Facebook Twitter

საქმე №ას-121-2021 31 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ.ა–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.ო. გ.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „მ.ო. გ.კ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ა–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა სასამართლოს შეეწყვიტა მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განჩინებით მხარეთა წარმომადგენლების შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება და მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება (იხ. ს.ფ. 217-225).

6. 2020 წლის 22 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა მხარეთა შორის არსებული მორიგების პირობების დარღვევის გამო ამავე სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა განსახილველად.

8. 2020 წლის 27 ნოემბერს მოპასუხემ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარადგინა პოზიცია, რომელსაც თან ერთვოდა გადახდის ქვითრები.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შპს „მ.ო. გ.კ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განჩინების აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხის მიერ წარდგენილი ქვითრების თანახმად, მორიგების პირობები დაირღვა, რამდენადაც შენატანები მორიგების პირობების შესაბამისად არ იყო სრულყოფილად განხორციელებული, რაც აძლევს უფლებას კრედიტორს (შპს ,,მ.ო. გ.კ–ის“) მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება, რათა სრულყოფილად მოხდეს მის მიერ მითითებული არგუმენტებისა და მტკიცებულებების შეფასება.

12. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით:

12.1. არასწორია მითითება, რომ მოპასუხე არღვევდა გადახდის გრაფიკს, ამის საწინააღმდეგოდ იგი გრაფიკის შესაბამისად ახორციელებდა გადახდებს. გადახდილია გრაფიკით გათვალისწინებულ თანხაზე მეტი;

12.2. კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობისა და ბანკებში არსებული სესხების გადავადებასთან დაკავშირებით სამთავრობო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოსარჩელე კომპანიის დირექტორის - თემურ ნიკოლაძის სახელზე დაწერა განცხადება, რომელიც დაკმაყოფილდა. მოპასუხეს სამი თვით გადაუვადდა თანხის გადახდა, შესაბამისად, მას გადახდა ოქტომბრის თვიდან უნდა დაეწყო;

12.3. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2020 წლის ივნისის თვის ჩათვლით გადახდილი თანხების დამადასტურებელი ქვითრები, საიდანაც ჩანს, რომ მას მორიგების გრაფიკით გათვალისწინებულ თანხაზე მეტი აქვს გადახდილი;

12.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ განიხილა მოპასუხის პოზიცია, განჩინება მხოლოდ ერთ წინადადებას შეიცავს იმასთან დაკავშირებით, რომ შენატანები სრულყოფილად არ განხორციელებულა. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მსჯელობისა და შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. ასევე გაუგებარია რა მტკიცებულებებით იხელმძღვანელა სასამართლომ.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება მხარეთა შორის სასამართლოს განჩინებით მორიგების აქტის საფუძველზე დამტკიცებული პირობების შეუსრულებლობის შედავებას იმ საფუძვლით, რომ მხარემ არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს კი მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის კანონიერება წარმოადგენს.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მორიგების აქტი თავისი არსით წარმოადგენს სადავო ურთიერთობის დარეგულირების მიზნით, მხარეთა შეთანხმებას, თუმცა სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ მხარე იღებს ურყევ გარანტიას, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მორიგების პირობების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება სააღსრულებო სამსახურის საშუალებით. ამისათვის საკმარისია სააღსრულებო ორგანოში სააღსრულებო ფურცლის წარდგენა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის მორიგების აქტის არსებობისას სააღსრულებო ფურცლის გაცემის წინაპირობა მორიგების პირობების დარღვევაა. აღნიშნული გარემოება სასამართლომ საქმის მასალებითა და კონკრეტული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე უნდა დაადგინოს.

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას.

21. კერძო საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამარლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინება დაუსაბუთებელია.

22. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მორიგების პირობების დარღვევის გამო სააღსრულებო ფურცლის გაცემას ეხებოდა, წარადგინა პოზიცია. მოპასუხე წარდგენილ პოზიციაში უთითებდა, რომ იგი ასრულებდა მორიგების პირობებს. გარდა ამისა, მოპასუხის მითითებით, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმად, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოპასუხეს გადაუვადდა მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა.

23. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილ მოსაზრებას თან ერთვოდა სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლებიც მოვალის მითითებით ადასტურებდა მის მიერ მორიგების აქტით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად გადახდების შესრულებას. მართალია, სააპელაციო სასამართლო 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებაში აღნიშნავს, რომ წარდგენილი ქვითრები მორიგების პირობების დარღვევას ადასტურებს და, რომ შენატანები არ არის განხორციელებული სრულყოფილად, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ზოგადია. სააპელაციო პალატას საფუძვლიანად არ გამოუკვლევია აღნიშნული საკითხი, რამდენადაც გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის ასახული ინფორმაცია წარდგენილი ქვითრებისა და გადახდილი ჯამური თანხის შესახებ, ისევე როგორც არ არის გამოკვლეული თანხის გადახდის დანიშნულება და გადახდის პერიოდი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარდგენილია სალაროს შემოსავლის ორდერები (იხ. ს.ფ. 241-255) სასამართლოს ეკისრება ვალდებულება იმსჯელოს იმ საკითხებზე, თუ რა გავლენას ახდენს აღნიშნული მტკიცებულებები საქმის შედეგზე, რამდენი თვის გადახდების შესახებ შეიცავს ინფორმაციას და რა ოდენობის თანხის გადახდა დასტურდება ამ მტკიცებულებებით; სასამართლო ასევე ვალდებულია დაითვალოს გადახდილი თანხის ოდენობა და დანიშნულება, შეადაროს იგი მორიგების აქტით გათვალისწინებულ გადახდის გრაფიკს და მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელოს დაირღვა თუ არა მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების პირობები და არის თუ არა დარღვევა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ კანონიერი იქნება სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს იმ გარემოებებზე მითითებას, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მორიგების პირობების დარღვევის ფაქტის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემისას. მოსარჩელე კერძო საჩივართან დაკავშირებით წარდგენილ მოსაზრებაში უთითებს, რომ ბოლო შენატანი 2020 წლის 1 ოქტომბერს განხორციელდა. განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით წარდგენილია 2020 წლის 22 ოქტომბერს. დამატებით, გამოსაკვლევია, აგრეთვე, ახორციელებდა თუ არა მოპასუხე გადახდებს მორიგების პირობების შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ა–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინება და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე განცხადების განხილვის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი