Facebook Twitter

საქმე №ა-2968-შ-77-2021 24 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპა „B.A.“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „A.“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონათშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა – საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება

დავის საგანი – მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერად ცნობა, ფულადი ვალდებულების შესრულება (ძირითად სარჩელში), ხელშეკრულების ძალადაკარგულად ცნობა, თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონათშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „A-ის“ სარჩელს უარი ეთქვა, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა (შემდგომ – შპა) „B. A-ს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2019 წლის 30 აპრილს მხარეთა შორის დადებული საბაზო ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულება, მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხის (შეგებებული სარჩელის ავტორის) სასარგებლოდ 96 910 აშშ დოლარის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის – 1123207 ტენგისა და წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის – 2500000 ტენგის გადახდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 26 თებერვალს.

3. 2021 წლის 16 ივნისს შპა „B. A-მ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონათშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

4. 2021 წლის 23 ივნისს შპა „B. A.-მ“ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა, ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონათშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში შპს „A.-ის“ სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 344644,04 ლარის ფარგლებში.

5. განმცხადებელმა განმარტა, რომ შპს „A.-ი“ თავს არიდებს ფულადი ვალდებულების შესრულებას. არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ მხარე მოახდენს კუთვნილი თანხის განრიდებას კომპანიის ანგარიშიდან ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონათშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდისაგან თავის ასარიდებლად. აღნიშნული კი, ხელს შეუშლის მითითებული გადაწყვეტილების აღსრულებას და აზრს დაუკარგავს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას.

6. განმცხადებელმა წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ივნისის ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ შპს „A -ის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონათშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში შპს „A-ის“ სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 344644,04 ლარის ფარგლებში შემდეგ გარემოებათა გამო:

8. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში - მინსკის კონვენცია) 53-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს: ა) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ იგი ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან; ბ) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისთვის; დ) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე. შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე და მისი თანდართული დოკუმენტები აღიჭურვება დამოწმებული თარგმანით თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ენაზე ანდა რუსულ ენაზე.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმებით.

10. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

11. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

12. სსსკ-ის კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

13. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

14. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

15. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას. (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდიდესი მნიშვნელობისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე: №1/2/466.). „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე:№3/1/512.).

20. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე (შდრ. Beck’sche Kurz-Kommentare Band1, Zivilprozessordnung mit Gerichtsverfassungsgesetz und anderen Nebengesetzen. Begründet von Dr. Adolf Baumbach, Professor Dr. Wolfgang Lauterbach, Dr. Jan Albers, Dr. Dr. Peter Hartmann. Verlag C.H. Beck ,München 2003, 2375.).

21. სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.

22. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონათშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „A-ის“ სარჩელს უარი ეთქვა, ხოლო შპა „B. A-ს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2019 წლის 30 აპრილს მხარეთა შორის დადებული საბაზო ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულება, მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხის სასარგებლოდ 96 910 აშშ დოლარის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის – 1123207 ტენგისა და წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის – 2500000 ტენგის გადახდა.

23. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 26 თებერვალს და ყაზახეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

24. 2021 წლის 16 ივნისს შპა „B. A-მ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონათშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საჭიროების შესახებ საფუძვლიანია.

26. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად შეგებებულ სარჩელში მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხაზე ყადაღის დადება გამოწვეულია გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საშიშროებით, კერძოდ, მოპასუხის საკუთრების უფლებით არ რეგისტრირდება რაიმე უძრავი ქონება, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა აღსრულების მიქცევა. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება მთლიანად იქნება დამოკიდებული მოპასუხის ნებაზე – გადაიხადოს დაკისრებული თანხა.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა იმ კონკრეტული გარემოებების არსებობის თაობაზე, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც - იხ., სუსგ-ები Nა-1133-შ-29-2020, 6 ივლისი,2020წ.; №ა-704-შ-24-2019, 14 თებერვალი, 2019წ).

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპა „B.A-ს“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონათშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში შპს „A-ის“ სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 344644,04 ლარის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 198-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპა „B.A-ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონათშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში შპს „A-ის“ (შპს „ა–ის“) სახელზე (საიდენტიფიკაციო №.....) გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 344644,04 ლარის ფარგლებში.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე