Facebook Twitter

საქმე №ას-354-2021 25 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „რ.ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ.ს–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 2018 წლის 16 ივლისის №30-01181972833 წერილით განსაზღვრულ მისამართზე – ........ ქუჩა №11 ჩასახვევი და ........ 6-8, სამუშაოს შესრულების ვადის 9 კალენდარული დღით დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს – 3,379.84 ლარის გადახდა; 2018 წლის 20 ივნისის №30-011811713133 წერილით განსაზღვრულ მისამართზე – ... №25 კორპუსის მიმდებარედ სამუშაოს შესრულების ვადის 2 კალენდარული დღით დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს – 751.08 ლარის გადახდა; 2018 წლის 6 თებერვლის №30-0118037720 წერილით განსაზღვრულ მისამართზე – ........ №22 სამუშაოს შესრულების ვადის 5 კალენდარული დღით დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს – 1 877.69 ლარის გადახდა; 2018 წლის 6 თებერვლის №30-0118037723 წერილით განსაზღვრულ მისამართზე – ...... №10 და № 8 კორპუსების მიმდებარედ სამუშაოს შესრულების ვადის 13 კალენდარული დღით დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს 4 881.99 ლარის გადახდა; 2018 წლის 6 თებერვლის №30-0118037729 წერილით განსაზღვრულ მისამართზე – ........ 3 მ/რ 3 კვ. №11 კორპუსის მიმდებარედ სამუშაოს შესრულების ვადის 15 კალენდარული დღით დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს – 5633.07ლარის გადახდა; 2018 წლის 1 აგვისტოს №30-01-8213252 წერილით განსაზღვრულ მისამართზე – ........ ქუჩაზე სამუშაოს შესრულების ვადის 23 კალენდარული დღით დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს – 8 637.37 ლარის გადახდა; 2018 წლის 6 თებერვლის №30-011803770 წერილით განსაზღვრულ მისამართზე – ........ ქუჩაზე სამუშაოს შესრულების ვადის 10 კალენდარული დღით დარღვევის გამო პირგასამტეხლოს 3 755.38 ლარის გადახდა; 2018 წლის 25 მაისის №30-01181451562 წერილით განსაზღვრულ მისამართზე – წყნეთი, ..... შესახვევში სამუშაოს შესრულების ვადის – 14 კალენდარული დღით დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს – 5 257,53 ლარის გადახდა; 2018 წლის 16 ივლისის №30-01181972833 წერილით განსაზღვრულ მისამართზე –........ 1, №124 კორპუსის მიმდებარედ სამუშაოს შესრულების ვადის – 49 კალენდარული დღით დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს – 18 401.36 ლარის გადახდა; 2018 წლის 6 თებერვლის №30-0118037720 წერილით განსაზღვრულ მისამართზე –........ ქუჩის №1 და 3 შესახვევებში შესასრულებელი სამუშაოს შესრულების ვადის 17 კალენდარული დღით დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს – 6 384,15 ლარის გადახდა; 2018 წლის 29 აგვისტოს №30-01-82411424 წერილით განსაზღვრულ მისამართზე – ....... ქუჩაზე სამუშაოს შესრულების ვადის 27 კალენდარული დღით დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს – 10 139.53 ლარის გადახდა; 2018 წლის 17 აგვისტოს №30-01182292398 წერილით განსაზღვრულ მისამართზე –........ ქ.№1 სამუშაოს შესრულების ვადის 29 კალენდარული დღით დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს – 10 890.60 ლარის გადახდა; 2018 წლის 16 აპრილის №30-011810648 წერილით განსაზღვრულ მისამართზე – ........ ქუჩა №9ა-ზე სამუშაოს შესრულების ვადის 20 კალენდარული დღით დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს 7 510.76 ლარის გადახდა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიაზე გზების კაპიტალური და მიმდინარე შეკეთების, შიდა ეზოების და შიდა კვარტალური გზების ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ტროტუარებისა და ბორდიურების შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა დაარღვია, რის გამოც წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3352.78 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 84 156.98 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 1 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიაზე გზების კაპიტალური და მიმდინარე შეკეთების, შიდა ეზოების და შიდა კვარტალური გზების ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ტროტუარებისა და ბორდიურების შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 877 689,84 ლარს.

7. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ გაცემული წერილობითი დავალებების შესაბამისად, 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოს დეფექტური აქტი და სამუშაოსთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემოდა წერილობით.

8. ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების წერილობით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

9. 2018 წლის 30 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო №0101 12/30/12-1 შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვინაიდან, მოპასუხემ დაასრულა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობასთან 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვაკის რაიონის ტერიტორიაზე გზების კაპიტალური და მიმდინარე შეკეთების, შიდა ეზოების და შიდა კვარტალური გზების, ასფალტის, საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ტროტუარებისა და ბორდიურების შეკეთების სამუშაოები და საერთო სამუშაოების ფაქტობრივმა ღირებულებამ შეადგინა 1 797 891.83 ლარი, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები – შემსყიდველი და მიმწოდებელი შეთანხმდნენ ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილების განხორციელებაზე: 1. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „3.1 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 1 797 891,83 ლარს.“ 1.2 შეთანხმებას თან ახლავს სამუშაოების კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1). 2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ამ შეთანხმების თავში მითითებული თარიღიდან. 3. წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს ვაკის რაიონის გამგეობასა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული №01 01 12/30/12 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად. 4. ხელშეკრულების სხვა პირობები რჩება უცვლელი.

10. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – თბილისი, ........ მე-2 ჩასახვევი და ........ 6-8, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 112 218.87 ლარი შეადგინა. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 9 დღით (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა ერთ დღეზე 375.50 ლარია). სარჩელით ამ ნაწილში მოთხოვნილი იყო პირგასამტეხლოს სახით 3 379.08 ლარის დაკისრება.

11. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – ........, №25 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 26 503.65 ლარი. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 2 დღით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 751.00 ლარი.

12. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – თბილისი, ........ ქუჩა №22, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 7 368.68 ლარი შეადგინა. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 5 დღით. პირგასამტეხლოს ოდენობამ 1 877.69 ლარი შეადგინა.

13. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – ........ , №10 და №8 კორპუსების მიმდებარედ, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 94 064.22 ლარი შეადგინა. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 13 დღით. პირგასამტეხლოს ოდენობამ 4 881.99 ლარი შეადგინა.

14. მხარეთა შორის, 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – ........ , №11 კორპუსის მიმდებარედ, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 47 058.46 ლარი შეადგინა. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 15 დღით. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 5 633.07 ლარია.

15. მხარეთა შორის, 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – თბილისი, ვაკის რაიონი, ........ ქუჩა, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 104 377.76 ლარი შეადგინა. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 23 დღით. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 8 637.37 ლარია.

16. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – ........ ქუჩის ზედა ნაწილი, სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 10 დღით. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 3 755.38 ლარია (ამ მისამართზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება საქმეში მტკიცებულების წარუდგენლობის გამო განსაზღვრული ვერ იქნა).

17. მხარეთა შორის, 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – წყნეთი, ........., შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 137 552.37 ლარი შეადგინა. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 14 დღით. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 5 257.53 ლარია.

18. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – ........ ქ. #124 კორპუსის მიმდებარედ, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 73 728.91 ლარი შეადგინა. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 49 დღით. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 18 401.36 ლარია.

19. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – ........ ქუჩის 1 და 3 შესახვევები, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 74 699.06 ლარი შეადგინა. სამუშაოების დასრულების ვადა 17 დღით დაირღვა. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 6 384.15 ლარია.

20. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – ........ ქუჩა და ........ პირველი, მეორე და მეოთხე ჩიხები, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 124 369.76 ლარი შეადგინა. ვადა დაირღვა 27 დღით. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 10 139.53 ლარია.

21. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე –........ №1 ეზო, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 2 846.35 ლარი შეადგინა. ვადა დაირღვა 29 დღით. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 10 890.60 ლარია.

22. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მისამართზე – ........ №9ა, სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 20 დღით. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 29 288.35 ლარია. ვადაგადიცილებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 7 510.76 ლარს შეადგენს.

23. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით მოსარჩელემ სადავოდ გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 420-ე მუხლის გამოყენების მართებულობა, ხელშეკრულების თავისუფლებისა და მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპის დარღვევა, რაც იმაში გამოიხატა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად მოხდა პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება.

24. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეაფასა მხოლოდ სამართლებრივი კუთხით, კერძოდ, რამდენად არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.

25. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სსკ-ის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

26. მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების წერილობით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

27. სსკ-ის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვადაგადაცილებებით შეასრულა და, შეთანხმებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობამ სულ 87 509.76 ლარი შეადგინა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დარიცხული პირგასამტეხლო 3 352.78 ლარამდე შემცირდა, რასაც აპელანტი არ დაეთანხმა.

28. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, დაინტერესებული მხარის – მოპასუხის მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, სასამართლოს შეუძლია, გამოიყენოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

29. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება, მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.

30. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელით მოთხოვნილი პირგსამტეხლო შეამცირა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით იმ პირობებში, როდესაც არც შესაგებელში და არც საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მოპასუხის წარმომადგენელს ასეთი დასაბუთებული მოთხოვნა (პირგასამტეხლოს შემცირება) და ამ მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

31. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი – სასამართლო უფლება ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება, თუმცა სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს. ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად შეთანხმებულნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის, საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს. ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის ხელშეკრულების საერთო თანხიდან გამოთვლა არ ეწინააღმდეგება კანონს და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, კონკრეტული დავალებების ფარგლებში, ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების ოდენობებიდან მისი (პირგასამტეხლოს) საკუთარი ინიციატივით გაანგარიშება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რადგან მოპასუხეს ამ საკითხზე კვალიფიციური შედავება საერთოდ არ განუხორციელებია.

33. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ 2019 წლის 7 ივნისს სარჩელის წინააღმდეგ მარტივი (არაკვალიფიციური) შესაგებელი წარადგინა, სადაც მიუთითა, რომ დაზუსტებულ შესაგებელს მოგვიანებით შეიტანდა.

34. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 26 სექტემბერს დაინიშნა, რომელიც მთავარ სხდომაში გადაიზარდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოპასუხეს კვალიფიციური შესაგებელი პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით არ წარუდგენია.

35. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობის შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება, რომლის მიხედვით, „შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. ასევე, დაუსაბუთებელია მოპასუხის სააპელაციო შესაგებელი, რომელიც არ შეიცავს რაიმე მითითებას ან/და საპირისპირო შედავებას სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტის საპირისპიროდ, რომ მოსარჩელეს ჯეროვანი (შეთანხმებულ ვადაში) შესრულების მიმართ განსაკუთრებული საჯარო ინტერესი გააჩნდა.

36. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. მოპასუხე მხარეს არათუ არ წარუდგენია პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე დასაბუთება, პირგასამტეხლოს ოდენობა სადავოდაც კი არ გაუხდია საქმის წარმოების შესაბამის ეტაპზე. მოპასუხეს, მისი მტკიცების ფარგლებში, არ მიუთითებია, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და რა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა შემცირდეს ის.

37. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ არსებობს მოპასუხის შედავება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (მით უფრო, რომ მოპასუხე მხარე იურიდიულ პირს წარმოადგენს და როგორც მეწარმე სუბიექტს, წინდახედულობის მაღალი სტანდარტი მოეთხოვება) მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი არ არსებობს.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

39. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მხოლოდ 3352,78 ლარის ნაწილში დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

40. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან დავის სამართლებრივი შეფასებისას არ იქნა გამოყენებული კანონი. სააპელაციო პალატამ მიიღო უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქიტიკისაგან განსხვავებული გადაწყეტილება. დავის საგანი ეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დარიცხვას მთლიანი ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან, რასაც მოსარჩელე ითხოვდა და მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოში შეედავა.

41. კასატორის მითითებით, ტენდერის ჯამური ღირებულება სოლიდური იყო, თუმცა შესასრულებელი სამუშაოები განსხვავდებოდა ღირებულებებით. მოპასუხეს ეძლეოდა კონკრეტული დავალება ქუჩის/ეზოს სამუშაოებთან და ობიექტებთან დაკავშირებით. სამუშაოს დაგვიანებით ჩაბარების გამო, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა მთლიანი კონტრაქტის ღირებულიდან – 1 877 689,84 ლარიდან დათვლილი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა იმდენად სოლიდურია, რომ კომპანიის მიერ მისი გადახდა გაკოტრების საფრთხეს შეუქმნის.

42. კასატორმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ, რომ 2019 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, №ას-971-2019 საქმეზე საკასაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი: „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან მხოლოდ სამუშაოთა ნაწილის არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტორივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. სუსგ. №ას-164-160-2016წ, 28.07.2016წ; №ას-581-2019, 31.07.2019წ)“. აღნიშნული მსჯელობა ასევე გაზიარებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაციით პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე (http://www.procurement.gov.ge/News/recomendacia-pirgasamtexlo.aspx).

43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

44. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

45. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

46. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 1 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიაზე გზების კაპიტალური და მიმდინარე შეკეთების, შიდა ეზოების და შიდა კვარტალური გზების ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ტროტუარებისა და ბორდიურების შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 877 689,84 ლარს.

47. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ გაცემული წერილობითი დავალებების შესაბამისად, 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოს დეფექტური აქტი და სამუშაოსთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემოდა წერილობით.

48. ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების წერილობით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

49. 2018 წლის 30 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო №0101 12/30/12-1 შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვინაიდან, მოპასუხემ დაასრულა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობასთან 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვაკის რაიონის ტერიტორიაზე გზების კაპიტალური და მიმდინარე შეკეთების, შიდა ეზოების და შიდა კვარტალური გზების, ასფალტის, საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ტროტუარებისა და ბორდიურების შეკეთების სამუშაოები და საერთო სამუშაოების ფაქტობრივმა ღირებულებამ შეადგინა 1 797 891.83 ლარი, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები – შემსყიდველი და მიმწოდებელი შეთანხმდნენ ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილების განხორციელებაზე: 1. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „3.1 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 1 797 891,83 ლარს.“ 1.2 შეთანხმებას თან ახლავს სამუშაოების კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1). 2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ამ შეთანხმების თავში მითითებული თარიღიდან. 3. წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს ვაკის რაიონის გამგეობასა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული №01 01 12/30/12 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად. 4. ხელშეკრულების სხვა პირობები რჩება უცვლელი.

50. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – თბილისი, ........ მე-2 ჩასახვევი და ........ 6-8, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 112 218.87 ლარი შეადგინა. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 9 დღით (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა ერთ დღეზე 375.50 ლარია). სარჩელით ამ ნაწილში მოთხოვნილი იყო პირგასამტეხლოს სახით 3 379.08 ლარის დაკისრება.

51. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – ......., №25 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 26 503.65 ლარი. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 2 დღით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 751.00 ლარი.

52. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – თბილისი, ........ ქუჩა №22, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 7 368.68 ლარი შეადგინა. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 5 დღით. პირგასამტეხლოს ოდენობამ 1 877.69 ლარი შეადგინა.

53. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – ........ მე-3 მ/რ, მე-3 კვარტალი, №10 და №8 კორპუსების მიმდებარედ, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 94 064.22 ლარი შეადგინა. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 13 დღით. პირგასამტეხლოს ოდენობამ 4 881.99 ლარი შეადგინა.

54. მხარეთა შორის, 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – ........ მე-3 მ/რ, მე-3 კვარტალი, №11 კორპუსის მიმდებარედ, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 47 058.46 ლარი შეადგინა. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 15 დღით. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 5 633.07 ლარია.

55. მხარეთა შორის, 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – თბილისი, ვაკის რაიონი, ........ ქუჩა, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 104 377.76 ლარი შეადგინა. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 23 დღით. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 8 637.37 ლარია.

56. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – ........ ქუჩის ზედა ნაწილი, სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 10 დღით. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 3 755.38 ლარია (ამ მისამართზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება საქმეში მტკიცებულების წარუდგენლობის გამო განსაზღვრული ვერ იქნა).

57. მხარეთა შორის, 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – წყნეთი, ........ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 137 552.37 ლარი შეადგინა. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 14 დღით. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 5 257.53 ლარია.

58. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – ........ ქ. #124 კორპუსის მიმდებარედ, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 73 728.91 ლარი შეადგინა. სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 49 დღით. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 18 401.36 ლარია.

59. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – ........ ქუჩის 1 და 3 შესახვევები, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 74 699.06 ლარი შეადგინა. სამუშაოების დასრულების ვადა 17 დღით დაირღვა. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 6 384.15 ლარია.

60. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – ........ ქუჩა და ........ პირველი, მეორე და მეოთხე ჩიხები, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 124 369.76 ლარი შეადგინა. ვადა დაირღვა 27 დღით. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 10 139.53 ლარია.

61. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მისამართზე – ნ. ........ №1 ეზო, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 2 846.35 ლარი შეადგინა. ვადა დაირღვა 29 დღით. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 10 890.60 ლარია.

62. მხარეთა შორის 2018 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მისამართზე – ........ №9ა, სამუშაოების შესრულების ვადა დაირღვა 20 დღით. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 29 288.35 ლარია. ვადაგადიცილებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 7 510.76 ლარს შეადგენს.

63. წინამდებარე საკასაციო საჩივრით მხარემ სადავო გადახდა მისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი, აგრეთვე მიუთითა, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არათანაზომიერად მაღალია და მისი გადახდა კომპანიას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

64. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

65. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის მართლზომიერება. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე მოპასუხემ კვალიფიციური შესაგებელი არ დაუპირისპირა.

66. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

67. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ: ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47).

68. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

69. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).

70. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

71. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

72. პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია.

73. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).

74. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

75. სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ-ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.

76. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178-ე მუხლის „ ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, (ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.

77. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

78. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო, დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.

79. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს სასამართლომ მხარეთა შეჯიბრების პროცესში. ფაქტიურად ესაა საკითხი, თუ რა ზომითაა გამოყენებული სამძებრო პრინციპის ელემენტები სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. სამართლებრივი მნიშვნელობის საკითხია, თუ რა შინაარსის შეიძლება იყოს ეს ღონისძიებები.

80. პირველ რიგში მიზანშეწონილია განხილული იქნეს მტკიცების საგნის ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების წრის ზუსტად და სრულად განსაზღვრის შესახებ საკითხი.

81. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით.

82. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ.

83. სასამართლო მტკიცების პროცესი - ესაა საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო იმ ფარგლებში და წესით, რომლებიც განსაზღვრულია კანონით. მხარეები წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს იმ ფაქტების დადასტურების მიზნით, რომლებზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს და შესაგებელს. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის და განკუთვნადობის პრინციპების მოთხოვნა დაცვით იღებს ამ მტკიცებულებებს და აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო მტკიცების პროცესის სხვადასხვა მონაწილე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ყველა მათგანის საქმიანობა მიმართულია ერთი მიზნისაკენ - გაირკვეს სიმართლე, დადგინდეს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

84. სასამართლო შემეცნების ფორმების თვალსაზრისით საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: ა) გარემოებები, რომლებიც განაგრძობენ არსებობას სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს (ე.წ. აწმყოს ფაქტები) და ამიტომ შესაძლებელია მათი გრძნობადი აღქმის გზით დადგენა და ბ) გარემოებანი, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ წარსულში და ამიტომ მათი დადგენა უშუალო შემეცნების გზით შეუძლებელია. ასეთი ფაქტები შეიძლება დადგინდეს მხოლოდ გაშუალებული გზით, მტკიცებულების გამოყენებით.

85. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების პროცესი, როგორც გაშუალებული შემეცნება, საკმაო სისრულითაა მოწესრიგებული კანონით. მაგალითად, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონი განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივივ გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტების მითითებისა და ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, მტკიცების რა საშუალებები დაიშვება და რა არ დაიშვება, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება და შეფასება და ა.შ.

86. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება - დადასტურება.

87. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება-გამართლების მიზნით. რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ მტკიცების საგნის განსაზღვრისას? სარჩელის აღძვრით მოსარჩელეს სურს გარკვეული შედეგის დადგომა. მისი ეს სურვილი აისახება სარჩელის იმ ელემენტში, რომელსაც სარჩელის საგანი ეწოდება. ამრიგად, სარჩელის საგანს ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი. მაგრამ, მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრემ, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

88. მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

89. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“. ( იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 200-, გვ.64). ამრიგად, ფაქტებზე თვითონ მხარეებმა უნდა მიუთითონ. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მხარეთა გამოკითხვისა და შეკითხვების მიცემის გზით ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების სრულად და ზუსტად განსაზღვრას.

90. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. “მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).

91. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი.

92. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

93. ვიდრე საქმის არსებითად განხილვა დაიწყება სასამართლოში, მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს საქმის მომზადება, რომელიც მათ შორის მხარეთა წერილობითი პოზიციების გაცვლას მოიცავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ერთი მხრივ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის, ხოლო მეორე მხრივ, შესაგებლისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოსარჩელისთვის ჩაბარება. სასამართლომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ამ კონტექსტში მხარეთა საპროცესო უფლებების დაცვა (წერილობითი დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღება და პასუხის გასაცემად გონივრული ვადის დადგენა), წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მოპასუხეს მისთვის გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) ჩაბარების შემდეგ წარმოეშობა შესაგებლის წარდგენის ვალდებულება. შესაგებელი, ისევე როგორც სარჩელი, ყველა შემთხვევაში წერილობითი ფორმით (როგორც წესი ნაბეჭდი სახით) უნდა იყოს შედგენილი.

94. კანონმდებლის ამგვარი მოთხოვნა გამომდინარეობს წერილობითი სამართალწარმოების პრინციპიდან, რაც წინა ეტაპია ზეპირი სამართალწარმოებისა და რასაც ვერ ჩაანაცვლებს მხარეთა მოსმენის პრინციპი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო პროცესი დაკარგავდა განსაზღვრულობის სახეს და მივიღებიდით საპროცესო მოქმედებების ქაოსს. მხარეს უფლება აქვს წინასწარ, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე იცოდეს, რაზე აფუძნებს მეორე მხარე თავის მოთხოვნას ან რა საპროცესო საშუალებებით აპირებს თავის დაცვას. მხარეებს უნდა მიეცეთ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება, რათა დაიცვან საკუთარი სამოქალაქო უფლებები, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნაა.

95. ამგვარი მიდგომა სრულადაა შესაბამისობაში სამართლებრივი სიცხადის პრინციპთან. ამიტომაცაა კანონმდებელი ასეთი მკაცრი მოპასუხის მხრიდან თავისი საპროცესო მოვალეობის დარღვევის მიმართ და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგს უკავშირებს არა სამართალწარმოების გაგრძელებას, არამედ ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამ თვალსაზრისით სასამართლო პრაქტიკასა თუ დოქტრინაში შესაგებლის წარუდგენლობა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას უთანაბრდება (ივარაუდება, რომ მხარემ დაკარგა იურიდიული ინტერესი დავის მიმართ), ანუ სამართლებრივი შედეგი იგივეა, რაც მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისას - მოსამართლე სარჩელში მითითებულ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტებს შეუდავებლად (დამტკიცებულად) მიიჩნევს, ამასთან, თუ სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, ხოლო სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მოპასუხე ვერ განახორციელებს ფაქტობრივ შედავებას, მათ შორის მტკიცებულებათა წარდგენას (სსსკ-ის 2321 მუხლი), შესაბამისად, მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შედავების უფლება რჩება. ვინაიდან საქმის განხილვის და დავის გადაწყვეტის მთავარი ფიგურანტი მოსამართლეა, მას ჯერ კიდევ წერილობითი ფორმით წარდგენილი სარჩელიდან და შესაგებლიდან უნდა შეექმნას წარმოდგენა დავის სურათზე (ფაბულა), მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე (სარჩელით მოთხოვნილი შედეგის განმსაზღვრელი ნორმა), მოთხოვნის წინაპირობებზე (ნორმის შემადგენლობა), მტკიცების საგანსა (სადავო გარემოება, რომელიც უნდა დამტკიცდეს) თუ სარჩელის პერსპექტიულობაზე. იმის მიხედვით, რამდენად აკმაყოფილებს სარჩელი და შესაგებელი ფორმალური დასაბუთებულობის (გამართულობის) მოთხოვნებს, მოსამართლე ნიშნავს მოსამზადებელ ან მთავარ სხდომას. შესაბამისად, თუ მოსამართლე დანიშნავს მოსამზადებელ სხდომას, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მხარეთა საპროცესო უფლებები_ დააზუსტონ/შეავსონ სარჩელში/შესაგებელში მითითებული გარემოებები (სსსკ-ის 83-ე მუხლი). დასაბუთებულობის მოთხოვნა გამოიყენება შესაგებელთან მიმართებაშიც, ამ დროს მოწმდება როგორი შესაგებელი წარადგინა მოპასუხემ (მოთხოვნის შემწყვეტი, შემაფერხებელი, გამომრიცხავი). შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელზე გადასვლაც არ ხდება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი; შესაგებელი; მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება. საქმის განმხილველი მოსამართლის გადასაწყვეტია,თუ რა ფაქტობრივი აღწერილობა (ფაბულა) უნდა დაუდოს საფუძვლად საკუთარ მსჯელობას, თავის მხრივ მთავარ როლს ფაბულის შექმნაში მხარეები ასრულებენ, რაც სრულად პასუხობს შეჯიბრებითობის პრინციპის მოთხოვნებს. ერთი მხრივ რელევანტური ფაქტების დახარისხება ხდება სამართლის ნორმის მიხედვით, ხოლო მეორე მხრივ, ფაქტები განსაზღვრავენ, რომელია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. აქედან გამომდინარე, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია.

96. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

97. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

98. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).

99. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაგებლის სახეებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კვალიფიციურ შედავებას, რომელსაც არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

100. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.

101. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ დაშვებული შეცომა ფაქტების მითითების დროს, შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ „მათ არ მიუთითეს ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც აქვს მნიშვნელობა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. მხარეთა მიერ დაშვებულ შეცდომას სასამართლო ვერ გამოაწორებს: სასამართლო ვერ „გაამდიდრებს“, ვერ შეავსებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, რადგან მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს თუ შესაგებელს (სსსკ-ის მე–4 მუხლი)(იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 215.).

102. საკასასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს.

103. საქმეში განთავსებულია მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი არაკვალიფიციური შესაგებელი, სადაც მოპასუხე არათუ უთითებს, რატომ არის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, არამედ საერთოდ არ ითხოვს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. მოპასუხე შესაგებელში უთითებდა მხოლოდ იმას, რომ საქმის გარემოებები საჭიროებს სრულყოფილ გამოკვლევას და დაზუსტებულ შესაგებელს წარადგენდა სასამართლო სდომის გამართვამდე ( იხ. ტ.1.ს.ფ.192). საქმეზე მოსამზადებელი სხდომა სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით დაინიშნა 2019 წლის 26 სექტემბერს.( იხ. ტ.1.ს.ფ.201). აღნიშნული განჩინება მოპასუხეს ჩაბარდა 2019 წლის 12 ივნისს ( იხ. ტ.1.ს.ფ.205), თუმცა მოპასუხეს მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომამდე 3 თვეზე მეტი ვადა ჰქონდა, დაზუსტებული (კვალიფიციური) შესაგებელი შემდგომში მაინც არ წარუდგენია.

104. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება მოიცავს ისეთ ორ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და კონსტიტუციური მნიშვნელობის პრინციპების დაცვის მიზნით, არსებობს ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობაც.

105. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს იმპერატიული ხასიათის ნორმებით. იმპერატიული ხასიათის ნორმები ორ ძირითად მიზანს ემსახურება: ა) მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობები შეიძლება ჩაითვალოს ბათილად, თუ მათი შინაარსი ეწინააღმდეგება სამართლებრივ მართლწესრიგს: ბ) იმპერატიული ნორმები აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს და უზრუნველყოფენ, რომ ხელშეკრულების დადება კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდეს.

106. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგჯერ თავად ნორმის მიზნიდან გამომდინარე დგინდება მისი იმპერატიული ხასიათი. ნორმისათვის გვერდის ავლას, სწორედ ამ ნორმის მიზანი შეიძლება კრძალავდეს. მაგალითის სახით გამოდგება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ აუცილებელია მხარეები გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ.

107. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე.

108. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასამართლომ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი).

109. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

110. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე, – კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. აღნიშნულ გარემოებებზე სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მხარის მოთხოვნის შესაბამისად და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას შეუძლია გამოიყენოს დისკრეცია, რაც გულისხმობს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას (შდრ. სუსგ. საქმე №ას-819-771-2012, 12 სექტემბერი, 2012 წელი).

111. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს: მხარეები მოქმედებენ რა დისპოზიციურობისა (სსსკ-ის მე-3 მუხლი - მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი - სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) პრინციპის ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სახის სარჩელი აღძრან სასამართლოში, რომელ ფაქტებს დაამყარონ თავიანთი მოთხოვნა, რა ტიპის შესაგებელი დაუპირისპირონ სასარჩელო მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირებით დაინტერესებულმა პირმა შესაგებლით უნდა მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება ან აღნიშნულის თაობაზე საქმის მომზადების დასრულებამდე განაცხადოს. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხეს პირგასამტეხლოს შემცირება არ მოუთხოვია, შესაბამისად, მას არც იმ ფაქტებზე არ მიუთითებია, რომლებიც პირგასამტეხლოს შემცირებას დაასაბუთებდა (დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები №ას 848-814-2016, 28.12.2016); სააპელაციო შესაგებელში მოპასუხე აღნიშნავდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეამცირა პირგასამტეხლო, თუმცა მისი შემცირების დამასაბუთებელ გარემოებებზე მოპასუხეს დასაბუთებულად არ მიუთითებია. ამასთან, მას ასეთ გარემოებებზე რომც მიეთითებინა, თუკი პირველი ინსტანციის სასამართლოში მათი მიუთითებლობის საპატიო მიზეზს არ დაასაბუთებდა, სააპელაციო სასამართლო მთზე ვერ იმსჯელებდა, რადგან ასეთ აკრძალვას შეიცავს სსსკ-ის 380.2 მუხლი (სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა). აქედან გამომდინარე, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, შეემცირებინა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რადგან მოპასუხეს არ წარუდგენია კვალიფიციური შედავება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ( შდრ. სუსგ №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).

112. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხე სამეწარმეო საქმიანობაში გამოცდილი იურიდიული პირია. „მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს“ (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (შდრ. სუსგ №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020).

113. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ წინამდებარე განჩინების პ.40-ში მითითებულ პრეტენზიას, რადგან როგორც ეს განსახილველ შემთხვევაშია დადგენილი( იხ. წინამდებარე განჩინების პ.31-პ-36.), მოპასუხეს მისი მტკიცების ფარგლებში არც შესაგებელში და არც სააპელაციო შესაგებელში, სადავო არ გაუხდია პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესი, ასევე არ მიუთითებია, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და რა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა შემცირდეს ის.

114. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

115. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

116. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

117. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

118. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

119. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ.ც–ძის მიერ 2021 წლის 27 აპრილს №10804890242 საგადახდო დავალებით გადახდილი 4208 ლარის 70% – 2945,6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „რ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „რ.ს–ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ.ც–ძის მიერ 2021 წლის 27 აპრილს №10804890242 საგადახდო დავალებით გადახდილი 4208 ლარის 70% – 2945,6 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი