Facebook Twitter

საქმე №ას-247-2020 17 მაისი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ნ.ბ–ძის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2021წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.ბ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე") მიმართ და მოითხოვა:

1.1.შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარება;

1.2.სამსახურში აღდგენა;

1.3.იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 25.09.2017 წლიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 1333 ლარის ოდენობით;

1.4.მოპასუხის აკადემიური საბჭოს 07.08.2017წ. №7 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა (იხ.: სარჩელი, ს.ფ.1-20).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.05.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება აღიარებულ იქნა უვადოდ დადებულ ხელშეკრულებად. მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხე უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე ხელოვნების ისტორიის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 25.09.2017 წლიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 1 333 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის აკადემიური საბჭოს 07.08.2017წ. N7 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2019წ. გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.05.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი არ დაკმაყოფიდა. მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2021წ. გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 31 992 ლარის გადახდა.

5. 13.04.2021წ. მოპასუხემ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებით და მოითხოვა სასამართლოს განემარტა 19.03.2021წ. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა წარმოადგენს დასაბეგრ თუ დაბეგრილ ოდენობას. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება 16.04.2021წ. განცხადებით მოითხოვა ასევე მოსარჩელემ. იგი ითხოვს განიმარტოს, რომ ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის მოპასუხეს ეკისრება დაყოვნებული თანხის 0,07 %-ის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ განცხადებები გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

7. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს. გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება (სუსგ №ას-267-255-2017, 31.03.2017წ.). გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება.

8. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (სუსგ. Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.).

9. საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ უშუალოდ ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა (იხ.: Nა-2020-გან-4-2015, 17.06.2015წ.; Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.). ამასთან, საკითხი მასზე, ბუნდოვანია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დებულებების ფორმულირების გათვალისწინებით.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.03.2021წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ცალსახად და არაორაზროვნად ადგენს კონკრეტული ოდენობის თანხას, რისი გადახდაც მოპასუხეს დაეკისრა. ასევე, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას თანხის დაქვითვაზე/დაბეგვრაზე, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სრული მოცულობით აუნაზღაუროს თანხა მოსარჩელეს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას იძლევა აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე.

11. კომპენსაცია, როგორც დარღვეული უფლების აღდგენის საშუალება, წარმოადგენს არა ხელფასს, იძულებით განაცდურს ან სხვა რაიმე გასაცემელს, არამედ, ის თანხაა, რომელიც შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის გამო დასაქმებულის ინტერესების დაცვის საკანონმდებლო საშუალებაა და თავის თავში მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა გასაცემელს (სუსგ. Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.). კომპენსაციის სახით დაკისრებული ფიქსირებული თანხა არ წარმოადგენს სახელფასო დავალიანებას და ამდენად, საგადასახადო დაბეგვრის ინტერსებისათვის მასში მითითებული თანხის აღუსრულებლობა უმართებულოა (სუსგ. Nა-2020-გან-4-2015, 17.06.2015წ.).

12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს განმარტების ისეთი აუცილებელი წინაპირობა, როგორიცაა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება (სუსგ №ას-684-638-2017, 07.07.2017წ.), რაც მოპასუხის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა, რამეთუ დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან (სუსგ №ას-1762-2018, 27.02.2019წ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ნ.ბ–ძის განცხადებები გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე