Facebook Twitter

საქმე №ას-301-2021 25 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.კ.მ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. დ.გ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ.კ.მ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ სესხის ძირითადი თანხის – 357654 ლარისა და საპროცენტო სარგებლის (წლიური 50% პროცენტი) – 178 827 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 9 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, სესხის საპროცენტო სარგებელი შეადგენდა წლიურ 50%-ს. მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის ოთხი თვის ვადაში, ეტაპობრივად ესესხებინა 200 000 აშშ დოლარი. მსესხებელს თანხა დაუბრუნდებოდა სარგებლით, ძირი და სარგებელი სულ შეადგენდა 300000 აშშ დოლარს. ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში მხარეებს უნდა დაედოთ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთებოდა მოპასუხის კუთვნილი ბინები, 700 კვ.მ საერთო ფართით.

3. მოსარჩელემ პირველი გადახდა განახორციელა 12 იანვარს. შემდეგი გადარიცხვა უნდა მომხდარიყო მოთხოვნის შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა და მუშაობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, იგი თანხას აგზავნიდა და, მის ნაცვლად, კომპანიის ანგარიშზე ფული შეჰქონდათ მოსარჩელის დას – ნ.გ–ს და მისი ოჯახის ახლობელს – მ.ხ–ძეს, რომელიც იყო მოპასუხე კომპანიის ბუღალტერი (შემდგომ – ბუღალტერი).

4. მოსარჩელის განმარტებით, მან ივნისში მოპასუხის ანგარიშზე თანხის შეტანა შეწყვიტა. აგვისტო-სექტემბერში მოპასუხემ გაანაწილა ბინები და აღრიცხა საჯარო რეესტრში, თუმცა კომპანიამ არც მაშინ შეასრულა ხელშეკრულების პირობა ქონების იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებით.

5. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სხვადასხვა პირების დახმარებით მოპასუხის ანგარიშზე შეიტანა 317 654 ლარი, ხოლო 40 000 ლარი ბუღლატრის მეშვეობით გადასცა მოპასუხე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელსა და სხვა ფიზიკურ პირს. ეს თანხაც მოხმარდა მშენებლობას. მოპასუხე კი დღემდე არიდებს თავს ვალდებულების შესრულებას.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი 128 886 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ კომპანიის ანგარიშზე შეტანილია სესხის შემდეგი თანხა: 2017 წლის 12 იანვარს – 54 400 ლარი, 2017 წლის 18 იანვარს ბუღლატრის მიერ – 18601 ლარი, 2017 წლის 20 იანვარს სხვა ფიზიკური მეშვეობით – 26 350 ლარი, 2017 წლის 25 იანვარს – 29 535 ლარი, სულ – 128 886 ლარი. დანარჩენი ტრანზაქციები, რომლებიც ბუღალტრის, მოსარჩელის დისა და სხვა ფიზიკური პირის მიერაა შესრულებული, არ წარმოადგენს სესხს. მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი უნდა მიეღო მშენებლობის დასრულების შემდეგ 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ მოსარჩელეს სრულად არ აქვს შესრულებული მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და 200 000 აშშ დოლარი მოპასუხისათვის არ ჩაურიცხავს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2017 წლის 9 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის – 317654 ლარისა და სესხის საპროცენტო სარგებლის – 158827 ლარის გადახდა. სარჩელი 40000 ლარისა და აღნიშნული თანხის საპროცენტო სარგებლის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2017 წლის 9 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის – 232 296 ლარის, სესხის საპროცენტო სარგებლის – 38 716 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 9 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელემ ვალდებულება იკისრა, ოთხი თვის ვადაში ეტაპობრივად მიეცა სესხი მოპასუხისათვის 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის საწარმოებლად. ერთ თვეში უნდა გაფორმებულიყო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დატვირთულიყო მოპასუხის მიერ წარმოებულ მშენებარე კომპლექსში 700 კვ.მ (დადგენილია რომ ქონება იპოთეკით არ დაიტვირთა). სესხის ხელშეკრულების მიხედვით, გამსესხებელს დაუბრუნდებოდა 300 000 აშშ დოლარი.

10. მოპასუხის საბანკო ანგარიშის ამონაწერის მიხედვით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის ანგარიშზე შეტანილია შემდეგი თანხა: 1) 12.01.17 – 54 400 ლარი. დანიშნულება: ვალუტის გაცვლითი ოპერაცია. კურსი: 2.72 კონტრთანხა: USD 20 000 კონვერტაცია; 2) 18.01.17 – 18 601 ლარი. დანიშნულება: სესხად დ.გ–ისაგან, ხ–ძე მ.; 3) 20.01.17 – 26350 ლარი. დანიშნულება: სესხი დ.გ–ისგან ხელშეკრულების საფუძველზე, ს.გ.; 4) 25.01.17 – 29535 ლარი. დანიშნულება: სესხი დ.გ–ის ხელშეკრულების საფუძველზე, ს. გ.; 5) 21.02.17 – 13135 ლარი. დანიშნულება: თანხის შეტანა სესხის სახით, გ.ნ.; 6) 22.02.17 – 1778 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა ხელშეკრულების თანახმად, მ.ხ–ძე; 7) 27.02.17 – 3350 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა გ. ნ.; 8) 27.02.17 – 1500 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა ნ.გ–ი; 9) 28.02.17 – 2500 ლარი. დანიშნულება: თანხის შეტანა ხელშეკრულების თანახმად, მ.გ–ძე; 10) 06.03.17 – 2 500 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა მ.ხ–ძე; 11) 06.03.17 – 2195 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა ნ.გ–ი; 12) 09.03.17 – 9 750 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა ხ–ძე მ.; 13) 13.03.17 – 9 500 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა ხ–ძე მ.; 14) 30.03.17 – 19 500 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა ხ–ძე მ.; 15) 03.04.17 – 1657 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა გ. ნ.; 16) 27.04.17 – 4000 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა ხ–ძე მ.; 17) 02.05.17 – 9000 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა ხ–ძე მ.; 18) 03.05.17 – 4 875 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა გ.ნ.; 19) 08.05.17 – 9 000 ლარი. დანიშნულება: ინვესტიცია ხ–ძე მ.; 20) 15.05.17 – 950 ლარი. დანიშნულება: ინვესტიცია მ.ხ–ძე მ.; 21) 18.05.17 – 1000 ლარი. დანიშნულება: ინვესტიცია მ.ხ–ძე; 22) 19.05.17 – 2420 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა გ.ნ.; 23) 30.05.17 – 4 800 ლარი. დანიშნულება: თანხის შემოტანა გ.ნ.; მოპასუხე სესხის სახით აღიარებს პირველ ოთხ შენატანს (54 400 ლარი, 18 601 ლარი, 26350 ლარი, 29 535 ლარი) სულ 128 886 ლარის ოდენობით.

11. სააპელაციო პალატის მითითებით, 2018 წლის 16 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენელმა მ.ხ–ძემ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა 2017 წლის 9 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

12. 2017 წლის 9 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 232 296 ლარი.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ „თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს“ (Bombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993; v. Finland, 27.06.2008 Peric v. Croatia, 27.06.2008). მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

14. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სსსკ-ის 105-ე მუხლი).

15. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ-ის) 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე და 327-ე მუხლების თანახმად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, სწორედ აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

17. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა მიუთითეს: მოწმე გ.გ–ის ჩვენების მიხედვით, მოპასუხის პარტნიორად რეგისტრირებული არ არის, მაგრამ მონაწილეობას იღებს კომპანიის საქმიანობაში. მ.ხ–ძე იყო საწარმოს ბუღალტერი. მან სამუშაოდ მიიყვანა მისი მეგობრის შვილი ნ.გ–ი და ეს პირები განკარგავდნენ კომპანიის თანხას. კომპანიასა და მ.ხ–ძეს შორის შედგა შეთანხმება, რომ მ.ხ–ძე კომპანიაში შეიტანდა 200 000 აშშ დოლარს მშენებლობის გაგრძელების მიზნით და უკან დაუბრუნდებოდა 300 000 აშშ დოლარი მშენებლობის დამთავრების შემდეგ. მას მიჰქონდა თანხა, ნ.გ–ს აგზავნიდა, არიცხინებდა ნ.გ–ის სახელით კომპანიის ანგარიშზე და შემდეგ თანხა მშენებლობას ხმარდებოდა. თ.ტ–ძე მ.ხ–ძის მიერ შეტანილ თანხაში ბოლომდე გარკვეული პირია. მას ჰქონდა ჩანაწერები მ.ხ–ძის მიერ შეტანილ თანხებზე, რაც 100 000 ლარს მოიცავს. ყველა გადარიცხვა, რაც მშენებლობას ეხებოდა, მასალის შეძენა იყო, თუ მუშისათვის თანხის მიცემა, თ.ტ–ძე ეუბნებოდა მ.ხ–ძეს და იგი მისი მითითებით რიცხავდა თანხას. მ.ხ–ძეს ასევე გატანილი ჰქონდა თანხა. რამდენჯერმე მათ დაუფიქსირეს და გადაურიცხეს ვალის თანხა. იგი თავის მოვალეებს ურიცხვდა კომპანიის თანხას. მ.ხ–ძემ ვერ შეასრულა შეთანხმება. ის თანხა, რაც შეიტანა, დადებულ ხელშეკრულებასთან შედარებით ძალიან მცირე იყო. შესთავაზეს მ.ხ–ძეს თანხის დაანგარიშება და რაც შემოტანილი ჰქონდა იმ თანხის დაბრუნებაზე უარი არ უთქვამთ.

18. მოწმე გ.ს–ის ჩვენების მიხედვით, იგი არის მოპასუხე შპს-ს დამფუძნებელი. სამეწარმეო ამონაწერში პარტნიორებს შორის მითითებული არ არის, მისი მეუღლე მ.ტ–ძე იყო რეგისტრირებული პარტნიორად. მოსარჩელე პირველად მ.ხ–ძემ გააცნო ხელშეკრულების დადების დღეს ნოტარიუსთან. მოსარჩელესთან შეთანხმება იყო, რომ კომპანიის ანგარიშზე უნდა შეეტანა 200 000 აშშ დოლარი და მშენებლობა, რომ დამთავრდებოდა წაეღო 300 000 აშშ დოლარი. თავიდან შეიტანა 20 000 აშშ დოლარი, შემდეგ გაუჭირდა, გავიდა ერთი-ორი თვე და შეიტანა გარკვეული თანხა. ამ თანხის შემოტანაში თვითონაც დაეხმარა, ასესხებინა 20000 აშშ დოლარი. მ.ხ–ძემ შეიტანა დაახლოებით 100 000 ლარიდან 120 000 ლარამდე. მეტი თანხა მას კომპანიის ანგარიშზე არ შეუტანია. თანხა მოსარჩელის მაგივრად შეჰქონდა მ.ხ–ძეს. სხვა ვალდებულება მ.ხ–ძეს კომპანიის მიმართ არ გააჩნდა.

19. მოწმე მ.ხ–ძის ჩვენების მიხედვით, იგი არის მოსარჩელის დედის მეგობარი. გ.ს–ი მეუღლესთან ერთად მივიდა მასთან და უთხრა, რომ აშენებდნენ სახლს, ვინაიდან მას გარკვეული გამოცდილება ჰქონდა აღნიშნულ საკითხში, სთხოვეს დახმარება. რადგან მას დრო არ ჰქონდა, მთელი დღის განმავლობაში კომპანიაში ყოფილიყო, პარტნიორთან შეთანხმებით მიიყვანა კომპანიაში მოსარჩელის და – ნ.გ–ი ბუღალტრის დამხმარედ. 2016 წლის ბოლოს გ.ს–მა და გ.გ–მა უთხრეს, რომ დაფინანსება სჭირდებოდათ და ვინმე ხომ არ იცოდა, ვინც დაინტერესდებოდა თანხის სესხებით. იმ პერიოდში მოსარჩელე ჩამოსული იყო მოსკოვიდან, იგი დაინტერესდა, ვინაიდან უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა. რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ და ბოლოს დათანხმდა. გააფორმეს ხელშეკრულება 200000 აშშ დოლარზე და პირველ 20000 აშშ დოლარს რომ შეიტანდნენ კომპანიაში, ბინები დატვირთული უნდა ყოფილიყო იპოთეკით, შეიტანეს 20000 აშშ დოლარი, მაგრამ ქონება იპოთეკით არ დაიტვირთა. ნდობის ფაქტორი იყო და მაინც განაგრძო თანხის შეტანა. ყველა თანხა, რაც მის (მ.ხ–ძის) მიერ არის შეტანილი კომპანიის ანგარიშზე, არის მოსარჩელის თანხა. ნ.გ–ს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც ყოველთვის ვერ ახერხებდა მისი ძმის ნაცვლად თანხის კომპანიის ანგარიშზე შეტანას. მ.ხ–ძეს დ.გ–ისგან ჰქონდა ნდობა, რომ შეეტანა მისი თანხები. თუმცა ზოგჯერ არც მას ეცალა და დ.გ–ის თანხა შეტანილი აქვს მ.გ–ძეს. მოწმის მითითებით, როდესაც დააგვიანდა მოსარჩელეს თანხის ჩარიცხვა, მან ისესხა თანხა და შეიტანა კომპანიის ანგარიშზე, მათ შორის 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში დირექტორმა ტ.ღ–მა ასესხა, რომელიც თავად დირექტორმა შეიტანა კომპანიის ანგარიშზე და მიუთითა მ.ხ–ძის ინვესტიცია, ამ სესხთან დაკავშირებით შედგა სანოტარო აქტი, იპოთეკით დაიტვირთა მ.ხ–ძის უძრავი ქონება. თანხის სესხებამდე წინა დღეს ესაუბრა მოსარჩელეს და მიიღო მისგან თანხმობა. პირადად მას მოპასუხე კომპანიის მიმართ რაიმე ვალდებულება არ გააჩნდა. როდესაც ქონება იპოთეკით არ დაიტვირთა და უთხრეს, რომ ვერაფერს მიიღებდა, მოსარჩელემ გადაწყვიტა სამართლებრივად დაეწყო დავა.

20. მოწმე ნ.გ–ის ჩვენების მიხედვით, მოსარჩელე არის მისი ძმა. მოპასუხე შპს-ში სამუშაოდ მიიყვანა მ. (ია) ხ–ძემ. საქმიანობაში ეხმარებოდა ბუღალტერს. შენდებოდა კორპუსი, მის ძმას წილი ჰქონდა შეტანილი. მისი ძმა ჩამოდიოდა წელიწადში ორჯერ, მას უტოვებდა თანხას. კომპანიის ანგარიშზე მისი ძმის მაგივრად ყოველთვის თვითონ შეიტანა თანხა, რომლითაც ასრულებდა მისი ძმის ვალდებულებას. მ. (ია) ხ–ძე ეუბნებოდა, თუ რა თანხა სჭირდებოდა კომპანიას, თანხა მიქონდა მასთან და მ.ხ–ძე რიცხავდა კომპანიის ანგარიშზე. პირადად მოპასუხე კომპანიის მიმართ რაიმე ვალდებულება არ ჰქონდა.

21. მოწმე თ.ტ–ძის ჩვენების მიხედვით, იგი მოპასუხე შპს-ში მუშაობს სამუშაოთა მწარმოებლად. მოსარჩელესთან ერთხელ არის შენახვედრი. მ. (ია) ხ–ძე რაღაც დაფინანსებებს რომ აწარმოებდა, ზედაპირულად იცოდა ამის შესახებ, თუმცა რა თანხები იყო არ იცის. ერთხელ შესთავაზა მ. (ია) ხ–ძეს, თუ რაიმე გადარიცხვებს აკეთებს, მასთანაც გაევლო ამას, მაგრამ არც ერთხელ საქმის კურსში არ ჩააყენა. მისთვის ხელზე თანხა მიუცია, მაგრამ ძალიან მცირე. ძირითადი თანხა რაც მასთან მიდიოდა, იყო ბანკიდან გადარიცხული. ხელზე ყველაზე ბევრი 1500 ლარი თუ მიუცია. მას მ.ხ–ძისგან 40000 ლარი ხელზე არ მიუღია. იყო ერთი თანხა, რომელიც მ.ხ–ძემ გადარიცხა, თუმცა მასთან ეს თანხა არ მისულა და მშენებლობას არ მოხმარებია.

22. კომპანიის საბანკო ამონაწერებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ.ხ–ძის, ნ.გ–ის, მ.გ–ძის და გ.ს–ის მიერ განხორციელდა სულ 317654 ლარის შეტანა შპს-ს ანგარიშზე. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა მხარეთა შორის 2017 წლის 9 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე იქნა შეტანილი კომპანიის ანგარიშზე. თანხის ნაწილს – 128886 ლარს აღიარებს მოპასუხე სესხად, მაგრამ თანხის დარჩენილ ნაწილზე ვერ მიუთითებს კონკრეტულად სხვა რა ვალდებულება გააჩნდათ მ.ხ–ძეს, ნ.გ–ს და მ.გ–ძეს კომპანიის მიმართ, რომ თანხა შეეტანა ანგარიშზე და მიეთითებინათ დანიშნულებაში ინვესტიცია ან/და ხელშეკრულება, თუმცა მ.ხ–ძის მიერ შეტანილი თანხებიდან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ დასტურდება, რომ აღნიშნული თანხა შეტანილია მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების პირობების უზრუნველსაყოფად. 2017 წლის 10 მაისს შეტანილი 37 000 ლარი. დანიშნულება: ინვესტიცია ხ–ძე მ. დანიშნულებაში მითითებული სპეციალური ზონალური შეთანხმების მოსაკრებელი, (ქ. თბილისის მუნიციპელიტეტის მერია) და 2017 წლის 2 ივნისს შეტანილი 48 358 ლარი. დანიშნულება: მ.ხ–ძის ინვესტიცია ღ–ლი ტ. ვერ ჩაითვლება მოსარჩელის ნაცვლად შესრულებულ ვალდებულებად, რაც დასტურდება ასევე, მოწმეთა ჩვენებებით.

23. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 9 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 232 296 ლარი.

24. შპს „აუდიტორული კომპანია ე-ენდ-ეს-ის“ 2018 წლის 17 დეკემბრის №12/03 დასკვნის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიაში 2017 წლის 9 იანვარს სესხის ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 9 იანვრიდან 2018 წლის 10 დეკემბრის პერიოდში განხორციელა 128 886 ლარის შენატანი.

25. სსკ-ის 623-ე მუხლის, 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის, მე-400 მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება შეიზღუდოს კიდეც. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე. სსკ-ის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე.

26. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 9 იანვარს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ოთხი თვის ვადაში ეტაპობრივად მიეცა სესხი მოპასუხისათვის 200 000 აშშ დოლარის ოდენობით მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის საწარმოებლად. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, გამსესხებელს დაუბრუნდებოდა 300 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ სარგებლიან სესხზე, მაგრამ ხელშეკრულებაში კონკრეტულად არ არის მითითებული საპროცენტო განაკვეთი. სესხის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ 200000 აშშ დოლარის სესხის მიღების შემთხვევაში მსესხებელი დააბრუნებდა 300000 აშშ დოლარს, აღნიშნული შეთანხმების და მხარეთა ნების გამოვლენის განმარტებით დგინდება, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა წლიურ 50%-ს, რასაც ასევე ადასტურებს მოსარჩელე მხარე. იმის გათვალისწინებით, რომ სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენს ოთხ თვეს, ხოლო სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 50%-ს, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა 232296 ლარი და 4 თვის საპროცენტო სარგებელი, რაც შეადგენს 38716 ლარს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

27. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

28. კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველია, რატომ არ ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ სესხის თანხაში 2017 წლის 10 მაისს შეტანილი 37000 ლარი (სადაც დანიშნულებაში მითითებულია „ინვესტიცია ხ–ძე მ.“) და 2017 წლის 2 ივნისს შეტანილი 48 358 ლარი (სადაც, ასევე, მითითებულია მ.ხ–ძის ინვესტიცია). მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ამ უკანასკნელის სახელით მოქმედი პირების მიერ (ხ–ძე მ., ს–ლი გ., გ.ნ., გ–ძე მ.) თანხა შეტანილ იქნა 25 ტრანშად, აქედან სააპელაციო სასამართლომ 23 ტრანზაქცია ჩათვალა სესხად (ამ 23-დან უმეტესობის დანიშნულებაში არც კი იყო მითითებული მოსარჩელე, სესხი ან ინვესტიცია, მაგრამ მტკიცებულებათა ერთობლიობით პალატამ სწორად ჩათვალა აღნიშნული თანხა სესხის ანგარიშში) და 2 ტრანზაქცია საკმაოდ სოლიდური ოდენობით, სულ – 85 358 ლარი არ მიაკუთვნა სადავო სესხს.

29. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ 37000 ლარის შემთხვევაში მიუთითა, რომ თანხის შეტანის დანიშნულება სპეციალური ზონალური შეთანხმების მოსაკრებელი იყო, რაც შეცდომაა, რადგანაც მოპასუხის საბანკო ამონაწერში ამ თანხის შეტანის დანიშნულებაში ცალსახად მითითებულია მ.ხ–ძის ინვესტიცია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ შეცდომა დაუშვა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში და სწორედ ამან გამოიწვია უკანონო, დაუსაბუთებელი და არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

30. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ის 625-ე მუხლი, რადგან გაუგებარია ამ მუხლის რომელი პუნქტით იხელმძღვანელა და რის საფუძველზე შეამცირა სესხის საპროცენტო სარგებელი 158827 ლარიდან 38 716 ლარამდე.

31. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ დამტკიცებულად არ ჩათვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის 2 ივნისს მოპასუხის ანგარიშზე შეტანილ იქნა სესხის თანხა – 48 358 ლარი. მოპასუხის საბანკო ამონაწერში მითითებულია, რომ ეს თანხა შევიდა კომპანიის ანგარიშზე და დანიშნულებაშიც წერია „ინვესტიცია ხ–ძე მ.“, გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მხარეც, კერძოდ, მოპასუხე შპს-ს დირექტორი ადასტურებს, რომ მან, არა როგორც კომპანიის დირექტორმა, არამედ როგორც ფიზიკურმა პირმა ასესხა ეს თანხა მ.ხ–ძეს, რათა ამ უკანასკნელს კომპანიასა და მოსარჩელეს შორის არსებული სესხის ხელშეკრულების შესაბამისად, შეეტანა მორიგი ტრანში კომპანიის ანგარიშზე, რაც განახორციელა კიდევაც. იმ მომენტში მოსარჩელე ვერ ახერხებდა რუსეთის ფედერაციიდან დროულად თანხის გამორიცხვას და მ.ხ–ძემ მასთან შეთანხმებით გამოართვა თანხა ფიზიკურ პირს – კომპანიის დირექტორს და მის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ.ხ–ძის და მ.გ–ძის ქონება. როდესაც ფიზიკურმა პირმა ტ.ღ–მა მოითხოვა ეს თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით, მოსარჩელემ მას სარგებლით დაუბრუნა 48358 ლარის ნაცვლად, 61197 ლარი (აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით).

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

35. მხარეთა შორის 2017 წლის 9 იანვარს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ოთხი თვის ვადაში ეტაპობრივად მიეცა სესხი მოპასუხისათვის 200 000 აშშ დოლარის ოდენობით მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის საწარმოებლად. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, გამსესხებელს დაუბრუნდებოდა 300 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ სარგებლიან სესხზე, მაგრამ ხელშეკრულებაში კონკრეტულად არ არის მითითებული საპროცენტო განაკვეთი. სესხის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ 200000 აშშ დოლარის სესხის მიღების შემთხვევაში მსესხებელი დააბრუნებდა 300000 აშშ დოლარს, აღნიშნული შეთანხმების და მხარეთა ნების გამოვლენის განმარტებით დგინდება, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა წლიურ 50%-ს, რასაც ასევე ადასტურებს მოსარჩელე მხარე.

36. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ძირითად პრეტენზიას მხარე უკავშირებს სააპელაციო პალატის მიერ მოპასუხე კომპანიაში შეტანილი იმ თანხის სადავო სესხად დაკვალიფიცირებაზე უარის თქმის კანონიერებას, რომლის ნაწილშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. ამასთან, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეამცირა სესხის სარგებლის ოდენობა.

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21;).

39. საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით.

40. საკასაციო სასამართლო ვიდრე დადგენილი გარემოებების სამართლის ნორმებთან სუბსუმირებას შეუდგებოდეს, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებზე: მოქმედი სსსკ-ის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა, გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე. სასამართლო კი, ზემოთაღნიშნული ნეიტრალიტეტის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით „მიუკერძოებლობის“ მოთხოვნა ორი ასპექტისაგან შედგება. პირველი, სასამართლო სუბიექტურად თავისუფალი უნდა იყოს პიროვნული ზრახვებისა და მიდრეკილებებისაგან. მეორე, იგი ასევე მიუკერძოებელი უნდა იყოს ობიექტური თვალსაზრისით, ანუ მან უნდა უზრუნველყოს საკმარისი გარანტიები ამ თვალსაზრისით ნებისმიერი კანონიერი ეჭვის გამოსარიცხად (იხ. გოტრინი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1998-III, გვ. 10, 31, §58; მორისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №38784/97, §58, ECHR 2002-I). რაც შეეხება სუბიექტურობას, მოსამართლე პიროვნულად მიუკერძოებლად უნდა იქნას მიჩნეული, ვიდრე ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება (იხ. ჰაუსშიდტი დანიის წინააღმდეგ, 1989 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, სერია A №154, გვ. 21, §47; დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ, №42095/98, §30, ECHR 2000-X). სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია თავის თავში მოიცავს სასამართლოს მხრიდან მხარისათვის საკუთარი პოზიციის დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროის განსაზღვრას და დაცვის მომზადების შესაძლებლობის მიცემას (იხ. Case If Galstyan v, Armenia, საჩივარი no26986/0).

41. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს კასატორისათვის (მოსარჩელე) სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ., სუსგ №ას-1338-2018,25 იანვარი, 2019 წელი, პ-17;) თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

46. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ განჩინების პ.1,5-ში აღნიშნულ კასატორის მიერ სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებაზე და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 623-ე, 625-ე მუხლების საფუძველზე.

47. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის (ძირი თანხა) დაბრუნების მოთხოვნა - სსკ-ის 623-ე მუხლი [სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი],, პროცენტის გადახდის მოთხოვნა - სსკ-ის 625 I - მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს პროცენტი, თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს განსაზღვრულ ვადაში, გადაცემული თანხის უკან დაბრუნების, აგრეთვე სარგებლის გადახდის ვალდებულებას.

48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა, იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა. 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არნიშნავს ხელშეკრულების დადებას.

49. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20 მაისი, 2016 წელი). სხვა საქმეშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-361-343-2015, 14 დეკემბერი, 2015 წელი).

50. საგულისხმოა, რომ საკითხი იმის შესახებ, თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემის ანუ, ხელშეკრულების დადების შესახებ გარემოება, არ რეგულირდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი], რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით.

51. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის ნაწილობრივ განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი.

52. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, თუ რატომ არ ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ სესხის თანხაში 2017 წლის 10 მაისს შეტანილი 37000 ლარი, აგრეთვე 2017 წლის 02 ივნისს შეტანილი 48358 ლარი.

53. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

54. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.

55. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

56. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

57. საკასაციო სასაამრთლო კასატორის პრეტენზიის ფარგლებში ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ( სსსკ-ის მე-4 მუხლი). ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

58. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის მიერ სადავო გარემოების დასადასტურებლად სარწმუნო მტკიცებულებების წარუდგენლობა ამ მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

59. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე და 420-ე მუხლები წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში მიუთითოს: ა) მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობა (თანხის მოვალისათვის გადაცემა); ბ) მხარეთა შეთანხმება სარგებელზე; გ) ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებაზე _ პირგასამტეხლოზე მხარეთა წერილობითი შეთანხმების არსებობა; დ) შესრულების ვადის დადგომა; ე) მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა (მითითების ტვირთი), იმის მიხედვით კი, თუ რომელ გარემოებებს შეედავება დადგენილი წესით მოპასუხე (სსსკ-ის 201-ე და 219-ე მუხლები), სასამართლო განსაზღვრავს მტკიცების საგანს და გარდა უკანასკნელი ფაქტობრივი გარემოებისა, ყველა ზემოხსენებულის მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები), რაც შეეხება ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთს, როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით იგი მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი, ასევე, სკ-ის 429-ე მუხლი). უდავოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელმა ვალდებულების შესრულების ფაქტი ვერ დაამტკიცა. შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნა სესხისა და სარგებლის (რომლის ოდენობაც სადავო არაა), ასევე, პირგასამტეხლოს დაკირების მოთხოვნის ნაწილში, წარმატებულია სამოქალაქო კოდექსის 420-ე, 623-ე და 625-ე (სესხის დადების დროს მოქმედი რედაქციის შესაბამისად) მუხლებიდან გამომდინარე“( შდრ. სუსგ №ას-481-481-2018, 19 თებერვალი, 2019 წელი).

60. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.

61. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

62. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, გაითვალისწინა ის გარემოება, თუ რა ოდენობით თანხის სესხებაზე ცნო მოპასუხემ სარჩელი, მართებულად მიიჩნია, რომ სადავო 37 000 ლარი 2017 წლის 10 მაისს მ.ხ–ძემ მოპასუხის ანგარიშზე შეიტანა შემდეგი დანიშნულებით – სპეციალური ზონალური შეთანხმების მოსაკრებელი (ქ. თბილისის მუნიციპელიტეტის მერია), ხოლო 48 358 ლარი – შემდეგი დანიშნულებით – მ.ხ–ძის ინვესტიცია, ღ–ლი ტ. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული სადავო თანხების მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის სესხად გადაცემის ფაქტი, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა და ამ ნაწილში მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ განახორციელა.

63. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ სარგებლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, შემდეგი გარემოებების გამო:

64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სესხის ხელშეკრულების საგანია ფულადი თანხა, გამოიყენება ფულადი ვალდებულების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებიც. ფულადია ისეთი ვალდებულება, რომლის ობიექტია განსაზღვრული ოდენობის ფულადი თანხის გადახდა. ფულის ფუნქცია როგორც კერძო, ასევე საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში იდენტურია და თავის თავში მოიცავს ღირებულების/ფასეულობის შეფასების, გადაცემის, დაგროვების უნივერსალურ შესაძლებლობას, აგრეთვე წარმოადგენს ანგარიშსწორების ერთეულს. ფული სამოქალაქო ბრუნვაში გაცვლის საყოველთაო საშუალებაა. სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე თითოეულ სუბიექტს შეუძლია ფულის გადახდის სანაცვლოდ მიიღოს რამე ქონებრივი სიკეთე, რომელსაც ურთიერთობის სხვა სუბიექტი გადასცემს მას გადახდილი ფულის სანაცვლოდ. საყოველთაო გაცვლის საშუალების ფუნქცია ფულს ენიჭება მისადმი სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ნდობის გამო, რამეთუ სამოქალაქო ბრუნვის თითოეული მონაწილე დარწმუნებულია, რომ მოცემული ფულადი ნიშანი დაუბრკოლებლად მიიღება მეორე პირის მიერ საქონლის გადაცემის სანაცვლოდ, რომ ფულადი ნიშანი მას ანიჭებს მატერიალური სიკეთის თავისუფლად არჩევის შესაძლებლობას.

65. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 383-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის. ვალუტა არის ამა თუ იმ ქვეყნის ფულადი ერთეული, რომელიც საფუძვლად უდევს ქვეყნის ფულად სისტემას. ფულადი ვალდებულება შეიძლება იყოს როგორც უპროცენტო, ისე პროცენტიანი, რომლის მოცულობაც შესაძლებელია დადგენილი იყოს ხელშეკრულებით (სახელშეკრულებო პროცენტი) ან კანონით (კანონისმიერი პროცენტი). (იხ.დამატებით: ბ.ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მე-3, მუხლი 383, თბ., 2001, 330; აგრეთვე: Draft Common Frame of Reference – DCFR-ის 1:104-ე პრინციპი. Clive/Schulte_Nölke, Principles, definitions and model rules of European Private Law: Draft Common Frame of Reference (DCFR), 2009. Jansen/Zimmermann, Was ist und wozu der DCFR NJW, 2009, 3401).

66. სსკ-ის 625 I მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროცენტი არის პერიოდული საზღაური სხვისი ფულადი კაპიტალით სარგებლობისათვის ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალების „დროებითი“ დაკავებისათვის ( შდრ: თამარ შოთაძე, სესხის ხელშეკრულების მოდერნიზაციის აუცილებლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საიუბილეო კრებული: რომან შენგელია 70, თბილისი, 2012, გვ.364). საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას (შდრ: თამარ ზამბახიძე, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, მუხლი 625, ველი 3, www.gccc.ge). ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სსკ-ის 625 I და 403 I მუხლებით გათვალისწინებული პროცენტი. დასახელებულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც კრედიტორმა განიცადა მოვალის მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებით.

67. მოცემულ საქმეზე მხარეთა შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებაში სარგებლის ოდენობა პირდაპირ მითითებული არ ყოფილა. ხელშეკრულების შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ მოპასუხე მოსარჩელისაგან ისესხებდა 200000 აშშ დოლარს და დაუბრუნებდა მას 300000 აშშ დოლარს.

68. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე განმარტების შედეგად, მართებულად დაადგინა, რომ სესხის ხელშეკრულება დადებული იყო ოთხი თვის ვადით (იხ. ტომი 1, ს.ფ 5), წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 50%-ს, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სწორად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 232296 ლარის საპროცენტო სარგებელი 38716 ლარის ოდენობით.

69. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

70. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

71. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

72. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

73. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

74. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით პ.კ–ას მიერ 2021 წლის 15 აპრილს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ დ.გ–ს (საიდენტიფიკაციო კოდი №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით პ.კ–ას მიერ 2021 წლის 15 აპრილს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი