საქმე №ას-642-2020 13 აპრილი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „მ.ო. ჯ.კ–ის“ უფლებამონაცვლე ნ.ჭ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ფ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.03.2020წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს „მ.ო. ჯ.კ–მა“ (უფლებამონაცვლე ნ.ჭ–ვა) შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ფ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე"), მიმართ მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ........., (ს/კ N ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“).
2.2. მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს და მოსარჩელეს არ აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს კუთვნილი ქონებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.04.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ნივთი და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. 05.04.2019წ. მოსამზადებელ სხდომაზე, არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც პირადად ეცნობა სხდომის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის თაობაზე ეცნობა ასევე მოპასუხის წარმომადგენელსაც.
3.2. აღსანიშნავია, რომ 15.03.2019წ. დანიშნული სხდომა გადაიდო მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსარჩელის თანხმობით. მოპასუხეს არ წარმოუდგენია 05.04.2019წ. სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული არც სხვა დამაბრკოლებელი გარემოება.
3.3. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
3.4. სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე, 172-ე მუხლების შესაბამისად.
4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საჩივრით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.06.2019წ. განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ნ.ჭ–ვა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.06.2019წ. განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.03.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7.1. 04.04.2019წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა 05.04.2019წ. დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება, ვინაიდან ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებდა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებას. 05.04.2019წ. (10:45 საათზე) სასამართლოს კვლავ მიმართა მოპასუხემ, აცნობა გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და წარუდგინა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი - სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათი #730. მოპასუხე მხარემ მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით მოითხოვა 13:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება.
7.2. მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძვლით 05.04.2019წ. მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
7.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 05.04.2019წ. 13:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
7.4. გამოუცხადებლობა დასაბუთებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, რის თაობაზეც სასამართლო ინფორმირებული იყო სხდომის გამართვამდე 04.04.2019წ. და 05.04.2019წ. წარდგენილი განცხადებებით, რომლითაც მოპასუხე სხდომის გადადებას მოითხოვდა. სააპელაციო სასასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
- სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ჩაჰბარდა უშუალოდ მოპასუხეს და მანვე წარადგინა შესაგებელი.
- მოპასუხე წარმომადგენელთან მინდობილობის გაფორმების შემდეგ სასამართლოსთან კომუნიკაციას კვლავ პირადად ახორციელებდა (იხ. შესაგებელი, შეგებებული სარჩელი, კერძო საჩივარი, განცხადებები). სასამართლოც გზავნილებს უშუალოდ მოპასუხე მხარეს უგზავნიდა. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ 15.03.2019წ. დანიშნული სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა უშუალოდ მოპასუხის განცხადების და მისი სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის (სამედიცინო ბარათი) საფუძველზე დაკმაყოფილდა.
7.5. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს წინასწარი, სათანადო ინფორმირება, ასევე ის გარემოება, რომ 15.03.2019წ. სხდომა უშუალოდ მოპასუხის განცხადების და მისი სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის დადასტურების საფუძველზე გადაიდო, მიუთითებს მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე. განმსაზღვრელია, რომ მოპასუხის მიერ შესრულებულია სასამართლოს წინასწარი ინფორმირების ვალდებულება, ასევე ის ფაქტი, რომ მსგავს შემთხვევაში სასამართლომ საქმის განხილვის გადადების შესახებ შუამდგომლობა მხოლოდ მოპასუხის გამოცხადების შეუძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე დააკმაყოფილა, რითაც შეიქმნა ვითარება, რომლითაც მოპასუხე მხარისთვის ნაკლებად იყო განჭვრეტადი, რომ მხოლოდ მისი შუამდგომლობა ავადმყოფობის გამო საქმის განხილვის გადადების შესახებ საკმარისი არ იქნებოდა. სსსკ-ის 93-ე მუხლის მიხედვით, საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
7.6. წარმოდგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათით ირკვევა, რომ მოპასუხემ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 04.04.2019 წელს მიმართა. ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელმაც ხელი შეუშალა მხარის სასამართლოში დროულად გამოცხადებას.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
8.1. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოპასუხისა და მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობასთან მიმართებაში ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მიიჩნიოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. 05.04.2019წ. განცხადებაზე თანდართული სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი ვერ შეფასდება სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი არ არის ხელმოწერილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და არ მიუთითებს მოპასუხის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ბარათის მარჯვენა ქვედა კუთხეში მითითებულია, რომ პაციენტმა უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე. შესაბამისად, ივარაუდება, რომ დოკუმენტი შედგენილია მხოლოდ სასწრაფო დახმარების სამსახურის გამოძახების საფუძველზე, რომელიც ფორმალურად ნებისმიერი ტიპის გამოძახებაზე პაციენტის მოკვლევის შემდეგ მსგავს სამედიცინო ბარათს ამზადებს.
8.2. 15.03.2019წ. სასამართლო სხდომის გადადებას დაეთანხმა მოსარჩელეც და სხდომის გადადება მხოლოდ მოპასუხის შუამდგომლობის და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე არ მომხდარა. ამდენად, დაუსაბუთებელია მსჯელობა, თითქოს მოპასუხისთვის განჭვრეტადი ვერ იქნებოდა, რომ მხოლოდ მისი შუამდგომლობა და გამოუცხადებლობის დოკუმენტი საკმარისი არ იქნებოდა სხდომის გადადებისათვის.
8.3. სააპელაციო სასამართლო არ აფასებს, რამდენად არსებობდა სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლების გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.07.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც გაუქმდა პირველი ინსტანციის სამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე. კასატორის ძირითადი პრეტენზია დაფუძნებულია მასზე, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 215-ე მუხლის დანაწესი და, შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა.
12. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ 04.04.2019წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა 05.04.2019წ. დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება, ვინაიდან ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებდა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებას (ტ.1, ს.ფ.134). 05.04.2019წ. (10:45 საათზე) სასამართლოს კვლავ მიმართა მოპასუხემ, აცნობა გაუარესებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, წარუდგინა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი - სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათი N730 და მითითებულ გარემოებაზე დაყრდნობით მოითხოვა 13:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება (ტ.1, ს.ფ.135,136).
13. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე და 05.04.2019წ. სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.
14. განსახილველ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის საპროცესოსამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსსკ-ის 241-ე მუხლი. კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
15. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (იხ.: სუსგ №ას-1102-2018, 18.02.2021 ).
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ვინაიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ შედგენილ პაციენტის სამედიცინო ბარათში პირდაპირ არ არის მითითებული მოპასუხის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, არ დგინდება მისი პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. პალატა მოიხმობს სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
17. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათით ირკვევა, რომ მოპასუხესთან 04.04.2019წ. იმყოფებოდა სასწარაფო დახმარების ბრიგადა, რა დროსაც პაციენტი უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და მას არაერთი დასახელების მედიკამენტით გაეწია მკურნალობა, მიეცა რჩევა-დარიგება. სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტმა უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე, რაც მიუთითებს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ პაციენტის საცხოვრებელ მისამართზე მედიკამენტოზური მკურნალობის გაწევის შემდეგ კვლავ არსებობდა შესაძლო ჰოსპიტალური დახმარების სამედიცინო ჩვენება, რაზეც პაციენტმა უარი განაცხადა და რის შესახებაც აღინიშნა სამედიცინო ბარათში. დოკუმენტი ხელმოწერილია ბრიგადის უფროსი ექიმის მიერ (ტ.1, ს.ფ.136). ამდენად, მართალია, მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულება არ შეიცავს მითითებას უშუალოდ სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, თუმცა, ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამედიცინო ბარათში ასახული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოსათვის იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობა 05.04.2019წ. სასამართლო სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით (შდრ. იხ.: სუსგ-ებები: № ას-607-566-2017, 16.10.2017წ.; Nას-354-336-2015, 29.01.2016წ.; №ას-159-155-2016, 28.07.2016წ.). გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხემ დაიცვა რა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი, სასამართლოს სხდომის წინა დღეს აცნობა სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, შემდეგ კი, 05.04.2019წ. სხდომის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე წარუდგინა მტკიცებულება, რომელიც აკმაყოფილებს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
18. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ბართაია საქართველოს წინააღმდეგ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს; ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა (იხ. „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ (Bartaia v. Georgia/საჩივარი №10978/06, ECHR) (შდრ. სუსგ., Nას-28-2021, 12.03.2021წ.; Nას-1751-2018 , 01.06.2020წ.).
19. ამდენად, საქმის განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობას უკავშირდება მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდი. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს. თუმცა ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, არ უნდა დადგეს ისეთი მხარის მიმართ, რომლის მიერაც საპროცესო მოვალეობების შეუსრულებლობა განპირობებულია ობიექტური საფუძვლით (იხ.: სუსგ Nას-1647-2018, 03.01.2019წ.). პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ ვივარაუდოთ გამოუცხადებელი მხარის მხრიდან მოცემული დავის მიმართ ინტერესის დაკარგვა.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული და გააუქმა როგორც დაუწრებელი გადაწყვეტილება, ისე მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. არც საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არსებობს სამართლის განვითარების აუცილებლობის თვალსაზრისით.
21. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. შესაბამისად, წინამდებარე საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 150 ლარს. ვინაიდან კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 200 ლარის ოდენობით, მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი. ასევე, სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი ჯამში 155 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „მ.ო. ჯ.კ–ის“ უფლებამონაცვლე ნ.ჭ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ნ.ჭ–ვას (პ/ნ .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 03.07.2020წ. (საგადახდო დავალება 9526615670) გადახდილი 200 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, ჯამში – 155 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე