საქმე №ას-1062-2020 29 ოქტომბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - მ.ს–ძე, ლ.ს–ძე, თ.ს–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რ.ე–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რ.ე–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ს–ძის (შემდგომ – პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კერძო საჩივრის ავტორი), ლ.ს–ძისა (შემდგომ – მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კერძო საჩივრის ავტორი) და თ.ს–ძის (შემდგომ – მესამე მოპასუხე, მესამე აპელანტი, მესამე კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
მოპასუხეების პოზიცია:
2. მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნილ იქნა სადავო უძრავი ქონება.
4. პირველმა და მეორე მოპასუხეებმა ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს, რომელიც 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა და 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა. საქმეზე განახლდა საქმისწარმოება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელებს დაევალათ უძრავი ქონების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა, რაც მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 აგვისტოს განჩინებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამარლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 2020 წლის 4 მარტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2020 წლის 11 მარტს, 11:00 საათზე გადადო, სხდომას მესამე აპელანტი და აპელანტთა წარმომადგენელი ესწრებოდნენ. მხარეები დამატებით ხელწერილით გაფრთხილდნენ, რომ გადაწყვეტილება 2020 წლის 11 მარტს, 11:00 საათზე გამოცხადდებოდა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა. მხარეებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღეში, წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით. მათ ასევე განემარტათ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეებს (ასევე - მათ წარმომადგენელს) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ასლი მოპასუხეების წარმომადგენელს, დ.ბ–ძეს (შემდგომ - აპელანტთა წარმომადგენელი) გაუგზავნა, რაც 2020 წლის 7 ივლისს ადრესატს პირადად ჩაჰბარდა.
10. 2020 წლის 16 ივლისს აპელანტთა წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
12. სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამ ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ეს განჩინებები შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. მითითებული ნორმების საფუძველზე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის მიერ ხდება ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.
13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულია და გასაჩივრების 14 დღიანი ვადის გაგრძელებას არ ითვალისწინებს.
15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ სასამართლოში მთავარი სხდომა 2020 წლის 4 მარტს გაიმართა, რომელსაც მესამე აპელანტი და აპელანტთა წარმომადგენელი ესწრებოდა. ზემოაღნიშნულ სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2020 წლის 11 მარტს, 11:00 საათზე დაინიშნა, რის თაობაზე მხარეები დამატებით ხელწერილით გაფრთხილდნენ. სასამართლომ 2020 წლის 11 მარტს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას მესამე მოპასუხე ესწრებოდა, შესაბამისად, უდავოა, რომ აპელანტებისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, ასევე, მისი გასაჩივრების წესი და ვადა ცნობილი იყო.
16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტები სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყვნენ 2020 წლის 11 მარტიდან, არაუადრეს 20 დღისა და ყველაზე გვიან, 30 დღეში. საქმეში წარდგენილი მასალების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა ის გარემოება, რომ მოპასუხეებს სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად არ მიუმართავთ, შესაბამისად, მოპასუხეებს სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებიათ, რაც ნიშნავს, რომ მათთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის შემდეგ, ე.ი. 2020 წლის 10 აპრილიდან დაიწყო.
17. სააპელაციო სასამართლო მიუთითა სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა 2020 წლის 11 აპრილიდან დაიწყო და ამავე წლის 24 აპრილს, 24:00 საათზე ამოიწურა. საქმის მასალებით თანახმად კი, მოპასუხეთა წარმომადგენელმა 2020 წლის 16 ივლისს გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში.
18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 59-ე და 61-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადის დაცვით შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
19. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და სსსკ-ის 63-ე, 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვეს.
21. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სსსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან.
22. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება 2020 წლის 7 ივლისს ჩაჰბარდათ და სააპელაციო საჩივარი 14-დღიანი ვადის დაცვით წარადგინეს.
23. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-დღიან ვადაში სასამართლოში გამოცხადნენ, სადაც განუმარტეს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ იყო მზად და გადაწყვეტილებას საცხოვრებელ მისამართზე დალოდებოდნენ, სადაც სასამართლო გადაწყვეტილებას გააგზავნიდა. მესამე კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოში ასევე განუმარტეს, რომ განცხადების დაწერას აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან გადაწყვეტილებას ჯერ მაინც ვერ ჩააბარებდნენ.
24. მესამე კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მის სასამართლოში გამოცხადებას სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელი და სასამართლოს ვიდეოკამერის ჩანაწერები დაადასტურებს.
25. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, გადაწყვეტილების გამოცხადებას არც პირველი და მეორე აპელანტები და არც წარმომადგენელი არ ესწრებოდა. მათთვის შედეგი უცნობი იყო, სანამ გადაწყვეტილება არ ჩაჰბარდათ, შესაბამისად, გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან უნდა აითვალოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
26. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
27. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
28. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანის გამო, მისი განუხილველად დატოვების კანონიერება. კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდიან იმ საფუძვლით, რომ მათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადის დაცვით სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მისი ჩაბარების მომენტიდან უნდა აითვალოს.
29. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.
30. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის მთავარი სხდომაზე, რომელსაც მოპასუხეთა წარმომადგენელი და მესამე მოპასუხე ესწრებოდნენ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2020 წლის 11 მარტს, 11:00 საათზე გადაიდო. მხარეები დამატებით ხელწერილით გაფრთხილდნენ, რომ გადაწყვეტილება 2020 წლის 11 მარტს, 11:00 საათზე გამოცხადდებოდა (იხ. სხდომის ოქმი და ხელწერილი ს.ფ. 112-116). წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მესამე მოპასუხე (იხ. სხდომის ოქმი ს.ფ. 117-118).
31. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
32. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
33. ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრული ვადის დაცვით სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას - იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება საქმე №ას-1161-1106-2014).
34. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, მოპასუხეთა წარმომადგენელი და მესამე მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის მთავარ სხდომას ესწრებოდნენ, როდესაც სასამართლომ აცნობა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადებდა, რაც ნიშნავს, რომ მოპასუხეებისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო. მათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავთ, შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა, მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, 2020 წლის 11 აპრილიდან დაიწყო და იმავე წლის 24 აპრილს ამოიწურა. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2020 წლის 16 ივლისს, მაშინ, როდესაც გასაჩივრების ვადა უკვე გასული იყო.
35. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიას, რომ მათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღეში გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს, არ იზიარებს და მიუთითებს, რომ, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი სათანადო მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს.
36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებითა და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (შდრ. საქმე №ას-1040-994-2013, 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ზემოხსენებული ვადების დაცვით მოპასუხეების (მათი წარმომადგენლის) სასამართლოში გამოცხადებას დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით დაადასტურებდა, ისევე როგორც, არ არის წარდგენილი სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი დოკუმენტიც, რომელიც სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევას დაადასტურებდა.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის მათი პოზიციის მიმართ ობიექტური რწმენის შესაძლებლობასა და მისი გაზიარების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებს სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის დაცვით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა დასწყებოდათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს, რაზეც სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე კანონიერად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და მოპასუხეთა მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
38. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების წინამდებარე განჩინების 25-ე პუნქტში მითითებულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ, სსსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონ პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, საქმის განხილვაში საკუთარი მონაწილეობა უზრუნველყოს წარმომადგენლის მეშვეობით, თუმცა ასეთ შემთხვევაში წარმომადგენლის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე პასუხისმგებლობას მხარეს აკისრებს. პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან მოპასუხეთა წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (იხ. წინამდებარე განჩინების 30-ე ქვეპუნქტი) ცნობილი იყო, პრეტენზია, რომ პირველი და მეორე მოპასუხეები გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდნენ და მათთვის, სანამ გადაწყვეტილება არ ჩაჰბარდათ, უცნობი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, დაუსაბუთებელია და მისი გაზიარების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ს–ძის, ლ.ს–ძისა და თ.ს–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. მ.ს–ძეს (პ/ნ .......), ლ.ს–ძესა (პ/ნ ......) და თ.ს–ძეს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ თ.ს–ძის მიერ კერძო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწოფ ბაჟი (საგადასახადო დავალება 1 / გადახდის თარიღი 31.08.2020) 300 ლარიდან - 250 ლარი.
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
გიორგი მიქაუტაძე