად, დამსაქმებლის სადავოდ გამხდარი ქმედება ეწინააღმდეგება მხარეებს შორის უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.

52. ზემოაღნიშნულის მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დაუსაბუთებლობა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში მიიღო მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მიუთითებს.

53. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვაა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ საქმე №ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

54. საქმის მასალების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელს არ გააჩნდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი, რის გამოც 2018 წლის 18 სექტემბრის №264-კ ბრძანება (მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ) ბათილია.

55. რაც შეეხება გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგებს, საკასაციო პალატა არ იზიარებს ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებას.

56. საკასაციო პალატის მითითებით, როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობასა და პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენას ითხოვს, აღნიშნული მოთხოვნა დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, რადგან მისი დათხოვნა, მისივე უკანონო გათავისუფლების თანმდევი შედეგია, შესაბამისად, დათხოვნის უკანონოდ ცნობის პირობებში, დასაქმებულის მოთხოვნა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე, დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესის შემცველია, თუმცა, ამავდროულად, ისიც აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უფლება აბსოლუტური კატეგორია არ არის და ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობა, ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენას, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხართა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე. ამ მიმართულებით, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ობიექტური შესაძლებლობა, კერძოდ, იმავე სამუშაო ადგილის არსებობა, ხოლო მისი არარსებობის დროს - ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობები (შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი (ახალი რედაქციის 48-ე მუხლი) ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებულად მიჩნევას გამორიცხავს და ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის სამ მექანიზმს განიხილავს, კერძოდ, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმებას, ან კომპენსაციას).

57. საქართველოს უზენაესი სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ ,,სასამართლომ უნდა გამოეკვლიოს არსებობს თუ არა, ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც მოსარჩელე ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული თანამდებობა გაუქმებულია და, შესაბამისად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია, სასამართლომ, შესაძლებელია, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე იმსჯელოს, ხოლო, თუ ასეთი თანამდებობაც არ არსებობს, მაშინ უნდა გაირკვეს, არსებობს, თუ არა, მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები. ამავე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის მიხედვით, ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის საკითხი, შესაძლებელია, დადებითად გადაწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საშტატო განრიგით ასეთი თანამდებობის არსებობის ფაქტი დადასტურდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევას, ამ მიმართებით უტყუარად უნდა დადგინდეს ახალი საშტატო განრიგის პირობებში, კონკრეტულად რომელ თანამდებობაზე უნდა აღდგეს მოსარჩელე, რადგან ამ გარემოების არასათანადო დადგენა, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული გარემოების დასადგენად კი, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლით და შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა“ (2015 წლის 27 აპრილის №ას-588-556-2014 განჩინება).

58. საკასაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის უვადო შრომის ხელშეკრულების ფარგლებში დასაქმებული იკავებდა საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობას, ხოლო იგი აღდგენილია საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორის თანამდებობაზე, იმ მოტივაციით, რომ მხოლოდ მოპასუხის განმარტება ვაკანტური თანამდებობის არ არსებობის თაობაზე, არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის დარღვეულ უფლებებში აღდგენაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, მტკიცებულება, რომ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, მაუწყებელს სჭირდება მხოლოდ შვიდი და არა მეტი ან ნაკლები რეჟისორი, დამსაქმებელს არ წარუდგენია.

59. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში საშტატო განრიგი ქვემდგომი ისტანციის სასამართლოში საქმისწარმოების დროს დამტკიცებული არ იყო, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც, საშტატო განრიგით, არც პირვანდელი და არც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი დადასტურებული არ არის, გამოსაკვლევია, რამდენად მოხდება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება (შდრ. სუსგ საქმე №ას-113-2021, 2021 წლის 27 აპრილის განჩინება).

60. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის საკასაციო საჩივარში საშტატო განრიგის სამუშაო ვერსიის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში წარდგენასა და საბჭოს მიერ ამ დოკუმენტზე მუშაობასთან დაკავშირებით მითითებაზეც და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს აღნიშნული საკითხი უნდა გამოიკვლიოს, კერძოდ, საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორის თანამდებობა ერთი და იგივე თანამდებობებია თუ არა (არსებული მდგომარეობით, ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას), უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, არსებობს თუ არა საეთერო ჯგუფში რეჟისორის პოზიცია, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მიზნიდან გამომდინარე, არსებობს თუ არა დასაქმებულის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის მსგავსი თანამდებობა (მსგავს სამართლებრივ დავაზე იხ. საქმე №142-2020, 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინება; საქმე №823-2020, 2021 წლის 20 იანვრის განჩინება).

61. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის ბათილაც ცნობა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულისათვის ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის ვალდებულებას იწვევს მაშინ, როდესაც პირვანდელი სამუშაო ადგილი აღარ არსებობს, ან არსებობს, თუმცა, მესამე პირია დასაქმებული და მისი დასაქმება ობიექტურმა საჭიროებამ განაპირობა და დამსაქმებელი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. ამასთან, ტოლფასი თანამდებობის ზუსტი დასახელება და ფუნქციური დანიშნულება გათავისუფლებული დასაქმებულისათვის ცნობილი და მისაღები უნდა იყოს. მან, თავისი შრომითი უფლებების თაობაზე გამართული სამართალწარმოების შედეგად, მისთვის მიუღებელი სამუშაო ადგილი ან ისეთი პოზიცია არ უნდა მიიღოს, რომლის დასაკავებლადაც სპეციალური ცოდნა არ გააჩნია. გარდა ამისა, ტოლფასი თანამდებობის დასახელება, მისი ფუნქციური დანიშნულებისა და უფლება-მოვალეობების აღწერა სამართალწარმოების ფარგლებში კვლევის საგანი უნდა იყოს. ამავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგად უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნება, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული თანამდებობა, ხოლო თანამდებობის არარსებობის, დასაქმების შეუძლებლობის ან არამიზანშეწონილობის პირობებში, სასამართლომ კომპენსაციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოებაც, რომ დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დამსაქმებლის დაცვის ღირს რაიმე ინტერესს (ამ მიმართულებით საყურადღებოა ILO-ს ექსპერტთა კომიტეტის კომენტარი).

62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შემოწმების ფარგლებში, დამსაქმებელს ნაწილობრივ დასაბუთებული შედავება აქვს წარდგენილი, რომლის თანახმად, მოსარჩელის თანამდებობა ამ მონაცემებით აღარ არსებობს, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია, აღნიშნული კი, დასაქმებულის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დამსაქმებლისათვის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

63. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

63. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 284-ე, 285-ე, 412-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნეს;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე