3გ-ად-4(2)-ა-02 24 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ნ. სხირტლაძე
განცხადების მოთხოვნა: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე საქართველოს ეროვნულ ბანკს მთლიანად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხე საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის – ეროვნული ალიანსი «ცეკავშირისთვის» დაუფარავი დავალიანების – 590000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და აღსრულების ხარჯების – 100000 ლარის – დაკისრების თაობაზე.
2001წ. 30 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე და გამოიტანა განჩინება, რომლითაც გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 13 ივნისის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე შეწყდა სასარჩელო წარმოება იმ საფუძვლით, რომ არსებობს საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 3 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
2002წ. 26 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისის საოლქო სასამართლოს მიმართა განცხადებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ «ცეკავშირი» საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ დავალიანებას აღიარებს მის მიერ 2000წ. 7 ივნისს საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილი ¹33/2-7 წერილით, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ «ცეკავშირის» დავალიანება საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ შეადგენდა 1400000 ლარს.
განმცხადებლის განმარტებით, საქმის განხილვის დროს არ არსებობდა აღნიშნული წერილის დედანი და საოლქო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა მითითებულ დოკუმენტზე.
განცხადებაში მითითებულია, რომ 2002წ. 3 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიიდან მიიღო ზემოთ აღნიშნული წერილის სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი სამსახურის მიერ დამოწმებული ასლი.
განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული წერილი სასამართლომ უნდა განიხილოს, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც ამ სახით წარდგენილი რომ ყოფილიყო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
განმცხადებელმა ითხოვა საქმის წარმოების განახლება და გამოტანილი გადაწყვეტილების შეცვლა იმ ნაწილში ისე, რომ მოპასუხე «ცეკავშირს» საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების დარჩენილი თანხის – 598 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის – ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 1 მაისის განჩინებით საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა წარმოდგენილი განცხადების სამართლებრივი საფუძვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება, კერძოდ, «ცეკავშირის» მიერ 2000წ. 7 ივნისს საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილი ¹33/2-7 წერილი, არ შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარადგინა თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას და ეს წერილი არის საქმის მასალებში, რასაც თავად განმცხადებელიც მიუთითებს თავის განცხადებაში.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის განმარტებას, რომ, ვინაიდან საქმეში არსებული ზემოთ აღნიშნული მტკიცებულება იყო მხოლოდ ასლი, ხოლო მის მიერ ამჟამად წარმოდგენილი წერილი კი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სათანადო სამსახურის მიერ დამოწმებული ასლია, ამიტომ იგი უნდა ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი წერილი არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტით გათვალისწინებული ის ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება საქმის წარმოების განახლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.