საქმე №ას-340-2021 25 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე-პ.ჯ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ქმედების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. დ.ბ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ე-პ.ჯ–ას“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, დაევალოს მოპასუხეს 10 კვ. მაღალი ძაბვის მიწისქვეშა საკაბელო ქსელისგან ქ.ქუთაისში, .... ქუჩა №44-ის დასავლეთით 55.0 კვ.მ-ის გათავისუფლება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის შედეგად, 2013 წლის 25 ოქტომბერს 870 ლარად შეიძინა 55.0 კვ.მ უძრავი ქონება, რაც დასტურდება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №221 ოქმით.
3. მოსარჩელემ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, თუმცა მოპასუხემ პროცესი შეაჩერა. მისი მიმართვის საფუძველზე დადგინდა, რომ ქუთაისის მერიამ აუქციონის წესით გაასხვისა ნაკლის მქონე უძრავი ქონება, რადგან მიწის ქვემოთ გადიოდა მოპასუხის კუთვნილი 10 კვ. მაღალი ძაბვის კაბელი. მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზისთვის ორივე მხარეს განაპირა კაბელებიდან დადგენილია ერთმეტრიანი დაცვითი ზონა.
4. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს განცხადებით, გაეთავისუფლებინა უძრავი ქონება ელექტროგადამცემი ხაზისაგან, რაზეც პასუხად მიიღო უარი.
5. მოსარჩელის განმარტებით, იზღუდება მისი, როგორც კეთილსინდისიერი შემძენისა და მესაკუთრის უფლება, რადგან ფიზიკურად ვერ სარგებლობს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, დენის მაღალი ძაბვის კაბელის გამო, რომელიც საფრთხის შემცველია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა ვერცერთ სამართლებრივ ნორმასა თუ კონკრეტულ მუხლზე, რომელზე დაყრდნობითაც დაასაბუთებდა თავის მოთხოვნას. არ არსებობს კანონი, რომელიც დაავალდებულებს ეკომპანიას იმ ქმედების განხორციელებას, რომელსაც ითხოვს მოსარჩელე.
7. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის შედეგად 2013 წლის 25 ოქტომბრის №221 ოქმის საფუძველზე მოსარჩელე გახდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, თუმცა უდავოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე ჯერ კიდევ მის გასხვისებამდე განთავსებული იყო მოპასუხის კუთვნილი 10 კვ. მიწისქვეშა საკაბელო ქსელი, რაც სახელმწიფოს აკისრებდა ვალდებულებას, მის გასხვისებამდე უპირობოდ გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ „ელექტროქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება არეგულირებს რა უსაფრთხოების საკითხებს და ურთიერთობებს ქსელის მესაკუთრესა და მიწათმოსარგებლეს შორის, აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს იმ პირთათვის, რომელთა საკუთრებაშიც და სარგებლობაშიც მოექცევა მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები. კერძოდ, ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, 10 კვ. ძაბვის მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზისათვის დადგენილია ერთმეტრიანი დაცვითი ზონა ხაზის ორივე მხარეს განაპირა კაბელებიდან.
8. მოპასუხემ მიიჩნია, რომ იმ მიწის ნაკვეთის გასხვისებისას, რომელზეც განთავსებულია ელექტროგადამცემი ხაზები, გამოყენებული უნდა იქნეს კანონის ანალოგია და იხელმძღვანელონ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო დანიშნულების მიწა თუ მასზე განთავსებულია „საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტები“. შესაბამისად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისებამდე მხარისათვის გასასხვისებელი ქონების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა, მაგრამ მან უგულებელყო ეს საკითხი, რითაც არამხოლოდ მოსარჩელის ინტერესი შეილახა არამედ საფრთხის ქვეშ დადგა იმ აბონენტთა ელექტრომომარაგებაც, რომლებიც ელექტროენერგიას იღებდნენ სადავო მიწის ქვეშ განთავსებული ელექტროსადენით. საქმის მიმდინარეობისას დადგინდა, რომ ქუთაისის მერიას არ უცდია მოპასუხისგან მსგავსი ინფორმაციის მოძიება. თავის დროზე კომპანიის მხრიდან მიწისქვეშა თუ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც დღეს ხვდება სხვის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, კომპანიის მიერ განთავსდა სრულიად კანონიერად, სახელმწიფოს მხარდაჭერით, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთები სწორედ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა.
9. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით დამტკიცებულია „ელექტრო ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები“. აღნიშნული წესი აწესრიგებს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესა და ქსელის მესაკუთრეს შორის ურთიერთობებს, რომლის თანახმად ქსელის მესაკუთრეს აქვს უპირატესი უფლება, ისარგებლოს ელექტრული ქსელის დაცვის ზონაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთით. მოცემული ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ა) ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობების, ხიდების კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია; ბ) ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ მანქანა-მექანიზმების გავლა, რომელთა სიმაღლე აღემატება 4,5 მეტრს და ა.შ. მე-2 პუნქტის თანახმად კი, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონისა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია: გ) მცენარეების, ხეების დარგვა, ღობეების, ცხოველების სადგომების საკვებისა და სასუქების საწყობების მოწყობა და სხვა. მე-12 პუნქტით, ელექტრული ქსელის მფლობელ პირს ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში ელექტროგადამცემი ხაზების მომსახურების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უფლება აქვს: ა) მოაწყოს მათთან მისასვლელი გზები, ხიდები და სხვა ნაგებობები; ბ) აწარმოოს მიწის სამუშაოები (გათხაროს თხრილები, ღრმულები, ორმოები); გ) განაკაფების ზოლის დასაცავად აწარმოოს ხეებისა და ტოტების მოჭრის სამუშაოები მათი შემდგომი გატანით. მე-13 პუნქტით, ელექტროგადამცემი ხაზის საავარიო აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოებას უზრუნველყოფს ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი. საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს უფლება აქვს, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის ფარგლებში, მასთან მისასვლელ გზებზე და ელექტროგადამცემი ხაზის განაკაფებში იმოძრაოს შეუზღუდავად ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულ-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით.
10. ამდენად, მოპასუხემ მიუთითა, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ელექტრული ქსელის დაცვის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია. თუმცა „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-4 მუხლის საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ქსელის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ კანონი დაინტერესებულ პირს აკისრებს ქსელის გადატანის ვალდებულებას გარკვეული პირობებით და ანალოგიურია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პოზიციაც მსგავსი კატეგორიის არაერთ დავაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2013 წლის 25 ოქტომბრის №221 ოქმის საფუძველზე 2013 წლის 21 ნოემბერს მოსარჩელის სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი №219 მოწმობა, რომლითაც მოსარჩელის საკუთრებაში გადაეცა 55 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 2014 წლის 26 თებერვალს საჯარო რეესტრში აღირიცხა მის საკუთრებად და მიენიჭა საკადასტრო კოდი №......
14. ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მოპასუხის კუთვნილი 10 კვ. მიწისქვეშა საკაბელო ქსელი, რაც საჯარო რეესტრში არაა რეგისტრირებული, რადგან მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული ვალდებულება მხარეს არ გააჩნია.
15. მოსარჩელემ მიწის ნაკვეთზე დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, თუმცა პროცესი შეჩერდა მოპასუხის მიმართვის საფუძველზე, რადგან მიწის ქვემოთ გადიოდა მოპასუხის კუთვნილი 10 კვ. მიწისქვეშა საკაბელო ქსელი, რომლისთვისაც დადგენილია ერთმეტრიანი დაცვითი ზონა, ორივე მხარეს განაპირა კაბელებიდან.
16. 2018 წლის 25 იანვარს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს აუქციონზე შეძენილი ნაკლის მქონე მიწის ნაკვეთის ალტერნატიული ფართით შეცვლის თაობაზე, რაზედაც უარი ეთქვა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის გამო.
17. მხარეები თანახმა არ არიან, საკაბელო ქსელი საკუთარი ხარჯით გადაიტანონ.
18. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 170-ე, 172-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებიდან.
19. აპელანტის განმარტებით, ხელშეშლა მდგომარეობს იმაში, რომ საკაბელო ქსელის დაცვითი ზონის გათვალისწინებით და ფართის სიმცირიდან გამომდინარე, შეუძლებელია ნაკვეთის სამშენებლო მიზნებისთვის გამოყენება, რაც წარმოადგენდა მესაკუთრის ძირითად მიზანს მისი აუქციონზე შეძენისას.
20. ამდენად, მოცემული დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს შესაფასებელია დაუშვებელი ხელყოფის არსებობის ფაქტისა და, მესაკუთრის ინტერესის უპირატესობის გათვალისწინებით, მოპასუხისათვის სარჩელით მოთხოვნილი ქმედების განხორციელების დავალდებულების წინაპირობის არსებობა.
21. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა მოსარჩელის საკუთრების უფლების არამართლზომიერ შეზღუდვას და ამ შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წლის №366 დადგენილება, რომლითაც დამტკიცებულია ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები“ (შემდგომ – წესი), რომლითაც იზღუდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებები მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც გადამცემი ხაზის დაცვის ზონაშია მოხვედრილი. გარდა ამისა, მითითებული წესისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად. ვინაიდან მოსარჩელემ უარი განაცხადა საკუთარი ხარჯით ელექტროგადამცემი ხაზის გადატანაზე, ასევე წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ტექნიკურად ასეთი გადატანის შესაძლებლობას, პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე დასაბუთებულია.
22. მოცემული დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სსკ-ის 487-ე და 489-ე მუხლების შესაბამისად, შემძენი მესამე პირთან მიმართებით იმ უფლებრივი ტვირთის მატარებელია, რაც ნივთის შეძენამდე არსებობდა და უფლებრივი ნაკლის თაობაზე ვალდებულებითი სამართლის ნორმებიდან გამომდინარე, მყიდველს (კრედიტორს) პრეტენზია, მხოლოდ გამყიდველის (მოვალის) მიმართ შეიძლება გააჩნდეს. ვინაიდან მიწის ნაკვეთი მოსარჩელის მიერ მის შეძენამდე უფლებრივი ნაკლის მქონე იყო, მასთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენა მხოლოდ გამყიდველის მიმართ არის შესაძლებელი.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევებით, არასწორად დაადგინა ფაქტები, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლი და სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლები. სასამართლომ უპირობოთ და უვადოდ ჩამოართვა კასატორს საკუთრების უფლება.
25. სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა სარჩელი მიუხედავად იმისა, რომ კასატორს სადავო უძრავი ქონება ეკუთვნის საკუთრების უფლებით, ხოლო მოწინააღდეგე მხარე ვერ ადასტურებს, რომ მაღალი ძაბვის კაბელის კანონიერი მესაკუთრეა და ეს კაბელი კანონიერდ არის განთავსებული კასატორის ნაკვეთზე, რადგან არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. აღნიშნული უდავოდ ადასტურებს, რომ სადავო კაბელი უკანონოდ განთავსდა, მოპასუხე უკანონოდ ფლობს მესაკუთრის უძრავ ქონებას და არ აძლევს მას საკუთარი ქონებით სარგებლობის არანაირ შესაძლებლობას.
26. კასატორმა მიუთითა, რომ ქუთაისის მერიამ არ გადაამოწმა, ხომ არ გადიდოა ნაკვეთზე რაიმე სახის საკომუნიკაციო ქსელი. მესაკუთრე ვერ სარგებლობს კუთვნილი მიწით, რადგან უნდა აეშენებინა მცირე ფართის შენობა სამეწარმეო საქმიანობისათვის, რის უფლებასაც მოპასუხე მას არ აძლევს, აღნიშნული მაღალი ძაბვის კაბელის გამო. ასეთ პირობებში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ ხელშეშლა არ ყოფილა არამართლზომიერი.
27. კასატორის მითითებით, მოპასუხემ ვერ უარყო, რომ მაღალი ძაბვის კაბელის გადატანა უნდა მოხდეს მის მიერ, ეს კი ნიშნავს სარჩელის ცნობას, რადგან სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიხედვით, რის საფუძველზეც დაბრუნდა საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში თავიდან განსახილველად.
28. კასატორი არ დაეთანხმა მოსაზრებას მის მიერ სადავო გაყვანილობის გადატანის შესახებ, რადგან აღნიშნული მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა. კასატორისათვის ისიც არ იყო ცნობილი, სად უნდა გადაეტანა კაბელი. სააპელაციო სასამართლომ ამავე საქმეზე დაზუსტებული სარჩელის აღძვრამდე გამოტანილ განჩინებაში, რომლითაც საქმე დააბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, აღნიშნა, რომ მერია, რომელმაც ხარვეზიანი ნაკვეთი გაყიდა, ამ ეტაპზე არ არის მაღალი ძაბვის კაბელის მესაკუთრე და მას სამართლებრივად ვერ დაევალება ქმედების განხორციელება, თუმცა ყველა ხარჯი, რასაც გასწევს მხარე საქმის წარმოების პროცესში, შეუძლია მოსთხოვოს მერიას ზიანის ანაზღაურების სახით და ეს მოთხოვნის უფლება ვრცელდება როგორც მოსარჩელე, ასევე, მოპასუხე მხარეზე. ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრა მოპასუხე მხარეც, სარჩელის ფარგლებიც და სასარჩელო მოთხოვნაც, მხოლოდ გადაწყვეტილება იყო მისაღები. სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებული იყო სრულად და ამომწურავად, თუ მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევდა, რომ ხარჯი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს, მას პაექრობის დაწყებამდე შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენით შეეძლო, შეგებებული სარჩელით მოეთხოვა კონკრეტული ხარჯის მოსარჩელისათვის დაკისრება. მოსარჩელე თავისი ინიციატივით ვერ შეცვლიდა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული მოთხოვნის ფარგლებს.
29. კასატორის განმარტებით, პირველ ეტაპზე მოსარჩელემ წარადგინა ადმინსიტრაციული სარჩელი მერიის წინააღდეგ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, სააპელაციო პალატამ კი გააუქმა გადაწყვეტილება და ჩათვალა, რომ საქმე უნდა განხილულიყო სამოქალაქო წესით, განსაზღვრა მოპასუხეც და დავის საგანიც, შემდეგ თავადვე არ გაიზიარა თავისი განჩინების ფარგლები და უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
30. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ვერ გაარკვია, რა ფორმით უნდა იდავოს მოსარჩელემ, ადმინისტრაციული გადაწყვეტილებაც გააუქმა და არც მის მიერ მიღებულ განჩინებას ენდო, რის საფუძველზეც კასატორი მხარე, იგივე უძრავი ქონების მესაკუთრე, ჩააგდო გამოუვალ მდგომრეობაში. აღნიშნული საკითხი კი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს უზენაესი სასამართლოს მიერ, რადგან მესაკუთრეს საკუთრების უფლება, ფაქტობრივად, უვადოდ ჩამორთმეული აქვს. მოწინააღდმეგე მხარე მტკიცებულებით იმასაც ვერ ადასტურებს, რომ მაღალი ძაბვის კაბელი კანონიერად განთავსდა მესაკუთრის უძრავ ქონებაში, რადგან აუცილებელია ამგვარი მაღალი ძაბვის კაბელების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
34. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2013 წლის 25 ოქტომბრის №221 ოქმის საფუძველზე 2013 წლის 21 ნოემბერს მოსარჩელის სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი №219 მოწმობა, რომლითაც მოსარჩელის საკუთრებაში გადაეცა 55 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 2014 წლის 26 თებერვალს საჯარო რეესტრში აღირიცხა მის საკუთრებად და მიენიჭა საკადასტრო კოდი №........
35. ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მოპასუხის კუთვნილი 10 კვ. მიწისქვეშა საკაბელო ქსელი, რაც საჯარო რეესტრში არაა რეგისტრირებული, რადგან მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული ვალდებულება მხარეს არ გააჩნია.
36. მოსარჩელემ მიწის ნაკვეთზე დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, თუმცა პროცესი შეჩერდა მოპასუხის მიმართვის საფუძველზე, რადგან მიწის ქვემოთ გადიოდა მოპასუხის კუთვნილი 10 კვ. მიწისქვეშა საკაბელო ქსელი, რომლისთვისაც დადგენილია ერთმეტრიანი დაცვითი ზონა, ორივე მხარეს განაპირა კაბელებიდან.
37. 2018 წლის 25 იანვარს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს აუქციონზე შეძენილი ნაკლის მქონე მიწის ნაკვეთის ალტერნატიული ფართით შეცვლის თაობაზე, რაზედაც უარი ეთქვა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის გამო.
38. მხარეები თანახმა არ არიან, საკაბელო ქსელი საკუთარი ხარჯით გადაიტანონ.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია ნეგატორული სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთას.
41. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ-ები: 12.02.2016წ. საქმე №ას-1041-998-2016, 26.10.2016წ. №ას-843-809-2016, 5.07.2019წ. საქმე №ას-778-2019).
42. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მოპასუხე კომპანია მოსარჩელის უძრავი ნივთით სარგებლობას უკანონოდ არ ხელყოფს.
43. საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წლის №366 დადგენილებით დამტკიცებულია „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები“.
44. მოცემული ნორმატიული აქტით დარეგულირებულია ელექტრული ქსელის მფლობელსა და მიწათმოსარგებლეს/მესაკუთრეს შორის ურთიერთობა. იგი ამ უკანასკნელს გადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მოხვედრილი უძრავი ქონებით სარგებლობისათვის გარკვეული სახის შეზღუდვებს უწესებს და იმავდროულად ავალდებულებს, რომ ხელი არ შეუშალოს ელექტრული ქსელის ხაზობრივ ნაგებობებთან მომსახურე პერსონალისა და ტექნიკის შეუფერხებელ მისვლას (იხ. სუსგ 18.02.2020წ. საქმე №ას-1550-2019).
45. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მითითებული წესისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად.
46. განსახილველ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს წარმოადგენს მოსარჩელე, რომელიც, ელექტროგადამცემი კაბელის გამო, ვერ ახერხებს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სასურველი მშენებლობის წარმოებას, თუმცა მოსარჩელემ უარი განაცხადა საკუთარი ხარჯით ელექტროგადამცემი ხაზის გადატანაზე. საკასაციო საჩივარში აღნიშნულის მიზეზად მხარემ მიუთითა, რომ მისთვის უცნობია, ტექნიკურად როგორც უნდა მოხდეს გადატანა და მიიჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხე მხარეს უნდა დაევალოს.
47. კასატორის დასახელებული არგუმენტი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაინტერესებულ პირს სადავო კომუნიკაციის გადატანა შეუძლია საკუთარი ხარჯით, რაც გულისხმობს მოსარჩელის მიერ კაბელის გადატანისათვის საჭირო სამუშაოების ღირებულების დაფარვას და არა ტექნიკური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტას, რაზეც კასატორი აპელირებდა.
48. რაც შეეხება ადმინისტრაციული სარჩელის განხილვისას მიღებული სააპელაციო პალატის განჩინების სამართლებრივ საფუძვლებზე მხარის მითითებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამჟამად განხილვის საგანს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინების კანონიერება, შესაბამისად, საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ საქმის განხილვის ფარგლებს ვერ გასცდება.
49. მოცემული დავის პირობებში საკასაციო სასამართლო ვერ შეაფასებს კასატორის პრეტენზიას ვერ იმ გარემოებასთან დაკავშირებით, დაარღვია თუ არა მერიამ მოსარჩელისათვის სადავო ნაკვეთის გასხვისებისას უძრავი ნივთის შემოწმების ვალდებულება და უნდა შეფასდეს თუ არა ელექტროგადამცემი კაბელის მოსარჩელის ნაკვეთზე გაყვანა ნივთის ნაკლად.
50. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 487-ე და 489-ე მუხლების საფუძველზე მართებულად განმარტა, რომ შემძენი მესამე პირთან მიმართებით იმ უფლებრივი ტვირთის მატარებელია, რაც ნივთის შეძენამდე არსებობდა და მოსარჩელის მიერ ნაკევთის შეძენამდე უფლებრივ ნაკლთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენა მხოლოდ გამყიდველის მიმართ არის შესაძლებელი.
51. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
52. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
53. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
54. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
56. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.ჩ–ის მიერ 2021 წლის 16 აპრილს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ დ.ბ–ძეს (პირადი №.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.ჩ–ის მიერ 2021 წლის 16 აპრილს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი