საქმე №ას-1684-2019 18 სექტემბერი, 2020 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „ნ.მ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.პ–ი, მ.კ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს ,,ნ.მ–სა“ (შემდეგში: მოპასუხე, პირველი აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) და მ.კ–ს (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი დასაქმებული ან მეორე აპელანტი) შორის, 2015 წლის 1 ივნისს, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. დამსაქმებელსა და ლ.პ–ს (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მეორე დასაქმებული ან მესამე აპელანტი) შორის, 2015 წლის 1 ივნისს, შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა.
2. შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე პირველი მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში რეანიმაციული დეპარტამენტის სამედიცინო ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა, ხოლო მეორე მოსარჩელე - რეანიმაციული დეპარტამენტის ადმინისტრაციული ხელმძღვანელის პოზიციაზე.
3. შრომითი ხელშეკრულებებით განისაზღვრა, რომ რეანიმაციული დეპარტამენტის შექმნიდან და მისი ამუშავებიდან დასაქმებულებს ეძლეოდათ შრომის ანაზღაურება კლინიკის შიდა სტანდარტის მიხედვით გამომუშავების შესაბამისად, მაგრამ თვეში არა უმეტეს 8 750 ლარისა მეორე მოსარჩელის შემთხვევაში და, ასევე, თვეში არა უმეტეს 15 000 ლარისა -პირველი მოსარჩელის შემთხვევაში.
4. მოპასუხეს არ აუნაზღაურებია მოსარჩელეთათვის 2015 წლის 15 აგვისტოდან - 2015 წლის 2 ნოემბრის პერიოდის ჩათვლით ხელფასი. სახელფასო დავალიანება მეორე მოსარჩელის მიმართ შეადგენს 22 750 ლარს, ხოლო პირველი მოსარჩელის მიმართ - 39 000 ლარს.
5. სასარჩელო მოთხოვნები და შესაგებელი
5.1. მეორე მოსარჩელემ მოპასუხისათვის, 2015 წლის აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიუღებელი ხელფასის სახით ყოველთვიურად 8 750 ლარის (დაუბეგრავი) დაკისრება მოითხოვა;
5.2. პირველმა მოსარჩელემ მოპასუხისათვის, 2015 წლის აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიუღებელი ხელფასის სახით ყოველთვიურად 15 000 ლარის (დაუბეგრავი) დაკისრება მოითხოვა;
5.3. მეორე მოსარჩელემ მოპასუხისათვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების 1 030 ლარის დაკისრება მოითხოვა;
5.4. პირველმა მოსარჩელემ მოპასუხისათვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების 6058 ლარის დაკისრება მოითხოვა.
5.5. მოპასუხემ წერილობითი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დასაქმებულების სარჩელი მოპასუხე დამსაქმებლის წინააღმდეგ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ 39 000 ლარის - ანაზღაურება (დაუბეგრავი), ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 22 750 ლარის ანაზღაურება (დაუბეგრავი) დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეთა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დასაქმებულთათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების სამართლებრივი წანამძღვრები არსებობს. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე კოდექსის 34-ე მუხლით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
7.3. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ ვინაიდან მოსარჩელეებს სხვა დაწესებულებებში საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალ სამსახურში წასულიყვნენ სამუშაოდ თუნდაც 1000 ლარზე.
7.4. სასამართლომ დაიანგარიშა სადავო პერიოდისათვის მისაღები ხელფასის საერთო რაოდენობა. ამ მიმართებით სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელეების შრომის ანაზღაურება შეადგენდა პირველი მოსარჩელისათვის თვეში 15000 ლარს, ხოლო მეორე მოსარჩელისათვის - თვეში 8750 ლარს. მოპასუხეს არ აუნაზღაურებია მოსარჩელეთათვის 2015 წლის 15 აგვისტოდან - 2015 წლის 2 ნოემბრის პერიოდის ჩათვლით ხელფასი. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხის სახელფასო დავალიანება ლ.პ–ის მიმართ შეადგენს 22 750 ლარს, ხოლო მ.კ–ის მიმართ - 39 000 ლარს. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს მოსარჩელეთა მოთხოვნის მიუხედავად, დამსაქმებელს მათთვის არ გადაუცია ცნობა სახელფასო დავალიანების შესახებ, სასამართლოში დავის განხილვის დროსაც არ წარუდგენია მოპასუხეს მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოსარჩელეების შრომის საშუალო ანაზღაურების ოდენობისა და სახელფასო დავალიანების თაობაზე, რისი შესაძლებლობაც მას ობიექტურად ჰქონდა.
7.5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასმართლოს მოსაზრება, რომ ერთობლივი საქმიანობის თაობაზე მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებაც მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიუთითებდა, რომ მოსარჩელეებზე შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი სარგო უნდა გაცემულიყო (იხ. მუხლი 2.1.5. ს.ფ. 38).
7.6. სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთზე მიუთითა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს ჰქონდა მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დასაქმებულები (მოსარჩელეები) სამსახურებრივ უფლებამოსილებებს არ ასრულებდნენ თუმცა, როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი დამსაქმებელი შემოიფარგლა მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების არარელევანტურობაზე მითითებით.
7.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე მოსარჩელეს დამსაქმებელ კომპანიაში, ხელფასის სახით, 2015 წლის 15 აგვისტოდან 2015 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 22 750 (თვეში 8750) ლარი უნდა მიეღო. ხოლო პირველ მოსარჩელეს - 39 000 (თვეში 15 000) ლარი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მეორე მოსარჩელის სარჩელი 22 750 ლარის, ხოლო პირველი მოსარჩელის სარჩელი 39 000 ლარის ფარგლებში დააკმაყოფილა.
7.8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ მიერ მხრიდან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას ამის საფუძველზე ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა აპელანტი დასაქმებულების მოთხოვნა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
8. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. მოპასუხემ (დამსაქმებელმა) საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დასაქმებულთა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოინგარიშა მოსარჩელეთა ხელფასი, რადგან ხელშეკრულებით დადგენილი იყო დასაქმებულთათვის ასაღები ხელფასის ყოველთვიური ზედა ზღვარი. ანაზღაურება კი გამომუშავებაზე იყო დამოკიდებული.
8.3. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, რომელშიც კომპანია საკუთარი მატერიალური ბაზით მონაწილეობდა, ხოლო მოსარჩელეები - თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევებით, გამოცდილებითა და რეანიმაციის აღჭურვისათვის ფულადი შენატანით. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მიზნები არ შესრულდა, რეანიმაციული განყოფილება წაგებით ფუნქციონირებდა, რის გამოც მოპასუხე მოსარჩელეებს (რომელთანაც შრომითი ხელშეკრულებები გააფორმა) შეუთანხმდა ანაზღაურების ზედა ზღვარზე.
8.4. კასატორის მტკიცებით, იმის გამო, რომ საქმიანობა წამგებიანი აღმოჩნდა, დასაქმებულები მომხრე იყვნენ ხელფასების მაქსიმალურად შეკვეცისა, რაც დასტურდება მეორე დასაქმებულის მიერ ელ.ფოსტით გაგზავნილი სახელფასო ცხრილით, სადაც განსახილველი დავის ორივე დასაქმებულის გასწვრივ არაფერი წერია.
8.5. კასატორი აღნიშნავს, იმის გამო, რომ მოსარჩელეებმა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს, იგი შეწყდა, ამიტომ დაუსაბუთებელია მსჯელობა თითქოს ამის შემდეგ მოსარჩელეები მოპასუხესთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. კასატორი აცხადებს, რომ მას მოსარჩელეები სამსახურში არ მიუღია, მათთან ერთად ბიზნესის წარმოება სურდა, რაც არ შედგა.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მან მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. 3. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.
14. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმაზე, რომ შრომითი ურთიერთობა, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. ის წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია, შესაბამისად, იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით (იხ. სუსგ #ას-182-171-2017, 27.12.2019 წ.)..
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 11.2-11.6 პუნქტები) და დამატებით ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა. ამ მოცემულობაში კი, გასათვალისწინებელია შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით შრომით დავასთან დაკავშირებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებით, ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (იხ. სუსგ-ები: N ას - 732-732-2018, 14.02.2020წ; N ას-172-2019, 30.06.2020წ; N ას-641-2020, 18.09.2020წ.) .
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა. გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა სადავო პერიოდში დაკისრებული შრომით მოვალეობების დასაქმებულის მიერ შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. დამსაქმებელი შემოიფარგლა სიტყვიერი განმარტებებით, მაშინ, როდესაც, მტკიცებულებების წარდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდში აღარ იმყოფებოდა მოპასუხე კომპანიასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მოპასუხის მხარეზე იყო და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა სწორედ მას ხელეწიფებოდა. აღნიშნული მტკიცების რეალიზება მოპასუხე კომპანიამ ვერ უზრუნველყო (იხ. სუსგ #ას-182-171-2017, 27.12.2019 წ.).
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგინდა სადავო პერიოდისთვის (2015 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით) მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტს დაამტკიცებდა. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო პერიოდში შრომის აუნაზღაურებლობა სადავო არ არის. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია. შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ №ას-1132-2019, 30.09.2019 წელი; №ას-1274-2018, 25.12.2018 წელი; №ას-370-370-2018, 2.08.2018 წელი; №ას-45-45-2018, 18.05.2018 წელი; №ას-138-138-2018, 17.04.2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ნ.მ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ნ.მ–ს" (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3087,50 ლარის (საგადახდო დავალება N9407666677, გადახდის თარიღი 2020 წლის 2 ივნისი), 70% – 2161,25 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე