საქმე №ას-247-2020 19 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2019წ. გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარება, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ.ბ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ , „კასატორი“ ან „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „დამსაქმებელი“ ან „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება“) მიმართ შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარების, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და მოპასუხის აკადემიური საბჭოს 07.08.2017წ. №7 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელე 28.02.2011 წლიდან 09.07.2011 წლამდე იყო მიწვეული მასწავლებელი მოპასუხის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე არქიტექტურის ისტორიის მიმართულებით.
2.2. 2011 წლის ზაფხულში მან მონაწილეობა მიიღო ხელოვნების ისტორიის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში და გაიმარჯვა. 20.09.2011წ. ერთი წლის ვადით დადებული ხელშეკრულებით დასაქმდა ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.
2.3. მოსარჩელე 20.09.2012 წლიდან 03.10.2017 წლამდე იყო საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი.
2.4. ვინაიდან არქიტექტურის მიმართულებაზე დასაქმებული ხუთი პროფესორიდან მხოლოდ მოსარჩელეს ჰქონდა დაცული დისერტაცია, 2016 წლის ივლისში მიმართა ადმინისტრაციას, რათა გამოეცხადებინათ კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. მოსარჩელეს დაპირდნენ, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, თუმცა, უშედეგოდ. ერთი წლის შემდეგ მოსარჩელემ ეს საკითხი კვლავ დააყენა, მაგრამ არათუ ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზეც არ გამოცხადდა კონკურსი.
2.5. 15.08.2017წ. მოსარჩელემ მოითხოვა ახსნა-განმარტება კონკურსის გამოუცხადებლობის მიზეზებთან დაკავშირებით, ასევე - გათავისუფლების შესახებ ბრძანების გადაცემა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების საკითხს აწესრიგებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების 32-ე მუხლი, აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების წესი და დასაქმების პირობები. აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა ამ რეგულაციების შესაბამისად და არ მიიჩნია მიზანშეწონილად ასისტენტ-პროფესორის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადება.
3.2. უნივერსიტეტში კონკურსი ცხადდება ღიად, საყოველთაოდ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს მასში მონაწილეობის მიღების უფლება. მოსარჩელის პოზიცია, კონკრეტულად მისთვის კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონს (შემდეგში „სპეციალური კანონი“) და, ზოგადად, არჩევითობის პრინციპს.
3.3. 2017 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის არგამოცხადების შესახებ, მოსარჩელეს ვერბალურად ეცნობა აღნიშნულის თაობაზე, რაც დასტურდება მოსარჩელის წერილით. 26.09.2017წ. მოსარჩელეს გაეგზავნა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება და ადრესატის მიერ მისი მიღება დასტურდება 26.09.2017წ. მოსარჩელის საპასუხო ელექტრონული წერილით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.05.2019წ. გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება აღიარებულ იქნა უვადოდ დადებულ ხელშეკრულებად; მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხე უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე ხელოვნების ისტორიის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 25.09.2017 წლიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 1 333 ლარი; მოპასუხის აკადემიური საბჭოს 07.08.2017წ. N7 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) მე-6 მუხლის 13 ნაწილზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა.
5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2019წ. გადაწყვეტილებით - მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.05.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. მოსარჩელე 28.02.2011 წლიდან 03.10.2017 წლამდე უწყვეტად მუშაობდა მოპასუხე უნივერსიტეტში, ჯერ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, შემდეგ მიჩნეულ იქნა საინჟინრო ფაკულტეტის, მოგვიანებით კი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალად. ბოლოს, ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების საფუძველზე, მოსარჩელე N2430-02 ბრძანებით დაინიშნა ხელოვნების ისტორიის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე, რის შედეგადაც მხარეებს შორის ერთი წლის ვადით (03.10.2017 წლამდე) დაიდო შრომითი ხელშეკრულება N1058.
6.2. 07.08.2017წ. მოპასუხის რექტორს გაეგზავნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე ხელოვნების ისტორიის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ ფაკულტეტის დეკანის წარდგინება. მოპასუხის აკადემიური საბჭოს 07.08.2017 წლის N7 სხდომის ოქმის თანახმად, აკადემიურმა საბჭომ დაადგინა, რომ არ გამოცხადებულიყო კონკურსი მითითებული ფაკულტეტის შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.
6.3. მოპასუხემ 03.10.2017 წლის შემდგომ არ გააგრძელა სახელშეკრულებო ურთიერთობა მოსარჩელესთან.
6.4. სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. მოსარჩელემ ორჯერ მოითხოვა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებისა და საფუძვლის დასაბუთების მისთვის გადაცემა. მოპასუხის 04.12.2017 წლის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მასსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შრომით ხელშეკრულება იყო ვადიანი და, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა დასრულდა ვადის ამოწურვით. გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს იმ დღიდან, როცა დასაქმებულს წერილობით განემარტა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, კერძოდ, ჩაჰბარდა შესაბამისი დასაბუთება.
6.5. სასამართლომ მიუთითა სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილზე (თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში) და განმარტა, რომ, მართალია, მოსარჩელე ფორმალურად აკმაყოფილებს აღნიშნული ნორმის მოთხოვნებს, მაგრამ იგი დასაქმებული იყო ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს არა მხოლოდ სშკ-ის დებულებები, არამედ სპეციალური კანონი.
6.6. სშკ-ის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად ადგენს, რომ, თუ სპეციალური კანონი განსხვავებულად აწესრიგებს სშკ-ით დადგენილ შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, გამოიყენება სპეციალური კანონით დადგენილი ნორმები. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობებზე პირის დასაქმების პირობებს განსაზღვრავს სპეციალური კანონი. მოსარჩელემ 2016 წელს კონკურსში მონაწილეობის, გამარჯვებისა და შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძველზე დაიკავა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა, ანუ აკადემიური თანამდებობა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ არჩევითობის პრინციპით და ისიც კონკრეტული ვადით.
6.7. სასამართლომ მიუთითა სპეციალური კანონის 34-ე მუხლზე, ასევე, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებით ცალსახად არის დადგენილი ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევად არა მხოლოდ ღია კონკურსის აუცილებლობა, არამედ არჩევის ვადიანობა.
6.8. 27.11.2015წ. სპეციალურ კანონში განხორციელებული ცვლილებების განმარტებით ბარათში მითითებულია შემდეგი: ,,არ არის კანონმდებლობით განსაზღვრული მექანიზმი, რომელიც აკადემიური პერსონალის გამორჩეულ წარმომადგენლებს, განსაკუთრებული მეცნიერული მიღწევებისთვის ამა თუ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უვადო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების საშუალებას მისცემდა.“ ამდენად, 2015 წლის ბოლომდე საქართველოს კანონდებლობა არ ითვალისწინებდა უვადო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების შესაძლებლობას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის. სწორედ ამით იყო გამოწვეული 27.11.2015 წლის ცვლილებები სპეციალური კანონის 35-ე მუხლში, რამაც შესაძლებელი გახადა პროფესორებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმება და აღნიშნული პრივილეგია განსაზღვრა გამორჩეული მოღვაწეთათვის და არა სამუშაო სტაჟის მიხედვით. აღნიშნულ პოზიციას ადასტურებს ასევე კანონის ერთ-ერთი ინიციატორი უწყების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 08.05.2015წ. წერილი, სადაც სამინისტრომ განმარტა, რომ ასისტენტ-პროფესორი თანამდებობაზე აირჩევა კონკურსის წესით და კანონით დადგენილი ვადით. ვადიანი ხელშეკრულების არსებობის პირობებში პირს აღადგენენ არა უვადოდ, არამედ ხელშეკრულების მოქმედების ვადით და, თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა გასულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, მისი აღდგენა დაუშვებელია.
6.9. ვინაიდან უსაფუძვლოა შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარების თაობაზე მოთხოვნა, ასევე უსაფუძვლოა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნაც.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
7. მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
7.1. სასამართლო ვერ ასაბუთებს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულება რატომ არ არის განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციით დაცული შრომის უფლება. სშკ-ის, როგორც ორგანული კანონის მიერ დადგენილი სტანდარტი, ფაქტობრივად, კონსტიტუციური სტანდარტია და მისგან გადახვევა დაუშვებელია. არ შეიძლება კანონს, თუნდაც ის სპეციალური იყოს, მიეცეს უფლება, გააუარესოს დასაქმებულთა დაცვის მინიმალური სტანდარტი.
7.2. სპეციალური კანონის 34-ე მუხლის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება გამჭვირვალობის, თანასწორობის და სამართლიანი კონკურსის საფუძველზე კანონით გარანტირებულია. ამავე კანონის 36-ე მუხლით, აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, რაც მიუთითებს, რომ აკადემიური თანამდებობის დაკავების საკითხი სშკ-ის ნორმებთან ერთობლივად უნდა იქნეს გაგებული და განმარტებული.
7.3. მოსარჩელე 28.02.2011 წლიდან ამავე წლის ივლისამდე იყო მოპასუხე უნივერსიტეტის მიწვეული მასწავლებელი მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე, 20.09.2011 წლიდან 03.10.2017 წლამდე კი გახლდათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. მის მიმართ ირღვეოდა როგორც სშკ, ისე - სპეციალური კანონი, რომელიც ითვალისწინებს 3-4-წლიან სახელშეკრულებო ვადებს.
7.4. უკანასკნელი საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელოვანი მიღწევაა აკადემიური თავისუფლება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტონომიის გათვალისწინება (კონსტიტუციის 27.3 მუხლი). უნივერსიტეტის მხრიდან ერთწლიანი ხელშეკრულებების დადება საფრთხეს უქმნის აკადემიურ თავისუფლებას. სოციალურად დაბალანსებული შრომის ბაზრის მეტი მოქნილობისთვის გაიზარდა კერძო ავტონომიის ფარგლები და დასაშვები გახდა შრომის ხელშეკრულების ვადის განსაზღვრა, თუმცა გაჩნდა თავისუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხე. ვადის განსაზღვრისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ობიექტური საფუძვლის არსებობა. სპეციალური კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს აკადემიური, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას. მოპასუხის ქმედება ეწინააღმდეგება ამ პრინციპსაც. აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალთან მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმება უარყოფითად აისახება მათ აკადემიურ თავისუფლებაზე, ვინაიდან ისინი იმუშავებენ შიშით, არასტაბილურ გარემოში და მუდმივად დამოკიდებულები იქნებიან დამსაქმებელზე, რომ, შესაძლოა, მან აღარ გაუგრძელოს შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის შემდეგ. კანონში არაფერია ნათქვამი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ხშირ ცვლაზე, ეს არ არის და ვერ იქნება კანონის მიზანი.
7.5. იქიდან გამომდინარე, რომ სუბიექტებზე, რომლებსაც არ აქვთ დაცული დისერტაცია, უნივერსიტეტში გაცემულია მაღალი აკადემიური სტატუსები, მოსარჩელემ 2016 წლის ივლისში მოითხოვა, მის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულზე გამოცხადებულიყო კონკურსი ასოცირებული პროფესორის თანამდებობის სახით და მიიღო კიდეც დაპირება, რომ კონკურსი გამოცხადდებოდა 2017 წლის ზაფხულში, თუმცა, უშედეგოდ. ფაკულტეტის დეკანმა მოსარჩელეს რექტორისგან გადასცა უარი ასოცირებული პროფესორის სტატუსით კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით და მოსარჩელეს შესთავაზეს ისევ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ეყარა კენჭი, რაზეც მოსარჩელე დასთანხმდა. დეკანმა აკადემიურ საბჭოში შეიტანა წარდგინება კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით. პარალელურად მოსარჩელემ რექტორს მისწერა წერილი უნივერსიტეტში არსებულ აკადემიურ დარღვევებზე, რის შემდეგაც რექტორმა არათუ ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის კონკურსიც არ გამოაცხადა. პირველი ინფორმაცია, რომ შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო დასრულდა, მოსარჩელემ რექტორისგან მიიღო 04.12.2017წ. და მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში (27.12.2017წ.) სასამართლოში გაასაჩივრა გადაწყვეტილება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.04.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 27.10.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. დადგენილია, რომ:
10.1. მოსარჩელე 28.02.2011 წლიდან 03.10.2017 წლამდე უწყვეტად მუშაობდა მოპასუხე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჯერ მეცნიერებათა და ხელოვნების, შემდეგ - საინჟინრო, მოგვიანებით კი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ს.ფ.21-51). ბოლოს, კონკურსის წესით დაინიშნა (ბრძანება N2430-02) ხელოვნების ისტორიის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორად, რის შედეგადაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ერთი წლის ვადით (03.10.2017 წლამდე) დაიდო შრომითი ხელშეკრულება N1058 (ს.ფ.21,22; 47-51).
10.2. მხარეთა შორის არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა ფაქტი, რომ მოსარჩელის მაქსიმალური ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 1 333 ლარით (ს.ფ.47-51).
10.3. 07.08.2017წ. მოპასუხის რექტორს გაეგზავნა ხელოვნების ისტორიის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის წარდგინება (ს.ფ.53).
10.4. აკადემიურმა საბჭომ 07.08.2017წ. დაადგინა, რომ არ გამოცხადებულიყო კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე ხელოვნების ისტორიის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე (ს.ფ.56).
10.5. მოპასუხემ 03.10.2017 წელს შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით (ს.ფ.21,22; 91).
11. მოსარჩელე ითხოვს შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარებას სშკ-ის (წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) მე-6 მუხლის 13 ნაწილზე დაყრდნობით (თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში). მითითებული ნორმით უვადო შრომითი ურთიერთობების მახასიათებელი და მაკვალიფიცირებელი კრიტერიუმია ვადიანი ხელშეკრულებების მრავალჯერადობა და განგრძობადობა. ამით სშკ დაუახლოვდა ევროკავშირის სტანდარტს დასაქმების და სოციალური პოლიტიკის სფეროში, გაჩნდა ვადის ბოროტად გამოყენების პრევენციისა და კონტროლის ინსტრუმენტი (შდრ.: ეკატერინე ქარდავა, საქართველოს შრომის სამართლის რეფორმა ევროპული ინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა ჭრილში, დისერტაცია, თბილისი 2018, გვ.106). ვადიანი სამუშაოს შესახებ ევროპის სოციალური პარტნიორობის თაობაზე ჩარჩო შეთანხმება - ევროდირექტივა 1999.70/EC ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებელობას მკაცრ საზღვრებს უდგენს. განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულებები არის და იქნება დასაქმების და შრომითი ურთიერთობების ძირითადი ფორმა, თუმცა, ამავდროულად აღიარებულია, რომ გარკვეული გარემოებები და ურთიერთობები ითხოვს ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების დადებას, რაც საჭიროებს დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების გათვალისწინებას. აუცილებელია იმ რეალიების და ობიექტური ვითარების გააზრება, რომელიც დაკავშირებულია ეროვნულ, სექტორალურ თუ სხვ. სპეციფიკურობებთან, რაც განაპირობებს ვადიანი შრომითი ურთიერთობების არსებობას (ეკატერინე ქარდავა, საქართველოს შრომის სამართლის რეფორმა ევროპული ინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა ჭრილში, დისერტაცია, თბილისი 2018, გვ.103).
12. ამდენად, წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია, რამდენად ვრცელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და მოსარჩელეს, როგორც აკადემიურ თანამდებობაზე დასაქმებულ პირს (სპეციალური კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, ასისტენტ-პროფესორი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში) შორის წარმოშობილ შრომით ურთიერთობაზე სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილი - შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარების სამართლებრივი საფუძველი.
13. მოსარჩელის განმარტებით, არსებობს ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის უვადოდ აღიარებისათვის, ვინაიდან იგი 28.02.2011 წლიდან 03.10.2017 წლამდე უწყვეტად მუშაობდა მოპასუხე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
14. საკასაციო პალატა მოიხმობს სშკ-ის პირველი მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამდენად, ის ურთიერთობები, რომლებიც განსხვავებულად არ არის მოწესრიგებული სპეციალური სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონით, ექცევა სშკ-ის მოქმედების სფეროში (ლეონიდე ადეიშვილი, დავით კერესელიძე, საქართველოს შრომის კოდექსის პროექტი და კონტინენტური ევროპის ქვეყნების შრომის სამართლის ზოგიერთი ძირითადი პრინციპი, ქართული სამართლის მიმოხილვა 6/2003-1, გვ.10; ზაქარია შველიძე, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ.25,26).
15. როგორც სპეციალური კანონის პირველ მუხლშია განმარტებული, კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე - ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.
16. მისი 33-ე მუხლის პირველი პუნქტით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.
17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები სწორედ სპეციალური კანონით განსაზღვრულ მოქმედების სფეროს განკუთვნილი საკითხია. შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და მოსარჩელეს, როგორც აკადემიური თანამდებობაზე დასაქმებულ პირს, შორის შრომითი ურთიერთობის რეგლამენტაციის საფუძველია არა სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილი, არამედ სპეციალური კანონის 35-ე მუხლი, რომელიც აწესებს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის პირობებს, დეტალურად აწესრიგებს ასისტენტ-პროფესორის არჩევის წესსა და ვადას.
18. სპეციალური კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. ამდენად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ასისტენტ-პროფესორის უვადოდ არჩევის და მასთან შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ უშვებს.
19. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სპეციალური კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს აკადემიური თანამდებობებიდან მხოლოდ პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ პირის არჩევის შესაძლებლობას, რომელიც აკმაყოფილებს პროფესორის თანამდებობაზე განსაზღვრულ კრიტერიუმებს (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს) და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).
20. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ აკადემიური პერსონალის შერჩევის, გათავისუფლებისა და დაწინაურების ფართო დისკრეცია, წინასწარ დადგენილი, ნათელი და განჭვრეტადი წესების შესაბამისად. სპეციალური კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი ემყარება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს და შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის კვალიფიციური კადრებით შევსების საუკეთესო საშუალება და მოქმედი სამართლებრივი მექანიზმი არის კონკურსი, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული პრინციპების პრაქტიკულ რეალიზებას, ხოლო, მეორე მხრივ - აკადემიური პერსონალის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებას, რაც ხარისხიანი უმაღლესი განათლების საწინდარია.
21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზანია: სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფა, რაც შეესატყვისება პიროვნების ინტერესებსა და შესაძლებლობებს; სტუდენტთა პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვის კომპეტენციებში მომზადება; შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა და სხვა. მანვე უნდა უზრუნველყოს პერსონალის პროფესიული განვითარება და დაიცვას აკადემიური თავისუფლება.
22. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ ზემოაღნიშნულ ლეგიტიმურ მიზანს - ხარისხიან უმაღლეს განათლებას ემსახურება განსაზღვრული ვადებით აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე არჩევის ზოგადი წესი და საგამონაკლისო შემთხვევაში (განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევებისას) პირის პროფესორად უვადოდ არჩევის შესაძლებლობა. ამასთან, სპეციალური კანონი ვადიანობის პრინციპის დაბალანსების მიზნით ადგენს გამჭვირვალე, თანასწორი და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით ღია კონკურსის ჩატარების წესს, რა დროსაც გარანტირებული უნდა იყოს კანდიდატთა ობიექტური შეფასება და მათი უფლებები - დაცული.
23. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, უსაფუძვლოა შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა. ამასთან, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას 2016 წელს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პირთან ერთი წლის ვადით შრომითი ხელშეკრულების დადების უფლება.
24. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებელს ასეთი უფლებამოსილება არ ჰქონდა, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება სპეციალური კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესს.
25. სტაბილური სამუშაო გარემო უდიდეს გავლენას ახდენს დასაქმებულის ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ მდგომარეობაზე, მის შრომისუნარიანობასა თუ პროდუქტიულობაზე. შესაბამისად, როდესაც კანონითაა რეგლამენტირებული არჩევით აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადა და კანდიდატი იმარჯვებს ასეთ კონკურსში, პრეზუმირებულია სწორედ ამ ვადით თანამდებობის დაკავების თაობაზე დასაქმებულის ნება და დამსაქმებელს, რომლის ერთ-ერთი ვალდებულებაც დასაქმებულისათვის სტაბილურობის შეგრძნების უზრუნველყოფაა, არა აქვს უფლება, შეამციროს იგი. კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი შრომის უფლების შემადგენელი ნაწილია შრომითი ურთიერთობის სტაბილურობა.
26. სპეციალური საკანონმდებლო რეგულირების პირობებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა არანაკლებ 3 წლის ვადით, რაც მოპასუხემ დაარღვია და შრომითი ხელშეკრულება დადო მხოლოდ ერთი წლით.
27. წინამდებარე დავის გადასაწყვეტად სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს არსებულ ფაქტობრივ მოცემულობას - ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულების კანონით განსაზღვრულ ვადაზე ნაკლები დროით გაფორმება და ამ ვადის გასვლის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. პალატა მიუთითებს, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (სუსგ Nას-941-891-2015, 29.01.2016წ.; სუსგ Nას-792-2019 , 18.02.2021წ.).
28. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებული ფაქტობრივი მოცემულობა უნდა შეფასდეს კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტად. ამასთან, არ არსებობს (ასეთზე არც დამსაქმებელი არ უთითებს) შეწყვეტის კანონით განსაზღვრული რაიმე საფუძველი. სწორედ ამ კუთხით უნდა განისაზღვროს დასაქმებულის უფლებების დაცვის სტანდარტი.
29. სშკ-ის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სსკ-ის 409-ე მუხლის საფუძველზე, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
30. ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ვადიანი შრომითი ურთიერთობა და გადაწყვეტილების მიღების მომენტში გასულია სპეციალური კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ყოველგვარი ვადა, არ არსებობს სამსახურში აღდგენის და აღდგენამდე განაცდურის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმებულს არამართლზომიერად არ მიეცა შესაძლებლობა, კანონით განსაზღვრულ ვადაში განეხორციელებინა შრომითი ურთიერთობა და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება, სამართლიანი იქნება, მოპასუხეს დაეკისროს კომპენსაციის გადახდა (შდრ.სუსგ.-ებები: Nას-1276-1216-2014, 18.03.2015წ., Nას-368-342-2017, 24.05.2017წ., Nას-1327-1265-2014წ., 29.01.2016წ.). ასეთ დროს ანაზღაურდება შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიუღებელი თანხა, ვინაიდან პრეზუმირებულია, რომ დასაქმებული სახელშეკრულებო პერიოდში შეასრულებდა შრომით მოვალეობებს (შდრ.სუსგ.-ებები: Nას-1276-1216-2014, 18.03.2015წ., Nას-368-342-2017, 24.05.2017წ.,; Nას-862-862-2018, 15.03.2019წ.).
31. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 31 992 ლარის ანაზღაურება, რაც ორი წლის მაქსიმალური ხელფასის ოდენობას შეადგენს, შემდეგ გარემოებათა გამო: ა) სპეციალური კანონით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირის არჩევა შეიძლებოდა არანაკლებ 3 წლით; ბ) მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა ერთი წლის შემდეგ, ანუ ამ ვადაზე ორი წლით ადრე; გ) დასაქმებულის მაქსიმალური ანაზღაურება შეადგენდა თვეში 1333 ლარს, კვირაში 12-საათიანი სალექციო/სასემინარო დატვირთვის პირობით. კვირაში 12 საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, ანაზღაურება განისაზღვრებოდა ჩატარებული საათების (დატვირთვის) პროპორციულად, ძირითადი ხელფასიდან - 1333 ლარიდან დაანგარიშებით (იხ.: 03.10.2016წ. ხელშეკრულება, ს.ფ. 49); დ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის მოსარჩელის დატვირთვა განისაზღვრებოდა კვირაში 8 საათით და მისი ბოლო ხელფასი შეადგენდა 888 ლარს (მოპასუხის 04.12.2017წ. წერილი, ს.ფ. 21,22); ე) ვარაუდი მასზე, რა იქნებოდა მოსარჩელის დატვირთვა შრომითი ურთიერთობა ვადამდე კანონდარღვევით რომ არ შეწყვეტილიყო, უკანონოდ დათხოვნით მიყენებული მორალური წნეხის მხედველობაში მიღებით და დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობის პრინციპით უნდა განისაზღვროს. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, 31 992 ლარის დაკისრების ფარგლებში.
32. სსსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
33. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების/კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხეს დაკისრებული თანხის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 2559.36 ლარი (სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები). რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პროპორციულად მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 639.84 ლარი (სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.07.2019წ. განჩინება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ს.ფ.261-264; 280)).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ნ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ნ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 31 992 ლარის გადახდა.
4. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2559.36 ლარის ოდენობით.
5. ნ.ბ–ძეს სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 639.84 ლარის ოდენობით.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ზურაბ ძლიერიშვილი