საქმე №ა-5115-შ-135-2017 15 ივნისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.ი–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ტრესტი ''ს–ი'' (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება N2-716/2015
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.ი. ასული ი–ვა (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული ან შუამდგომლობის ავტორი) 1981 წლის 26 დეკემბრიდან, 1981 წლის 24 დეკემბრის №95პ/კ ბრძანების საფუძველზე, მუშაობდა კომპრესორის მემანქანედ ტრესტ „ს–ის“ (შემდეგში: ტრესტი, მოპასუხე, დამსაქმებელი ან მოწინააღმდეგე მხარე) ენგურჰესის მიწისქვეშა ნაგებობების სამშენებლო სამმართველოში, აღნიშნული დასტურდება მოსარჩელის შრომითი წიგნაკის ასლით.
2. 1983 წლის 17 ივნისს მოსარჩელეს სანიტარულ-საწარმოო დახასიათება და პროფესიონალური ანამნეზი მიეცა, რის საფუძველზეც დასაქმებული შრომის ჰიგიენის და პროფდაავადებათა კვლევით ინსტიტუტში გამოკვლევაზე გაიგზავნა.
3. 1983 წლის 1 ივნისის საექიმო-შრომით საექსპერტო კომისიის ცნობით მოსარჩელე ცნობილ იქნა მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ზოგადი დაავადებით.
4. 1989 წლის 18 აპრილის გადამოწმების აქტის მიხედვით, მოსარჩელეს პროფესიული შრომისუნარიანობა 80%-ით ჰქონდა დაკარგული, ხოლო 1990 წლის 20 აპრილის გადამოწმების აქტით დასაქმებული აღიარებული იქნა მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, უვადოდ, პროფესიული დაავადების გამო, ასევე დადგინდა, რომ პროფესიული შრომისუნარიანობის 70 % დაკარგული ჰქონდა.
5. დასაქმებულის ხელფასი 1982 წლიდან 1983 წლამდე, 12 თვის განმავლობაში შეადგენდა 1 364,07 მანეთს, რაც მოპასუხის სამშენებლო სამმართველოს ცნობით დასტურდება. დაშავების მომენტისთვის მოსარჩელის საშუალო თვიური ხელფასი 158,11 მანეთი იყო. შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო დასაქმებულს პენსიას თვეში 79,06 მანეთს უხდიდნენ, გაგრის სოცუზრუნველყოფის განყოფილების 1990 წლის 30 ივლისის №499-ის ცნობით დადგენილია, რომ მოსარჩელემ თვეში 31,62 მანეთი უნდა მიიღოს, შესაბამისად დასაქმებულს ჰქონდა უფლება ზიანის ანაზღაურება მიეღო, რომელიც მას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მიადგა. ბოლო გადახდა 1990 წლის დეკემბერში განხორციელდა.
6. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო 1991 წლის იანვრიდან 2015 წლის თებერვლამდე, 195 112,57 მანეთის დაკისრება, ასევე პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო 2015 წლის მარტიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში 675,13 მანეთის დაკისრება და მორალური ზიანის 20 000 მანეთის კომპენსაცია მოითხოვა. 2015 წლის 6 მარტის სასამართლო განჩინებებით თანამოპასუხეებად, საქმის განხილვაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს ჯანდაცვის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო.
7. რუსეთის ფედერაციის. ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით (უცხო ქვეყნის სასამართლოს ან საქართველოში საცნობი გადაწყვეტილება) დადგენილია, რომ მხარეები სასამართლო განხილვაზე კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყვნენ. მოპასუხეები საქმის განხილვაზე არ გამოცხადნენ, პროცესის მონაწილეებს არ გამოუთქვამთ პრეტენზია, რომ საქმე მათ გარეშე განეხილათ, შესაბამისად სასამართლომ საქმე მოპასუხეების გარეშე განიხილა.
8. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დასაქმებულის სარჩელი დამსაქმებლის მიმართ, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო დახმარების გადახდევინებისა და მორალური ზიანის კომპენსაციის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
8.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო 56 521,42 მანეთის ანაზღაურება და მორალურის ზიანის კომპენსაცია 10 000 მანეთი დაეკისრა. სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
8.2. დასაქმებულის სარჩელი მოპასუხის, საქართველოს ჯანდაცვის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო დახმარების გადახდევინების თაობაზე და მორალური ზიანის კომპენსაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
8.3. მოპასუხეს ქ. ტვერის მუნიციპალური ოლქის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 2 195,64 მანეთის ანაზღაურება დაეკისრა.
9. მოსარჩელემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება ითხოვა.
10. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დასაქმებულის შუამდგომლობა წარმოებაში მიიღო.
12. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა და განემარტა, რომ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კურიერის მიერ 2017 წლის 25 დეკემბერს შედგენილი აქტით დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი ვერ ჩაჰბარდა მოპასუხეს, რადგან ადრესატი ვერ იქნა მოძიებული, მოპასუხეს გზავნილი კვლავ გაეგზავნა 2018 წლის 8 იანვარს, თუმცა ჩაბარება ისევ ვერ მოხერხდა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით, მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს დაევალა. 2018 წლის 12 მარტს საქართველოს უზენაესს სასამართლოს მომართა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის I განყოფილების უფროსმა და განმარტა, რომ მოპასუხეს გზავნილი ვერ ჩაჰბარდა, რადგან დასახელებულ მისამართზე ვერ იქნა მოძიებული ადრესატი, ხოლო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ადრესატის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით დამსაქმებელს საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა დასაქმებულის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თაობაზე
16. აღნიშნული შეტყობინება უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2018 წლის 4 მაისს განთავსდა, მხარისათვის ჩაბარებულად კი მისი საჯაროდ გავრცელებიდან 7 დღის შემდეგ ჩაითვალა. მოწინააღმდეგე მხარეს მის წინააღმდეგ წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსაზრება არ გამოუთქვამს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხს არეგულირებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში: მინსკის კონვენცია), „უფლებათა ურთიერთცნობის შესახებ მუშაკთათვის დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან მათი შრომითი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე“ შეთანხმებისა (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 14 იანვრის #3245-რს დადგენილებით) (შემდეგში: შეთანხმება) და საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) დებულებები.
18. მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ საფუძვლების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარი ითქვას.
19. გარდა ზემოაღნიშნულისა, მინსკის კონვენციის მე-19 მუხლის შესაბამისად, თხოვნა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ (რომელიც კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებასაც მოიცავს) შეიძლება უარყოფილ იქნას, „თუ ასეთი დახმარების აღმოჩენას შეუძლია ზიანი მიაყენოს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის უშიშროებას ან სუვერენიტეტს, ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას“.
20. მსგავსი საფუძველი გათვალისწინებულია, აგრეთვე, სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
21. მინსკის კონვენციის 42-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებები, იმათ გარდა, რომლებიც გამომდინარეობს ხელშეკრულებებიდან და სხვა მართლზომიერი ქმედებებიდან, განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა ქმედებას ან სხვა გარემოებას, რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გახდა. ასეთ საქმეებზე კომპეტენტურია იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა ქმედებას ან სხვა გარემოებას, რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გახდა. დაზარალებულს შეუძლია აგრეთვე სარჩელი წარუდგინოს იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც საცხოვრებელი ადგილი აქვს მოპასუხეს.
22. მინსკის კონვენციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ამ კონვენციის 42-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები განეკუთვნება ხელშემკვრელ მხარეთა სასამართლოების განსაკუთრებულ კომპეტენციას, რაც იმავე კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია სხვა ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.
23. თუმცა აღნიშნული წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს შეთანხმებით გათვალისწინებული შემთხვევები, რომელთა მიმართაც დადგენილია სპეციალური მოწესრიგება. კერძოდ, შეთანხმების მე-8 მუხლის თანახმად, „წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ საქმეებზე კომპეტენტურია იმ მხარის სასამართლო, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა ქმედებას, რომელიც გახდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი, ან იმ მხარის სასამართლო, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ ზარალის ანაზღაურების უფლების მქონე პირები, დაზარალებულის არჩევით“. ამრიგად, აღნიშნული მუხლი მოსარჩელეს სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების სასამართლოთა არჩევის შესაძლებლობას აძლევს, რაც რომელიმე ქვეყნის სასამართლოს განსაკუთრებულ კომპეტენციას გამორიცხავს.
24. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნები ტრესტ-ის მიმართ პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო დახმარების გადახდევინებისა და მორალური ზიანის კომპენსაციის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო 56 521,42 მანეთის ანაზღაურება და მორალურის ზიანის კომპენსაცია 10 000 მანეთი დაეკისრა. სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
25. ამ განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ნათელია, რომ რუსეთის ფედერაციის სასამართლომ განიხილა საქმე ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ჰქონდა ადგილი. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე ამჟამად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობს, შეთანხმების მე-8 მუხლის შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა სარჩელით მიემართა ამ ქვეყნის სასამართლოსთვის.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
27. თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, როგორც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, სასამართლომ წარდგენილი სარჩელი რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით განიხილა, კერძოდ, მოსარჩელისათვის გადასახდელი ყოველთვიური დახმარების ოდენობის გაანგარიშება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის საფუძველზე განახორციელა და ამასთან, მოსარჩელის მეორე მოთხოვნა, რომელიც ეხება მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, ასევე, რუსეთის ფედერაციის სამართლის შესაბამისად გადაწყვიტა.
28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს შეთანხმების მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, „მუშაკთათვის შრომითი დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან მისი შრომითი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანების ან სიკვდილის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას (მათ შორის, მუშაკთა მიერ შრომით ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებული შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, დაზარალებულის მეორე მხარის ტერიტორიაზე გადასახლების შემდეგ) ახორციელებს იმ მხარის დამსაქმებელი, რომლის კანონმდებლობაც ვრცელდებოდა მუშაკზე დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანების ან სიკვდილის მომენტში. ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებელი დამსაქმებელი აანაზღაურებს მას თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად“.
29. დამატებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს მინსკის კონვენციის 42-ე მუხლზე, რომლის თანახმად, „ზიანის ანაზღაურების ვალდებულებები, იმათ გარდა, რომლებიც გამომდინარეობენ ხელშეკრულებებიდან და სხვა მართლზომიერი მოქმედებებიდან, განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა ქმედებას ან სხვა გარემოებას, რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გახდა“.
30. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებელი დამსაქმებელი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და იმ ქმედებას ან გარემოებას, რომელიც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გახდა, ასევე ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში), საიდანაც გამომდინარეობს, რომ მოპასუხე დამსაქმებელმა ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განახორციელოს.
31. ამიტომ, რუსეთის ფედერაციის ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს მიერ მოცემული საქმის საკუთარი ქვეყნის სამართლის მიხედვით განხილვა არ შეესაბამება მინსკის კონვენციის 42-ე მუხლისა და შეთანხმების მე-2 მუხლის მოთხოვნებს და ამით არღვევს აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად მასში შეთანხმების მე-2 მუხლზე მითითებისა, არ შეიცავს მსჯელობას (მითითებას ან დასაბუთებას) სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენებაზე უარის თქმის მიზეზების შესახებ.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ, საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ (შეად. სუსგ #ა-712-შ-15-2018, 31.05.21 წ.).
34. აღნიშნული პრინციპი, ცნობილი, როგორც “pacta sunt servanda”, წარმოადგენს ასევე საერთაშორისო სამართლის უძველეს, ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც ასახულია მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებაში, მათ შორის „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის კონვენციის“ (1969 წელი) 26-ე მუხლში, რომლის თანახმად, „ძალაში მყოფი ნებისმიერი ხელშეკრულება სავალდებულოა მხარეებისათვის და უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად“. ის ასახულია საქართველოს კონსტიტუციის მე-4.5 მუხლში, რომლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს რუსეთის ფედერაციის ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობაზე და აღსრულებაზე უარის თქმის მინსკის კონვენციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-6, მე-19 და 42-ე მუხლებით, „უფლებათა ურთიერთცნობის შესახებ მუშაკთათვის დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან მათი შრომითი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე“ 1994 წლის 9 სექტემბრის შეთანხმების მე-2 და მე-8 მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და 70-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ი–ვას შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის ქ. ტვერის პროლეტარული რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე