საქმე №ას-1324-2019 12 მარტი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „რ.ს.ს–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.ს.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „რ.ს.ს–ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, შემკვეთი, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და შპს „ე.ს–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ან მენარდე) შორის, 2016 წლის 6 აპრილს ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც მენარდე შემკვეთს გადასცემს პროგრამულ სისტემას და ასრულებს შესწავლა-დანერგვის სამუშაოებს.
2. ხელშეკრულების ღირებულება 24 780 ლარით განისაზღვრა, საიდანაც 3 540 ლარის ჩარიცხვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების შემდეგ 3 სამუშაო დღეში, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ყოველი თვის ბოლო 3 სამუშაო დღის ვადაში მყიდველს უნდა გადაეხადა 1 770 ლარი. ხელშეკრულება დაიდო 12 თვის ვადით, მხარეთა შორის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე.
3. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების მიღების წესზე, კერძოდ: მენარდის მიერ მიწოდებული პროგრამა შემკვეთის მხრიდან მიღებულად ითვლება მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტიდან, აგრეთვე პროგრამის ხარისხთან დაკავშირებით ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში - ამ ვადის გასვლის მომენტიდან.
4. შემკვეთს სრულად აქვს დადასტურებული მენარდის მიერ 2016 წლის 16 ივნისიდან 2017 წლის 31 მაისამდე პერიოდზე გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საიდანაც მოპასუხის სასარგებლოდ ხელშეკრულების ფარგლებში ჯამში 17 930 ლარია გადახდილი.
5. სარჩელის საფუძვლები
5.1 მოსარჩელემ (შემკვეთმა) 2018 წლის 4 ივლისს, სარჩელი აღძრა მოპასუხის (მენარდის) წინააღმდეგ, 17930 ლარის და მიყენებული ზიანის 800 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
5.2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის 2016 წლის 6 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისთვის გადაეცა სამედიცინო აღრიცხვის, მართვისა და ანალიზის პროგრამა, ჩაეტარებინა პროგრამული სისტემის დანერგვისა და სწავლების სამუშაოები, გადაეცა პროგრამის 25 ლიცენზია, ასევე 1 წლის განმავლობაში გაეწია პროგრამული მომსახურება. მოსარჩელე თანხას ეტაპობრივად იხდიდა, მიუხედავად ამისა, მოპასუხემ არაჯეროვანი მომსახურეობა გაუწია, რაც პროგრამულ ხარვეზებს უკავშირდებოდა. აღნიშნულს ადასტურებს ელექტრონული მიმოწერაც. ხარვეზიანი შესრულების გამო მოსარჩელე იძულებული გახდა სხვა კომპანიასთან გაეფორმებინა მსგავსი ტიპის ხელშეკრულება, რითაც ზიანი მიადგა.
6. მოპასუხის შესაგებელი მოსარჩელის ძირითად სარჩელზე
6.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მისი მხრიდან ჯეროვნად შესრულდა და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
7.1. მოსარჩელემ (მენარდემ), 2018 წლის 30 ივლისს, შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხის (შემკვეთის) წინააღმდეგ და შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილის - 6850 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
8. მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით
8.1. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ (შემკვეთმა) წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების ფაქტი თავისთავად არ გულისხმობდა სათანადო შესრულებას. შესრულება იყო ნაკლიანი, რამაც ზიანი მიაყენა შემკვეთს.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით:
9.1.1. შემკვეთის (მოსარჩელის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9.1.2. მენარდის (მოპასუხის) შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილის - 6850 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
9.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 352-ე, 405-ე, 427-ე, 629-ე, 641-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლით.
9.3 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან ნაკლიანი მომსახურების ფაქტი. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც შესრულებული მომსახურების ნაკლზე მიუთითებს.
9.4. სასამართლომ საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველ ნაწილზე „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი“ მიუთითა და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 24780 ლარის ღირებულების მომსახურება გაეწია, რაც საქმეში არსებული ანგარიშ-ფაქტურებით არის დადასტურებული.
9.5. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის (შემკვეთის) მტკიცება, რომ მან ნაკლიან შესრულებასთან მიმართებით პრეტენზია ვადაში წარადგინა და მიიჩნია, რომ აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს (მენარდეს) დაგვიანებით, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ აცნობა.
9.6 სასამართლოს შეფასებით, საქმეზე დადგენილი გარემოებები გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას გამოიყენოს სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლებით მინიჭებული უფლება და ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლით მოითხოვოს უკვე განხორციელებული შესრულების დაბრუნება.
9.7. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების თაობაზე და სსკ-ის 394-ე მუხლზე მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც არ დააკმაყოფილა.
9.8 საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შეგებებული სარჩელით მოსარჩელის (მენარდის) მიერ მომსახურების უნაკლოდ გაწევის ფაქტი, კერძოდ ის, რომ მენარდემ მთლიანობაში 24780 ლარის ღირებულების მომსახურება გასწია, საიდანაც შემკვეთს 17930 ლარი აქვს გადახდილი, ხოლო ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა 6850 ლარია, რაც შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობაა.
10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
10.1 მოსარჩელემ (შემკვეთმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და მენარდის შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის (შემკვეთის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.
11.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (შემკვეთის) მტკიცება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და გადაცემული პროგრამული სისტემა, შესწავლა-დანერგვის სამუშაოები იყო ნაკლის მქონე და რომ ამ ნაკლისა და შესაბამისი ხარვეზების არსებობის შესახებ პრეტენზია მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში წარადგინა.
11.4 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ დასტურდება მოპასუხის (მენარდის) მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი და რომ შესრულება არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გაწერილ პირობებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა თავად ხელშეკრულების შინაარსზე, რომელიც რაიმე კონკრეტულ პირობებს მისაწოდებელ პროგრამულ სისტემასთან, მის დანერგვასა და სწავლების სამუშაოებთან, ასევე ზოგადად პროგრამულ მომსახურებასთან დაკავშირებით არ შეიცავს, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა იმის შეფასება, მიიღო თუ არა შემკვეთმა ნაკლის მქონე შესრულება და შესაბამისად ადგილი ჰქონდა თუ არა ხელშეკრულების პირობების დარღვევას; ხელშეკრულება მხოლოდ ზოგად მითითებას შეიცავს ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით.
11.5 სასამართლოს შეფასებით, სწორედ მოსარჩელეს (შემკვეთს) მართებდა კონკრეტულ შეუსაბამობებზე მითითება და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეებს შორის არსებულ ელექტრონულ მიმოწერებზე, სადაც, 2018 წლის 26 მარტს, მენარდისათვის გაგზავნილ წერილში მოსარჩელე (შემკვეთი) აღნიშნავს, რომ კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მიუხედავად, შემკვეთმა თანხის ძირითადი ნაწილი 17 930 ლარი ანგარიშზე ჩაურიცხა. ზემოაღნიშნული წერილის პასუხად მენარდე (მოპასუხე) მიუთითებს, რომ პროგრამის ხარვეზების შესახებ რაიმე დასაბუთებული პრეტენზია, ხელშეკრულების მოქმედების მომენტში (2017 წლის 06 აპრილამდე) მას არ მიუღია. ამასთან, მოპასუხე ხაზგასმით უთითებს მის მიერ შესრულებულ შემდეგ სამუშაოებზე: ტრენინგები სრულად ჩატარდა; 2017 წლის ბოლომდე მიმდინარეობდა დისტანციური სწავლება და კონსულტაციები. რაც შეეხება მხარეთა ელექტრონულ მიმოწერას, მასში მოსარჩელის (შემკვეთის) მხრიდან საუბარია პროგრამაში ახალი შესაძლებლობების ჩამატების სურვილზე, რაც მოპასუხის (მენარდის) პოზიციით ხელშეკრულების მოქმედების დროს, ასევე ვადის გასვლის შემდეგ, არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე გათვალისწინებული იქნა. ამასთან, შემკვეთის 2018 წლის 26 მარტის წერილის პასუხად მენარდე აღნიშნავს, რომ მთავარ პრობლემას მედიკამენტისა და ნედლეულის ნაშთების დასმა და თვითღირებულების პროგრამაში დათვლა წარმოადგენდა, რომლის ფუნქციონალი პროგრამაში ჩადებულია და გამართულად მუშაობს, თუმცა თავად მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი ამუშავება, მის მხარეს არსებული პრობლემების გამო.
11.6 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმის მასალებში არსებული წერილი ხელშეკრულების მოქმედების ვადაში არ არის წარდგენილი, ასევე მხარეთა შორის ელექტრონულ მიმოწერაში მითითებული ხარვეზები შეეხება არა პროგრამის კონკრეტულ ხარვეზს, არამედ პროგრამაში ჩადებული კონკრეტული ფუნქციონალის გამოყენებას (საქონლის ჩამოწერა, ფასების ლავირება, ტერმინალზე დაგროვებული თანხის ჩამოწერა), რომლის გამოყენებას მოპასუხის პოზიციით მოსარჩელე მხარე ვერ ახერხებს მისსავე მხარეს არსებული პრობლემების გამო.
11.7 სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 102-ე მუხლზე მიუთითა და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი იმდენად, რამდენადაც მათში დაფიქსირებული პრეტენზიები უარყოფილია მოპასუხის მხრიდან, შესაბამისად, მიჩნეული უნდა იქნას, რომ მოსარჩელემ (შემკვეთმა) ვერ უზრუნველყო ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოება მენარდის მიერ გადაცემული პროგრამული სისტემის და შესწავლა-დანერვგვის სამუშაოების ხარვეზიანობის, ნაკლის შესახებ.
11.8 სააპელაციო სასამართლომ ნაკლით შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებით დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტის დადასტურება სპეციალურ ცოდნაზე დაფუძნებული სპეციალური კვლევის საგანს წარმოადგენს და მისი შეფასების კომპეტენცია სასამართლოს არ გააჩნია. სსსკ-ით განმტკიცებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე და სსსკ-ის 162-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს სპეციალურ ცოდნას დაფუძნებული ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოში წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ მან მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, რაც საბოლოოდ მისი სარჩელის წარუმატებლობას განაპირობებს ფაქტობრივი დაუსაბუთებლობის თვალსაზრისით.
11.9 სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის (შემკვეთის) მიერ არ არის წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შეკვეთილი სამუშაოს - პროგრამული სისტემის ნაკლოვანების შესახებ, მხოლოდ საქმეში არსებული მიმოწერები, სადაც შემკვეთის მიერ ცალსახად არ არის გამოკვეთილი გადაცემული პროგრამის კონკრეტული ხარვეზები, ხოლო მითითებულის არსებობას მენარდე უარყოფს, სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მენარდემ შეკვეთილი სამუშაო არაჯეროვნად შეასრულა.
11.10 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (შემკვეთის) მტკიცება, რომ, შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებით, პრეტენზია ვადაში იყო წარდგენილი.
11.11 სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა სახელშეკრულებო დათქმაზე, რომლის მიხედვით, მისი შესრულების ვადა განისაზღვრება 12 თვით, ასევე შეთანხმებაზე იმის შესახებ, რომ - პროგრამის ხარისხთან დაკავშირებით ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში, ის მიღებულად ჩაითვლება ამ ვადის გასვლის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში, ელექტრონული მიმოწერა დათარიღებული არ არის, შესაბამისად, არ დგინდება, მათი წარმოშობის დრო, რაც შეეხება მხარეთა წერილობითი მიმოწერის დოკუმენტებს, მათი შედგენის თარიღი მიუთითებს, რომ ისინი შედგენილია ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ (26.03.2018წ). სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ (შემკვეთმა) მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება და ამის შესახებ პრეტენზია ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ წარუდგენია.
11.12 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 629-ე მუხლზე „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“ მიუთითა და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ვერ ადასტურებს ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტს, არ არსებობს მოსარჩელის (შემკვეთის) მიერ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხის 17 930 ლარის დაბრუნების, ასევე ზიანის სახით 800 ლარის ანაზღაურების საფუძველი. რაც შეეხება, მენარდის შეგებებულ სარჩელს - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულების სრულად ანაზღაურების შესახებ, ეს მოთხოვნა შემკვეთის წინააღმდეგ სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რადგან მიჩნეულია, რომ მენარდემ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1 მოსარჩელემ (შემკვეთმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება. ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12.2 კასატორის მტკიცებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და, მეორე მხრივ, გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.
12.3 კასატორის მტკიცებით, ის ფაქტი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია დასტურდება სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თითქოს მოსარჩელემ ვერ შესძლო დაედასტურებინა, შესრულებული სამუშაოების ხარვეზიანობა, ნაკლი.
12.4 კასატორის მტკიცებით, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ნაკლზე მიუთითებს მხარეებს შორის არსებული წერილობითი მიმოწერები, სადაც მოპასუხე არსებული პრობლემების მოსაგვარელბლად მზაობას აცხადებს. შესრულების ნაკლზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ შემკვეთმა 2017 წლის 1 დეკემბერს სხვა კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ტექნიკურად გამართვა და საქმიანობა.
12.5 იმ ფაქტს, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია იყო თუ არა მოპასუხის მხრიდან განხორციელებული შესრულება ნაკლიანი, ადასტურებს ისიც, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა: 1. წერილები ნაკლთან დაკავშირებით, 2. მოპასუხის აღიარება, რომ შესრულებულ პროდუქტს ნაკლი ჰქონდა, 3. ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ პროგრამის ნაკლის გამოსასწორებლად სხვა კომპანია დაიქირავა.
12.6 კასატორის განმარტებით, მოპასუხეს საქმეში არ აქვს წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც მის მიერ შექმნილი პროდუქტის უხარვეზობას დაადასტურებს.
12.7 სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი შესრულება მიიღო და შეთანხმებით დადგენილ ვადაში პრეტენზია არ წარუდგენია არასწორია, ვინაიდან ნაკლთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენისათვის რაიმე კონკრეტული ვადა გათვალისწინებული არ იყო.
12.8 სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოებაც, რომ თითქოს ხელშეკრულება 12 თვის ვადით დაიდო. ხელშეკრულების მე-3 მუხლის მეორე ნაწილი ცხადყოფს, რომ იგი 12 თვის ვადით კი არ დაიდო, არამედ გრძელდებოდა იმ მომენტამდე, ვიდრე მხარეთა შორის ნაკისრი ვალდებულებები არ იქნებოდა შესრულებული. ვინაიდან შესრულების მიღება ხდებოდა დაგვიანებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადაც გრძელდებოდა, დაგვიანების შესაბამისი დროით. შესაბამისად, პრეტენზიის წარდგენის ვადა სცილდება 2017 წლის 6 აპრილს, ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
12.9 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც დაასკვნა, რომ ნაკლზე პრეტენზია მოსარჩელის მიერ წარდგენილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მაშინ როდესაც სსკ-ის 655-656-ე მუხლები იმპერატიულად ადგენენ ნაკლზე პრეტენზიის წარდგენის სპეციალურ ვადას, რომელიც ერთი წელს შეადგენს, მას შემდეგ, რაც სამუშაოები მთლიანად მიღებული იქნება. აღნიშნული ვადა არ ყოფილა გასული, როდესაც მოსარჩელემ (შემკვეთმა) სარჩელი აღძრა სასამართლოში.
12.10 კასატორის მტკიცებით, ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება არ ნიშნავს, რომ მომსახურების მიმღებს, მომსახურების გამწევის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია და ხელშეკრულების პირობები, რომელიც გაწეული მომსახურების შემოწმებას უკავშირდება აღარ მოქმედებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემკვეთის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).
20. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანი მოპასუხის (მენარდის) მიერ შემკვეთისათვის (სამედიცინო დაწესებულებისათვის) პროგრამული სისტების გადაცემასა და მისი შესწავლა-დანერგვის სამუშაოებს უკავშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს შორის სსკ-ის 629-ე მუხლით (ნორმის დეფინიცია იხ. 11.12 ქვეპუნქტში) გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება დაიდო.
21. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ. სუსგ № ას-1646-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი).
22. მოცემულ შემთხვევაში კასატორი (შემკვეთი) მიუთითებს ნარდობის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ნივთობრივად ნაკლიანი პროდუქციის (პროგრამული სისტემის) მიწოდება/შესრულებაზე და ხელშკრულებიდან გასვლის მოტივით უკვე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვს.
23. საკასაციო სასამართლომ არაერთი სახელშეკრულებო დავის გადაწყვეტის დროს აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებული არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. (ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების საკითხზე შეადრ: სუსგ №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-38-38-2018, 08 ივნისი, 2018 წელი; სუსგ საქმე №ას-1747-2019).
24. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის წინაპირობების მტკიცების ტვირთი, შემკვეთს ეკისრება.
25. სსკ-ის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნების ავტონომიის პრინციპის გათვალიწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-1522-2019, 12.02.2021წელი)
26. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის (მოსარჩელის) ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაასკვნა, რომ არ დგინდებოდა მოპასუხის მხრიდან ნაკლიანი შესრულების ფაქტი.
27. საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეაფასებს კასატორის არგუმენტს, რომ მოპასუხის (მენარდის) მიერ შესრულებული სამუშაო იყო ნაკლიანი, რასაც ადასტურებს მხარეებს შორის წერილობითი მიმოწერები.
28. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
29. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სსსკ-ით განმტკიცებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელეს (შემკვეთს) ევალება სპეციალურ მტკიცებულებაზე მითითებით (მაგ: ექსპერტიზის დასკვნა) დაადასტუროს მოპასუხის (მენარდის) მხრიდან ნაკლიანი შესრულება.
31. საკასაციო სსამართლო აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს“ (იხ. სუსგ № ას-344-2019, 12.02.2021წელი).
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნაკლიანი შესრულების თაობაზე წარმოშობილი დავისას არაჯეროვანი შესრულების მტკიცება შემკვეთს ეკისრება, რომელიც კანონით განსაზღვრული წინდახედულობის დარღვევის შემთხვევაში შედავების უფლებას კარგავს.
33. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განხორციელებული შედავება არ შეიძლება გახდეს საკმარისი წინაპირობა შესრულების ნაკლის დადგენისათვის. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არაჯეროვანი შესრულების მოტივით შემკვეთმა მიმართა არა ნაკლის გამოსწორებისთვის გათვალისწინებულ კანონისმიერ საშუალებებს, არამედ ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, ამდენად, კასატორის (შემკვეთის) ქმედება კერძო სამართალში მხარეთა კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპს სცილდება და მხოლოდ მენარდის მიმართ სადამსჯელო ხასიათის ზომების გატარებას ემსახურება, რაც მხარეთა შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობისათვის ზიანის მომტანია და მისი ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი არ შეიძლება გახდეს.
34. კასატორის პრეტენზია ისაცაა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და შესაბამისად არასწორად მიიჩნია მოსარჩელის (შემკვეთის) მიერ პრეტენზიის წარდგენის ვადა დარღვეულად.
35. სსკ-ის 655-ე მუხლის შესაბამისად, „მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან“. ამავე კოდექსის 656-ე მუხლის თანახმად კი, თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან.
36. ნარდობის ხელშეკრულებაში შესრულების ნაკლთან მიმართებით მოქმედებს სპეციალური ხანდაზმულობის ვადები, რომლებსაც უპირატესობა ენიჭებათ სსკ-ის 129-ე მუხლის I ნაწილით დადგენილ ზოგად ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებაში. როდესაც საუბარია შესრულების ნაკლთან დაკავშირებული შემკვეთის მოთხოვნების ხანდაზმულობაზე, მხედველობაშია 642-ე (დამატებითი შესრულების მოთხოვნა), 643-ე (ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ), 645-ე (საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო) გათვალისწინებული მეორადი მოთხოვნის უფლებები. აღნიშნული ვადა არ ვრცელდება 644-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაზე უარი ნაკეთობის ნაკლის გამო-მეორადი მოთხოვნის უფლებაზე. პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, საიდან აითვლება შესრულების ნაკლის გამო შემკვეთის მოთხოვნების კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები. საერთო წესის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ყურადღება ექცევა, როდის შეიტყო პირმა უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ათვლის სპეციალურ მომენტთან გვაქვს საქმე ნარდობის ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოს ნაკლთან მიმართებაში. კერძოდ, ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა აითვლება იმ დღის მომდევნო დღიდან, როდესაც შემკვეთმა მიიღო შესრულებული სამუშაო (ზურაბ ძლიერიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2016 წელი, მუხ. 655-ე მუხლი). საკასაციო სასამართლო განმარტავს: „სსკ-ის 655-ე მუხლი განსაზღვრავს ნარდობისას ხანდაზმულობის ვადას. კერძოდ, მოხმობილი მუხლით ხანდაზმულობის ვადა მოძრავი ნივთის მიმართ დადგენილია ერთი წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე. სსკ-ის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. ამავე კოდექსის 642-ე მუხლის პირველი ნაწილით - თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა (იხ. სუსგ N ას-589-589-2018, 06.07.2018წ.).
37. ნარდობის მარეგულირებელი ნორმები ადგენს პრეზუმფციას, რომ თუ მენარდემ შეასრულა მისი ვალდებულება, მას უნდა აუნაზღაურდეს შესრულების საფასური. თუმცა, როგორც ნებისმიერ პრეზუმფციას, ამ უკანასკნელსაც გამოეცლება სამართლებრივი საფუძველი, თუკი დადგინდება, რომ შემკვეთი, არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე, გონივრულ ვადაში მოითხოვს ნაკლოვანების აღმოფხვრას, ან, თავად გამოასწორებს ნაკლს და მენარდისაგან მოითხოვს გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. თუ შემკვეთი არ განახორციელებს ამგვარ ქმედებას/მოთხოვნას, მას შეუძლია, ნაკლოვანი შესრულების პროპორციულად მოითხოვოს მენარდისათვის გადასახდელი თანხის შემცირება; შემკვეთს ასევე შეუძლია ამტკიცოს, რომ შესრულებული სამუშაო უხარისხო და გამოუსადეგარია (ამგვარ დავებში მოთხოვნის დამფუძნებელი (როგორც აღმჭურველი, ისე გამომრიცხველი) ნორმების აბსტრაქტული შემადგენლობისა და შესაბამისი მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ იხილეთ: სუსგ-ებები: N ას-1115-2019; N ას-959-2019; Nას-796-2019; N ას-589-2019; N ას-203-203-2018);
38. ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ N ას-1975-2018, 26.06.2020წ.) საკასაციო სასამართლომ განმარტა: „ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ამ ტიპის ხელშეკრულების სპეციფიკურობის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზუმირებულია გარკვეული ნაკლისა თუ ხარვეზის აღმოჩენა/გამოვლენა, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობასაც ადგენს სსკ-ის 642-ე მუხლით, თუმცა, ეს არაა ერთადერთი რეგულაცია, რადგან დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს შესაძლებლობას, შემკვეთმა თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (სსკ-ის 643-ე მუხლი), ასევე, ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 644-ე მუხლი), ხოლო, თუკი შემკვეთი არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი). დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების ნაგულვები პრეზუმფციის (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ კანონით განსაზღვრულ შესაძლებლობათაგან დამატებითი შესრულების მოთხოვნის არჩევა, კანონითაა დადგენილი და ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის შემადგენელი ელემენტი (იხ.სუსგ Nას-164-160-2016, 28.07.2016წ.)
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით (შდრ. ლილუაშვილი თ., ლილუაშვილი გ., ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო საპცესო სამართალი, 1 ნაწილი, თბილისი, 2014, გამომცემლობა „სამართალი“, გვ: 259, 284, 308)- შეად. სუსგ N ას-1815-2018, 24.04.2020წ.).
40. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე (შემკვეთი) ვერ ადასტურებს ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტს მოპასუხის (მენარდის) მხრიდან და ამასთანავე გამოვლენილია მენარდის მიერ (შეგებებული სარჩელით) შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილის - 6850 ლარის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, არ არსებობს წინამდებარე განჩინების 12.4,12.7-12.10 ქვეპუნქტებში კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობაზე მსჯელობის საფუძველი.
41. ამრიგად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელ დასკვნას მოსარჩელის (შემკვეთის) თავდაპირველი სარჩელის უსაფუძვლობასა და მოპასუხის (მენარდის) შეგებებული სარჩელის დასაბუთებულობასთან მიმართებით.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "რ.ს.ს–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "რ.ს.ს–ს" (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1279 ლარის (საგადახდო დავალება N1570773254, გადახდის თარიღი 2020 წლის 8 ოქტომბერი), 70% – 895,3 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე