Facebook Twitter

საქმე №ას-34-2021 18 მაისი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.თ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ხ.უ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.11.2020წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.09.2020წ. გადაწყვეტილებით: ხ.უ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე") სარჩელი დაკმაყოფილდა; გ.თ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე", "აპელანტი", "კერძო საჩივრის ავტორი") უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისში, ......., ბინის N88 (ს/კ N .....) საზღვრებში მდებარე 1.18 კვ.მ. ფართის სათავსი და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.11.2020წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.09.2020წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია გასაჩივრების ვადის დარღვევით. კერძოდ, გადაწყვეტილების ასლი აპელანტის წარმომადგენელს პირადად ჩაჰბარდა 25.10.2020წ.; ამდენად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 26.10.2020წ. და ამოიწურა 09.11.2020წ.. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 10.11.2020წ., ანუ ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და თანდართული მასალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე გადაიგზავნა 09.11.2020წ. 17:20 საათზე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე - იმავე დღეს, 19:07 საათზე. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 61-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი წარდგენილია საპროცესო კოდექსით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცვით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.03.2021წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

9. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

11. სსსკ-ის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა) მიმართა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე განცხადებებით (ს.ფ.89,90). მას ფოსტით გაეგზავნა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი და პირადად ჩაჰბარდა 25.10.2020წ. (ს.ფ.92). შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ბოლო დღე იყო კვირა) მიხედვით, მოპასუხისთვის გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 26.10.2020წ. და ამოიწურა 09.11.2020წ..

13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, რადგან საააპელაციო საჩივარი სასამართლოს ელექტრონულ საფოსტო მისამართებზე გადააგზავნა 14-დღიანი ვადის ბოლო დღეს.

14. ზემოაღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო იკვლევს კერძო საჩივარზე დართულ ამონარიდებს მოპასუხის წარმომადგენლის ელექტრონული საფოსტო მისამართიდან 09.11.2020წ. 17:20 საათზე ჯერ თბილისის საააპელაციო სასამართლოს, ხოლო შემდეგ, იმავე დღეს, 19:07 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე მოპასუხის საააპელაციო საჩივრის გადაგზავნის შესახებ (ს.ფ.117,120). პალატა ყურადღებას ამახვილებს ადრესატის მიერ ელექტრონული ფოსტით სააპელაციო საჩივრის მიღების შემდგომ დაფიქსირებულ განცხადების სარეგისტრაციო ნომერზე, რომელიც ემთხვევა საქმეში წარმოდგენილ მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებულ შემოსვლის ნომერს - 4094477 (ს.ფ. 120,93). აღსანიშნავია, რომ მოსამართლეს, რომელიც ამოწმებდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას, დასახელებული გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 61-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საპროცესო ვადის დამთავრების დრო. კერძოდ, აღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება (შდრ.: სუსგ Nას-1693-2019, 10.02.2020; სუსგ Nას-1594-2019, 30.03.2020წ.; Nას-320-2019, 24.04.2019).

16. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.თ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.11.2020წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი