Facebook Twitter

საქმე №ა-2753-შ-69-2021 25 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – რ.ო.

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ო.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის აივალიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის აივალიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით რ.ო–სა და ა.ო–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

რ.ო–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის აივალიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 5 იანვარს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ რ.ო–ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით რ.ო.ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის აივალიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ რ.ო–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის აივალიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის აივალიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით რ.ო–სა და ა.ო–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 5 იანვარს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის აივალიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ო.ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის აივალიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის აივალიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ო–სა და ა.ო–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი