საქმე №ას-229-2021 18 მაისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს.კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.09.2020წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.კ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ბ–ის“ მიმართ გარიგების ბათილად ცნობის და უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.09.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.09.2020წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, შემდეგი საფუძვლებით: ხარვეზის შევსების პერიოდში მოსარჩელეს ჰქონდა უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უტარდებოდა ქიმიოთერაპია, დაემართა ანემია. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ გარდაეცვალა მეუღლე. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მას კომუნიკაცია არ ჰქონდა წარმომადგენელთან და გავიდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა. კერძო საჩივარზე დართულ იქნა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.03.2021წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ხარვეზის შევსების პერიოდში ჰქონდა უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უტარდებოდა ქიმიოთერაპია. ამასთან, გარდაეცვალა მეუღლე, რის გამოც არ ჰქონდა კომუნიკაცია წარმომადგენელთან.
8. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც აპელანტს ხარვეზის შევსების (ა. სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დაზუსტება; ბ. 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა) საპროცესო ვადა გაუგრძელდა 30 დღით, კერძო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 23.06.2020წ. (ს.ფ.209). აპელანტმა 24.08.2020წ. ფოსტის მეშვეობით გააგზავნა განცხადება სასამართლოში, რომელშიც განმარტა, რომ ჰქონდა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიანიჭეს პირველი ჯგუფის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, თუმცა, წოლითი რეჟიმის გამო ვერ ახერხებდა მტკიცებულების წარდგენას. აპელანტმა მოითხოვა გონივრული დრო, რათა არ დაეკარგა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა (ს.ფ. 210). ამდენად, ფაქტობრივად, აპელანტმა დაზუსტებული აპელაციის წარდგენის ნაწილში მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში კი მიუთითა კანონის ძალით მისი გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობის არსებობა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულზე არ უმსჯელია, ისე დატოვა 21.09.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის საფუძვლით.
9. კერძო საჩივარზე დართული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 29.06.2020წ. ცნობით (ფორმა N100/ა) დგინდება, რომ მითითებული პერიოდისათვის მოსარჩელის დიაგნოზია: ბრონქის ან ფილტვის სიმსივნე, დაუზუსტებელი ავთვისებიანი სიმსივნე; მარცხენა ფილტვის ქვედა წილის წვრილუჯრედოვანი კიბო გავრცელებით შუასაყარში, სუბკარინული ლკ. დაზიანებით, IV კლ.. მისი ჩივილებია: სპაზმური ხველა, ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურის მატება. პაციენტს გაეწია ონკოლოგის კონსულტაცია და მოთავსდა სტაციონარში. ცნობაში აღნიშნულია, რომ პაციენტს ესაჭიროება პალიატიური მკურნალობის გაგრძელება და უტარდება ქიმიო-იმუნო თერაპია (ს.ფ. 226). ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსებისთვის დადგენილ ვადაში აპელანტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას, რა დროსაც მას დასჭირდა სტაციონარული მკურნალობა.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 65-ე მუხლი. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული (შდრ. Nას-366-366-2018, 18.05.2018წ.). საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (შდრ. სუსგ. Nას-1023-2019 , 25.09.2019წ.). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეფასდეს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის გაშვების საპატიო მიზეზად, რა დროსაც მხარეს არ შესწევდა საპროცესო უფლება-მოვალეობების რეალიზების უნარი.
11. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მომენტში აღარ არსებობდა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოთხოვნის, შესაბამისად, მისი გადაუხდელობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობით დასტურდება, აპელანტს ჯერ კიდევ 02.07.2020წ. უვადოდ მიენიჭა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი (ს.ფ. 227). აღნიშნული სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან მხარის განთავისუფლების კანონით გათვალისწინებული წინაპირობაა და საკითხი სასამართლოს მიხედულებით არ წყდება.
12. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.09.2020წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.კ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.09.2020წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ზურაბ ძლიერიშვილი