Facebook Twitter

საქმე №ას-1091-2018 24 აპრილი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს ''თ.ბ–ი'' (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.ა–ი, ზ.ა–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კრედიტორი, ბანკი ან კასატორი) და ს.ა–ს (შემდეგში: მსესხებელი, მამკვიდრებელი) შორის, 2014 წლის 24 ივნისს, დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 30 000 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13,5%-ით, კრედიტის ვადა - 2018 წლის 27 ივნისამდე. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1,ს.ფ. 16-37).

2. მსესხებელი გარდაიცვალა 2014 წლის 1 სექტემბერს (ტ.1,ს.ფ. 39).

3. ქ. თბილისში, …… მაცხოვრებლები არიან მოპასუხის შვილები: ზ. და ნ.ა–ები (შემდეგში: მოპასუხეები, მსესხებლის უფლებამონაცვლეები (შვილები)). ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.

4. სარჩელის მოთხოვნა

4.1. ბანკმა 2016 წლის 3 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მსესხებლის შვილების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების, ქ.თბილისში, …….. მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებად ცნობა.

5. მოპასუხეთა პოზიცია

5.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მამკვიდრებელმა სესხი პირადი მიზნებისთვის - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აიღო, რის შესახებაც ინფორმირებული არ ყოფილან და არც სარგებელი მიუღიათ, შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლო იყო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1488-ე მუხლით.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

7.3. სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 28 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის გათვალისწინებით - მოპასუხეების მესაკუთრედ ცნობა, სასამართლომ მართებულად იმსჯელა, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნის განხორციელებადობა დამოკიდებული იყო სსკ-ის 1488-ე მუხლის მოთხოვნებზე, კერძოდ:

7.3.1. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.

7.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმის მიხედვით, სამკვიდროს გახსნიდან 6 თვეში მემკვიდრისთვის მოთხოვნის წარდგენის ვალდებულება კრედიტორს ეკისრება, იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილია, როგორც სამკვიდროს გახსნის ფაქტი, ასევე მემკვიდრის ვინაობა, ხოლო, მემკვიდრის ვინაობის არცოდნის შემთხვევაში, მოთხოვნის წარდგენისთვის, კრედიტორს განესაზღვრება გონივრული ვადა, მას შემდეგ, რაც შეიტყობს მემკვიდრის თაობაზე.

7.5. სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ კრედიტორი, რომელიც დაინტერესებულია მსესხებლის მიერ ვალდებულება ჯეროვნად იქნეს შესრულებული, ნაკლებ სავარაუდოა, რომ არ გამოიკვლევდა მიზეზს, თუ რატომ არ შესრულდა ვალდებულება 2014 წლის 27 აგვისტოს შემდეგ. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეები ბრუნვაში გონივრულად და წინდახედულად უნდა მონაწილეობდნენ. წინდახედულად ქცევის მასშტაბს უფრო ფართოს ხდის სსკ-ის 495-ე მუხლით დადგენილი სუბიექტის (მეწარმე) ბრუნვაში მონაწილეობა, რომელმაც სამოქალაქო რისკი გულმოდგინედ და გონივრულად უნდა შეაფასოს და იგი ამ გზით მინიმუმადე დაიყვანოს. მეწარმის მიერ სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული ქმედებისადმი კანონმდებლის მიერ შეფასების უფრო ფართო სტანდარტის დაწესება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ის კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ რისკებს, უკეთ აღიქვამს. ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ბრუნვაში მეწარმის მიერ განხორციელებული ქმედება გონივრული და კონსტრუქციული უნდა იყოს, წარმოადგენს პრეზუმფციას, რომელიც, თავისი ბუნებით, იურიდიული ფიქციაა და ამ ვარაუდს არ აუქმებს შემდგომში მეწარმე პირის მიერ გამოჩენილი წინდაუხედაობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ კრედიტორის მოთხოვნის საფუძვლიანობა ერთმნიშვენელოვნად დამოკიდებული იყო 6 თვიანი ვადის დაცვაზე. მიმართა თუ არა კრედიტორმა დადგენილ ვადაში მოვალის მემკვიდრეებს, მისი მტკიცების სფეროში შემავალი გარემოებაა. აპელანტს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კანონით დადგენილ ვადაში გარდაცვლილის შვილებს (მოპასუხეებს) მიმართა ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, მით უფრო, მაშინ როდესაც მისთვის ცნობილი იყო, როგორც ვალდებულების დარღვევის ფაქტი (2014 წლის 27 აგვისტო), ასევე - მსესხებლის გარდაცვალებაც. აღნიშნულის განუხორციელებლობა კი, გამორიცხავს მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს, რომ მოპასუხეები ცნობილ იქნენ მამკვიდრებლის დანაშთი ქონების მესაკუთრეებად.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბანკმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8.2. კასატორის განმარტებით, მემკვიდრეები ვალდებულნი იყვნენ შეეტყობინებინათ კრედიტორისთვის სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილი იყო გარდაცვლილის ვალების შესახებ. ამასთან, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 1488-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში. კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი იყო, შესაბამისად მოთხოვნის ვადის დადგომა განიხილება თითოეული გადაუხდელობისთვის ცალ-ცალკე.

8.3. კასატორის განმარტებით, მას აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, ვინაიდან საჭიროა სადავო ურთიერთობაში, მოვალე სუბიექტის განსაზღვრა, ხოლო ამის შემდეგ მოითხოვს მოვალე პირისგან დავალიანებას, მისივე განმარტებით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოპასუხეები არ წარმოადგენენ გარდაცვლილის უფლებამონაცვლეებს, მაშინ კასატორი მსესხებლის უძრავი ქონების მესაკუთრედ, სახელმწიფოს ცნობას მოითხოვს, რის შემდეგაც შესაბამისად წაუყენებს მოთხოვნას ვალდებულების შესრულების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას სასარჩელო მოთხოვნის უარყოფასთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითებს, რომ ამის საწინააღმდეგოდ არაფერია შედავებული არც სააპელაციო და არც საკასაციო საჩივრებში. საკასაციო სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ „სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე” (იხ. სუსგ-ები საქმე №ას-143-136-2010; 07.10.2010წ., №ას-968-1269-2007; 22.02.2008წ.,# № ას-171-160-2017, 18.04.2017 წ.).

12. სსკ-ის 1487-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებული არიან, შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ. ამავე კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრედიტორს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენა ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების (სამკვიდროს გახსნის) შესახებ (სსკ-ის 1487) და იმ მემკვიდრეების შესახებ, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის დროს მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან შეუძლებელია მოთხოვნის წარდგენა, თუ არ არის განსაზღვრული ამ მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირთა წრე (მემკვიდრეები, რომლებმაც მიიღეს მოვალის სამკვიდრო).

13. ამდენად, პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ («სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი)- იხ. სუსგ N ას-1796-2018, 22.02.2019წ.

14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით, მათ შორის საკასაციო საჩივრის პრეტენზიებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილი არ არის სსკ-ის 1487-ე მუხლის წინაპირობები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსესხებელმა ბოლო გადახდა 2014 წლის აგვისტოში განახორციელა, პრეტენზია (ამ შემთხვევაში სარჩელი) კი 2016 წლის ოქტომბერშია წარდგენილი, მსესხებელი 2014 წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა. ბანკისათვის ვალდებულების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 28 აგვისტოს, რადგან მსესხებელს 2014 წლის 27 აგვისტოს უნდა დაეფარა ყოველთვიური გადასახადი, რაც არ განუხორციელებია, შესაბამისად, პრეტენზიის დადგენილ ვადაში განუხორციელებლობის გამო, ბანკმა მოთხოვნის უფლება დაკარგა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი). ამ განჩინების მე-14 პუნქტში მოხმობილი ვალდებულების თანახმად, რაც კრედიტორს ეკისრება, ბანკს შეეძლო მსესხებლის გარდაცვალების შესახებ 2014 წლის სექტემბერშიც შეეტყო, რადგან მსესხებლის გარდაცვალება 2014 წლის 2 სექტემბერს დარეგისტრირდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ ნოტარიუსთა პალატას 2016 წლის 31 მაისს მიმართა და პასუხი 2016 წლის 6 ივნისს მიიღო. კასატორის მტკიცებით, მისთვის მსესხებლის გარდაცვალების შესახებ სწორედ ამ თარიღიდან დროს გახდა ცნობილი, რასაც საკასაციო სასამართლო, ქვემდგომი სასამართლოების მსგავსად, ვერ გაიზიარებს და ამ განჩინების 12-14 პუნქტებში მოხმობილ სამართლებრივ დასაბუთებაზე მიუთითებს.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი იმდენად არაკვალიფიციურია, არათუ მტკიცების თვალსაზრისით, არამედ ფაქტებზე მითითების თვალსაზრისითაც, რომ კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნის, როგორც არათანმიმდევრულისა და დაუსაბუთებელის, წარმატებას გამორიცხავს.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, საკასაციო საჩივარი დასაბუთებულად მიეჩნია, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია იმ სამართლებრივი დასაბუთებით, რაც მითითებულია.

18. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად ვინაიდან მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ''თ.ბ–ის'' საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე